გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210019002873763
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4257-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - გ------- გ----–--ე

წარმომადგენელი - გ-------–------ე

 

მოპასუხეები - გ------- მ-----–---ი, ნ---- დ---–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------- მ-----–---ს და ნ---- დ---–-–---–ს მოსარჩელე გ------- გ----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 2600 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე გ------- გ----–--ემ 2018 წლის 15 სექტემბერს გააფორმა შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ ბრალდებულ გ------- მ-----–---ის დედასთან - ნ---- დ---–-–---–თან. შეთანხმების თანახმად გ------- გ----–--ემ აიღო პასუხისმგებლობა ბრალდებულ გ------- მ-----–---ის იურიდიულ მომსახურებაზე წინასწარი გამოძიების და საქმის სასამართლო განხილვის ეტაპებზე. მოპასუხე ნ---- დ---–-–---–ს უნდა გადაეხადა გ------- გ----–--ისათვის იურიდიული მომსახურების შეთანხმებული ჰონორარი 2000 ლარის ოდენობით.

ასევე, გ------- გ----–--ემ ამავე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ რ----- ს----–---–თან, 2018 წლის 17 სექტემბერს გააფორმა შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის საფასურიც 100 ლარის ოდენობით, მხარეთა ზეპირი შეთანხმების თანახმად, უნდა გადაეხადა მოპასუხე გ------- მ-----–---ს.

გ------- გ----–--ემ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და დაიცვა ბრალდებულის ინტერესები წინასწარი გამოძიების და საქმის სასამართლო განხილვის დროს. რადგან დათქმულ დროში არ მოხდა ადვოკატისათვის შეთანხმებული ჰონორარის გადახდა, მოსარჩელე გ------- გ----–--ესა და მოპასუხე გ------- მ-----–---ს შორის 2018 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გ------- მ-----–---მა აიღო ვალდებულება 2018 წლის 15 ოქტომბრამდე მოსარჩელესათვის გადაეხადა საადვოკატო მომსახურეობისათვის შეთანხმებებით გათვალისწინებული 2100 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისაღები ჰონორარის თანხა გაიზრდებოდა და გ------- მ-----–---ს გადასახდელი ექნებოდა 2 600 ლარი.

მოსარჩლე მხარის მითითებით, გ------- მ-----–---მა და ნ---- დ---–-–---–მა არ შეასრულეს შეთანხმებებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მათ გ------- გ----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2600 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა გ------- მ-----–---მა და ნ---- დ---–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ნაწილობრივ ეთანხმებიან სარჩელს, რადგანაც მართლაც გაუწია გ------- გ----–--ემ საადვოკატო მომსახურება გ------- მ-----–---ს, იმ პირობით რომ იგი რეალურად დაეხმარებოდა მას დროებითი პატიმრობის აცილებაში, თუმცა იგი ფიქრობდა რომ შედეგი დამდგარიყო ექვს თვიანი პატიმრობის ვადა, განსხვავებით ია გაბედავას და კობა კობახიძისგან, რომლებიც რომელებიც ფიქრობდნენ და იბრძოდნენ რომ გ------- მ-----–---ის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება წინასწარი პატიმრობის სახით, რასაც მიაღწიეს კიდეც.

მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 15 სექტემბერს ერთის მხრივ, ნ---- დ---–-–---–სა და მეორეს მხრივ, გ------- გ----–--ეს შორის გააფორმა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად გ------- გ----–--ემ აიღო პასუხისმგებლობა ბრალდებულ გ------- მ-----–---ის იურიდიულ მომსახურებაზე წინასწარი გამოძიების და საქმის სასამართლო განხილვის ეტაპებზე. თავის მხრივ, ნ---- დ---–-–---–ი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა გ------- გ----–--ისათვის იურიდიული მომსახურების შეთანხმებული ჰონორარი 2000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.09.2018 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 15);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 17 სექტემბერს ერთის მხრივ, რ----- ს----–---–ს და მეორეს მხრივ, გ------- გ----–--ეს შორის გააფორმა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. იურიდიული მომსახურების ჰონორარი განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.09.2018 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 16);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 15 სექტემბრის და 17 სექტემბერის ხელშეკრულებების შესაბამისად კლიენტებს გაუწია იურიდიული მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

- 09.10.2018 წლის განაჩენი (ს.ფ. 18-22);

 

3.1.4. გ------- მ-----–---ს და გ------- გ----–--ეს შორის 2018 წლის 08 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- მ-----–---მა აიღო ვალდებულება გ------- გ----–--ისთვის გადაეხადა 2100 ლარი 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ჰონორარის სახით.

ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში არ იქნებოდა თანხა სრულად გადახდილი, ჰონორარის თანხა გაიზრდებოდა 2600 ლარამდე.

მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ აღნიშნული ჰონორარი შეადგენს 2018 წლის 15 სექტემბრის და 17 სექტემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების ჯამს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);

- ადვოკატის ორდერი (ს.ფ. 15-16);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. გ------- მ-----–---ის მიერ 2018 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გულადი ვალდებულება - 2100 ლარის ოდენობით არსებულ მონატამდე შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3. 2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები დასადგენი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე, 317-ე, 371-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.

 

მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია 2018 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე გ------- მ-----–---მა აიღო ვალდებულება გადაეხადა, მოსარჩელის მიერ მისთვის გაწეული საადვოკატო მომსახურების საფასური 2100 ლარის ოდენობით 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში არ იქნებოდა თანხა სრულად გადახდილი, ჰონორარის თანხა გაიზრდებოდა 2600 ლარამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევასი მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

 

ზემოაღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელის მიმართ ვადლებულების შესრულება შეიძლება მოვალის ნაცვლად იკისროს მესამე პირმა, თუკი თავად ვალდებულების არსიდან გამომდინარე იგი არ შეიძლება მხოლოდ მოვალის პიროვნებას უკავშირდებოდეს. მითითებულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მოვალ(ეებ)ის ჩანაცვლებას მესამე პირის მიერ და შესაბამისად, ადგილი აქვს ვალის გადაკისრებას. წარმოდგენილ შემთხვევაში, ვალის გადაკისრება მოხდა მესამე პირს - გ------- მ-----–---ის და მოთხოვნის მფლობელს - გ------- გ----–--ეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. კანონი ვალის გადაკისრებისათვის არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას. შესაბამისად, მოპასუხე გ------- მ-----–---ის და მოსარჩელე მხარის 2018 წლის 08 ოქტომბრის შეთანხმება წარმოადგენს სწორედ მოვალეების - ნ---- დ---–-–---–ის და რ----- ს----–---–ის ვალდებულების (2000 ლარი, 100 ლარი) გ------- მ-----–---ის მიერ ვალდებულების აღებას, რასაც დაეთანხმა მოთხოვნის მფლობელი. მეტიც, თავად ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დამატებითი ფინასური ვალდებულების აღება მხოლოდ მოპასუხე გ------- მ-----–---ის მიერ იქნა ნაკისრი. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს თავდაპირველი მოვალეების მიმართ ვალდებულების არსებობის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად, სახელზე არ არის ასევე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული 463-464-ე მუხლებით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- გ----–--ის სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ მოპასუხე გ------- მ-----–---ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გ------- გ----–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ------- მ-----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე გ------- გ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე გ------- მ-----–---ს გ------- გ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2600 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე გ------- გ----–--ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ---- დ---–-–---–ისთვის 2600 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე გ------- მ-----–---ს მოსარჩელე გ------- გ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50.00 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე