გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/690-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ხ------- ჯ----
მოპასუხე - სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------
წარმომადგენელი - ლ-–- ქ---------
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ორგანიზაციის 2018 წლის 21 დეკემბრის ბრძანება მოსარჩელისთვის შენიშვნის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 10%-ის დაკავების ნაწილში.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ხ------- ჯ----- (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი/ს---------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით გამოეცხადა შენიშვნა და დაუკავდა შრომის ანაზღაურების 10%. დისციპლინური სახდელის ზომად შენიშვნის გამოყენებას საფუძვლად დაედო სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- კონტროლის დეპარტამენტის უ--------- 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი. 2018 წლის 21 დეკემბრის ბრძანებასა და ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში აღნიშნული ფაქტები და სამართლებრივი მოვალეობების შესაბამისად მოსარჩელისთვის განპირობებული ვალდებულებების, რის გამოც დასკვნაც და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანებაც უკანონოა მოსარჩელისთვის დისციპლინარული და ფინანსური პასუხისმგებლობის ნაწილში.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 2009 წლის 09 მარტიდან მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2015 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე იგი დასაქმებულია ს---------- მ------------მ----------–------ და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბ--–---- და ო----–- ძ--–-------- ა------------------ ს-----------–--- უ--------- თანამდებობაზე.
მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებლის მიერ მიღებული შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ და შემადგენელ ნაწილს და მისი მოთხოვნები ვრცელდება დასაქმებულზე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება დასაქმებულის მერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.269);
- ცნობა (ტომი 1, ს.ფ.54)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ მიმართა მ------------მ----------–------ და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს და მიაწოდა ერთი-ერთი არასრულწლოვანი მოსწავლეზე დედის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით.
ზემოაღნიშნული შეტყობინება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2017 წლის 25 ოქტომბერს შესასრულებლად დაეწერა მოსარჩელეს, რომელმაც, თავის მხრივ, უფროსი სპეციალისტის მეშვეობით იმავე დღეს მოამზადა იმერეთის სამხარეო ცენტრის სახელზე წერილი და ითხოვა ზემოაღნიშნული საქმის შესწავლა და შედეგების შესახებ ინფორმირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოხსენებითი ბარათი (ტომი1, ს.ფ. 20-22);
- მომართვა, ამონაწერი ელექტრონული სისტემიდან (ს.ფ. 271-274);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 23 ოქტომბერის მიმართვაში ხსენებულ არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოჩენილი გულგრილობისა და არასათანადო რეაგირების გამო, 2018 წლის 15 ნოემბერს მოკვლევა დაიწყო სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა.
აღნიშნული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დადგინდა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა არასრულყოფილი და არასაკმარისი დაცვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
- ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევის შეფასება და ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაცია განხორციელდა არასაკმარისად;
- არ განხორციელებულა თავად არასრულწლოვანის შეფასება და ინდივიდუალური გეგმის შემუშავება;
- იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის პერიოდში სამხარეო ცენტრში ვაკანტური იყო ფსიქოლოგის პოზიცია, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ არ ჰქონია ადგილი მცდელობას, ფსიქოლოგის ჩართვა განხორციელებულიყო სააგენტოს მ------------მ----------–------ და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის დახმარებით;
- ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა არ იყო შედეგის მომცემი;
- შემთხვევის ზედამხედველობის პროცესში ს---------- მ------------მ----------–------ და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობა იყო არასაკმარისი.
სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის შენიშვნის გამოცხადება სააგენტოს დებულებითა და ინსტრუქციით დადგენილ საქმეზე კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიმართულებით არაჯეროვანი ქმედების განხორციელების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოხსენებითი ბარათი (ტომი1, ს.ფ. 20-22);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე ორგანიზაციის 2018 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის, სააგენტოს დებულების მე-4 მუხლისა და სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს მიეცა შენიშვნა და დაუკავდა შრომის ანაზღაურების 10%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ.24);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის მართლზომიერება, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-13 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.
უდავოა, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 09 მარტიდან არსებობდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე უდავოა, რომ 2015 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებულია ს---------- მ------------მ----------–------ და ს--–---–----- პროგრამების დეპარტამენტის ბ--–---- და ო----–- ძ--–-------- ა------------------ ს-----------–--- უ--------- თანამდებობაზე.
წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მართლზომიერება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე რომლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნების მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. მითითებულთაგან პირველი (ზიანი) მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, რომელიც დეკლარაციული ნორმაა, ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის რეგულაციას კანონმდებელი მთლიანად შრომის შინაგანაწესს უკავშირებს, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ... პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი მთლიანად დამსაქმებლის დისკრეციულ უფლებათა სპექტრს განეკუთვნება, თუმცა, იგი არ შეიძლება გაგებულ იქნას დამსაქმებლის აბსოლუტურ უფლებად, რამეთუ ე.წ დასაქმებულის დასჯის მექანიზმი შრომის კოდექსით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით (დაქვემდებარებული დამოკიდებულება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული, ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს დამსაქმებლის მითითებებს, იხ. შკ-ის 2.1. მუხლი), მეტ-ნაკლებად უნდა იცავდეს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს და არ უნდა იქცეს დამსაქმებლისათვის თვითნებობის საფუძვლად.
მნიშვნელოვანია მსგავს ვითარებაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესის სწორად განსაზღვრა. როდესაც დამსაქმებელი განკარგავს საკუთარ უფლებამოსილებას დასაქმებულის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო დასაქმებული შეედავება მას, ბუნებრივია, მოსარჩელეს ეკისრება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ფაქტების მითითება, თუმცა, გამოყენებული ღონისძიების კანონიერების, მათ შორის, პროპორციულობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს, რომელიც, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში მყოფი სუბიექტია და შესაბამის დოკუმენტბრუნვას აწარმოებს. აქედან გამომდინარე, მას სრულად ხელეწიფება იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც საკუთარი შეხედულების ფარგლებში, ამართლებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას (პასუხისმგებლობის გამოყენებული ზომის კანონიერებას).
სასამართლო, მოცემული კატეგორიის დავის განხილვისას, როგორც მხარეთა შეჯიბრების წარმმართველი ნეიტრალური არბიტრი, საპროცესო წესების დაცვით მიღებული მტკიცებულებების ყოველმხრივი ანალიზის შედეგად ადგენს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობის საკითხს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტების გამოკვლევის შედეგად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41-49) დგინდება, რომ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფორმირების) პროცედურებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის მე-3 მუხლით გაწერილია ბ--–---- და ო----–- ძ--–-------- ა------------------ ს-----------–--- ფუნქციები. ბ--–---- და ო----–- ძ--–-------- ა------------------ ს-----------–--- ფუნქციები განსაზღვრულია აგრეთვე 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით (ტომი 1, ს.ფ.56-106) დამტკიცებული დებულების შესაბამისად (იხ. დებულების 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება განაპირობა კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის მოხსენებითმა ბარათმა. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებითი ბარათი შეიცავს ინფორმაციას გამოვლენილი დარღვევების შესახებ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტი), სახდელის მართლზომიერების შეფასების კუთხით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი მიუთითებს აღმოჩენილ დარღვევებზე და ადგენს მოსარჩელის პასუხისმგებლობის საკითხს ისე, რომ არ მიუთითებს კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები იქნა მის მიერ განხორციელებული არასწორად. მარტივად რომ ვთქვათ, წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი, ისევე როგორც დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით განხორციელებული არაკვალიფიციური შედავება, არ მოიცავს კონკრეტულ და მკაფიო მითითებებს იმის შესახებ, თუ დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში კიდევ რა ქმედებები უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს და რა არ/ან ვერ იქნა მის მიერ შესრულებული. აღნიშნულის შესახებ პირდაპირ მითითება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მით უფრო იმ ფონზე, რომ მოსარჩელის მიერ ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ რეაგირებას ადასტურებს თავად მოპასუხეც.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან განხორციელებული შედავების საპირწონედ, მოპასუხე ვერ მიუთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან მოხსენებით ბარათში მითითებული არაჯეროვანი ქმედებები და რა იქნებოდა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის ჯეროვან ქმედებად მიჩნეული. რაც მთავარია, აღნიშნულის თაობაზე კონკრეტულ მითითებებს არ შეიცავს ასევე დისციპლინური სახდელის საფუძვლად მითითებული მოხსენებითი ბარათიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ დამსაქმებლის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 107). სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ხ------- ჯ----- სარჩელი მოპასუხე სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- 2018 წლის 21 დეკემბრის ბრძანება N---7-/დ, მოსარჩელე ხ------- ჯ-----თვის შენიშვნის გამოცხადებისა და შრომის ანაზღაურებიდან 10%-ის დაკავების ნაწილში;
2. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- მოსარჩელე ხ------- ჯ----- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია