გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
110210019003001136
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003001136

2/275-2019წელი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ქ.ზესტაფონი

21 ივნისი 2019 წელი

შესავალი ნაწილი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე - ნ--–- ც------ე;

წარმომადგენელი- მ----- ბ---------ე;

მოპასუხე -ნ--- მ--–--ე;

დავის საგანი- თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხე ნ--- მ--–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1700 ლარის გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები: მოსარჩელეს აქვს საკუთარი მაღაზია, სადაც ორი წლის განმავლობაში, 2018 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებამდე გამყიდვლად დასაქმებული ჰყავდა მოპასუხე ნ--- მ--–--ე. ნ--- მ--–--ემ გაყიდული საქონლის თანხა თვითნებურად აიღო და მაღაზიის მეპატრონეს არ დაუბრუნა. მოპასუხემ დაუწერა ხელწერილები, სადაც აღიარა, რომ მისი ვალი აქვს 1700 ლარი, თუმცა დავალიანება დღემდე არ აუნაზღაურა.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე ნ--- მ--–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ--–- ც------ის ვალი არ აქვს და მასთან შრომითი ურთიერობისას წარმოშობილი ყველა ვალი დაუფარა. თვითნებურად ნამდვილად აიღო ნავაჭრი თანხა 600 ლარი, თუმცა ეს თანხა ნაწილ-ნაწილ გაუსტუმრა მოსარჩელეს და ამჟამად ნ--–- ც------ის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები მას იძულებით, ძალის გამოყენებითა და მუქარით დააწერინა ნ--–- ც------ემ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნ--- მ--–--ე ნ--–- ც------ის მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა 2 წლის განმავლობაში, საიდანაც წამოვიდა და დატოვა სამსახური 2018 წლის 14 აპრილს.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.2. ნ--- მ--–--ემ ნ--–- ც------ის მაღაზიში მუშაობის პერიოდში, მაღაზიიდან აიღო გაყიდული საქონლის თანხა 1700 ლარი და მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

3.3. ნ--- მ--–--ემ 2018 წლის 12 აპრილს ნ--–- ც------ეს დაუწერა ხელწერილი, სადაც აღიარა, რომ აქვს ნ--–- ც------ის ვალი 1700 ლარის ოდენობით, რასაც ეტაპობრივად გადაუხის, ყოველი თვის ბოლოს თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვით.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ხელწერილს.

 

3.4.ნ--- მ--–--ემ 2018 წლის 10 ივნისს, განმეორებით დაუწერა იმავე შინაარსის ხელწერილი ნ--–- ც------ეს, სადაც კვლავ აღიარა, რომ აქვს ნ--–- ც------ის ვალი 1700 ლარის ოდენობით, რასაც ეტაპობრივად გადაუხის, ყოველი თვის ბოლოს, თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვით.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ხელწერილს.

 

3.5. ნ--- მ--–--ემ არ შეასრულა ვალდებულება და ნ--–- ც------ისათვის თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--–- ც------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 341-ე, 361-ე 429-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

_ ნ--–- ც------ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ--- მ--–--ემ ნ--–- ც------ის მაღაზიში მუშაობის პერიოდში, მაღაზიიდან აიღო მოსარჩელის კუთვნილი, გაყიდული საქონლის თანხა 1700 ლარი. ნ--- მ--–--ემ 2018 წლის 12 აპრილს ნ--–- ც------ეს დაუწერა ხელწერილი, სადაც აღიარა, რომ აქვს მისი ვალი (გაყიდული საქონლის მითვისებული თანხა)ნ 1700 ლარის ოდენობით, რასაც ეტაპობრივად გადაუხის, ყოველი თვის ბოლოს თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვით. 2018 წლის 10 ივნისს, ნ--- მ--–--ემ ნ--–- ც------ეს განმეორებით დაუწერა იმავე შინაარსის ხელწერილი.

 

ამდენად, წარმოდგენილი ხელწერილებით, რომლის თავისი ხელით შედგენას ადასტურებს მოპასუხე, მან აღიარა, რომ აქვს ნ--–- ც------ის ვალი 1700 ლარის ოდენობით.

 

სამართლებრივი დასაბუთებისათვის სასამართლო განმარტავს, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სსკ-ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების ვალის არსებობის აღიარებად შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას; განსაზღვრული უნდა იყოს აღიარებული ვალის მოცულობა, მისი შესრულების ვადა და სხვა... წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეების მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება (ხელწერილი, განმარტება, შეთანხმება...), სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

მოცემულ შეთხვევაში, წარმოდგენელი ხელწერილით, სახეზე გვაქვს ე.წ. ვალის აღაირების ხელშეკრულება, სადაც ნ--- მ--–--ე მიუთითებს, რომ ნ--–- ც------ესთან მუშაობისას დაედო ვალი 1700 ლარი და განსაზღვრა მისი გადახდის -შესრულების ვადაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ ნ--- მ--–--ემ არ შეასრულა ვალდებულება და ნ--–- ც------ეს ვალი არ გაუსტუმრა.

 

6.3. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

კონკრეტულად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. აამვე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მუხლის განმარტებისათვის, კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევას ვხვდებით სწორედ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ--- მ--–--ე განმარტავს, რომ მას ნ--–- ც------ის ვალი არ გააჩნია, თუმცა მეორეს მხრივ თავისივე ხელით დაწერილი ერთიდა იმავე შინაარსის ხელწერილებით აღიარებს ნ--–- ც------ის ვალს 1700 ლარს, შესაბამისად იგი ვერ ადასტურებს, რომ არ აქვს ნ--–- ც------ის ვალი და გაუსტუმრა მას ეს თანხა, ან თუნდაც ამ თანხის რაღაც ნაწილი. ასევე, ვერ ადასტურებს მოპასუხე, რომ ნ--–- ც------ემ მას იძულებით, ძალის გამოყენებითა და მუქარით დააწერინა აღიარების ხელწერილები. მისი განმარტება, მით უფრო არ არის სარწმუნო, რომ თუკი ერთ შემთხვევაში მას ემუქრეოდა მოსარჩელე, მეორე შემთხვევაში კვლავ წერს იმავე შინაარსის ხელწერილს და მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის თაობაზე ერთხელაც კი არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--–- ც------ის სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და ნ--- მ--–--ეს ნ--–- ც------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--–- ც------ის (პ/ნ 1----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნ--- მ--–--ეს (პ/ნ 1----------) ნ--–- ც------ის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს 1700 (ათას შვიდასი) ლარის გადახდა.

 

3.მოპასუხე ნ--- მ--–--ეს (პ/ნ 1----------) ნ--–- ც------ის (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე