გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/2932-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე სს ,,თ----------ი"
წარმომადგენელი კ------- კ------–---–ი, ლ--–- მ-----–---–ი
მოპასუხე მ--- შ-----–--
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 6315,82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 720.66 ლარი, პროცენტი - 881.01, პირგასამტეხლო - 708,64 ლარი, დაზღვევის თანხა - 5.51 ლარი.
1.2. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 12/02/19 დავალიანებულ ძირ თანხაზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 112.51 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12 თვის განმავლობაში, სულ 1350.12 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%, სულ 1132.80 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 11 ივნისს სს ,,თ----------სა’’ და მ--- შ-----–--ს შორის დაიდო N 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 6200 ლარი, 1441 დღის ვადით და წლიური 29%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
მოპასუხის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდები, რის შესახებაც ბანკის მიერ მსესხებელი გაფრთხილებულ იქნა, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 12 თებერვალს ვადამდე შეწყდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რა დროსაც მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 6315,82 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 720.66 ლარი, პროცენტი - 881.01, პირგასამტეხლო - 708,64 ლარი, დაზღვევის თანხა - 5.51 ლარი, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეზე (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მ--- შ-----–--მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ იგი ეთანხმება მხოლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 4720.66 ლარის, პროცენტის - 881.01 ლარის და დაზღვევის - 5.51 ლარის ოდენობას, თუმცა არ ეთანხმება პირგასამეტეხლოს დარიცხვას, როგორც შეუსაბამოდ მაღალს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 708,64 ლარი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი მოცულობისაა, რაც ყოვლად დაუშვებელია და მიზნად ისახავს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა, მისთვის უცნობი და გაუთვალისწინებელი იყო მიუღებელი შემოსავლის არსებობა სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების თუ მიმდინარე ეტაპზე, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. ამასთან, მოპასუხე არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის საოპერაციო, არ გააჩნია შემოსავლის წყარო და მოითხოვს ძირი თანხის გადახდის გარდა განთავისუფლდეს ყველა ვალდებულებისგან. (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულებები მოპასუხის მიერ დაირღვა და ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაწერი ხელშეკრულებიდან
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 11 ივნისს სს ,,თ----------სა’’ და მ--- შ-----–--ს შორის დაიდო N 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 6200 ლარი, 1441 დღის ვადით და წლიური 29%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა) და 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა). მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2019 წლის 12 თებერვალს ვადამდე შეწყდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რა დროსაც მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 6315,82 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4 720.66 ლარი, პროცენტი - 881.01, პირგასამტეხლო - 708,64 ლარი, დაზღვევის თანხა - 5.51 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები გადახდის გრაფიკით (ს.ფ. 19-26)
- 2018 წლის 11 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2-------------- (ს.ფ. 15-18)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 27)
- შეტყობინებები და გზავნილები (ს.ფ. 28-29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით წერილობით შეატყობინა ვალდებულების შესრულების თაობაზე მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები და გზავნილები (ს.ფ. 28-29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შემცირდეს მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 870-ე, 873-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივნისს სს ,,თ----------სა’’ და მ--- შ-----–--ს შორის დაიდო N 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 6200 ლარი, 1441 დღის ვადით და წლიური 29%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა) და 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა). მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, აღნიშნულმა გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, ასევე ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან მოპასუხემ ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, პროცენტის და დაზღვევის თანხის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის, პროცენტის და დაზღვევის ნაწილში, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 708,64 ლარი უნდა შემცირდეს 300 ლარამდე, ასევე უნდა შემცირდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1132.80 ლარიდან 150 ლარამდე.
7.3 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 2019 წლის 12 თებერვლიდან დავალიანებულ ძირ თანხაზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 112.51 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12 თვის განმავლობაში სულ 1350.12 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული N 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 6200 ლარი 1441 დღის ვადით. ამასთან, მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული ოდენობით და პერიოდულობით. ამდენად, მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ასევე ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს არა ხელშეკრულების მოქმედების სრულ ვადაზე, არამედ მხოლოდ 12 თვის ანუ 365 დღეზე აქვს სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2019 წლის 12 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 12 თვის განმავლობაში, სარგებლის სახით სულ 1350.12 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე სესხის ძირი თანხის, პროცენტის და დაზღვევის ნაწილში, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 168.21 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 95.75 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 54 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ი" (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე მ--- შ-----–--ს (პ/ნ N0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 4 720.66 ლარი, პროცენტი - 881.01, შემცირებული პირგასამტეხლო - 300 ლარი ოდნეობით, ასევე დაზღვევის თანხა - 5.51 ლარი.
1.2. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 12/02/19 დავალიანებულ ძირ თანხაზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 112.51 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12 თვის განმავლობაში სულ 1350.12 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან-12/02/2019 წლიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,1%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა.
2. მოსარჩელე სს ,,თ----------ს" (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 14/02/2019 წელს N1 საგადასახადო დავალებით, სს ,,თ----------ში" გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, კერძოდ - 168.21 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა - 95,75 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე მ--- შ-----–--ს მოსარჩელე სს ,,თ----------ი" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 54 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე