განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100118002772789
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/5571-18

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ--------------–-- და ი-----------–---–ი,სტაჟიორ-პროკურორი - დ--------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ--–--------------------------ე - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–-------ს რაიონი, სოფელი ზ-------------

 

ადვოკატები: მ---------------ე, ლ-------------ე და ლ-------------–---–ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, შ--–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

1.2. 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-------–---–----------------------------ის პირველ სართულზე განთავსებული სარეცხის თოკიდან, შ--–-------------ე ფარულად დაეუფლა ამავე მისამართზე მცხოვრები დ------–---–-----ის კუთვნილ ქურთუკს და ჯინსის შარვალს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შ--–-------------ის ქმედების შედეგად, დ------–---–-----ს მიადგა 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის

 

2.1. მოწმე დ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 12 ნოემბერს, დილის საათებში, მისი საცხოვრებელი ბინის წინ, თოკზე გაფინა გარეცხილი ტანსაცმელი. დაახლოებით შუადღისთვის ხმაური შემოესმა (სარეცხის სამაგრი მოხვდა ფანჯარას). გაიხედა გარეთ და შეამჩნია, რომ გარეცხილი ჯინსის შარვალი და დუტის ქურთუკი თოკზე არ ეკიდა. მაშინე გავიდა ეზოში, კორპუსს შემოუარა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მოწმემ ყველა შემხვედრს ჰკითხა დაკარგული ტანსაცმლის შესახებ, თუმცა არავის არაფერი დაუნახავს. მოპარული დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი მან თ--------ის რესპუბლიკაში შეიძინა მისი შვილისთვის - დ------–---–-----ისთვის; ოჯახში ტანსაცმელს თვითონ რეცხავდა და მისთვის ცნობილია მოპარული დუტის ქურთუკისა და ჯინსის შარვლის დეტალური აღწერილობა. დ-----------------ემ მოგვიანებით, პოლიციაში ამოიცნო მისი შვილის ტანსაცმელი. ამოცნობისას მას წარუდგინეს რამდენიმე შარვალი, საიდანაც ამოიცნო ერთი მათგანი თავისუფლად, ყოველგვარი მინიშნების გარეშე. იგი დარწმუნებულია, რომ პოლიციის მიერ ამოღებული ნივთები მისი შვილის საკუთრებაა და ეჭვი არ ეპარება ამოცნობაში.

 

2.2. 2018 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ი--------------ის მიერ, ექსპერტების - ლ-–----------ისა და დ--------–--------–---–ის მონაწილეობით, მოწმე დ-----------------ის თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, დ--------------–---–-----------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერების ოქმის თანახმად, კორპუსს წინა მხარეს გააჩნია ერთფრთიანი, მოცისფრო რკინის კარი. აღნიშნული კარის მარცხენა მხარეს განთავსებულია ერთფრთიანი, შუშით გაწყობილი ფანჯარა, რომლის მარცხენა მხარესაც ასევე განთავსებულია ფანჯარა - სამფრთიანი, შუშით გაწყობილი, რომლის გასწვრივ, ზემოდან ქვემოთ, კედელზე დამაგრებულია საწვიმარი მილი. აღნიშნულ მილზე შემოხვეულია (დამაგრებულია) თოკი, რომლის მეორე მხარე მიმაგრებულია ერთფრთიანი რკინის კარს ზემოთ განთავსებულ რკინის ნაჭერზე (თოკი გაბმულია ზემოაღნიშნული ფანჯრის გასწვრივ). დ-----------------ის განმარტებით, აღნიშნულ თოკზე გადაკიდებული ჰქონდა ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი და დუტის ქურთუკი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - დ--------–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.4. 2018 წლის 15 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე დ-----------------ემ მისთვის წარდგენილი ოთხი შარვლიდან ამოიცნო ჯინსის შარვალი, რომელიც 2018 წლის 12 ნოემბერს ჩამოკიდა ბინის ფანჯრის წინ არსებულ სარეცხის თოკზე და რომელიც მოგვიანებით ჩამოხსნა მისთვის უცნობმა პიროვნებამ.

 

2.5. 2018 წლის 13 ნოემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ------–---–-----მა მისთვის წარდგენილი ოთხი დუტის ქურთუკიდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ პირველი, მუქი ფერის დუტის ქურთუკი.

 

2.6. 2018 წლის 17 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ი--------------ის მიერ, გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, დ--------------–---–ის გამზირი, 3---–- მდებარე შპს „--------------–------------–---- ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერები - 2018 წლის 12 ნოემბრის 1--------------------- საათამდე პერიოდში.

 

2.7. 2018 წლის 18 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ - ი--------------ის მიერ, დათვალიერებულ იქნა შპს „--------------–-------------–---- ბენზინგასამართი სადგურის გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერები ექვსი ფაილის სახით. დათვალიერების ოქმის თანახმად, რიგით მეორე ვიდეოფაილში, 1------- საათზე, დ--------------–---–-----------------------------ს მარცხენა მხარეს მდგომ მრავალწლიან ხესთან ჩერდება პიროვნება, რომელიც ყოვნდება 1------- საათამდე და იწყებს მოძრაობას კორპუსის გასწვრივ. 1------- საათზე, დ--------------–---–-----------------------------ს წინ, კადრში ჩნდება პიროვნება, რომელიც მოძრაობს კორპუსის წინ, დ------–---–-----ის საცხოვრებელი ბინის ფანჯრის მიმდებარედ და ვიდეოჩანაწერის 1------- საათზე, სწრაფი მოძრაობით ტოვებს ტერიტორიას. აღნიშნული პიროვნება კვეთს კორპუსის კუთხეში არსებულ გამწვანების ზოლს და სწრაფი მოძრაობით გადადის ჩამომსვლელ გზაზე, „------–--- ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, შემდეგ კვეთს დ--------------–---–ის გამზირის ცენტრალურ საავტომობილო გზას. 1------- საათზე პიროვნება გადის კადრიდან. 15:42:50 საათზე, აღნიშნული პიროვნება კვლავ ჩნდება კადრში, მარცხენა ხელში უჭირავს ნაჭრის საგანი და სირბილით ტოვებს კადრს 1------- საათზე. კადრში გამოსახულ პიროვნებას აცვია მოშავო ფერის კაპიშონიანი ჯემპრი, რომელსაც გულმკერდის არეში აქვს წარწერა -„----------, ასევე აცვია მუქი ფერის შარვალი. რიგით მეექვსე ვიდეოფაილში, 1------- საათზე, კადრში ჩანს პიროვნება, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს ნაჭრის საგანი და ჯერ ჩქარი ნაბიჯებით, ხოლო შემდეგ სირბილით ტოვებს კადრს 1------- საათზე. მას აცვია მოშავო ფერის კაპიშონიანი ჯემპრი, წარწერით - „----------, დიდი ზომის საფირმო ლოგოთი და მუქი ფერის შარვალი, აქვს მუქი ფერის თმები და სახეზე ეტყობა წვერი. დანარჩენ ოთხ ვიდეოფაილში სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.8. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ი--------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ შ--–-------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტებისა და ბინის მფლობელის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, დ--------------–---–ის გამზირი, 3--------------, პირველი სართულის მიმდებარე ტერიტორია. მოწმე დ-----------------ე განმარტავდა, რომ მის საცხოვრებელ ბინასთან გაბმული თოკიდან ჩამოხსნილი იყო დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. აღნიშნულის შემდეგ, ი--------------ემ გამოკითხა განმცხადებელი -დ-----------------ე, რომლის განმარტებითაც, დაკარგული ტანსაცმელი ეკუთვნოდა მის შვილს - დ------–---–-----ს. გამომძიებელ ი-----–--------ის მიერ, გამოკითხულ იქნა ბრალდებული შ--–-------------ე, რომელმაც აღიარა დანაშაული და გამოძიებას წარუდგინა ფარულად დაუფლებული დუტის ქურთუკი. ბრალდებულმა გამომძიებელს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შეინახა თოკიდან ჩამოხსნილი ჯინსის შარვალი, რაც ი-----–--------ის მიერ ამოღებულ იქნა. დ------–---–-----ის დაკითხვის შემდეგ ჩატარდა ქურთუკის ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა მისთვის წარდგენილი ოთხი ქურთუკიდან ამოიცნო მისი კუთვნილი, მუქი ფერის დუტის ქურთუკი. მოგვიანებით, ვინაიდან დაზარალებული დ------–---–-----ი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, შ--–-------------ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი ამოიცნო დ-----------------ემ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი შეიძინა თ--------ში, ოჯახში იგი რეცხავდა ტანსაცმელს და თავისუფლად შეეძლო შვილის კუთვნილი ნივთების ამოცნობა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ი--------------ის მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებული შ--–-------------ე. ამოღებულ ნივთებზე დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, ასევე ი--------------ემ გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია. ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილ იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს შ--–-------------ე, რომელსაც ხელში უჭირავს ნივთები. მოწმე ი--------------ემ განმარტა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

2.9. 2018 წლის 13 ნოემბერის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ - გამომძიებელ ი-----–--------ის მიერ, ბრალდებულ შ--–-------------ის, ასევე ექპერტების - გ------------ის და ზ--------------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ბრალდებულმა მიუთითა ქ. თბილისში, ს-------–---–---------------------------ის წინა მხარეს არსებულ სარეცხის თოკზე, საიდანაც 2018 წლის 12 ნოემბერს დაეუფლა დუტის ქურთუკსა და ჯინსის შარვალს. ბრალდებულის მითითებით, კორპუსთან მდებარე ბაღში აღმოჩენილ იქნა სარეცხის თოკიდან ჩამოხსნილი ჯინსის შარვალი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - ზ--------------–---–მა და გ------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეთა განმარტებით, 2018 წლის 13 ნოემბერს, დილის საათებში, მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში და დასრულდა ქ. თბილისში, დ--------------–---–ის გამზირზე მდებარე კორპუსთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ბრალდებულმა მიუთითა კორპუსის წინ გაბმულ თოკზე და განაცხადა, რომ სწორედ იქედან ჩამოხსნა ტანსაცმელი. ბრალდებულმა ასევე მიუთითა კორპუსთან მდებარე ნაძვნარზე, სადაც მისი თქმით, დაუვარდა შარვალი. გამომძიებელს ბრალდებულზე რაიმე ზემოქმედება არ მოუხდენია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ნაძვნარში ბრალდებულის მიერ მითითებული შარვალი, ასევე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დასურათდა ექსპერტების მიერ. შესაბამისი ოქმი შეადგინა გამომძიებელმა, რომელსაც ბრალდებული გაეცნო და ხელი მოაწერა. საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით, რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია გამოთქმული არ ყოფილა. მოწმეთა განმარტებით, ნაპოვნი შარვალი სველი და დასვრილი იყო; რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია.

 

2.11. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე ასევე დაადასტურა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროსმა ინსპექტორ - გამომძიებელმა - ჯ----–-----------–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ექსპერტებთან ერთად მივიდნენ ქ. თბილისში, დ--------------–---–ის გამზირი, #-------------თან, სადაც შ--–-------------ემ მიუთითა თოკზე და აღნიშნა, რომ სწორედ იქიდან ჩამოხსნა დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი. ასევე ბრალდებულის მითითებით, გავიდნენ კორპუსის უკან მდებარე ბაღში, სადაც შ--–-------------ემ განაცხადა, რომ იქვე გამავალ გაზის მილზე დატოვა მოპარული ჯინსის შარვალი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. გამომძიებელმა ი-----–--------ემ შ--–-------------ისაგან ამოიღო აღნიშნული ჯინსის შარვალი, რაც ადგილზე დაილუქა. ბრალდებულის მიმართ რაიმე ზეწოლას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. მან ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. გამომძიებელმა ი-----–--------ემ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, მათ შორის შ--–-------------ემ.

 

2.12. 2018 წლის 13 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ - გამომძიებელ - ი-----–--------ის მიერ, შ--–-------------ისაგან ამოღებულ იქნა შავი ფერის დუტის ქურთუკი, წარწერით M------------------------------.

 

2.13. 2018 წლის 13 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ - გამომძიებელ -ი-----–--------ის მიერ, ბრალდებულ შ--–-------------ისაგან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ჯინსის შარვალი „----------ის ფირმის, სველი და ოდნავ დასვრილ მდგომარეობაში.

 

2.14. 2018 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ - გამომძიებელ -ი-----–--------ის მიერ, შ--–-------------ისაგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭრის კაპიშონიანი ზედა ტანი, წარწერით „---------.

 

2.15. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ - გამომძიებელმა -ი-----–--------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა შ--–-------------ე, ბრალდებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მისგან ამოიღო დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი. მოწმის განმარტებით, გამოკითხვამდე ბრალდებულს განემარტა უფლებები, რის შემდეგაც შ--–-------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ბრალდებულმა მიუთითა კორპუსთან გაბმულ თოკზე, საიდანაც ფარულად დაეუფლა დუტის ქურთუკს და ჯინსის შარვალს. აღნიშნულის შემდეგ, გავიდნენ კორპუსთან მდებარე ბაღში, სადაც შ--–-------------ემ მიუთითა ადგილზე, სადაც შეინახა მოპარული ჯინსის შარვალი. აღნიშნული ჯინსის შარვალი ამოღებულ იქნა ბრალდებულისგან. შ--–-------------ე გაეცნო როგორც გამოკითხვის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია გამოძიების მიმდინარეობისას არ დაუფიქსირებია. ამოღებული შარვალი დაილუქა კანონის შესაბამისად და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

2.16. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-------------–-----------------------–--ის უბნის უფროს ინსპექტორ - გამომძიებელმა -ი-–----------ემ დაადასტურა მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე.

 

2.17. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–------------------------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ჯინსის შარვლის საბაზრო ღირებულება ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, შეადგენს 15 ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი ქურთუკის საბაზრო ღირებულება ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, შეადგენს 40 ლარს. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - თ----------მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.18. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნუსხაში, 5.1. პუნქტად მითითებული დუტის ქურთუკი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და კაპიშონიანი ჯემპრი, ასევე 5.2. და 5.3. პუნქტად მითითებული დისკები.

 

2.19. თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2----–-–-------------------------- განაჩენის თანახმად, შ--–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დაცვის მხარის პოზიცია:

 

2.20. ბრალდებულმა შ--–-------------ემ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-------–---–ის გამზირზე, თუმცა დ------–---–-----ის კუთვნილი დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი არ მოუპარავს. დუტის ქურთუკი კორპუსიდან დაახლოებით 5-6 მეტრში იპოვა და ჩაიცვა, ხოლო შარვალი თვალით არ უნახავს და პოლიციელებმა მოტყუებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე. ბრალდებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტში ნამდვილად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოქმი რეალობას არ შეესაბამება და განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებია დაფიქსირებული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარს იგი არ გაცნობია, ისე მოაწერა ხელი; ასევე არ წაუკითხავს მისი გამოკითხვის ოქმი. მას პოლიციელები დაჰპირდნენ, რომ ვინაიდან დაკარგული ქურთუკი იპოვა და პატრონისთვის უნდა დაებრუნებინა, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა. ბრალდებულმა ჯინსის შარვალზე მიუთითა მხოლოდ იმიტომ, რომ გამომძიებელმა ი------ ურჩია ასე მოქცეულიყო. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, გამომძიებელი მას დაჰპირდა, რომ აღნიშნული გარემოება ხელს არაფერში შეუშლიდა. პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი: თავზე 10 იარაღიანი პოლიციელი ადგა, რამაც მასზე ცუდად იმოქმედა; განცხადება ან პრეტენზია პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებების თაობაზე არ დაუწერია. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამომძიებელმა ი-----–--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მუქარისა და ზეწოლის შესახებ მოსამართლისთვის არაფერი უთქვამს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული შ--–-------------ის მიერ ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების, არაერთგზის ჩადენა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შ--–-------------ემ, 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, დ--------------–---–ის გამზირი, N3--------------ს პირველ სართულზე, სარეცხის თოკიდან ჩამოხსნა დ------–---–-----ის კუთვნილი ქურთუკი და ჯინსის შარვალი, რომლებიც მიისაკუთრა და დ------–---–-----ს მიაყენა მატერიალური ზიანი.

 

3.8. განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია შ--–-------------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:

 

- დაცვის მხარის მტკიცებით, შ--–-------------ეს ქურთუკი და ჯინსის შარვალი არ მოუპარავს. მან ქურთუკი კორპუსთან ახლოს იპოვა, ხოლო შარვალზე მხოლოდ გამომძიებლის რჩევით მიუთითა; საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დარღვევით, რადგან გამომძიებელმა ბრალდებულს მიუთითა არასწორი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამრთლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა ორი ექსპერტ-კრიმინალისტი, მოწმე დ-----------------ე და ქ. თბილისი გ-–-------------–------------–-–-------------------–--ის ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. არცერთ მათგანს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაუდასტურებია ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა ან იძულება. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა. ასევე სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია დაცვის მხარის მტკიცება, რომ თითქოს ბრალდებულმა ქურთუკი იპოვა, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებითა და გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით ცალსახად დგინდება შ--–-------------ის მონაწილეობა ქურდობის ჩადენაში. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს, შ--–-------------ის მიერ ფარულად დაუფლებული დუტის ქურთუკი ბრალდებულს თან ეცვა დაკავებისას, ხოლო შარვლის ადგილმდებარეობის შესახებ გამომძიებლებისთვის უცნობი იყო მანამ, სანამ კორპუსის უკან მდებარე ბაღზე ნებაყოფლობით არ მიუთითა შ--–-------------ემ. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დადგინდა, რომ ფარულად დაუფლებული ნივთები ნამდვილად ეკუთვნოდა დ------–---–-----ს და ცალსახად დასტურდება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას სწორედ აღნიშნული დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი იქნა ამოღებული.

 

- რაც შეეხება ბრალდებულ შ--–-------------ის განცხადებას, მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, სასამრთლომ აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი მითითება მისცა ბრალდების მხარეს. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია უტყუარად დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი შ--–-------------ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები მოცემული ბრალდების ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს და საჭიროებს გამოძიებას, რომელზეც კონტროლი და ეფექტური ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.10. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

3.11. რაც შეეხება შ--–-------------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მას სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის:

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ის განაჩენით, შ--–-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; ამასთან, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; შესაბამისად, სახეზეა შ--–-------------ის მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.14. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ შ--–-------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, შ--–-------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ--–-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და მიუხედავად, იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გატარებული იქნა საშეღავათო ღონისძიება, აღნიშნულმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა და მჯავრდებულის რესოციალიზაცია და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა შ--–-------------ემ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული თუმცა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით; ამასთან, შ--–-------------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძმებელი სხვა რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში, შ--–-------------ეს წინა განაჩენით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გააქუმებს რა წინა განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენებს შთანთქმის პრინციპს. საბოლოოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შ--–-------------ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- დუტის ქურთუკი, ჯინსის შარვალი და კაპიშონიანი სვიტერი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილს პირს;

 

- 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, მასზე დატანილი შემთხვევის ადგილის ფოტომასალით და 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, შპს ,---------------–------------–----ს ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ--–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

4. შ--–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ნოემბრის 09:15 საათიდან.

 

5. მსჯავრდებულ შ--–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- დუტის ქურთუკი, ჯინსის შარვალი და კაპიშონიანი სვიტერი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილს პირს;

 

- 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, მასზე დატანილი შემთხვევის ადგილის ფოტომასალით და 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, შპს ,---------------–------------–----ს ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე