გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2019
საქმის ნომერი
340310018002485185
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310018002485185

საქმე #3/64-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

18 ივლისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - საქმის ზეპირი მოსმენა, მხარეების მონაწილეობით

მოსარჩელე: ან-------------–--ლი (შემდეგ - ”მოსარჩელე”);

მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება (შემდეგ - „მოპასუხე“ ან „სააგენტო“);

წარმომადგენელი: თა---------------–--ლი (ბოლო სხდომაზე ასევე თა-------------ძე);

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1.1. 2018 წლის 07 ივნისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა:

· ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2017 წლის 16 ნოემბრის #04-10-04/2338 გადაწყვეტილება;

· ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 07 მაისის #04/26424 გადაწყვეტილება;

· დაევალოს მოპასუხეს შეაფასოს მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მიანიჭოს მას სარეიტინგო ქულა;

· დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 24 ოქტომბერს შეჩერებული საარსებო შემწეობის ანაზღაურება ყოველთვიური ოდენობის 50 ლარის გათვალისწინებით;

1.2. 2018 წლის 16 ივლისს მოსარჩელემ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც არსებულ მთხოვნებს დაამატა კიდევ ერთი:

· მოპასუხემ დააბრუნოს 2015 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში დაკლებული სოციალური შემწეობის თანხა თვეში 8,00 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 01 იავრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრამდე (მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალებამდე) - 20 ლარი;

1.3. 2019 წლის 05 ივლისის სხდომაზე მოსარჩელემ, „მოთხოვნის ტრანსფორმაციის“ ფარგლებში, დააზუსტა მოთხოვნები, კერძოდ:

· მოსარჩელემ მოხსნა 2018 წლის 07 მაისის #04/26424 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა;

· მოსარჩელემ დაამატა მოთხოვანა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეოების შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 10 ნოემბერს შედგენილი ოქმი (სხვა მოთხოვნები დარჩა უცვლელად;

1.4. სასარჩელო მოთხოვნები ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

1) 2017 წლის 21 მარტს მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა: 59740, რის შესაბამისადაც დაენიშნა სოციალური დახმარება მოსარჩელეს და მის მეუღლეს, თვეში 40,00 ლარის ოდენობით. მოსარჩელის იმავე წლის 28 ივნისის განცხადების საფუძველზე ოჯახში ვიზიტი განახორციელა მოპასუხის უფლებამოსილმა პირმა და შეავსო „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეოების ამსახველი დეკლარაცია“. აღნიშნული დეკლარაცია კიდევ ერთხელ შეივსო იმავე წლის 17 ივლისს - შედეგად ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა: 51220 და, შესაბამისად, ოჯახს დაენიშნა საარსებო შემწეობა 50,00 ლარის ოდენობით;

2) 2017 წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე, რის გამოც ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელის ოჯახში, დეკლარაციის შევსების მიზნით. ვიზიტისას მოპასუხის წარმომადგენელი სრულყოფულად არ ავსებდა დეკლარაციას (კერძოდ, არ უთითებდა, რომ ოჯახთან ერთად სხვა ოჯახი არ ცხოვრობს), ხოლო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიუთითა ამ გარემოებაზე, ის გაღიაიზანდა და მოსარჩელის თვალწინ დახია დეკლარაცია. მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან წინა წლებში ამ გრაფაში იწერებოდა უარყოფითი ინფორმაცია და მისი არასწორ შევსებას შესაძლოა მოჰყოლოდა არასასურველი შედეგი დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით;

3) 2017 წლის 16 ნოემბერს კი მოსარჩელეს წერილობით ეცნობა, რომ თითქოს მან ხელი შეუშალა სოციალურ აგენტებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელებაში, რის გამოც აღნიშნული პროცედურა შეწყდა. ამის თაობაზე შედგა შესაბამისი ოქმი (მიზეზად მიეთითა: „ოჯახი არ აძლევს უფლებამოსილ პირს ქონების/დოკუმენტის დათვალიარების საშუალებას“). მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარემოება მოკლებულია საფუძველს;

4) 2018 წლის 16 ივლისის განცხადებით დამატებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე უთითებს, რომ ოჯახს შეუჩერეს დახმარების მიცემა, ხოლო შემდეგ, როცა განაახლეს, ყოველთვიურად აძლევდნენ ნაკლებ თანხას;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. 2018 წლის 10 აგვისტოს მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელი არ ცნო. შესაგებლის თანახმად:

1) მოპასუხე სრულად ეთანხმება სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებას;

2) მოპასუხე სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებას ეთანხმება ნაწილობრივ: 2017 წლის 31 ოქტომბერს (და არა 24 ოქტომბერს) მოსარჩელის ოჯახში იმყოფებოდა სოციალური აგენტი - მა----------–--ლი. დეკლარაციის შევსების შემდეგ, მოსარჩელემ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა, შეურაცხყოფა მიაყენა აგენტს და გამოგდო სახლიდან;

3) მოპასუხე სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებას არ ეთანხმება და განმარტა, რომ 2017 წლის 01 ნოემბერს სოციალურმა აგენტმა მა-------------–--–---–-------–----ძემ და უფროსმა სპეციალისტმა მა---------–--ლმა განახორციელეს ვიზიტი მოსარჩელის ოჯახში. როდესაც აგენტებმა სთხოვეს მოსარჩელეს, მოეწერა ხელი დეკლარაციაზე, მან უარი განაცხადა, რის გამოც ვიზიტი შეწყდა. მოსარჩელემ კარი ჩაკეტა და აგენტებს არ უშვებდა ეზოდან, ასევე ცდილობდა დეკლარაციის წართმევას, რომელიც ადგილზე იქნა განადგურებული აგენტების მიერ;

4) მოპასუხე სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოებას ეთანხმება ნაწილობრივ. მოსარჩელეს ნამდვილად ეცნობა წერილობით შეფასების შეწყვეტის შესახებ, რადგან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან პროცედურის ჩატარებაში ხელის შეშლას;

5) მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელის მე-5 და მე-6 ფაქტობრივ გარემოებებს არა აქვთ მნიშვნელობა საქმისათის;

6) მოპასუხე სარჩელის მე-7 ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 10 ნოემბრის აქტში მითითებულია, რომ მოსარჩელე ხელს უშლიდა აგენტებს საქმიანობის განხორციელებაში. აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ზემოქმედებას - ითხოვდა დეკლარაციაში ისეთი მონაცემის შეტანას, რაც შეუძლებელია;

2.2. მოპასუხემ მიუთითა დამატებით ფაქტობრვი გარემოებებზეც:

1) მოსარჩელეს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 03 ნოემბრის #01-10-04/2238 წერილით ეცნობა მისი მხრიდან შეფასების პროცედურების განცორციელებაში ხელშეშლის თაობაზე;

2) 2017 წლის 10 ნოემბერს განყოფილების უფროსი სოციალური აგენტი არ---–--------–--ლი, სოციალური აგენტი მა----------–--ლი და ქ. გურჯაანის ად----------–----–-----------–------–---–----ი ზუ------------–--ლი დეკლარაციის შევსების მიზნით იმყოფებოდნენ მოსარჩელის ოჯახში, რა დროსაც მოსარჩელე ხელს უშლიდა მათ თავიანთი მოვალეობის განხორციელებაში, რის გამოც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეივსო „ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“. მიზეზად მიეთითა: „ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიარების საშუალებას“;

3. სასამართლოს მირ დადგენილი საქმის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 21 მარტს მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა: 59740, რის შესაბამისადაც დაენიშნა სოციალური დახმარება მოსარჩელეს და მის მეუღლეს, თვეში 40-40 ლარის ოდენობით. მოსარჩელის იმავე წლის 28 ივნისის განცხადების საფუძველზე ოჯახში ვიზიტი განახორციელა მოპასუხის უფლებამოსილმა პირმა და შეავსო „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეოების ამსახველი დეკლარაცია“. აღნიშნული დეკლარაცია კიდევ ერთხელ შეივსო იმავე წლის 17 ივლისს - შედეგად ოჯახს იმავე წლის 16 აგვისტოს მიენიჭა სარეიტინგო ქულა: 51220 და, შესაბამისად, ოჯახს დაენიშნა საარსებო შემწეობა 50-50 ლარის ოდენობით;

(სხვა მტკიცებ. შესაგებელზე დართული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან)

3.1.2. 2017 წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე, რაც გახდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების საფუძველი;

(სხვა მტკიცებ. გარდაცვალების მოწმობა #22177002321)

3.1.3. მოსარჩელესთან 2017 წლის 31 ოქტომბერს ვიზიტით იმყოფებოდა სააგენტოს სოციალური აგენტი მა----------–--ლი, 2017 წლის 01 ნოემბერს ვიზიტი განახორციელეს სააგენტოს სოციალურმა აგენტმა მა-------------–--–---–-------–----ძემ და უფროსმა სპეციალისტმა მა---------–--ლმა, ხოლო იმავე წლის 10 ნოემბერს - სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსმა სოციალურმა აგენტმა არ---–--------–--ლმა, სოციალურმა აგენტმა მა----------–--ლმა და მერიის ქ. გურჯაანის ტერიტორიული ერთეული სპეციალისტმა ზუ------------–--ლმა. ვიზიტების მიზანი იყო მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. ვიზიტების შედეგად დეკლარაცია არ შევსებულა;

(სხვა მტკიცებ. 02.11.17წ. #1717 მოხსენებითი ბარათი, 02.11.17წ. #1719 მოხსენებითი ბარათი, 02.11.17წ. #1720 მოხსენებითი ბარათი, 10.11.17წ. აქტი, 10.11.17წ. სადავო ოქმი)

3.1.4. მოსარჩელემ მოპასუხის ასევე მიმართა 2015 წლის დასაწყისში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. იმავე წლის 15 აგვისტოს განხორციელდა სოციალური აგენტის ვიზიტი მის ოჯახში და შეივსო დეკლარაცია, ხოლო 30 სექტემბერს მიენიჭა ქულა: 54580. ამის საფუძველზე ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 54-54 ლარის ოდენობით;

(სხვა მტკიცებ. შესაგებელზე დართული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან და შესაბამისი დეკლარაცია)

3.1.5. სახლი, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახი 1/2 წილი რეგისტრირებულია მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის - თა-----------–--ლის საკუთრებაში, ხოლო მეორე ნახევარი (მოსარჩელის განმარტებით) მისი მეუღლის დის ოჯახზე. სახლი ორსართულიანია, პირველ სართულზე მოწყობილია მარანი, მეორეზე კი საცხოვრებელი ფართები (საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილი), რომელსაც თანაბრად იყოფს ორი ოჯახი. მოსარჩელის განმარტებითვე, მისი მეუღლის დის ოჯახი ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობს. ორ ოთახში ცხოვრობს მოსარჩელე, სველ წერტილი და სამზარეულო არის საერთო სარგებლობის ფართები;

მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 51.01.62.396, მისი დაზუსტებული ფართობის 530,00 კვ.მ., შენობისა - 156,60 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი ფართობი - 126,5 კვ.მ. (მისამართი: ქ. გურჯაანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #30);

(სხვა მტკიცებ. საჯარო რეესტრიდან 2007 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 06 ივლისის ამონაწერები)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

3.2.1. საქმეზე მოწმეების სახით იქნენ დაკითხულნი მა----------–--ლი, მა---------–--ლი, მა-------------–--–---–-------–----ძე, არ---–--------–--ლი და ზუ------------–--ლი. მათი ჩენებებისა და სხვადასხა დროს შედგენილი მოხსენებითი ბარათებიდან და ოქმიდან გამომდინარე, ასევე საქმის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო გარემოებები:

· მოწმე მა----------–--ლისა ჩვენებისა და #1717 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელესთან ვიზიტის დროს, მოწმემ დაათვალიერა სახლი, შეავსო დეკლარაცია, შესთავაზა მოსარჩელის მისი ხელმოწერა. მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა დეკლარაციას და არც უკან დაუბრუნა სოციალურ აგენტს (ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული დეკლარაციის დედანი მოსარჩელემ თავად დაურთო სარჩელს და წარმოადგინა სასამართლოში);

· მოწმეების მა---------–--ლისა და მა-------------–--–---–-------–----ძის ჩვენებებისა და ##1719 და 1720 მოხსენებითი ბარათების თანახმად, მათ მოსარჩელესთან ვიზიტი განახორციელეს 2017 წლის 01 ნოემბერს, რა დროსაც შეავსეს დეკლარაცია, რასაც მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა და ცდილობდა ამ დეკლარაციის წართმევას. სოციალურმა აგენტებმა დეკლარაცია ადგილზევე გაანადგურეს (ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული (დახეული, განადგურებული) დეკლარაციის დედანი მოსარჩელემ თავად დაურთო სარჩელს და წარმოადგინა სასამართლოში);

· ორივე შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა, რომ დეკლარაციის „A“ გრაფაში ჩაწერილიყო, რომ სახლში ცხოვროდა მისი მეუღლის დის ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ისინი იქ არ ცხოვრობენ. სწორედ ამ გარემოებამ შექმნა წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე არ აძლევდა სოციალურ აგენტებს მუშაობის შესაძლებლობას (რასაც მოჰყვა დეკლარაციის დახევა და შემდეგ შეფასების შეწყვეტა);

3.2.2. მოსარჩელემ 2017 წლის 28 ივნისს წარდგენილ განცხადებას (განმეორებითი შეფასების შესახებ) დაურთო „ფორმა #100“, - 2017 წლის 26 ივნისს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ გაცემული ცნობა #7164, რომელიც ეხება მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის ჯანმრთლობის მდგომარეობას, კერძოდ, ცნობაში აღნიშნულია, რომ მას აქვს „ტორსის კანის ავთვისებიანი სიმსივნე“. მან ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ამ დიაგნოზის თაობაზე 2017 წლის იანვარს (მაშინაც მიმართა სააგეტოს განმეორებითი შეფასებისათვის) და მანამდეც წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტი (ანუ სააგენტომ რომ იცოდა ამის შესახებ და მიუხედევად ამისა, ეს ინფორმაცია არ ასახა დელარაციის „B3“ გრაფაში);

ნაწილი III (სამოტივაციო):

5. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს;

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგ - „სზაკ”) 601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით;

· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სასკ”) პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 331 მუხლით;

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით;

· „სოციალრი დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების (შემდეგ - „მთავრობის დადგენილება“) პირველი მუხლით, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით;

· „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანების (შემდეგ - „მინისტრის ბრძანება“) მე-6 მუხის მე-2 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით;

7. სამართლებრივი შეფასება:

7.1. მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას...;

- იმავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: (ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; (ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; (გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე (აღნიშნული წესი ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #215 დადგენლების საფუძველზე (ამით კი შესაბამისი ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში). ეს ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 01 მაისიდან);

- მინისტრის ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი;

- იმავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ პუნქტში ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: (ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“;

- იმავე პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100/ა), რომელშიც მითითებულია: ონკოლოგიური, მათ შორის, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (C00-C97), რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია სპეციფიკური ონკოლოგიური მკურნალობა: ქირურგიული, მედიკამენტური, რადიოთერაპიული ან პალიატიური მკურნალობა;

· როგორც ვიხილეთ, მოქმედი კანონმდებლობა სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსავლენად ითვალისწინებს სოცილაური მუშაკის მხრიდან პრეტენდენტ ოჯახში ვიზიტსა და ამ ვიზიტის დროს დეკლარაციის შევსების აუცილებლობას (საჭიროების შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული პირების გამოკითხვასა და ინფორმაციის მოძიებას). საქმის მასალებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 28 ივნისამდე სოცლაური მომსახურების სააგენტოსათის წარდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის შესახებ ე.წ. „ფორმა #100“ ან სააგენტომ სხვა წყაროებიდან იცოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მართალია, სახლი თანაბრწილად ეკუთვნის ასევე მოსარჩელის მეუღლის დის ოჯახს, მაგრამ ისინი ფაქტობრივად ამ მისამართზე არ ცხოვრობენ). სასამართლო განმარტავს, რომ მისამართზე ცხოვრება ნიშნავს კონკრეტულ ადგილას შინამეურნეობის არსებობას (ოჯახის მიერ დამოუკიდებლად ან სხვა ოჯახთან ერთად საოჯახო მეურნეობის წარმოების ფაქტი). ამიტომ, ის გარემოება, რომ ქონების ნაწილი ეკუთვნის სხვას (სხვა ოჯახს) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ადგილი მისი (ამ ოჯახის) ფაქტობრივი საცხოვრისია. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მითითება ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკლებულია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივ არგუმენტაციას;

· რაც შეეხება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის უნდა დადასტურდეს ე.წ. „ფორმა #100-ის საფუძველზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მხოლოდ ერთხელ - 2017 წლის 28 ივნისს აქვს წარდგენილი აღნიშნული ფორმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობს მოსარჩელის მოსაზრებების გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. 28 ივნისის განცხადებასთან დაკავშირებით მოსარჩელის ოჯახს დაუდგინდა წინასთან შედარებით დაბალი სარეიტინგო ქულა (51220);

· მოსარჩელემ ასევე ვერ გაამყარა შესაბამისი მტკიცებულებებით ის გარემოება, რომ მას/მის ოჯახს წინა წლებში (2015 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე და 2017 წლის 01 იანვრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში) მოპასუხემ ნაკლულად დაუნიშნა/ჩაურიცხა სოციალური შემწეობის თანხა, რადგან როგორც დადგენილი გარემოებებიდან ირკვევა: მის ოჯახს 2015 წლის 30 სექტემბერს მიენიჭა 54580 სარეიტინგო ქულა, 2017 წლის 21 მარტს 59740 ქულა, ხოლო 18 აგვისტოს 51220 ქულა (ზემოთ მითითებული მთავრობის დადგენილების შესაბამისად: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე, ხოლო ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე). ამიტომ, მოსარჩელის ოჯახს სოციაური დახმარება დანიშნული აქვს სწორად, აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად და სახეზე არ არის შემთხვევა, როცა მოსარჩელემ შესაძლოა განიცადა ქონებრივი დანაკლისი (არასწორად, ნაკლულად დანიშნული შემწეობის გამო);

7.2. მინისტრის ბრძანების მე-14 მუხლის პირველი „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება...;

· სასამართლოს მიაჩნია, რომ შეფასების პროცესი, 2017 წლის 10 ნოემბერს შედგენილი ოქმის შესაბამისად შეწყდა არასწორი საფუძვლით, კერძოდ, ოქმში მიეთითა, რომ მოსარჩელემ არ მისცა სააგენტოს უფლებამოსილ პირებს „ქონების ან დოკუმენტების დათვალიარების საშუალებას“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საქმის მასალების მიხედვით, სოციალურმა აგენტებმა მოსარჩელის შინამეურნეობა დაათვალიერეს არაერთგზის. რეალური მიზეზი იყო ის, რომ მოსარჩელე მისთვის სასურველი მონაცემების ასახვას ითხოვდა დეკლარაციაში. ამიტომ, სააგენტოს წარმომადგენლებს შეწყვეტის საფუძვლად უნდა მიეთითებნათ მინისტრის ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (როცა სხვა მიზეზით ვერ მოხერხთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება);

- სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;

- სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

- იმავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

· სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ შეფასების შეწყვეტის ოქმში არასწორი საფუძველი მიუთითა, მაინც არ არსებობს ამ ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობა, რადგან მოპასუხემ სამათლებრივი შედეგი (შეწყვეტის აუცილებლობა) განსაზღვრა სწორად. ამიტომ, ეს არის იმდენად უმნიშვნელო ხარვეზი, რომ მისი არარსებობის შემთვევაში სხვა გადაწყვეტილება (შეფასების შეწყვეტის გარდა) ვერც იქნებოდა მიღებული;

· სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია სხვა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებიც, ვინაიდან არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, - მოპასუხის მიერ ისინი გამოცემული იყო კანონის სრული დაცვის პირობებში;

· რაც შეეხება დაკლებულ თანხებს, მთავრობის დადგენილებით სოციალური შემწეობის მოცულობას დამოკიდებულს ხდის იმ სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე, რაც ყოველი შეფასების შემდეგ ენიჭება თითოეულ ოჯახს. აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულების ზედა და ქვედა ზღვარი, რომლისთვისაც დგინდება შემწეობის კონკრეტული ნიხრი. იმ სარეიტინგო ქულების მიხედვით, რაც მიენიჭა მოსარჩელის ოჯახს, მას ეკუთვნოდა სოციალური დახმარების სწორედ ის ოდენობა, რაც მას ჰქონდა დანიშნული. ამის საწინააღმდეგო მსჯელობა, რომელიც გამყარებული იქნებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია. ამდენად, მოპასუხის მითითება, რომ „სარეიტინგო ქულა განსაზღვრავს დახმარების ოდენობას“ სასამართლოსათვის სავსებით მისაღები არგუმენტია;

8. საპროცესო ხარჯები:

8.1. სასკ-ის მე-9 მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე...;

- იმავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო აღნიშნული კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დავა ეხება სახელმწიფო სოციაური დაცვის (სოციაური დახმარების აღდგენა) საკითხს, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებზე სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე და მისი გადახდა არც ერთ მხარეს (განხილვის შდეგის მიუხედავად) არ ეკისრება;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ან-------------–--ლის ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/