გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
330210018002486881
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17117-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ელ---------------ე

წარმომადგენელი - ნუ------------–------ე

 

მოპასუხე - ლა-------------ე

წარმომადგენლები - გი---------ე, სა-–----------–----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხის ლა-------------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის თანხის - 5 000 ევროს გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 29 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ლა-------------ეს ასესხა 5 000 ევრო, მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 3 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2014 წლის 29 დეკემბრისა. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და თანხა არ დაუბრუნებია. მოსარჩელე განმარტავს, რომ თავად არაერთხელ მიმართა ლა-------------ეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მსესხებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

 

2011 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს გადასცემდა 5 000 ევროს 3 წლის ვადით, სანაცვლოდ კი მოპასუხე მოსარჩელეს უზრუნველყოფდა საცხოვრებელი სადგომით. მხარეთა შორის 2011 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, რომელიც უნდა შემწყდარიყო მხარეთა ურთიერთვალდებულებების გაქვითვით. აღნიშნული გაქვითვის მიზნით მოპასუხემ მოსარჩელე უზრუნველყო საცხოვრებელი სადგომით (მდებარე, თბილისი, ი-----ს ქ. №1----, ფართობი - 59.00 კვ.მ საკადასტრო კოდი: 0--01.0---00--01.5--).

 

2012 წლის 8 მაისს ლა-------------ემ საცხოვრებელი სადგომი გაასხვისა ნა---------–---–ზე, მოსარჩელე მოპასუხესთან შეთანხმებული ურთიერთვალდებულების გაქვითვის შესაბამისად, აგრძელებდა ცხოვრებას უძრავ ქონებაში, ხოლო ქირის საფასურის გადახდას უზრუნველყოფდა მოპასუხე, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული თანხის გადახდით (ქირის საფასური), ახდენდა ახალ მესაკუთრესთან არსებული სხვა ვალდებულების დაფარვას. ქირის თანხა შეადგენდა 300 აშშ დოლარს და უზრუნველყოფდა მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით, 2011 წლის 29 დეკემბრიდან, 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით. ლა-------------ის შვილი ნა-----------–---–ი იხდიდა თანხას ნა---------–---–ის სასარგებლოდ. ქირის ღირებულება 2012 წლის 8 მაისიდან, 2013 წლის ივნისამდე, შეადგენდა ყოველთვიურად 300 აშშ დოლარს (სულ 3600 აშშ დოლარი), ხოლო 2013 წლის 5 ივლისიდან - 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 587 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 10 566 აშშ დოლარი, ჯამურად 14 166 აშშ დოლარი.

 

2014 წლის მიწურულს მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის (მდებარე: თბილისი, ი-----ს ქ. №1----) დაცლის შემდგომ, მოპასუხემ უზრუნველყო მოსარჩელისა და მისი ოჯახის გადასვლა სხვა საცხოვრებელ სადგომში, კერძოდ, ნი----–----ას კუთვნილ უძრავ ქონებაში. აღნიშნული უძრავი ქონების ქირის საფასურს (450 ლარი) მოპასუხე კვლავ ურიცხავდა შვილს ნა-----------–---–ს, რომელიც შემდგომ თანხას მოსარჩელის ყოველთვიური ქირის ღირებულების სახით ურიცხავდა გამქირავებელს ნი----–----ას, 2015 წლის 8 მარტიდან 2016 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 10 800 ლარი.

 

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთვალდებულებების გაქვითვის გზით სანაცვლო შესრულებებზე, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს გადასცემდა 5 000 ევროს, ხოლო მოპასუხე სანაცვლოდ უზრუნველყოფდა საცხოვრებელი სადგომით. მოპასუხემ მოსარჩელე უზრუნველყო საცხოვრებელი სადგომით 2011 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 25 ოქტომბრამდე. ამ ხნის განმავლობაში მოპასუხემ არათუ გადაფარა მოსარჩელისგან სესხის სახით მიღებული თანხა და სანაცვლოდ მათ შორის შეთანხმებული საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ვალდებულება, არამედ ზედმეტი თანხის გადახდით და უზრუნველყო საცხოვრებელი სადგომით მოსარჩელე შეთანხმებულზე მეტი დროით. მოპასუხემ გაქვითვის სანაცვლოდ, მოსარჩელეს დაუფარა ქირის საფასური 45 571 ლარის ოდენობით, საიდანაც 14 166 აშშ დოლარი (რაც ეროვნული კურსით 2.4546 შეადგენს 34 771 ლარს) გადახდილი იქნა პირველ საცხოვრებელ ფართში, ხოლო 10 800 ლარი მეორე საცხოვრებელ ფართში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2011 წლის 29 დეკემბერს ელ---------------ესა (გამსესხებელი) და ლა-------------ეს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 111423249), რომლის თანახმად გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 5 000 ევრო.

 

სესხი გაიცა 3 წლის ვადით.

 

მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ სესხს პროცენტი არ დაერიცხებოდა.

 

მხარეთა განცხადებით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა გადასცა 2011 წლის 29 დეკემბერს ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, ხოლო მსესხებელმა სრულად მიიღო აღნიშნული თანხა (მოპასუხე მხარეს თანხის მიღების შესახებ გარემოება სადავოდ არ გაუხდია).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).

სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-15).

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანებოდა წერილობითი ფორმით და ძალაში შედიოდა სანოტარო წესით დადასტურების შემდეგ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-15).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია 2011 წლის 29 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის სარგებლის სახით (სესხის სანაცვლოდ) მსესხებლის მიერ გამსესხებლის ბინით სარგებლობის უზრუნველყოფის შესახებ პირობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის ფაქტი.

 

არ დგინდება მხარეთა შორის რაიმე ურთიერთვალდებულებების გაქვითვის შესახებ შეთანხმების არსებობა და ამ გზით მხარეთა შორის ვალდებულებების შეწყვეტა.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სესხის თანხის 3 წლით გადაცემის სანაცვლოდ ლა-------------ეს ელ---------------ე უნდა უზრუნველეყო საცხოვრებელი სადგომით; მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთვალდებულებების გაქვითვის გზით სანაცვლო შესრულებებზე, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს გადასცემდა 5 000 ევროს, ხოლო მოპასუხე სანაცვლოდ უზრუნველყოფდა საცხოვრებელი სადგომით, მოპასუხემ მოსარჩელე უზრუნველყო საცხოვრებელი სადგომით 2011 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 25 ოქტომბრამდე, მოპასუხემ გაქვითვის სანაცვლოდ, მოსარჩელეს დაუფარა ქირის საფასური 45 571 ლარის ოდენობით, საიდანაც 14 166 აშშ დოლარი (რაც ეროვნული კურსით 2.4546 შეადგენს 34 771 ლარს) გადახდილი იქნა პირველ საცხოვრებელ ფართში, ხოლო 10 800 ლარი მეორე საცხოვრებელ ფართში.

 

მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები და გადახდის ქვითრები. სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება, რომ ნა-----------–---–ი ნა---------–---–ის სასარგებლოდ იხდიდა თანხას 2013 წლის 05 აგვისტოდან 2014 წლის ივლისის თვის ჩათვლით, ყოველ ჯერზე 587,00 ლარის ოდენობით; ნა-----------–---–ი ნი----–----ას სასარგებლოდ ასევე იხდიდა თანხას. სადავო არ არის გარემოება რომ ნა---------–---–ისა და ნი----–----ას სასარგებლოდ აღნიშნულ გადახდებს ახორციელდა ლა-------------ე ნა-----------–---–ის დახმარებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ლი------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სესხის სანაცლოდ მსესხებელს უნდა უზრუნველეყო გამსესხებელი საცხოვრებლით, ხოლო მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემის შემდეგ, გამსესხებლის შვილებმა ცხოვრება დაიწყეს მსესხებლის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე თბილისი, ქუჩა ი-----, №1---- (იხ, 2019 წლის 17 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:51:59-10:56:07).

 

სადავო არ არის გარემოება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქუჩა ი-----, №1---- გასხვისდა ნა---------–---–ზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ლი------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმებდენ პირობაზე, რომლის თანახმად, მსესხებელს ლა-------------ეს ელ---------------ისათვის უნდა გადაეხადა ბინის ქირის ღირებულება სესხის 5 000 ევროს დაბრუნებამდე; მსესხებელი ქირას იხდიდა (იხ, 2019 წლის 17 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:51:59-10:56:07).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრელება არ ითვალისწინებდა სესხის სარგებლის გადახდას და ხელშეკრულებაში ცვლილებები მხოლოდ წერილობით (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ) უნდა შესულიყო, სასამართლო მოსარჩელე მხარის აღიარების პირობებში, სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სესხის სარგებლის სახით მსესხებლის უძრავი ქონებით სარგებლობის შესახებ, ხოლო შემდგომში უკვე ბინის დაქირავებისა და ქირის გადახდის შესახებ, იმ გარემოების უპირატესი გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული ბინის ქირის საფასურის გადახდის ფაქტი მოპასუხის მიერ (ნა-----------–---–ის დახმარებითა და უაშუალო გადახდით) მხარეებს შორის სადავო არ არის (ისევე როგორც მსესხებლის ბინით გამსესხებლის სარგებლობის ფაქტი არ არის სადავო).

 

მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება მხარეებს შორის ვალდებულებების გაქვითვაზე შეთანხმების არსებობის შესახებ.

 

სსკ-ის 442-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის რაიმე ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შესახებ შეთანხმების არსებობას და არსებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტას.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მტკიცების ტვირთის მატერიალური და პროცესუალური საფუძვლების შესაბამისად (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 442.2 მუხლი) უნდა უზრუნველეყო დამტკიცება ფაქტისა, რომ ვალდებულებათა გაქვითვა განხორციელდა მეორე მხარისათვის შეტყობინებით და წარმოედგინა შეტყობინების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მხარეთა შორის რაიმე შეთანხმების არსებობას ვალდებულებათა გაქვითვის თაობაზე (მათ შორის ამგვარი შეთანხმების არსებობას სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ) და მათ შორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ელ---------------ესა და ლა-------------ეს შორის 2011 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ელ---------------ემ ლა-------------ეს გადასცა სესხის თანხა 5 000 ლარი, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 3 წლით; დადგენილია, რომ სესხის სარგებლის სახით გამსესხებელმა მსესხებელი უზრუნველყო ჯერ მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (მდებარე, თბილისი, უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქუჩა ი-----, №1----) სარგებლობით, ხოლო უძრავი ქონების გასხვისების შემდგომ დაქირავებული საცხოვრებელი სადგომის ბინის ქირის გადახდით. ამდენად, სახეზეა ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე სესხის ხელშეკრულება, რაც მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.

 

მსესხებელს ლა-----------------ს 2011 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 000 ევროს გადახდის ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი არ დაუდასტურებია. იმ პირობებში როდესაც დადასტურებულია მხარეთა შეთანხმება სესხის სარგებლის სახით ბინით სარგებლობის უზრუნველყოფის შესახებ და ამ მიზნით მსესხებლის მიერ შესაბამისი თანხის გადახდა დადასტურებულია, ამასთან მხარეთა შორის რაიმე შეთანხმების არსებობა ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის შესახებ არ დადასტურებულა, მოსარჩელის მითითება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ელ---------------ე, 2011 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ლა-------------ე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს სესხის თანხა 5000 ევრო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 406,38 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 3,62 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ელ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ლა-------------ეს მოსარჩელე ელ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ევროს გადახდა.

 

2. მოპასუხე ლა-------------ეს მოსარჩელე ელ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 406,38 ლარის გადახდა.

 

3. ელ---------------ეს დაუბრუნდეს ლინა ოდიკაძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 11 ლარიდან 3,62 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან სახაზინო კოდი: №3--------, რომელიც გადახდილია 2017 წლის 06 ივნისს №- საგადახდო დავალების მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე