გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
080210118002729135
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002729135

საქმე #2/3749-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.06.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - დ-------------ე;

ადვოკატი- ე----------–----ე;

მოპასუხეები - შპს „ლ------------„, ბ----------------ე;

წარმომადგენელი- ლ-------------–---–ი (შპს „ლ------------);

დავის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალების ყადაღისაგან გათავისუფლება, ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა. ავტომანქანაზე „MERCEDES BENZ, Lorry van მოდელი- 4---, საიდედენტიფიკაციო ნომერი W----------------, სახ. ნომერი L-----, ყადაღის მოხსნა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: 2014 წლის მარტის თვეში ქ. ქუთაისში, მცხოვრები ბ----------------ისაგან შეიძინა ავტომანქანა „MERCEDES BENZ, Lorry van მოდელი- 4---, საიდედენტიფიკაციო ნომერი W----------------, სახ. ნომერი L-----, 3300 აშშ დოლარად, ავტომანქანის შესაძენად სესხის აიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სგან. თანხა ავტომანქანის მესაკუთრეს გადასცა 2014 წლის 05 აპრილს, თანხის გადაცემას ესწრებოდა ა-------------–ი. თანხის გადაცემის შემდეგ ბ-----------------ემ გადასცა ავტომანქანა, ასევე გადასცა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, თუმცა ვინაიდან იყო დასვენების დღე, ვერ შეძლო ავტომანქანის მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია. 2014 წლის აპრილიდან ავტომანქანა არის მის პირდაპირ მფლობელობაში და საკუთრებაში. სხვადასხვა დროს ავტომანქანის ფლობის და ექსპლოატაციის დროს ჩადენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც დაკისრებული ჯარიმა რაც მის მიერ გადახდილი იქნა. 2018 წლის 20 თებერვალს გაჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის მიერ და კუთვნილი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო სადგომზე, იმ მიზნით, რომ მასზე ვრცელდებოდა ყადაღა, ბ----------------ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების გამო, ვინაიდან ბ----------------ე შსს მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა აღნიშნული ავტომანქანის მფლობელად და დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც, მის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე რეგისტრირებული აღმოჩნდა ყადაღა.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, 2016 წლის 03 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2017 წლის 30 იანვარს დაწყებული სააღსრულებო საქმე. აღნიშნულ ავტომანქანზე ყადაღის დადება მოხდა კრედიტორ შპს „ლ-----------„-ის სასარგებლოდ მოვალე ბ----------------ის ვალდებულების შესრულების მიზნით. ავტომანქანა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, შესაბამისად ბ----------------ის ვალდებულების შესრულების მიზნით, არ უნდა მოხდეს მისი საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, მოესპობა შესაძლებლობა დაიბრუნოს მისი კუთვნილი ქონება (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ----------------ეს სასამართლოში წერილობითი პასუხი- შესაგებელი არ წარმოუდგენია. ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.2. მოპასუხე შპს ლ------------მა წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელემ 2014 წლის მარტის თვეში ბ----------------ისაგან შეიძინა ავტომანქანა. ასევე არ დასტურდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სგან სესხი ავტომანქანის შეძენის მიზნით აიღო. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება, რომ 2014 წლიდან ავტომაქანის ჩამორთმევამდე ვერ შეძლო ავტომანქანის კანონის შესაბამისად რეგისტრაცია. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონიერად განხორციელდა ბ----------------ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანზე ყადაღის დადება, შესაბამისად მისი ჩამორთმევაც კანონიერია. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფატობრივი გარემოებები სადავოდ არის გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება -მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----, რეგისტრირებულია ბ-----------------ის საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- რეგისტრაციის მოწმობა;

3.2.2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 03 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ბ----------------ეს- შპს ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

 

შპს „ლ-----------„ არის კრედიტორი, ხოლო ბ----------------ე მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 30 იანვარს ყადაღა დაედო და ძებნა-დაკავებაზე გადაეცა ბ----------------ის საკუთრებაში რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას (მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 03.07.2018 წ აღმასრულებლის წერილი;

 

3.2.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

2018 წლის 07 მარტის აღმასრულებელ ნინო ლოთაძის პასუხი;

 

3.2.4. სს კ------- ბანკის მიერ 2019 წლის 17 იანვარს გაცემული ცნობის თანახმად, 2014 წლის 17 მარტს დ-------------ეზე გაცემული იქნა სესხი 6000 ლარის ოდენობით, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა დ-------------ის მიერ სატვირთო ავტომობილის შეძენა.

 

2018 წლის 05 მარტს, ბ----------------ესა და დ-------------ეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბ----------------ემ 2014 წლის 05 აპრილს, დ-------------ეს მიყიდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----, რაშიც დ-------------ემ გადაუხადა 3300 აშშ დოლარი, თუმცა რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, არასამუშაო დროის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ბ----------------ეს და დ-------------ეს შორის არსებული შეთანხმება, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 05 მარტს;

-17.01.2019წ სს კ------- ბანკის მიერ გაცემული ცნობა;

 

3.2.5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 05 მარტის წერილის თანახმად, დ-------------ის მიმართ, სატრანსპორტო საშუალებაზე (მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----) ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები:2015 წლის 20 ოქტომბერს (ასკ 125.8. მუხლი), 2016 წლის 04 ივნისს (ასკ 118.1. მუხლი)და 2018 წლის 20 თებერვალს (ასკ 118.1. მუხლი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 05 მარტის წერილი;

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული ქონებაზე საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება მისი საკუთრებაა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეიძლება წერილობითი მტკიცებულებით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდება ნივთების კუთვნილების საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად, წარმოადგინა მოწმეები, რომლებმაც სასამართლო სსხდომაზე დაადასტურეს, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე დ-------------ე, კერძოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-----------------ემ, ა-------------–მა და რ-------------ემ განმარტეს, რომ დ-------------ემ სატრანსპორტო საშუალება შეიძინა 2014 წლის აპრილის თვეში, ქ. ქუთაისში. მას შემდეგ ავტომანქანას ფლობდა და სარგებლობდა დ-------------ე. მოწმე ა-------------–ის განმარტებით გამყიდველზე თანხის გადაცემას თავადაც ესწრებოდა.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სატრანსპორტო საშულების მესაკურედ დ-------------ე უნდა იქნას მიჩნეული;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების, მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, 40-ე, 44-ე, 45-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 186-ე, 158-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები. სს კოდექსის 186.1. მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 158.1. მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ დ-------------ემ ბ----------------ისაგან 2014 წლის აპრილის თვეში შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 05 მარტის წერილის თანახმად, დ-------------ის მიმართ, სატრანსპორტო საშუალებაზე (მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----) ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები: 2015 წლის 20 ოქტომბერს (ასკ 125.8. მუხლი), 2016 წლის 04 ივნისს (ასკ 118.1. მუხლი) და 2018 წლის 20 თებერვალს (ასკ 118.1. მუხლი). სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----------------ეს, როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, მოძრავი ნივთის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელეზე გასხვისების უფლება ჰქონდა. გარიგების დადების ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ შედავებული არ არის. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენს დ-------------ე. გამყიდველმა ბ----------------ემ ნასყიდობის საგანი- სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით ნამდვილი უფლების საფუძველზე მყიდველს დ-------------ეს საკუთრების უფლებით გადასცა. სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შპს „ლ-----------„-ის ვალდებულების გამო, აღმასრულებლის მიერ შეზღუდვა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა ბ----------------ის საკუთრებაში აღარ იყო, გასული იყო მისი მფლობელობიდან.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

6.4. სასამართლო მოპასუხის ყურადღებას მიაქცევს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლითაც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ აუციელებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის შეძენასთან ან სხვა გვარი მასზე მფლობელობის გადაცემისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და ამდენად მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.).

 

ამასთან, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ-ები: #ას-914-954-2011, 27.10.2011წ; #ას-1363-1381-2011, 31.01.2012წ; #ას-971-912-2012, 26.07.2012წ;#ას-33-32-2014, 24.03.2014წ; #ას-658-625-2014, 05.12.2014წ; #ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.).

 

საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც ავტომობილის შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის დროისათვის გამსხვისებლის ვალდებულების გამო ნასყიდობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა, ავტომობილი, სსკ-ის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებრივი ნაკლის არმქონედ განიხილებოდა (სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011წ; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წ.)

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა კვლავ ბ----------------ის სახელზე ირიცხება, მას 2014 წლის გარიგების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის გადაცემის შემდეგ, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----------------ემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა ნივთი მოსარჩელეს (შემძენს), რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, სპეციალური კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვოს.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მოსარჩელე დ-------------ის საკუთრებას, ასევე დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მოსარჩელე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ბ----------------ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე ბ----------------ის ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით დ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ყადაღისგან გათავისუფლდეს ბ----------------ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----, და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდეს დ-------------ის სახელზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ-------------ემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 75 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ლ-----------„-ს და ბ----------------ეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 125 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისგან გათავისუფლდეს ბ----------------ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება მარკა- MERCEDES -BENZ, ტიპი- სატვირთო ფურგონი Lorry Van, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი- W----------------, ძრავის მოცულობა 2874. სახ. ნომრით L-----, და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდეს დ-------------ის სახელზე.

 

3. შპს ლ------------ს და ბ----------------ეს - მოსარჩელე დ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 125 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (75 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე