გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310019002988905
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/3552-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

მოსარჩელე - დ-----------------ე

წარმომადგენელი - მ-----------ა

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მარტის №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დ-----------------ის სახელზე შპს ქ-------------------------–---------------–---------------ის მიერ (სპს ბ--------------------------------–---------------–-------------------- გაცემული ნ--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 მარტის M---------------- წერილის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს 1992 წლის 15 სექტემბერს ქ-------------------------–--------------–---------------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის 0------------ ლიცენზია. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ჰ--------------–---------------–---------------ი. ამავე სასამართლოს 1998 წლის 12 იანვარ რეგისტრაციაში გატარდა სპს ბ--------------------------------–---------------–-------------------, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს ჰ--------------–---------------–---------------ი, ნაცვლად სპს ბ------------------------------–---------------–--------------------სა. სპს ბ------------------------------–---------------–--------------------მა განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა, როგორც შპს ქ-------------------------–---------------–------------------- ჩაითვალა შპს ქ-------------------------–---------------–---------------ის უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში 1998 წლის 12 იანვრის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე. აღნიშნულ სუბიექტს 2000 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიემართა საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით. ვინაიდან მას არ მიუმართავს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის დადგენილ ვადაში, მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის პირველი იანვრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 7 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 61-62);

 

3.2. 2003 წელს დიპლომი ნ--------- მიეცა დ-----------------ეს, რომელიც 1997 წელს შევიდა ქ-------------------------–--------------–---------------ში და 2003 წელს დაამთავრა ქ-------------------------–---------------–---------------ის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიის 2003 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დიპლომი ნ--------- (ს.ფ. 16);

 

3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 17 ივლისის №----------------- წერილის თანახმად, რეესტრის სამმართველოში 2016 წლის 22 ივლისს შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის №--------------- (ცენტრში რეგისტრაციის №------) კორესპონდენცია, რომლითაც მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, რომელიც ეხება ქ-------------------------–---------------–------–---–------------------ის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 17 ივლისის №----------------- წერილი (ს.ფ. 60);

 

3.4. 2019 წლის 15 ივნისს დ-----------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მის სახელზე შპს ქ-------------------------–---------------–---------------ის მიერ (სპს ბ--------------------------------–---------------–-------------------- გაცემული ნ--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მარტის № M---------------- გადაწყვეტილებით დ-----------------ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 46-47);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მარტის № M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 67-70).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული 2019 წლის 13 მარტის № M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მარტის № M---------------- გადაწყვეტილებით დ-----------------ეს უარი ეთქვა ნ--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

7.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს 1992 წლის 15 სექტემბერს ქ-------------------------–--------------–---------------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის 0------------ ლიცენზია. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ჰ--------------–---------------–---------------ი. ამავე სასამართლოს 1998 წლის 12 იანვარ რეგისტრაციაში გატარდა სპს ბ--------------------------------–---------------–-------------------, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს ჰ--------------–---------------–---------------ი, ნაცვლად სპს ბ------------------------------–---------------–--------------------სა. სპს ბ------------------------------–---------------–--------------------მა განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა, როგორც შპს ქ-------------------------–---------------–------------------- ჩაითვალა შპს ქ-------------------------–---------------–---------------ის უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში 1998 წლის 12 იანვრის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე. აღნიშნულ სუბიექტს 2000 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიემართა საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით. ვინაიდან მას არ მიუმართავს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის დადგენილ ვადაში, მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის პირველი იანვრიდან.

 

მოპასუხე მხარე დ-----------------ისათვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 1999წ ლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პირები, მათ შორის აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც ახორციელებდნენ ან კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული ჰქონდათ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი იყვნენ მისი ამოქმედებიდან (ეს კანონი ამოქმედდა 1999 წლის 1 ივლისიდან) 6 თვის ვადაში წერილობით მიემართა ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ მიუმართავს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის დადგენილ ვადაში უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, შესაბამისად მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის პირველი იანვრიდან.

 

ამასთანავე ცენტრმა განმარტა, რომ ცენტრში არსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, რომელიც ეხება ქ-------------------------–---------------–------–---–------------------ის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს.

 

7.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა დ-----------------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, იურისტის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს პირის რაიმე სახის უფლების შემზღუდავი. შესაბამისად ცენტრს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება დ-----------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-----------------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მარტის №----------------- გადაწყვეტილება, დ-----------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ქ-------------------------–---------------–---------------ის მიერ (სპს ბ--------------------------------–---------------–-------------------- დ-----------------ის სახელზე გაცემული ნ--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მარტის №----------------- გადაწყვეტილება დ-----------------ის სახელზე გაცემული ნ--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ-----------------ის კუთვნილი ნ--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

4. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელის - დ-----------------ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე