გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.07.2019
საქმის ნომერი
611210019002985602
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019002985602

#2/209-199

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.07.2019 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მ--------–-- მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - თ--–-–- პ------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი

მოპასუხე - ს------ პ------ი

მოპასუხის წარმომადგენელი - ს---–----- ი-----–---ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, განქორწინება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

თ--–-–- პ------ა ითხოვს ს------ პ------ისთვის ალიმენტის დაკისრებას და მასთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

თ--–-–- პ------ა და ს------ პ------ი 2010 წლიდან იყვნენ ფაქტობრივ, ხოლო 2011 წლის 7 მარტიდან - რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 5 აპრილს დაბადებული ი------ პ------ი და 2017 წლის 18 დეკემბერს დაბადებული ზ----- პ------ა. მხარეთა ცოლ-ქმრული თანაცხოვრება გაგრძელდა 2018 წლის დეკემბრის თვემდე. ერთად ცხოვრების პერიოდში მოპასუხე გამუდმებით აყენებდა მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც მოსარჩელე ოჯახის შენარჩუნების მიზნით იტანდა. ბოლოს ს. პ------ი ბ---–----ს რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა ოჯახური ძალადობისთვის. დაშორების შემდეგ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების ოჯახში. მოპასუხე შვილების რჩენაში მონაწილებას არ ღებულებს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით და სახლთან გახსნილი აქვს მეტალო-პლასტმასის საწარმო. მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება. მოპასუხის რჩენაზე არავინ იმყოფება, მოსარჩელე კი არსად მუშაობს და უვლის შვილებს. სარჩელის შეტანამდე მან ს------ პ------ს სთხოვა ერთობლივი განცხადების შეტანის გზით განქორწინება სგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, რაზეც მიიღო უარი. ასევე მოპასუხე წინააღმდეგია ნებაყოფლობით მიიღოს მონაწილეობა შვილების რჩენა-აღზრდაში.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თ--–-–- პ------ა ითხოვს მოპასუხისთვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრებას ბავშვების სრულწლოვნებამდე, ასევე განქორწინებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ხან დედასთან ცხოვრობს, ხან მამასთან, ახლა სურს ბინა იქირაოს მარნეულში და ბავშვები აქ შეიყვანოს სკოლაში. თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის შემოსავალი თვეში შეადგენდა 2000-5000 ლარს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ს------ პ------მა შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, მან მიუთითა, რომ არ სურს განქორწინება, ალიმენტთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ არის უმუშევარი, არ აქვს რაიმე შემოსავალი და გაჭირვებით შეძლებს თითოეული ბავშვისთვის 80 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ საწარმოში ის მუშაობდა ხელოსნად, სეზონი გრძელდება 3-4 თვე, რა დროსაც მას თვეში 400-500 ლარის ოდენობით შემოსავალი ჰქონდა, სხვა თვეებში - 200 ლარის ოდენობით. ამჟამად სამი თვეა, რაც საამქრო დაკეტილია. ის ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც მუშაობს კაფეში მზარეულად და მისი ხელფასი შეადგენს 300 ლარს. თავად ხანდახან მინდორში მუშაობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თ--–-–- პ------ა და ს------ პ------ი 2010 წლიდან იყვნენ ფაქტობრივ, ხოლო 2011 წლის 7 მარტიდან - რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 5 აპრილს დაბადებული ი------ პ------ი და 2017 წლის 18 დეკემბერს დაბადებული ზ----- პ------ა.

მტკიცებულებები:

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 21-22);

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 19-20).

 

3.1.2. დაახლოებით ნახევარი წელია, რაც მეუღლეები დაშორდნენ. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად მის ნათესავებთან. თ--–-–- პ------ა არ მუშაობს და დაკავებულია შვილების აღზრდით.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 55-61, 2019 წლის 6 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 2019 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ს------ პ------ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ეკონომიკური საქმიანობის სახე - პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილების და პროფილების წარმოება, პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება, პლასტმასის სხვა ნაწარმის წარმოება.

მტკიცებულებები:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 25-26);

- ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან (ს. ფ. 27).

 

3.1.4. ს------ პ------ის სახელზე ირიცხება მ--------–-- რაიონის სოფელ ბ-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სკ 8-----------).

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საწარმო სამი თვის წინ დაიკეტა.

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოს არ წარმოუდგინა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად კი, ის დღეისათვის რეგისტრირებულია ინდ/მეწარმედ, რომელიც დაკავებულია პლასტმასის ნაწარმის წარმოებით. შესაბამისად, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გამარტებას იმის თაობაზე, რომ საწარმო სხვა პირს - რამილ მეჰრბანოვს ეკუთვნის. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხის განმარტებები ამ გარემოებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მოპასუხის შემოსავლის ოდენობის თაობაზე, ვინაიდან თავის მხრივ არც მას წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. ამასთან, სასამართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ი/მ ს------ პ------ს 2018 წლის პირველი იანვრიდან 17/05/2019 წლის მდგომარეობით ხელფასის და სხვა სახის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 63-77, 2019 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 20 მაისის წერილი (ს. ფ 32);

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 25-26);

- ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან (ს. ფ. 27).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--–-–- პ------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს------ პ------ს თითოეული შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით უნდა დეკისროს 150 ლარის გადახდა, ამასთან, უნდა შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ქორწინებაში ყოფნის ნება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ დაქორწინებისას, არამედ ქორწინების შენარჩუნებისთვისაც. ნების თავისუფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია პირის იძულება იმყოფებოდეს ქორწინებაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. საგულისხმოა, რომ განქორწინებისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობა აუცილებელი არ არის. მიუხედავად თავდაპირველი სურვილისა, თანაცხოვრების პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს მთელი რიგი გარემოებები, რაც კონკრეტულ პირთან ერთ ოჯახად ცხოვრებას მეუღლისათვის არასასურველს ხდის.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, აცხადებს, რომ აღარ სურს ს. პ------თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა. ამასთან, საგულისხმოა, რომ განქორწინების სურვილის მიზეზს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის არაერთგზის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ ოჯახური ძალადობისათვის, და აღნიშნული გარემოება სადავო არ არის.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. პ------სა და თ. პ------ას შორის ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, რადგან მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა, რის გამოც მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

შესაბამისად, მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის ნათესავებთან, ბავშვები მის კმაყოფაზე არიან, თავად არ მუშაობს და დაკავებულია შვილების აღზრდით, ხოლო მოპასუხე არის ინდ/მეწარმე და მისი საქმიანობის სფეროა პლასტმასის ნაწარმის წარმოება, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2011 წლის 5 აპრილს დაბადებული ი------ პ------ის და 2017 წლის 18 დეკემბერს დაბადებული ზ----- პ------ას რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 150 ლარის ოდენობით ალიმენტი თითოეული ბავშვისათვის, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 200-200 ლარის დაკისრებას, თუმცა მოთხოვნა დაკმაყოფილდა 150-150 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის ფასი შეადგენს (150X2X12) 3600 ლარს. ამასთან, მოპასუხემ მოსამზადებელ სტადიაზე ცნო სარჩელი თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 80 ლარის ოდენობით, რაც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 25,2 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ განქორწინების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--–-–- პ------ას სარჩელი ს------ პ------ის მიმართ განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს მოსარჩელე თ--–-–- პ------ას (პნ 1----------, ქორწინებამდელი გვარი - ო----------) და ს------ პ------ს (პნ 2----------) შორის 2011 წლის 7 მარტს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი 3----------).

 

3. ს------ პ------ს თ--–-–- პ------ას სასარგებლოდ შვილების - 2011 წლის 5 აპრილს დაბადებული ი------ პ------ის და 2017 წლის 18 დეკემბერს დაბადებული ზ----- პ------ას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვისათვის 150 ლარის გადახდა 2019 წლის 8 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

4. ს------ პ------ს თ--–-–- პ------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. ს------ პ------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 25,2 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით, სააპელაციო საჩივრით.

 

7. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი