გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.07.2019
საქმის ნომერი
330310017002001184
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/4774-17 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–----------------------“ უფლებამონაცვლე სს ,,ს------–----------------–--------ი''

წარმომადგენლები - მ------–----–--ე, ნ-----------ე

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები - თ---------–--------–---–ი, ლ-–-----------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ს----–----------ისა და ა------------------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. პაციენტი ს----–----------ე (11 თვის) შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 2006 წლის 7 ოქტომბერს მიიყვანეს. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, წინა დღეს ქვედა კიდურებზე აღმოაჩნდა ფეხსახსრიანთა ნაკბენები, აღენიშნებოდა ჰიპერემია, ბულოზური ელემენტით, ქავილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. სტაციონარში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ქვედა მარცხენა კიდურზე ბარძაყის არეში აღინიშნა სავარაუდო მწერის ნაკბენის ირგვლივ ჰიპერემია, ბულოზური ელემენტი გამჭირვალე შიგთავსით, გულის ტონები - სუფთა, რითმული, აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, ცნობიერება - ნათელი, მენინგიალური ნიშნები უარყოფითი, პირის ღრუ - სუფთა, მუცელი პალპაციით რბილი უმტკივნეულო, დეფეკაცია, დიურეზი - ნორმა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმისა და ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, გამოხატული იყო ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ მწერის ნაკბენზე. ადგილობრივად ჰიპერემია ინფილტრაციის გარეშე. რეკომენდებული იყო ანტიჰისტამინური თერაპია, ბულების დაინფიცირების პრევენცია. პაციენტს ჩაუტარდა ანტიჰისტამინური პრეპარატით მკურნალობა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ იგი გაეწერა ბინაზე დანიშნულებით.

მტკიცებულება: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 36-37, ტომი 2, ს.ფ. 76), პაციენტის დაკვირვების რაპორტი (ტომი 1, ს.ფ. 38), ჩანართის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 39-40).

 

3.2. პაციენტი ა------------------ე (2 წლის) შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 2006 წლის 10 ოქტომბერს მიიყვანეს. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, დილიდან მარჯვენა მტევნისა და 4 თითის არეში აღენიშნა შეშუპება, ჰიპერემია, ტკივილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტს ჩაუტარდა ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჩხვლეტი მარჯვენა მტევნის მე-4 თითის არეში, მტკივნეულობა, შეშუპება და ჰიპერტემია თითის და მტევნის მიდამოში. დაისვა დიაგნოზი ფეხსახსრიანთა ტოქსიური ეფექტი T63.4 და ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება, მტევანზე ჰიპერტონული საფენი. პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაეწერა ბინაზე.

მტკიცებულება: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 43-44), პაციენტის დაკვირვების რაპორტი (ტომი 1, ს.ფ. 45), ჩანართის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 46-47).

 

3.3. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ს----–----------ისათვის და ა------------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფომ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგინა (შემთხვევები N3--------1 და N1-------2). წარდგენილ მოთხოვნაში მიეთითა, რომ პაციენტებს გაეწია გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება - ინფუზიური თერაპია და ლაბორატორიული კვლევები.

მტკიცებულება: შეტყობინება, შემთხვევის შემოწმება (ტომი 1, ს.ფ. 41-42, 50-51, ტომი 2, ს.ფ. 40-43).

 

3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–----------------------’’ მოთხოვნა N3--------1 და N1-------2 სამედიცინო შემთხვევების ანაზღურებაზე არ დაკმაყოფილდა შემდებ გარემოებებზე მითითებით:

- პაციენტები ს----–----------ე და ა------------------ე არიან საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლეები;

- პაციენტები შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში’’ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით 2016 წლის 7 და 10 ოქტომბერს მკურნალობდნენ, დიაგნოზი: T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი;

- ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ არსებობდა სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადაცემულ ინფორმაციას.

მტკიცებულება: გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 29-30), სადავო შემთხვევების რეესტრი (ტომი 1, ს.ფ. 31-32).

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაზე შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფომ’’ 2017 წლის 28 აპრილს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა.

მტკიცებულება: საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 17-27), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 33-35).

 

3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–----------------------’’ 2017 წლის 28 აპრილის N827/02 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმაზე მითითებით, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

მტკიცებულება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 33-35).

 

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე - შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო’’ შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სს ,,ს------–----------------–--------ით“.

მტკიცებულება: განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 137-138).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს. ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი).

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცდა და აღნიშნული პროგრამით განსაზღვრულია მისი მოსარგებლეების, განმახორციელებლისა და მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები, ისევე, როგორც პროგრამის განხორციელების ძირითადი ნორმები.

მითითებული დადგენილების N1 დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს (მე-3 და მე-4 მუხლები).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევის დროული ანაზღაურება დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ს----–----------ისა და ა------------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება ექცევა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხსენებული დადგენილების N1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და N1.3 დანართის მიხედვით. ამდენად, პროგრამის განმახორციელებელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო, მითითებული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების საკითხი ამავე დადგენილებით განსაზღვრული ნორმებით გადაეწყვიტა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით ამომწურავადაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც მიმწოდებლის მიერ მითითებული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, კერძოდ, ასეთი შემთხვევებია:

ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება;

ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის:

ბ.ა) სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ.ბ) თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს;

ბ.გ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა;

გ) პირის დამადასტურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს;

დ) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია №1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები - მიმწოდებელის ვალდებულება, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით;

ე) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს;

ვ) სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება - პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი დანახარჯი არა უგვიანეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება;

ზ) თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება - შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი;

თ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ადგილი აქვს დეტალურ კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან;

კ) ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%;

ლ) პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.

ამავე დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.

სასამართლომ განიხილა რა სადავო აქტების გამოცემის საფუძვლად წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალები, მიიჩნევს, რომ არ დგინდება N3--------1 და N1-------2 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ს----–----------ესა და ა------------------ეს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1.2 დანართის მიხედვით, მითითებული დიაგნოზის შემთხვევაში გათვალისწინებულია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, რაც N3--------1 და N1-------2 სამედიცინო შემთხვევებში ჩატარდა, სადავო აქტებიდან კი არ ირკვევა თუ კონკრეტულად რა თვალსაზრისით არ აკმაყოფილებდა სადავო შემთხვევები პროგრამის პირობებს.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებითა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ, კანონმდებლობის შეუსაბამოდ ეთქვა უარი ს----–----------ესა და ა------------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. ამდენად, მითითებული გადაწყვეტილებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 317).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,ს------–----------------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილება ს----–----------ის და ა------------------ის ნაწილში;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სს ,,ს------–----------------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია