გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/379-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ო----- ი--------ე;
წარმომადგენელი - ო---------------ე;
მოპასუხე - ნ-----–- კ--–------ე;
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ო-----ი ი--------ე გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის შ----- ი--------ის რჩენისათვის ნ-----–- კ--–------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის 120 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
მოსარჩელის განმარტებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის შ----- ი--------ის რჩენისათვის ნ-----–- კ--–------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 120 ლარის გადახდის ვალდებულება. 2018 წლის აგვისტოს თვიდან არასრულწლოვანი შვილი შ----- ი--------ე აღარ ცხოვრობს დედასთან ნ-----–- კ--–------ესთან. მისი სურვილია, რომ ცხოვრება გააგრძელოს მამასთან, რის გამოც მოსარჩელე არ არის ვალდებული იხადოს ალიმენტის თანხა ნ-----–- კ--–------ის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----–- კ--–------ემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის აგვისტოს თვიდან არასრულწლოვანი შვილი შ----- ი--------ე ცხოვრობს მამასთან, რადგან იგი მოსარჩელემ განაწყო მის წინააღმდეგ. შ----- ი--------ე დროებით არის წასული მამასთან, არის გარდატეხის ასაკში და მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოსარცელე ისედაც არ იხდიდა ალიმენტის თანხას. ო-----ი ი--------ის გათავისუფლებით ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან, მას შესაძლებლობა მიეცება დედას მოსთხოვოს ალიმენტის გადახდა შვილის რჩენისათვის, რისი საშუალებაც ამ უკანასკნელს არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-----–- კ--–------ე და ო-----ი ი--------ე 2002 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–----------------ს შეეძინათ ერთი შვილი - შ----- ი--------ე.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
შ----- ი--------ის დაბადების მოწმობა N086955, სააქტო ჩანაწერი №0070902;
3.1.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს N2/1---17წ. გადაწყვეტილებით ო-----ი ი--------ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის შ----- ი--------ის რჩენისათვის ნ-----–- კ--–------ის სასარგებლოდ ალიმენტის 120 ლარის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
სასამართლოს 2----–-–-------------ს N2/1---17წ. გადაწყვეტილება;
3.1.3. ნ-----–- კ--–------ე და ო-----ი ი--------ე 2016 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ბავშვი შ----- ი--------ე 2018 წლის აგვისტოს თვიდან ცხოვრობს მამასთან ო-----ი ი--------ესთან ახალციხის რაიონის სოფელ ა-------–-----აში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და შ----- ი--------ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----- ი--------ემ საკუთარი ნება-სურვილით გადაწყვიტა მამასთან ო-----ი ი--------ესთან ცხოვრება. ეწევიან ერთობლივ მეურნეობას. სწავლობს ა-------–-----ის საჯარო სკოლის მე-11 კლასში, დაკავებულია სპორტით, ო-----ი ი--------ის საცხოვრებელ სახლში არის მისთვის სასურველი თბილი და კომფორტული გარემო პირობები.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
შ----- ი--------ის ჩვენება, მხარეთა განმარტებები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარ- ყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოპასუხე ნ-----–- კ--–------ეს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ო-----ი ი--------ე რაიმე უკანონო ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვან შ----- ი--------ეზე მისი ნების საწინააღმდეგოდ და ეს აუარესებს არასრულწლოვნის მდგომარეობას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან, არსებობს მოსარცელის ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198, 1212, 1214, 1234, 1237 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად: ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.“
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად: ,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.'' საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.“
ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
ამავე კოდექსის 1237-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა თანაბარი ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამასთან იმ მშობელს რომელთანაც არ ცხოვრობს შვილი, მეორე მშობლის სასარგებლოდ, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, აქვს ალიმენტის გადახდის ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს N2/1---17წ. გადაწყვეტილებით ო-----ი ი--------ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის შ----- ი--------ის რჩენისათვის ნ-----–- კ--–------ის სასარგებლოდ ალიმენტის 120 ლარის გადახდის ვალდებულება. ნ-----–- კ--–------ე და ო-----ი ი--------ე 2016 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ბავშვი შ----- ი--------ე 2018 წლის აგვისტოს თვიდან ცხოვრობს მამასთან ო-----ი ი--------ესთან ახალციხის რაიონის სოფელ ა-------–-----აში. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და შ----- ი--------ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----- ი--------ემ საკუთარი ნება-სურვილით გადაწყვიტა მამასთან ო-----ი ი--------ესთან ცხოვრება. უკვე 10 თვეა ეწევიან ერთობლივ მეურნეობას. სწავლობს ა-------–-----ის საჯარო სკოლის მე-11 კლასში, დაკავებულია სპორტით, ო-----ი ი--------ის საცხოვრებელ სახლში არის მისთვის სასურველი თბილი და კომფორტული გარემო პირობები. შესაბამისად, ო-----ი ი--------ის მიერ ნ-----–- კ--–------ისათვის შ----- ი--------ის რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლზე სადაც მითითებულია, რომ თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოედგენს, რომ არასრულწლოვანი შ----- ი--------ე 2018 წლის აგვისტოს თვიდან აღარ ცხოვრობს დედასთან ნ-----–- კ--–------ესთან და ცხოვრობს მამის საცხოვრებელ სახლში. ამ დრომდე ნ-----–- კ--–------ეს არ აღუძრავს დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე შ----- ი--------ის სცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, ამავე დროს შეუძლია მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება მოპასუხისათვის. მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ არასრულწლოვანი შვილი არ ცხოვრებს ნ-----–- კ--–------ესთან, ხოლო ო-----ი ი--------ის მიერ ნ-----–- კ--–------ისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის გადახდის კვლავაც დაკისრებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ასევე, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს.
ამავე კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე.
ამასთან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ხოლო, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავა წარმოადგენდა მაგისტრი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც ნ-----–- კ--–------ეს მოსარჩელე ო-----ი ი--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა, ხოლო ო-----ი ი--------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს ხაზინიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო-----ი ი--------ის(პ/ნ4----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ო-----ი ი--------ე გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის შ----- ი--------ის რჩენისათვის ნ-----–- კ--–------ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის 120 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოპასუხე ნ-----–- კ--–------ეს (პ/ნ4----------) ო-----ი ი--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.
- ო-----ი ი--------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარიდან 60 ლარი დაუბრუნდეს ო-----ი ი--------ეს ხაზინიდან. თანხა გადახდილია ო-----ი ი--------ის (პ/ნ 4----------) მიერ 2019 წლის 6 ივნისს სს ,,ლ-------------ის" მეშვეობით, საგადასახადო დავალება N2-------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი