გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160210019002968757
#2/334-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.07.2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი"
მოსარჩელის წარმომადგენელი -გი------------–---–ი
მოპასუხეები - კარ----------ი, ილ----------–---–ი
მოპასუხე კარ----------ის წარმომადგენელი - აი-------------ი
დავის საგანი - თა---------------ა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ლი------------ი"-ს სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად (სოლიდარულ თავდებს ილ----------–---–ს თავდებობის ზღვრული ოდეობის 10105.0- ლარის ფარგლებში) N 0------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5199,16 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს - 3261.61 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 937,55 ლარს, ხოლო ჯარიმა -1000 ლარს.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
20---–-–----------------–ს სს ,,ლი------------მა" და კარ----------მა გააფორმეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 00-------------, რომლის საფუძველზეც კარ----------ის სახელზე გაიცა სესხი 6 000 ლარის ოდენობით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 19%, პირაგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ 2017 წლის 6 ნოემბერს დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც მოსარჩელემ 2019 წლის 18 აპრილს შეწყვიტა ხელშეკრულება, სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხა 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 5199,16 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3261,61 ლარს, საპროცენტო სარგებელი 937,554 ლარს, ხოლო ჯარიმა 1000 ლარს. სესხზე ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 6 ნოემბერს, აღნიშნული პერიოდიდან 2019 წლის 18 აპრილამდე მოხდა პროცენტის დაანგარიშება შემდეგნაირად: ვადაგადაცილებული ძირი თანხის 3261,61 ლარის წლირი 19% თითეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა შემდეგნაირად: ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 6 ნოემბრიდან 2019 წლის 18 აპრილამდე. 20---–-–----------------–ს სს ,,ლი-----------მა" გააფორმა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #00--------------1 ილ----------–---–თან. სოლიდარული თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10105.99 ლარით. მოპასუხეები გაფრთხილებულები იქნენ სესხის პირობების დარღვევის შესახებ და განესაზღვრათ დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა.
მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მართალია კარ----------მა სესხის სახით მიიღო 6 000 ლარი, თუმცა მოპასუხეებისათვის ცნობილი არ ყოფილა საპროცენტო სარგებლის ოდენობისა და პირგასამტეხლოს შესახებ. კარ----------ს გადახდილი აქვს 2017 წლის 6 ნოემბრამდე გრაფიკის მიხედვით 6160 ლარი, ფაქტიურად ძირი თანხაც აქვს გადახდილი, თუმცა მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება 2019 წლის 18 აპრილს და 2 წლის პროცენტი დააკისრა. მოპასუხეების მითითებით, მათ ზედმეტი თანხა და პროცენტი დაარიცხა მოსარჩელემ, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ჯარიმის თანხასაც, ამასთანავე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. მოპასუხე მხარე ცნობს სარჩელს ძირი თანხის 3261,61 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----------------–ს სს ,,ლი------------მა" და კარ----------მა გააფორმეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 00-------------, რომლის საფუძველზეც კარ----------ის სახელზე გაიცა სესხი 6 000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 72 თვე. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 19%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
3.1.2. მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირაგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 16-18).
3.1.3. 20---–-–----------------–ს სს ,,ლი-----------მა" გააფორმა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #00--------------1 ილ----------–---–თან, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება კარ----------ის მიერ საბანკო კრედიტის N 0------------- ხელშეკრულებით ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ. სოლიდარული თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10105.99 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი; შესაგებელი; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი);
- თავდების განცხადება (ს. ფ. 21 );
- თავდებობის ხელშეკრულება (ს. ფ. 22).
3.1.4. მოპასუხემ 2017 წლის 6 ნოემბრიდან დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მოსარჩელემ 2019 წლის 18 აპრილს შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადაუხდელი ძირი თანხა შეადგენს 3261,61 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი; შესაგებელი; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი);
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.23);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ 23-42).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.N 0------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების დავალიანება შეადგენს: სესხის ძირი თანხა 3261,61 ლარი, ხოლო საპროცენტო სარგებელი - 937,55 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დასტურდება და არც მოპასუხეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ მსესხებელმა მოსარჩელისაგან მიიღო 6000 ლარი სესხის სახით. სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული იყო, თუ რა პერიოდულობითა და ოდენობით უნდა დაეფარა მსესხებელს სესხი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის ისტორიითა და 2019 წლის 18 აპრილის ცნობით დასტურდება არსებული დავალიანების ოდენობა, ხოლო ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არცერთ მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
მოპასუხეები განმარტავენ, რომ სესხი მიიღეს 6 000 ლარი, თუმცა მათთვის ცნობილი არ ყოფილა საპროცენტო სარგებლის მოცულობისა და პირგასამტეხლოს შესახებ, ამასთანავე აღნიშნავენ, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ პროცენტსა და პირგასამტეხლოზე. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ სესხი სარგებლიანია და მსესხებელი ვალდებულია ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს მასზე დარიცხული სარგებელი. აღნიშნული თანხები ასევე გაწერილია სესხის დაფარვის გრაფიკში, სადაც მითითებულია როგორც გადახდის პერიოდულობა და ოდენობა, ისე - თუ რომელი დავალიანება დაიფარება მითითებული თანხის გადახდით. მოპასუხე მხარეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 16-18)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ15)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 19-20)
- თავდების განცხადება (ს. ფ. 21 )
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 22).
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ 23-42)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 416-417-ე, 463-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ლი------------ს’’ და კარ----------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 6 000 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 72 თვე, საპროცენტო სარგებელი 19%, პირაგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 3261,61 ნაწილში, რაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხით სარგებლობის წლიურ 19%-ზე, რაც არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას.
მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი არ იყო საპროცენტო სარგებლის ოდენობის და პირგასამტეხლოს შესახებ.
მოპასუხეების განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია, როგორც სესხის ხელშეკრულებაზე, ასევე თავდების განცხადებებსა და თავდებობის ხელშეკრულებებზე მათი ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, (მაშინ როდესაც არც მოპასუხეები აცხადებენ და არც რაიმე სახის მტკიცებულებები არსებობს მოპასუხეებზე რაიმე იძულების განხორციელების შესახებ) აღნიშნული არ ნიშნავს ხელშეკრულების გაფორმებას მათი ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული წარმოადგენს მათი მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - სესხის ხელშეკრულება, თავდების განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა,კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ არ არის გადახდილი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი 937.55 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხე მხარე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან და საპროცენტო სარგებელთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 1000 ლარის დაკისრებას. სესხის გადაუხდელი ძირი თანხაა 3261.61 ლარი. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგადსამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 170 ლარი.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ილ----------–---–ს მოპასუხე კარ----------თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რადგან მისი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ილ----------–---–თან სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის სოლიდარულად თა---------------ის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამდენად, მათ ხელშეკრულებით ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც გულისხმობს კრედიტორის უფლებას დავალიანების გადახდევინება მოითხოვოს როგორც მსესხებლისაგან, ისე თავდებისაგან, რაიმე რიგითობის დაცვის გარეშე. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით არსებულ დავალიანებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის 3261.61 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 97.85 ლარი. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 4369.16 ლარის გადახდა. შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟს 33.15 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟს სახით გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „ლი------------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს კარ----------ს და ილ----------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 4369.16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3261.61 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 937.55 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 170 ლარი.
3. სს ,,ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 97.85 ლარი (გადახდის თარიღი: 23.04.2019 წელი, საგადახდო დავალება N 5155227944; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3000-3150);
4. მოპასუხეებს კარ----------ს და ილ----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 33.15 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე