გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
160210118002485908
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002485908

N2/567-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - არ-------------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ვე---------------ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - შპს ,,GU-----”

წარმომადგენლები: ილ-–-----–----ო (დირექტორი), ზუ------–------ე

შეგებებული სარჩელის ავტორი - შპს ,,GU-----”

წარმომადგენლები: ილ-–-----–----ო (დირექტორი), ზუ------–------ე

მოპასუხე - არ-------------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ვე---------------ი (არ გამოცხადდა)

თარჯიმნები: ევგენია კარაპეტიანი, ნაილი იბრაგიმოვა

დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით) - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.1. შპს ,,GU-----”-ისათვის მოსარჩელე არ-------------ის სასარგებლოდ კუთვნილი სახელფასო დავალიანების 2857 ლარისა და კომპენსაციის სახით 5000 ლარის, სულ 7857 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16);

1.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

1.2.1. შპს ,,GU-----”-სა და არ-------------ს შორის, 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული N01/12-2017 შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ. 189-209).

არ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

არ-------------სა და შპს ,,GU-----”-ს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე ორგანიზაციაში იურისტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებად განისაზღვრა 2500 ლარი. 2018 წლის 07 იანვარს, მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოსარჩელეს გადაეცა შპს ,,GU-----”-ის დირექტორის კა------------------ის ბრძანება მასზედ, რომ კომპანიაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2018 წლის 07 იანვრიდან მოხდა მოსარჩელის განთავისუფლება სამსახურიდან. არ-------------ის განმარტებით, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას კომპანიამ არ აუნაზღაურა 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 07 იანვრამდე ნამუშევარი დღეების ხელფასი. მოსარჩელეს ნამუშევარი აქვს აუნაზღაურებელი 24 სამუშაო დღე. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მოსარჩელეს არ მიუღია არც კუთვნილი ხელფასი და არც რაიმე სახის კომპენსაცია (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-16).

 

შპს ,,GU-----“-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, შპს ,,GU-----”-სა და არ-------------ს შორის, 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული N01/12-2017 შრომითი ხელშეკრულება დიდი ალბათობით არის ყალბი, რადგან სავარაუდოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვრის შემდგომ პერიოდში, როდესაც კა------------------ი საკუთარი ნებით უკვე გადამდგარი იყო შპს ,,GU-----”-ის დირექტორის თანამდებობიდან, მაგრამ ჯიუტად არ აბრუნებდა საზოგადოების ბეჭედს. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის არსებობის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის 13 ივნისს ჩაბარდათ არ-------------ის სარჩელი. სადავო ხელშეკრულების ვითომდა გაფორმების პერიოდისათვის, ანუ 2017 წლის 01 დეკემბრისათვის არ არსებობდა რაიმე საჭიროება საზოგადოებაში იურისტის სამუშაოდ მოწვევისათვის. უფრო მეტიც, საერთოდ არ არსებობდა ე.წ. იურისტის პოზიცია, რადგან ამ პერიოდში საერთოდ არ გააჩნდა სათანადო წესით დამტკიცებული საშტატო განრიგი. იურისტის საჭიროების შემთხვევაში, პირველ რიგში საქმის კურსში უნდა ყოფილიყო საზოგადოების დომინანტი პარტნიორი, საზოგადოების მარკეტოლოგის თანამდებობაზე 2017 წლის განმავლობაში დასაქმებული პირი ილ-–-----–----ო, ვინაიდან იგი განათლებით იურისტია და შეძლებდა სათანადო კომპეტენტური რჩევის მიცემას საზოგადოების დირექტორისათვის იურისტის მოწვევა-არმოწვევის საჭიროების გადაწყვეტისა, თუ შესაბამისი კანდიდატურის შერჩევის საქმეში, რაც არ მომხდარა.

 

სადავო ხელშეკრულება არის ყალბი, მართლსაწინააღმდეგო გარიგება და ექვემდებარება ბათილად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: იგი არ ყოფილა წარმოდგენილი და რეგისტრირებული საზოგადოების შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში; მისი არსებობის შესახებ უცნობია საზოგადოების საბუღალტრო სამსახურისათვის; არ-------------ი არ არის დაფიქსირებული საზოგადოების თანამშრომელთა სახელფასო უწყისებში ან/და სააღრიცხვო ტაბელებში. მის მიმართ საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაციაში არ ირიცხება რაიმე დავალიანება.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, იმ დროს როდესაც საზოგადოებას საერთოდ არ ჰქონდა იურისტის დაქირავების აუცილებლობა, სადავო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ,,დასაქმებულის“ უჩვეულოდ მაღალი ხელფასი 3125 ლარის ოდენობით. იმ დროს, როდესაც თავად ,,დამსაქმებელი“ საზოგადოების უმაღლესი თანამდებობის პირის - დირექტორის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს, ხოლო თანამშრომელთა საშუალო დარიცხული ხელფასი - 792 ლარს. გარდა ამისა, სადავო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არც საზოგადოების სამეურნეო საზოგადოების ობიექტში და არც მის ბუღალტერიაში არავის უნახავს არ-------------ი. არც სარჩელში და არც საზოგადოების ბუღალტერიაში არ არის წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია სადავო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში სამუშაოთა შესრულების შესახებ.

 

არ-------------თან სადავო გარიგება გაფორმებული აქვს საზოგადოების ყოფილ დირექტორსა და დამფუძნებელ პარტნიორს კა------------------ს, რომელიც 2018 წლის იანვრიდან ებრძვის საზოგადოებას და მის დომინანტ პარტნიორს ილ-–-----–----ოს, სასამართლოში მათი მხრიდან შეტანილია 5-6 სარჩელი და ამ დავებში კა------------------ის უცვლელი წარმომადგენელია არ-------------ი. სადავო ხელშეკრულების შექმნა-გაუქმებით კა------------------ი და არ-------------ი ცდილობენ საზოგადოების ხარჯზე დაიკმაყოფილონ კლიენტსა და წარმომადგენელს შორის არსებული ფინანსური ვალდებულებები. ანუ სადავო ხელშეკრულება არის მოსაჩვენებლად დადებული გარიგება, რომლითაც მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, რაც სავარაუდოდ არის ორ ფიზიკურ პირს შორის დადებული გარიგება სამართლებრივი მომსახურების შესახებ. ხელშემკვრელი მხარეები ცდილობენ საზოგადოების ხარჯზე დააფინანსონ მისსავე წინააღმდეგ მიმართული საკუთარი აქტივობები.

 

საქმეში წარმოდგენილი სადავო ბრძანება არის ყალბი, მართლსაწინააღმდეგო დოკუმენტი და ექვემდებარება ბათილად ცნობას, რადგან სავარაუდოდ შედგენილია შპს ,,GU-----”-ის ყოფილი დირექტორის კა------------------ის თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ პერიოდში - 2018 წლის 11 იანვარს, როდესაც იგი თითქმის 2 კვირის მანძილზე ფლობდა საზოგადოების ბეჭედს და შეგნებულად არ აბრუნებდა. არ-------------ის თანამდებობიდან განთავისუფლების პერიოდისათვის, ანუ 2018 წლის 07 იანვარს, საზოგადოების ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, არ არსებობდა რაიმე საჭიროება/აუცილებლობა საზოგადოების თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნისათვის. პირიქით, ამ პერიოდში მოხდა თანამშრომელთა მატერიალური წახალისება 2017 წელს გაწეული ნაყოფიერი შრომისათვის (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ. 189-209).

 

2.1. მოპასუხე შპს ,,GU-----“-ის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე შპს ,,GU-----“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება უკანონო, სავარაუდოდ ყალბ დოკუმენტებს, რომლებიც სავარაუდოდ შედგენილია საზოგადოების ყოფილი დირექტორის კა------------------ის თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ პერიოდში, როდესაც იგი თითქმის 2 კვირის მანძილზე უკანონოდ ფლობდა საზოგადოების ბეჭედს და შეგნებულად არ უბრუნებდა მას ახლად დანიშნულ დირექტორს ილ-–-----–----ოს. სარჩელის რეალურ მიზანს წარმოადგენს მოპასუხის იძულება (შანტაჟი) გამოძალოს მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები, ანდა ხელი ააღებინოს მას საკუთარ ბიზნესზე. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოყვანილი დოკუმენტების ნამდვილობის შემთხვევაშიც კი მოთხოვნა იქნებოდა ხანდაზმული, რადგან გაშვებულია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 4-7 პუნქტებით გასაჩივრებისათვის დადგენილი სათანადო ვადები (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 50-62).

 

2.2. მოპასუხე არ-------------ის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

2.2.1. არ-------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 01 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება ნამდვილია და დადებულია მითითებულ დღეს საქართველოს შრომის კოდექსის სრული დაცვით და დამოწმებულია შესაბამისი რეკვიზიტებით. შრომითი ხელშეკრულება დადებულია ერთი მხრივ არ-------------სა და მეორე მხრივ შპს ,,GU-----“-ის დირექტორს კა------------------ს შორის თვით კომპანიის უფლებამოსილი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულ პირთა წრეს ირჩევდა კომპანია მისი დირექტორის სახით. მოპასუხე არ-------------ის განმარტებით, მისი ხელფასის ოდენობა შეთანხმებული და მოწონებული იყო მხარეთა მიერ, რაც დაფიქსირებულია შესაბამის დოკუმენტებში. მხარეთა შეთანხმებით თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

 

მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე მხარის მიერ მოყვანილი ფაქტები არის დაუსაბუთებელი, მცდარი და აცდენილი რეალობას. ამასთან, აღნიშნულ ფაქტებს არანაირი კავშირი არ აქვთ 2017 წლის 01 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაწყებულ შრომით ურთიერთობებთან. ამასთან, სახელფასო დავალიანების საკითხი არ არის კავშირში მითითებულ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლებრივ დავებთან (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 266-276).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხე - შპს ,,GU-----“ არის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს წესდებით გათვალისწინებული სამეურნეო საქმიანობით მოგების მიღება და საზოგადოებისა და მის მონაწილეთა ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. საზოგადოების საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, მათ შორის მებაღეობა და ნერგების გამოყვანა; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია, გადამუშავება და ექსპორტი; საკონსულტაციო, სადისტრიბუციო საქმიანობა და მომსახურების გაწევა; საექსპორტო-საიმპორტო და ასევე დამატებითი საქმიანობები, რომელიც აუცილებელია ძირითადი საქმიანობის რეალიზაციისთვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საზოგადოების წესდება (ტომი 3, ს.ფ. 72-85)

3.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების მიხედვით, შპს ,,GU-----“-ის რეგისტრირებულ დირექტორს 2018 წლის 22 იანვრამდე წარმოადგენდა კა------------------ი. იგი ასევე წარმოადგენს შპს ,,GU-----“-ის პარტნიორს, რომლის წილიც განისაზღვრება 16,5%-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეესტრის ამონაწერები (ტომი 3, ს.ფ. 29-38)

 

3.1.3. საჯარო რეესტრის რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა შპს ,,GU-----“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში და 2018 წლის 22 იანვრიდან საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ილ-–-----–----ო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეესტრის ამონაწერები (ტომი 3, ს.ფ. 29-38)

 

3.1.4. შპს ,,GU-----“-ს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება ბოლნისის რაიონში, სადაც განთავსებულია ხილის ბაღები. ამავე უძრავ ქონებაში განთავსებულია არა კაპიტალური ნაგებობა, რომელსაც საზოგადოება იყენებს საწარმოს ფუნქციონირებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 01 დეკემბერს, შპს ,,GU-----“-ის იმჟამინდელ დირექტორს, კა------------------სა და არ-------------ს შორის, წერილობით დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არ-------------ი მიღებული იქნა საზოგადოების იურისტის პოზიციაზე.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომით ვალდებულებაში შედიოდა საზოგადოების ხელმძღვანელის დავალებით მიმდინარე დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, აქტები და ა.შ.) სამართლებრივი სისწორის შეფასება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ დასაქმებული დამსაქმებელს გაუწევდა დისტანციურ მომსახურებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდებოდა პირადად და შეასრულებდა თავის მოვალეობას დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ადგილას. 4.2. პუნქტით, დასაქმებულმა სხვა მოვალეობებთან ერთად იკისრა დამსაქმებლის შინაგანაწესის დაცვის ვალდებულებაც.

 

ხელშეკრულებით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 3125 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-24)

 

3.2.2. შპს ,,GU-----“-ის დირექტორის კა------------------ის 2018 წლის 07 იანვრის ბრძანებით არ-------------ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; განთავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია კომპანიაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია; ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ არ-------------თან მომხდარიყო ყველა აუცილებელი ურთიერთანგარიშსწორება თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრზანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 25)

 

3.2.3. მოსარჩელე არ-------------ი ითხოვს სახელფასო დავალიანებას და კომპენსაციას ხელშეკრულების შეწყვეტის წესის დარღვევის გამო. შპს ,,GU-----“-ის დირექტორი კი შეგებებული სარჩელით ითხოვს შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობას, კერძოდ:

 

შპს ,,GU-----“-ის დირექტორმა ილ-–-----–----ომ სადავოდ გახადა შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება კა------------------ის მიერ შედგენილი იქნა მისი დირექტორობიდან წასვლის შემდეგ, მოსარჩელე ამჟამადაც არის კა------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი და ყოფილი დირექტორი ცდილობს მისთვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების საზოგადოებისათვის დაკისრებას. გარდა ამისა, წარმოდგენილი შესაგებლით მან სადავოდ გახადა ვალდებულების შესრულების ფაქტი და მიუთითა, რომ მიუხედავად წერილობითი ხელშეკრულებისა, არ-------------ს არ გაუწევია მომსახურება შპს ,,GU-----“-ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას შრომის ხელშეკრულების სიყალბესთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი შრომითი ხელშეკრულების ყალბად მიჩნევის საფუძვლად მიუთითებს სადავო ხელშეკრულების შედგენის თარიღზე და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება შედგენილია მოგვიანებით, კა------------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, რასაც ადასტურებს სადავო დოკუმენტებზე შესრულებული ბეჭედი. ამ ფაქტის დასადასტურებლად კი მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 იანვრისა და 2019 წლის 16 აპრილის დასკვნები, საიდანაც დგინდება, რომ შრომის ხელშეკრულებაზე და ბრძანებაზე კა------------------ის სახელით შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის კა------------------ს. ორივე დოკუმენტზე განთავსებული ბეჭდების ანაბეჭდები დატანილია ერთი და იმავე ბეჭდით, რომელიც არ ემთხვევა შპს ,,GU-----“-ის მიერ წარდგენილი ბეჭდების ნიმუშებს.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, შპს ,,GU-----“-ს მფლობელობაში მხოლოდ ორი ბეჭედი. აღნიშნული გარემოება უარყო მოპასუხე მხარემ და მიუთითა ბეჭდის არსებობის არასავალდებულო ხასიათზე, მათ შორის ვარაუდზე, რომ შპს ,,GU-----“-ს შესაძლო ჰქონოდა მესამე ბეჭედიც, რომლის აღრიცხვის წესი კანონით გათვალისწინებული არ არის.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. ამდენად, კანონი, იურიდიული პირის ნების გამოვლენის გარეგნულ გამოხატულებას ბეჭდის არსებობას არ უკავშირებს. ამდენად, ბეჭდის არსებობა-არარსებობა გარიგების ნამდვილობაზე ვერ ახდენს გავლენას - აქ გადამწყვეტია სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა, რაც გარიგების ხელმოწერაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი ნება გამოვლენილია, რის გამოც ბეჭდის დასმას რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივი მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის არ გააჩნია. შესაბამისად, ცხადია, რომ კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ხელმოწერას და არა ბეჭედს. ამის გათვალისწინებით, ხელშეკრულების თარიღის დადგენის მიზნით დოკუმენტებზე განთავსებული ნიმუშისაგან განსხვავებული ბეჭდის ანაბეჭდის შეფასება იმგვარად, რომ ბეჭედი და ხელმოწერა არ შეიძლება დროსა და სივრცეში ასცდეს ერთმანეთს, არ წარმოადგენს მოცემული შემთხვევისათვის განკუთვნილ მოსაზრებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ხელშეკრულებაზე დატანილი ბეჭდები, ვერ იქნება ამ დოკუმენტების შედგენის თარიღის განმსაზღვრელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექპსერტიზის დასკვნები (იხ. ტომი 3, ს.ფ. 13-30, ტომი 4, ს.ფ. 1-16)

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს არ-------------ის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების ფაქტს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, შპს ,,GU-----“-ის იმჟამინდელ დირექტორს, კა------------------სა და არ-------------ს შორის, წერილობით დაიდო ხელშეკრულება, რომლის ვალდებულებაშიც შედიოდა საზოგადოების ხელმძღვანელის დავალებით მიმდინარე დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, აქტები და ა.შ.) სამართლებრივი სისწორის შეფასება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

 

იმ ვითარებაში, როდესაც შპს ,,GU-----“ ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის მიერ საზოგადოების წინაშე სამუშაოს შესრულებას, სათანადო გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა სადავო გარიგების გაფორმების აუცილებლობა, მისი გაფორმების მოლოდინი შედეგობრივი კუთხით.

 

ამ მიზნით სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- შპს ,,GU-----“-ში დასაქმებული პირების განმარტებით, არ-------------ი არასდროს უნახავთ საწარმოს ტერიტორიაზე; არ-------------თან დადებული ხელშეკრულების შესახებ ასევე არაფერი სმენია საზოგადოების ბუღალტერსაც, რომელსაც სადავო პერიოდში მიეწოდა სახელფასო უწყისები თავად კა------------------ისგან, სადაც არ-------------ი დასაქმებულთა სიაში არ ირიცხებოდა. 2017 წლის დეკემბერში ასევე გაცემული იქნა შპს ,,GU-----“-ის დასაქმებულთა ხელფასები და საახალწლო პრემიაც (მოწმის (ბუღალტრის) ტა---------------ს ჩვენება, იხ. 04.06.2019წ. სხდომის ოქმი 13:14:51-13:48:37, მოწმის მი----------ის ჩვენება, იხ. 04.06.2019წ. სხდომის ოქმი, 13:56:19-14:03:21.

- მოწმის სახით დაკითხული ბუღალტრის ჩვენებით, შრომის ხელშეკრულება და დირექტორის ბრძანება არ არის აღრიცხული საზოგადოების სარეგისტრაციო ჟურნალებში (მოწმის ტა---------------ს ჩვენება, იხ. 04.06.2019წ. სხდომის ოქმი 13:14:51-13:48:37, მხარის ახსნა-განმარტება იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 104-117);

- შპს ,,GU-----“-ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2017 სამეურნეო წლის განმავლობაში შპს ,,GU-----“-ში დასაქმებულ პირთა შრომის საშუალება ანაზღაურება შეადგენდა 792 ლარს, ადმინისტრაციული პერსონალის საშუალო ხელფასი - 1075 ლარს, ხოლო საზოგადოების იმჟამინდელი დირექტორის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს. შესაბამისად, იურისტის ხელფასი მნიშვნელოვნად აჭარბებდა საზოგადოების დირექტორის ხელფასს (ცნობა იხ. ტომი 1, ს.ფ. 119, მხარის ახსნა-განმარტება იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 104-117; მოწმის კა------------------ის ჩვენება იხ. 04.07.2019წ. სხდომის ოქმი 12:22:25-13:41:41);

- 2018 წლის 15 იანვარს გაფორმებული სანოტარო აქტის თანახმად, კა------------------მა მოსარჩელე არ-------------ს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის სასამართლოსთან ურთიერთობის სფეროში (იხ. სანოტარო აქტი, ტომი 1. ს.ფ. 241-243);

- მოწმის სახით დაკითხული პირის კა------------------ის ჩვენების მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის საფუძველს წარმოადგენდა პარტნიორთა შორის უთანხმოება დირექტორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით; კერძოდ, მოწმის ჩვენებით, კა------------------ი 2018 წლის 11 იანვრამდე იყო შპს ,,GU-----“-ის დირექტორი; მასსა და ილ-–-----–----ოს შორის უთანხმოება წარმოიშვა საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით; ილ-–-----–----ო იმ დროს იყო მარკეტინგული მენეჯერი. იგი მესამე პირის მეშვეობით დაუკავშირდა არ-------------ს. ადვოკატი აიყვანა კომპანიისთვის საბუთების მოსაწესრიგებლად. მანამდე ადვოკატის აყვანის საჭიროება არ არსებობდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ დაიწყო უთანხმოებები, ილ-–-----–----ო მის გარეშე აკეთებდა საქმეებს და ეს არ მოეწონა ამიტომაც წავიდა სამსახურიდან. ადვოკატთან ერთად ისაუბრეს, რომ სირთულეები ჰქონდათ და ამას მოწესრიგებდა სჭირდებოდა. მან ქართული ენა არ იცოდა; ადვოკატი მას, ხელშეკრულების შედგენაში, გამხმარი ხეების ჩამოწერის აქტებისა და წამლების აქტების შედგენაში უნდა დახმარებოდა. ადვოკატი ასწავლიდა როგორ უნდა გაეკეთებინა. ამ ყველაფერს ადრე ილ-–-----–----ო აგვარებდა, მაგრამ შემდეგ მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა და იგი მას აღარ უჯერებდა. ადვოკატი კონსულტაციებს აძლევდა, აქტებს აკეთებდა, მასთან მიდიოდა ოფისში. მას არ ახსოვს კონკრეტული ფაქტები. რაიმე დავა იმ დროისათვის სასამართლოში არ მიმდინარეობდა. ბუღალტერს აძლევდა იმ საბუთებს, რომელსაც ადვოკატი აწერინებდა. მან დირექტორის თანამდებობა დატოვა 2018 წლის იანვარში განცხადებაში მითითებული მიზეზის გამო; კერძოდ, ბევრი მიზეზი არსებობდა; იმდენი საქმეები იყო სასამართლოში, ფინანსურ პოლიციაში აღძრული. იქ ისეთი თემები იყო, რომ ეს საქმეები მის კისერზე რომ არ დარჩენილიყო გადაწყვიტა წასვლა. 2017 წლის ოქტომბრის თვეში წარმოიშვა მასსა და ილ-–-----–----ოს შორის უთანხმოება და ამის გამო დაუკავშირდა არ-------------ს. იურისტი მან აიყვანა დეკემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს. მის კომპეტენციაში შედიოდა სამსახურში ხალხის აყვანა, იურისტიც საჭირო იყო და აიყვანა. კონფლიქტის გამო იურისტის აყვანის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ საგადასახადოს ეხებოდა საქმე, კომპანიაში უნდა ჩატარებულიყო შემოწმება, საბუთები ყველაფერი ილ-–-----–----ოს ჰქონდა და მას არა. საბუთები ბუღალტერიაში იყო. ხელშეკრულებები და ორდერები მიაწოდა ადვოკატს დეკემბერ-იანვრის თვეში. შემდეგ, შეხედა, რომ კომპანიაში საქმეები ცუდად მიდიოდა და უთხრა ადვოკატს, რომ უნდა წასულიყო კომპანიიდან და ისიც უნდა გაეთავისუფლებინა. ამაზე, არ-------------ს პრეტენზია არ განუცხადებია. იურისტის აყვანა არავისთან შეუთანხმებია, მას შტატი არ ჰქონდა, მაგრამ შტატებს ისინი ქმნიდნენ. იქამდე ვინც ჰყავდა აყვანილი შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორებთან. თანხმობის გარეშე იმიტომ აიყვანა იურისტი, რომ თავის დაცვა უნდოდა, კომპანიის და თავის დაცვაც. ხელშეკრულება გააფორმა 1 წლით, მას უნდა გეწია კონსულტაცია. იმ დროისათვის იურისტის ხელფასი შეადგენდა 2500 ლარს ხელზე ასაღებს, მისი ხელფასი 1000 ლარი იყო, მაგრამ მისმა კომპანიონმა 1 დღეში 4000 ევრო გადაუხადა ჰოლანდიიდან მოწვეულ სპეციალისტს. თავდაპირველად თვითონაც უხელფასოდ მუშაობდა, შემდეგ პარტნიორმა ვა-–-------–---კომ 600 ლარი დაუნიშნა, შემდეგ 25%-ით გაეზარდა. ეს ხელფასი შეთანხმებული იყო ილლია და ვა-–-------–---კოებთან. მან მაშინ არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ არ------ის ხელფასი არ შეუთანხმებია. მაშინ ფული არ ჰქონდა კომპანიას, მხოლოდ იმას ფიქრობდა კრედიტი როგორ გადაეხადა, მაგრამ არ------მა უთხრა, რომ ეხლა თუ ვერ გადაუხდიდა მერე გადაეხადა. ბოლო პერიოდში თვითონაც ვერ იღებდა ხელფასს. შემდეგ გადაუხადა მან როგორც თავის ადვოკატს არ-------------ს. მართალია, საწარმოს კრედიტი ჰქონდა და კომპანიას არ ჰქონდა ამხელა თანხა იურისტისთვის გადასახდელად, მაგრამ ისინი შეთანხმებული იყვნენ მი–------სთან რომ ახალ კრედიტს აიღებდნენ. რაც შეეხება გაცემულ პრემიას, ეს პრემია ილ-–-----–----ომ მასთან შეუთანხმებლად მისცა დასაქმებულებს თავისი ჯიბიდან. მისთვის პრემია არ მიუციათ. ხელფასი მას აღებული არ აქვს. ბუღალტერი მას არ უჯერებდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტა--------------- მხოლოდ ილ-–-----–----ოს მითითებით გასცემდა ხელფასებს. დირექტორს როცა არ უჯერებენ, იქ არაფერი ესაქმებოდა. მასსა და არ------ს შორის კომუნიკაცია ხდებოდა მის ოფისში. მიჰქონდა და აჩვენებდა დოკუმენტებს არ-------------ს და შემდეგ მიჰქონდა ბუღალტერთან. ელაპარაკებოდა, აქტებს აძლევდა. ხელშეკრულებას როცა წერდა რჩევებს აძლევდა. შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტებს არ ადგენდნენ. ძირითადად კონსულტაციებს უწევდა იურისტი. მას ჰქონდა ოფისი ბაღში, სადაც შექმნილი იყო სამუშაო პირობები, მაგიდა სკამები, კომპიუტერები. ხუთი წლის განმავლობაში რაც დოკუმენტები უნდა ყოფილიყო ოფისში არ ყოფილა. ყველაფერი ილ-–-----–----ოს ხელში იყო, მას მხოლოდ მუშები უნდა წაეყვანა და მოეყვანა. იმიტომ აიყვანა იურისტი, რომ მისი, როგორც დირექტორის მიმართ საშიშროება არსებობდა. ილ-–-----–----ომ უთხრა მას, რომ თვითონ უნდა ყოფილიყო დირექტორი. მინდობილობა, კომპანიის საქმეებზე იურისტისთვის არ მიუცია. შესრულებულ სამუშაოებს არ-------------ი რუსულ ენაზე აწვდიდა. ოფისში არ არსებობდა წლიური ბალანსი. მოგების დეკლარაცია არ-------------ისათვის არ მიუცია. შემოსავლის ორდერები და წესდება ასევე არ მიუცია არ-------------ისათვის. მინდობილობა მისცა არ------ს და უთხრა, რომ რაც მის სახელზე იყო ის საბუთები გამოეთხოვა. არ შეიძლებოდა, რომ მას საბუთები არ ჰქონოდა. არ-------------ის მუშაობის პერიოდში იგი იურისტს მხოლოდ დეკემბერში დაწერილ აქტებს აძლევდა, დანარჩენი დოკუმენტები გადასცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ. გათავისუფლების შესახებ ბრძანება ქართულ ენაზე თარგმნა არ-------------მა. არ-------------ის გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ კომპანიაში ფინანსური მდგომარეობა იყო მძიმე და ის ხელფასს ვერ გადაუხდიდა. არ-------------ის გარდა კომპანიიდან სხვა არავინ გაუთავისუფლებია (მოწმის კა------------------ის ჩვენება იხ. 04.07.2019წ. სხდომის ოქმი 12:22:25-13:41:41).

 

ამდენად, მოწმის სახით დაკითხული პირის კა------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ იურისტის სამსახურში მიღება გამოწვეული იყო პარტნიორებს შორის არსებული უთანხმოებით და ამასთან დაკავშირებით იურისტი კა------------------ს, როგორც პარტნიორს უწევდა კონსულტაციებს. საქმის მასალებით არ დასტურდება არ-------------ის მიერ შპს ,,GU-----“-ის სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების ფაქტი. კომპანიის სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების ფაქტი დაკითხულმა მოწმეებმა არ დაადასტურეს, ხოლო რაც შეეხება არ-------------ის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების პროექტებს, სალაროს გასავლის ორდერებს, წესდებას, დეკლარაციებს და სხვა დოკუმენტებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც წარმოადგენდა კა------------------ის ინტერესებს, რომლის მონაწილეობით მიმდინარეობდა სასამართლო დავები, რაც არ გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტების მოგვიანებით მოპოვების შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად კა------------------ი ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებს იურისტისთვის მათი გადაცემის თარიღს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელე არ-------------ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტი შპს ,,GU-----“-ის მიმართ, რომლის მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არ-------------ის სარჩელისა და შპს ,,GU-----“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს შრომის კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შპს ,,GU-----“-ის დირექტორის მოთხოვნა შრომის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, შპს ,,GU-----“-ის იმჟამინდელ დირექტორს, კა------------------სა და არ-------------ს შორის, წერილობით დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არ-------------ის ვალდებულებაში შედიოდა საზოგადოების ხელმძღვანელის დავალებით მიმდინარე დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, აქტები და ა.შ.) სამართლებრივი სისწორის შეფასება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებას ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის თაობაზე.

 

საქართველოს კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნება მიმართულია სხვა გარიგების დაფარვისკენ და აუცილებელია, მხარეები აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. ამასთან, როგორც წესი, როგორც მოჩვენებითი ისე თვალთმაქცური გარიგება გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად. იმისათვის, რომ სადავო გარიგება მიჩნეული იქნეს თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთის მხრივ, დასტურდება, რომ ხელშეკრულების გაფორმება გამოწვეული იყო მასსა და შპს ,,GU-----“-ის პარტნიორებს შორის წარმოშობილი უთანხმოებით მისი, როგორც დირექტორის და არა კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით. თუმცა მეორეს მხრივ, საქმის მასალებით არ დგინდება არ-------------ისა და კა------------------ის ერთობლივი შეთანხმება, ან რაიმე ინტერესი სხვა გარიგების, მით უფრო კანონსაწინააღმდეგო მიზნით, დაფარვის შესახებ. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი კი ეკისრებოდა შეგებებული სარჩელის ავტორს, რომელმაც სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებიასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

როგორც წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს სადავო ხელშეკრულების, როგორც ყალბი დოკუმენტის და აქედან გამომდინარე კანონსაწინააღმდეგო გარიგების ბათილად ცნობას, ხოლო ხელშეკრულების ყალბად მიჩნევის საფუძვლად მიუთითებს, ხელშეკრულების მოგვიანებით შედგენის ფაქტზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაზე და ბრძანებაზე კა------------------ის სახელით შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნოდა კა------------------ს.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბეჭდის არსებობა-არარსებობა გარიგების ნამდვილობაზე ვერ მოახდენს გავლენას და რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივი მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის არ გააჩნია. შესაბამისად, მხოლოდ ხელშეკრულებასა და ბრძანებაზე დატანილი ბეჭდები, ვერ იქნება ამ დოკუმენტების შედგენის თარიღის განმსაზღვრელი და მათი ყალბად მიჩნევის საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,GU-----“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.2. წინამდებარე დავის საგანს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაო, ასევე ანაზღაურების ოდენობა, რომელიც დასაქმებულმა შეასრულა ჯეროვნად, ხოლო დამსაქმებელს არ აუნაზღაურებია ხელფასი;

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, შპს ,,GU-----“-ის იმჟამინდელ დირექტორს, კა------------------სა და არ-------------ს შორის, წერილობით დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არ-------------ი მიღებული იქნა საზოგადოების იურისტის პოზიციაზე. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს.

 

თანამედროვე შრომის სამართალში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შეკითხვა, უნდა გავრცელდეს თუ არა კონკრეტული სამუშაოს შემსრულებელი პირის მიმართ შრომის სამართალი. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ საკითხს წარმოადგენს, ხვდება თუ არა სამუშაოს შემსრულებელი „დასაქმებულის“ განმარტების ფარგლებში. (შველიძე ზ., საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი სტატუსის მახასიათებლები). აღნიშნული საკითხის დასადგენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის =198-ე რეკომენდაციის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის არსებობის დადგენა პირდაპირ უნდა ეფუძნებოდეს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ფაქტებს, შრომითი ურთიერთობისთვის განმსაზღვრელია არა ხელშეკრულების დასახელება, არამედ სამუშაოს შესრულების გარემოებები. ამავე რეკომენდაციის მიხედვით შრომითი ურთიერთობის იდენტიფიკაციისთვის გათვალისწინებული კრიტერიუმებისადმი არ-------------ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებების შესაბამისობის დადგენისას გამოირკვა, რომ შპს ,,GU-----“ წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს და გააჩნდა თავისი საქმიანობის სფერო, თუმცა არ-------------ი არ ყოფილა ინტეგრირებული დამსაქმებელ ორგანიზაციაში და მისი საქმიანობის სფერო კონკრეტულად იყო გაწერილი და შეეხებოდა შპს ,,GU-----“-ის მიმდინარე დოკუმენტაციის სამართლებრივი სისწორის შეფასებას და კონსულტაციას. ანუ სამუშაოს სახე არ არის მიმართული სამომავლო მოქმედებებზე, არ მიუთითებს პერიოდულად შესასრულებელ საქმიანობაზე. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტი როგორიცაა სუბორდინაცია, კა------------------სა და არ-------------ს შორის დაცული არ ყოფილა, რამეთუ სუბორდინაციას ახასიათებს სამუშაოს შესრულება დამსაქმებლის ხელმძღვანელობის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილია, მითითების გარდა, გააკონტროლოს სამუშაოს შესრულება და გამოიყენოს სანქცია დასაქმებულის მიერ შესაბამისი დარღვევის შემთხვევაში. დამსაქმებელი, როგორც სამუშაოს მიმცემი განსაზღვრავს იმას, თუ რა სამუშაო უნდა შესრულდეს, არამედ, როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო. დაქვემდებარებული მდგომარეობა ასევე მოიცავს დასაქმებულის ვალდებულებას, შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო დამსაქმებლის მიერ დადგენილ შრომით რეჟიმში. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არ ყოფილა განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ასევე არ ყოფილა განსაზღვრული კონკრეტული სამუშაო ადგილი. შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის განსაზღვრისა და შრომითი პირობების დადგენის გარდა, დამსაქმებელი უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. შრომითი ურთიერთობის დასადგენი ინდიკატორია, თუ სამუშაოს შემსრულებელი რამდენად არის შეზღუდული დამსაქმებლის სასარგებლოდ მუშაობით. მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას, აქვს თავისი ოფისი და შეზღუდული არ ყოფილა სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან, ამიტომ მათ შორის არსებული დავა უნდა დარეგულირდეს დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულებაში ორივე მონაწილე მხარეს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ უფლებები და მოვალეობები. დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია რწმუნებულისა და მარწმუნებლის ნების თავისუფალი გამოვლინება გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის. დავალების ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან შესასრულებელი მოქმედების შინაარსზე, შედეგზე, ვადაზე და სხვა არსებით პირობებზე. არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ გამოხატავენ ნებას დავალების ხელშეკრულების დადებაზე. მინდობილი პირი კისრულობს ვალდებულებას დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას მარწმუნებლის სახელით შეასრულოს გარკვეული დავალება, თავის მხრივ მარწმუნებელი კისრულობს ვალდებულებას რწმუნებულს აუნაზღაუროს მომსახურების ღირებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ვალდებულების შესრულების ფაქტს.

 

იმ გარემოების შესაფასებლად შესრულდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, უპირველესად მნიშვნელოვანია განისაზღვროს თვით ამ ვალდებულების შინაარსი. როგორც წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, დასაქმებულის ვალდებულებაში შედიოდა საზოგადოების ხელმძღვანელის დავალებით მიმდინარე დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, აქტები და ა.შ.) სამართლებრივი სისწორის შეფასება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა. საზოგადოების ხელმძღვანელს იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა კა------------------ი, რომელიც წინამდებარე საქმეზე მოწმის სახით იქნა დაკითხული. სასამართლო სხდომაზე კა------------------მა დაადასტურა, რომ იქამდე არ არსებობდა იურისტის საჭიროება, სანამ პარტნიორები არ შეეცილებოდნენ მას ხელმძღვანელობით უფლებამოსილებაში. მან ასევე დაადასტურა, რომ საზოგადოების საბუღალტრო, იურიდიულ დოკუმენტაციაზე მას ხელი არ მიუწვდებოდა და აღნიშნული საბუთები ინახებოდა დამფუძნებელ პარტნიორთან, რომელთან უთანხმოების შემდეგაც მან მიზანშეწონილად ჩათვალა აეყვანა იურისტი საზოგადოების სახელით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ არ-------------ს, შპს ,,GU-----“-ის სასარგებლოდ სამუშაო არ შეუსულებია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელით მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად არ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,GU-----”-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,GU-----”-ს (ს/ნ 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ბო-–--------------------------------------–ო, ს/კ 80.01.63.6--) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე