განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/500-19
(№007011018016)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ--–-----------ე, დაბადებული 1----–-–---------ს, პირადი ნომერი 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------–------–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით მ--–-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობითად. მ--–-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მალხაზი ანთაძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე. მალხაზი ანთაძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2014 წლის 07 დეკემბრიდან.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მ--–-----------ე გათავისუფლდა 2017 წლის 18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1 მარტის განკარგულების საფუძველზე.
2018 წლის 16 მარტს, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, მ--–-----------ემ სს----------–--------აგან“ ,,M------------”-ის მარკის ავტომანქანა, სახ N W-------- მოტყუებით დაუფლების მიზნით, აღნიშნული საზოგადოების უფლებამოსილი პირის, გაყიდვების მენეჯერის ბექა თურქაძის ნდობის მოსაპოვებლად ს-----------–------თან“ გააფორმა სალიზინგო ხელშეკრულება N-------------- და სააქციო საზოგადოებისაგან ავტომობილის თანხის ღირებულების ყოველთვიური გადახდის პირობით მიიღო 12 220 ლარად ღირებული ,,M------------”-ის მარკის ავტომანქანა. ნივთის დაუფლებიდან რამდენიმე დღეში მ--–-----------ემ დაშალა და ნაწილებად გაასხვისა ,,ს------–------ის“ კუთვნილი ავტომობილი და ასევე არ გადაიხადა ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკის არცერთი თვის საფასური. მ--–-----------ის ქმედებით ,,ს------–------ს“ მიადგა 12 220 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, მ--–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ვ--–--------------ის, მ---------ის, ნ----------ას გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებული ინფორმაციას, მ--–-----------ასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენს, ამოღების ოქმს, სალიზინგო ხელშეკრულებას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 27 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1) სხვისი მოტყუება, 2) სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3) ნივთის მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის საგანს წარმოადგენს უძრავი ან მოძრავი ქონება. როგორც წესი თაღლითობის ჩადენას წინ უსწრებს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული ნდობა და ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება მოტყუებით. მოტყუება გულისხმობს სინამდვილის განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები. თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ადგენს დიდი ოდენობით ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 (ათი ათასი) ლარის ზევით. ამავე შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად კი ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, მ--–-----------ის ქმედებამ ,,ს------–------ს“ მიაყენა 12 220 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ასევე, ვინაიდან მ--–-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, წინ უსწრებს მის მიერ სსკ-ს 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით, როგორც არაერთგზის ჩადენილი.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირობით გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აღნიშნავს, რომ რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ს 180-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს არ მიაჩნია სამართლიან სასჯელად ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან, დაზარალებულისთვის ზიანი ანაზღაურებული არ არის, 2015 წლის 6 მარტს მ.ანთაძის მიმართ განაჩენი დადგა საპროცესო შეთანხმებით და გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი, მიუხედავად აღნიშნულისა იგი არ განიმსჭვალა სხვისი უფლებების პატივისცემის გრძნობით და კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–-----------ეს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ამ მუხლით დადგენილი სანქციის მინიმუმი, ხოლო ვინაიდან სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მას ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოყენების შედეგად გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, მ--–-----------ის მიმართ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მ--–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თ/ა 3 წლისა და 6 თვის ვადით) და საბოლოოდ, მ--–-----------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მ--–-----------ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 მაისიდან.
3. მ--–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე