გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6826-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს „პრ----------------ი“
წარმომადგენლები - ვა---–----–-–---–ი
მოპასუხეები - ეკ---------------–ია, თა--------------ია, ნე-–--------ია
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ნე-–--------ია
ნე-–--------იას წარმომადგენელი (დროებითი მხარდამჭერი პირი) - მზ----------------ა
მოპასუხეების წარმომადგენლები - თა------------ე, გი-------------–-ა
დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით) - დავალიანების გადასახდელად დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - იპოთეკის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის მოთხოვნა -
ეკ---------------–იას და თა--------------იას სს „პრ----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 20 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან N11.1.1---- გამომდინარე დავალიანების 13 057.59 ლარის გადახდა;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს „პრ----------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: სე------------------------–------------, ს/კ 4--0--3--0--
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. გაუქმდეს (შეწყდეს) ნე-–--------იას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: სე------------------------–------------, ს/კ 4--0--3--0--, სს „პრ----------------ის“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2010 წლის 20 მაისს სს „პრ----------------სა“ (შემდეგში ზოგან - „ბანკი“) და ეკ---------------–იას შორის გაფორმდა N11.1.1---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იმავე თარიღით გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, გაიცა კრედიტი 17 350 ლარი, 60 თვის ვადით, წლიური 28 %-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ჯარიმის დარიცხვით.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 20 მაისს ასევე გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება თა--------------იასთან (შემდეგში ზოგან - „კონტრაჰენტი“).
2010 წლის 14 მაისს, ნე-–--------იასა (შემდეგში ზოგან - „მესაკუთრე“) და ბანკს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ეკ---------------–იასთან გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნე-–--------იას საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე ქა-–-------------------------------------–ი N41, საკადასტრო კოდი: 4--0--3--0--.
საკრედიტო და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეთა მიერ სრულად არ შესრულებულა.
მოსარჩელემ მოითხოვა 13 057.59 ლარის მოპასუხეების: ეკ---------------–იას და თამარ გაბესკერიასთვის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს - 11289.60, პროცენტი 1767.99 ლარს.
ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და ასევე არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მათი გაფრთხილების შესახებ.
მათ განმარტეს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, გასული იყო სესხის დაბრუნების ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ასევე უარი უნდა თქმოდა მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნაზე, რადგან მისი წარმოშობის დღიდან გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა.
შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შეგებებული სარჩელის ავტორმა ნე-–--------იამ, რომელიც წარმოდგენილი იყო დროებითი მხარდამჭერის, ნე-–--------------იას და მისი გარიგებითი წარმომადგენლის მიერ განმარტა, რომ 2010 წლის 14 მაისის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა ნე-–--------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: სე----, მდებარე: სე----, გო-------–------------, ს/კ 4--0--3--0--. აღნიშნული იპოთეკა უზრუნველყოფდა ეკ---------------–იასა და სს „პრ----------------ს“ შორის 2010 წლის 20 მაისს დადებული გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
სს „პრ----------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ არის ხანდაზმული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ვინაიდან აღარ არსებობს ძირითადი მოთხოვნა, რასაც უზრუნველყოფდა ნე-–--------იას კუთვნილი უძრავი ქონება, დასახელებული იპოთეკა იურიდიული ძალის არ მქონეა და უნდა გაუქმდეს, რადგან გასულია მთავარი მოთხოვნის, საბანკო კრედიტის შესრულების ვადა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად, გასულია დამატებითი მოთხოვნის, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის, ვადა.
შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სს „პრ----------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი (შეგებებული) არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ სესხის დასაფარად მხარის მიერ თანხა ბოლოს გადახდილია 02.09.2015 წელს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა სწორედ ამ დროიდან. განსახილველ შემთხვევაში სესხის დაფარვის მიზნით თანხის გადახდა არის სწორედ ვალდებულების აღიარება და მოთხოვნის ხანდაზმულობის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 16 ივლისს შესაბამისად მოთხოვნის 3 წლიანი ვადა თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან დაცული იქნა სარჩელის აღძვრისას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 20 მაისს სს „პრ----------------სა“ და მსეხებელ ეკ---------------–იას შორის გაფორმდა N11.1.1---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იმავე თარიღით გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 17 350 ლარი; კრედიტის ხანგრძლივობა - 60 თვე; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 28%-ის დარიცხვით.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებას თან ერთვის დანართი N1 (კრედიტის დაფარვის გრაფიკი). დანართები, რომელიც გაფორმდება მსესხებლის ანგარიშზე კრედიტის თანხის ჩარიცხვის თარიღის შესაბამისად, წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად, კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2015 წლის 18 მაისისა. ამასთან, თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 20.05.2010 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N11.1.1---- და მისი შემადგენელი N 11.1.1---- ხელშეკრულება დანართით (იხ. ს.ფ. 18-23 და 24-27 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-17, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, 0--07.2019 სხდომის ოქმი);
3.1.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 20 მაისს სს „პრ----------------სა“ და თა--------------იას შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ N11.1.1---- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები თა--------------იამ იკისრა სოლიდარულად და ბანკს მიეცა უფლება წაეყენებინა კონტრაჰენტისთვის მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.05.2010 სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება N11.1.1---- (იხ. ს.ფ. 28-29) ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-17, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სხდომის ოქმი 20.05.2010);
3.1.3. 20.05.2010წ. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 14 მაისს სს „პრ----------------სა“ და ნე-–--------იას მინდობილობის საფუძველზე ელ--------------ას შორის დაიდო N11.1.1---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ნე-–--------იას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: სე----, გო-------–------------, ს/კ 4--0--3--0--.
ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.05.2010წ. N11.1.1---- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 30-32);
- საკადასტრო გეგმა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33, 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. მოპასუხეების ეკ---------------–იასა და თა--------------იას მიერ 2012 წლის 18 დეკემბრიდან დარღვეულ იქნა მათსა და სს „პრ----------------ს“ შორის 2010 წლის 20 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 37);
- ამონაწერები ანგარიშებიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. მოპასუხეთა მიერ, მათსა და მოსარჩელეს შორის 2010 წლის 20 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, ბოლო გადახდა განხორციელდა - 2015 წლის 02 სექტემბერს 198 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებლის მიერ, ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის მიხედვით არ განხორციელებულა სესხის დაფარვა, შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროისთვის სოლიდარულ მოვალეთა დავალიანება შეადგენს 13 057.59 ლარს, საიდანაც ძირია 11 289.60 ლარი, ხოლო პროცენტი 1 767.99 ლარი.
მოპასუხეებს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდიათ, მათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის წინაპირობად მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითეს.
სს „პრ----------------ის“ მიერ 2015 წლის 26 ნოემბრეს გაცემული ცნობის თანახმად, ეკ---------------–იას მიერ ცნობის გაცემის მდგომარეობით გადახდილი აქვს 19 292.62 ლარი, მათ შორის კაპიტალი 6060.40 ლარი, პროცენტი 13 232. 29 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.07.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 37)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 31 ოქტომბრის განცხადებით კ---------------ამ (პ/ნ 3----------) იკისრა მის კუთვნილ ანგარიშზე არსებული თანხები გამოყენებული ყოფილიყო ბანკის მიმართ ეკ---------------–იას (N11.1951.1---- სესხიდან წარმოშობილი) დავალიანების დასაფარად.
მოწმე კ---------------ამ განმარტა, რომ იგი არის ეკ---------------–იას ნათესავი, აღნიშნული განცხადება, ბანკის შემოთავაზებით, ეკ---------------–იას თხოვნით დაწერა იმ მიზნით, რომ ეკ---------------–იას შეესრულებინა თავის სასესხო ვალდებულება, რადგან ეკ---------------–იას ყველა საბანკო ანგარიში იყო დაყადაღებული, ამიტომ ეკ---------------–იას ანგარიშზე ვერ ხერხდებოდა თანხების ჩარიცხვა. ბანკში გახსნილ თავის ანგარიშზე კ---------------ას შეჰქონდა ის ფული, რასაც მას აძლევდა ეკ---------------–ია.
ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის წარმომადგენელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებები (0--07.2019 სხდომის ოქმი).
- მოწმე კ---------------ას ჩვენება (0--07.2019 სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებმა: ეკ---------------–იამ და თა--------------იამ სადავო გახადეს მათი გაფრთხილების შესახებ წერილების ჩაბარების ფაქტი.
მოსარჩელემ, მართალია, სარჩელში ფაქტობრივი გარემოების სახით მიუთითა, რომ მიუხედავად მოპასუხეთა გაფრთხილებისა, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება კვლავ შეუსრულებელია, თუმცა სარჩელს არ ერთვის ამგვარი გაფრთხილების დამადასატურებელი რაიმე მტკიცებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ წერილობით აცნობა მოპასუხეებს დავალიანების არსებობა, მოპასუხეები სადავოდ ხდიან ამ გარემოებას, ამდენად, მოსარჩელეს მისი პოზიციის დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, მოპასუხის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარცელის მოპასუხის (მოსარჩელის) წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ ბანკმა როგორც 2014 წელს, ისე 2015 წელს მიმართა სასამართლოს დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მაგრამ უარი ეთქვა სარჩელების წარმოებაში მიღებაზე. მოსარჩელის წარმომადგენელს სასამართლოსთვის საქმის მომზადების სტადიაზე და არც შემდგომ არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოსარჩელე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, მითითებულ გარემოებას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე (შესაგებელზე). კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არც სარჩელით და არც შესაგებლით შეგებებულ სარჩელზე, სასამართლოსათვის საჩელით მომართვის თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ბანკის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა ამის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
ასეც რომ არ იყოს მოსარჩელე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგივე სასარჩელო წარმოების ფარგლებში 2014 და 2015 წლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა სარჩელი, თუმცა მისივე განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შესაბამისი განჩინებებით უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. შესაბამისად, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევს მხოლოდ ისეთი სარჩელი, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება სარჩელების წარმოდგენასთან დაკავშირებით სასამართლოში (ხანდაზმულობის კონტექსტში).
3.2.3. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეკ---------------–იასა და თა--------------იასათვის 20.05.2010წ. საკრედიტო და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 13057.59 ლარის, დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელის, შეგებებული სარჩელის მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის მომსახურება მოპასუხის მხრიდან ხდებოდა 18.06.2010-დან და დასრულდა 02.09.2015-ს მოპასუხის მხრიდან ბოლო გადახდით. ამის შემდეგ ვალდებულება აღარ შესრულებულა. წარმომადგენელმა ვერ დააზუსტა, თუ სესხის ხელშეკრულების, რომელი ვადამოსული დავალიანება დაიფარა 2015 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული გადახდებით და განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაიფარა ჯამური ვალდებულების ნაწილი.
მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მოპასუხეების პოზიციის საპირისპიროდ, მან აღნიშნა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 02.09.2015-დან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი აღიარებს მოთხოვნის არსებობას. წარმომადგენლის განმარტებით, ყველა გადახდა გულისხმობს მოთხოვნის აღიარებას, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს; სწორედ ამგვარი განმარტებაა ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკაში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკაში, ამიტომ, რადგან მოპასუხემ უკანასკნელი ვალდებულება 2015 წლის 02 სექტემბერს შეასრულა, სწორედ ამ დღეს შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა და დაიწყო თავიდან.
რაც შეეხება იპოთეკის გაუქმებას, წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რადგან ხანდაზმული არ არის ძირითადი მოთხოვნა, ამიტომ იპოთეკის შეწყვეტის მოთხოვნა უსაფუძვლოა და შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა არ უდნა დაკმაყოფილდეს (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში).
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „პრ----------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ნე-–--------იას შეგებებული სარჩელი სს „პრ----------------ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 286-ე, 463-ე, 316-317-ე, 361-ე, 129-130-ე, 144-ე, 137-ე, 153-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები, მოქმედებენ რა, ნების ავტონომიის პირობებში, უფლებამოსილი არიან, თავისუფლად დადონ გარიგებები და შეთანხმდნენ სახელშეკრულებო პირობებზე, თუკი ეს პირობები არ არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ აკრძალვებს.
ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მოდელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით არის განსაზღვრული. ამ ნორმის თანახმად, „საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.“ 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი „მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ...“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 20 მაისს სს „პრ----------------სა“ და მსეხებელ ეკ---------------–იას შორის გაფორმდა N11.1.1---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 17 350 ლარი; კრედიტის ხანგრძლივობა - 60 თვე; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 28%-ის დარიცხვით. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2015 წლის 18 მაისისა. ხოლო, თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან პროცენტიანი საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე და მის ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2010 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, დადგენილ ვადაში არ იქნა გადახდილი გრაფიკით განსაზღვრული კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი სრულად.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
6.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების, გაანალიზების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ეკ---------------–იას შორის 20.05.2010-ს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N11.1.1-----ის უზრუნველსაყოფად იმავე დღეს გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების თანახმად, თა--------------იას ბანკის წინაშე წარმოეშვა ეკ---------------–იას მიერ ნაკისრი ვალდებულების მსესხებელთან ერთად, სოლიდარულად გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით „თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკს კანონიერად წარმოეშვა პროცენტიანი საბანკო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სოლიდარულად შესრულების მოთხოვნის უფლება თამარ გაბესკისრიასგან.
6.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულ იქნა ნე-–--------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და 14.05.2016 წ. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკს მიეცა უპირატესი შესაძლებლობა, სხვა კრედიტორებთან შედარებით, გენერალური საკრედიტო და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკმაყოფილებინა თავის მოთხოვნები იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულების ხარჯზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).“ შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია, მხსეხებლის და სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ხარჯზე დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სოლიდარულ მოვალეებს პროცენტიანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებიათ, შესაბამისად ბანკს აქვს უფლება დავალიანების დაფარვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით მოითხოვოს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ - დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა, ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან ეკ---------------–იას სს „პრ----------------ის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა ევალებოდა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მის მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესით უნდა მოხდეს. კერძოდ:
დადგენილია, რომ 2010 წლის 20 მაისს მოდავე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება შეთანხმებული პირობებით; კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიური თანაბარი გადახდების სახით, არაუგვიანეს 2015 წლის 18 მაისისა. დადგენილია, ასევე რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. სესხი ვადაგადაცილებაში იყო 2012 წლის 18 დეკემბრიდან (ცნობა დავალიანების შესახებ, ს.ფ. 37), როდესაც მსესხებელმა არ გადაიხადა გრაფიკით განსაზღვრული მიმდინარე გადასახადი. ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სესხი გაცემულ იქნა 60 თვის ვადით და მსესხებლის მიერ სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ბოლო ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 18 მაისს. ამდენად, 2015 წლის 19 მაისიდან დაიწყო ამ დროისათვის გადასახდელი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა და ამოიწურა 2018 წლის 19 მაისს. აღნიშნულის შესაბამისად ამოიწურა წინა თვეებში გადასახდელი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.
სს „პრ----------------ს“ ზემოთ აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია (იხ. 3.2.2. პუნქტი). ხოლო, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 16 ივლისს ხანდაზმულობის ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, სს „პრ----------------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის 02 სექტემბერს დავალიანების ნაწილის - 189 ლარის გადახდით სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადა მთლიან მოთხოვნაზე და მისი ათვლა თავიდან დაიწყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ამასთან, როგორც სარჩელზე დართული ცნობით დგინდება, მსესხებლის მიერ პირველად საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა მოხდა 2012 წლის 18 დეკემბერს, ვინაიდან მის მიერ არ განხორციელდა გრაფიკით განსაზღვრული კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ამ პერიოდიდან მოყოლებული კრედიტორის მიმართ დაუგროვდა გადაუხდელი სასესხო დავალიანება, რომელიც 2015 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა - 13 057.59 ლარს. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დასტურდება კონკრეტულად რა პერიოდის დავალიანება იქნა გადახდილი მოპასუხის მიერ 2015 წლის 02 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების ნაწილობრივ გადახდით არ მომხდარა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, არამედ გადახდილი თანხით დაიფარა არსებული დავალიანება აღნიშნული ვადის შეწყვეტის გარეშე.
6.5.1. გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს დამატებით განმარტოს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საკითხი სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის კონტექსტში. უნდა ჩაითვალოს, თუ არა 2010 წლის ივნისში, ივლისსა და სექტემბერში, განსაკუთრებით, 02.09.2010-ში განხორციელებული გადახდა ვალდებულების არსებობის აღიარებად.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს სამოქალსაო კოდექსის 137-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებულ საქართველოს სასამართლო პრაქტიკის არსებობაზე, თუმცა ვერ დაასახელა სასამართლო პრაქტიკის კონკრეტული შესაბამისი ნიმუშები.
აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ რაიმე სახის გადახდა იმ მიზნისთვის, რომ ეს გადახდა ვალდებულების შესრულების აღიარებად შეფასდეს, იმგვარი ფორმით უნდა განხორციელდეს, რომ შეიძლებოდეს დადგინდეს ვალდებულ პირის მოქმედებაში ნებელობითი მომენტი, ქმედების განზრახვა. მიუთითებს რა 02.09.2010-ში განხორციელებული გადახდაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა უნდა დაამტკიცოს, რომ კ---------------ას ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრის შედეგად იმ დროს, როდესაც ეკ---------------–იას მიმართ ვალდებულება შეწყვეტილი იყო, განხორციელდა ეკატრინე სამუშიას ნამდვილი ნება, ნებაყოფლობით შეესრულებინა იმგვარი ვალდებულება, რომლის შესრულების ვადა გასული იყო და, რომლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ბანკი ვერ აამოქმედებდა იძულების რაიმე მექანიზმს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებაზე საქმეზე Nას-384-358-1017.
ამ განჩინებაში სასამართლომ განმარტა შემდეგი: „33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
34. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოვალეს ბანკის მიმართ გააჩნდა მნიშვნელოვანი დავალიანება (მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის სახით მას დასაფარი ჰქონდა 1476.94 ლარი), ხოლო მას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად შეჰქონდა თანხა მხოლოდ 10 ლარის ოდენობით, აღნიშნული არ წარმოადგენს ვალდებულების დაფარვისაკენ მიმართულ მოვალის ნებელობით ქმედებას. შესაბამისად, აღნიშნული გადახდები და ბანკის მიერ ამ თანხის უაქცეპტო წესით ანგარიშიდან ჩამოჭრა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოვალის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების „სხვაგვარ აღიარებად“, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას გამოიწვევდა.
35. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა საკრედიტო დავალიანების შესახებ ბანკის მიერ მოვალისათვის შეტყობინების გაგზავნის ან/და მხარეთა შორის აღნიშნული დავალიანების განაწილვადების თაობაზე რაიმე სახის შეთანხმების არსებობის ფაქტი, ასევე სახეზეა თანხის (10-10 ლარის) ანგარიშზე განთავსებისას გადახდის დანიშნულების მიუთითებლობაც. ეს გარემოებები კი, ერთობლიობაში ასევე იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ არ დგინდება მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვა.“
საკასაციო სასამართლოს ციტირებული განმარტებებზე დაყრდნობით და საკუთარი შინაგანი რწმენით აფასებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მან მოპასუხეებს ვადამოსული სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით გაუგზავნა შეტყობინებები და მოსთხოვა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვა.
ასევე ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ეკ---------------–იამ ნებაყოფლობით შეასრულა საბანკო კრედიტიდან გამომდინარე ის ვალდებულება, რომლის შესრულების ვადა გასული იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ეკ---------------–იას და თა--------------იას სს „პრ----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2010 წლის 20 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან N11.1.1---- გამომდინარე დავალიანების 13 057.59 ლარის გადახდა, ამ განმარტებითაც ხანდაზმულია.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლით სამართლებრივი ვალდებულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად, ვინაიდან სამართლებრივია მხოლოდ ის ვალდებულება, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალისაგან შესრულება, რაც მოიცავს სასარჩელო წესით უფლების დაცვასაც. ვადის გასვლით კი, სამართლებრივად აღუსრულებადი, განუხორციელებადი ვალდებულება გარდაიქმნება ნატურალურ, ზნეობრივ ვალდებულებად.
ამრიგად, დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით, დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 144-ე, 867-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულია, ასევე, იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება, რადგან მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკა წარმოადგენდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, შესაბამისად, ის აქცესორული უფლებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, „ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ძირითადი მოთხოვნის, საბანკო კრედიტიდან წარმოშობილი ვალდებულების ხანდაზმულობის გამო, ხანდაზმულია აქცესორული უფლებაც (ნივთის რეალიზაციის თაობაზე) იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება:
6.8. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - ნე-–--------იას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: სე------------------------–------------, ს/კ 4--0--3--0--, სს „პრ----------------ის“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება (შეწყვეტა). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სს „პრ----------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ საფუძვლით, რომ სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის გასულია აღნიშნული მოთხოვნათა ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. (დასაბუთება სრულად იხ. გადაწყვეტილების 6.4. და 6.7. პუნქტებში).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღარ არსებობს ნე-–--------იას კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: სე------------------------–------------, ს/კ 4--0--3--0-- რეგისტრირებული იპოთეკის სამართლებრივი საფუძველი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნე-–--------იას დროებითი მხარდამჭერის მზ----------------ას შეგებებული სარჩელი სს „პრ----------------ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს (შეწყდეს) დასახელებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 391.73 ლარი, ასევე, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, 15 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების მიზნით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი საბანკო დოკუმენტებით. მოსარჩელემ მოითხოვა ამ ხარჯების მოპასუხეებისთვის დაკისრება.
7.2. შეგებებული სარჩელის ავტორმა, ნე-–--------იას საპროცესო წარმომადგენელმა მზ----------------ამ შეგებებული სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 120 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი საბანკო დოკუმენტით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.“
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები მას არ უნდა აუნაზღაურდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „პრ----------------ის“ სარჩელი ეკ---------------–ია, თა--------------იას და ნე-–--------იას მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. ნე-–--------იას შეგებებული სარჩელი სს „პრ----------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს.
3.1. გაუქმდეს სს „პრ----------------ის“ სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა და იპოთეკისგან გათავისუფლდეს ნე-–--------იას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქა-–-------------------------------------–ი N41, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 4--0--3--0--.
4. სს „პრ----------------ს“ ნე-–--------იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 120 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე