გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
140210018002368185
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002368185

საქმე №2/588-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - შპს ”ტ----ა”, წარმომადგენელი - ს--–---ე ი-–----–---–ი

მოპასუხე - შ--–-ა კ--------ი, თ--------ზ ო-----–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს 2017 წლის 21 ივნისის საბ---ო კრედიტის N5-----1-9010458 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების 11 336.82 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 9668.19 ლარი, პროცენტი-841.84 ლარი, პირგასამტეხლო - 804.34 ლარი, დაზღვევა - 22.45 ლარი.

1.2 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის N5-----1-9010458 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 28 თებერვლიდან დაეკისროთ ვალდებულების ძირი თანხაზე - 9668.19 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 136.96 ლარს.

1.3 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის N5-----1-9010458 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 28 თებერვლიდან დაეკისროთ ვალდებულების ძირი თანხაზე - 9668.19 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 136.96 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 21 ივნისს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე შ--–-ა კ--------ს,როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა N0236.59896671.001 საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც მათ შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის N5-----1-9010458 ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 10 000 ლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა 1465 დღე, კრედიტის წლიური სარგებელი 17%, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე ხელშეკრულებით განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ”თ----ი ბ---სა“ და თ--------ზ ო-----–---–ს შორის 2017 წლის 21 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ--------ზ ო-----–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე შ--–-ა კ--------თან ერთად. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 000 ლარით.

 

მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა 2017 წლის სექტემბრის თვიდან და მიუხედავად არაეთი გაფრთხილებისა მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც მოპასუხეებს 2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებათ დავალიანება 11 336.82 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა მოსამაზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირის - 9668.19 ლარისა, პროცენტის - 841.84 და დაზღვევის -22.45 ლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 21 ივნისს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე შ--–-ა კ--------ს,როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა N0236.59896671.001 საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც მათ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N5-----1-9010458 ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 10 000 ლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა 1465 დღე, კრედიტის წლიური სარგებელი 17%.

 

3.1.2 კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.3 სს ”თ----ი ბ---სა“ და თ--------ზ ო-----–---–ს შორის 2017 წლის 21 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ--------ზ ო-----–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე შ--–-ა კ--------თან ერთად. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 000 ლარით.

 

3.1.4 უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1 საქმეში წარმოდგენილი სს „თ----ი ბ---ის“ მიერ 03.01.2018 წ. გაცემული დავალიანების ცნობის საფუძველზე 2018 წლის 28 ტებერვლის მდგომარეობით შ--–-ა კ--------ს და თ--------ზ ო-----–---–ს 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 11336.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 9668.19 ლარი, პროცენტი-841.84 ლარი, ჯარიმა-804.34, დაზღვევა - 22.45 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება დავალიანების არსებობა, რასაც სესხის ძირის, მასზე დაკისრებული პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში დაეთანხმა მოპასუხე მხარე, ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის გადახდისაგან განთავისუფლების მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 402-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-418-ე 623-ე 625-ე, 867-868-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, რაზეც მოპასუხეებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშერულებით, რომელიც ასევე ნებაყოფლობით იყო დადებული მხარეთა მიერ.

 

როგორც დადგენილია მოპასუხების მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ზემოხსენებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ: სესხის ძირის - 9668.19 ლარისა, პროცენტის - 841.84 და დაზღვევის -22.45 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 21 ივნისის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირის - 9668.19 ლარისა, პროცენტის - 841.84 და დაზღვევის -22.45 ლარის მოპასუხებისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირი თანხაზე - 9668.19 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს შეადგენს 136.96 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს, ასევე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი 804.34 ლარი, ჯამში - 1804.34 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ჯამში 1804.34 ლარი, სესხის ძირი თანხის (9668.19 ლარის) და პროცენტის (841.84 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და საბოლოოდ განისაზღვროს 800 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.3 სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში დასაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტუდება გელა ბეინაშვილის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, გამომდინარეობს და მეტად აკონკრეტებს ამავე კოდექსის 408-ე მუხლით განსაზღვრულ ზიანის ანაზღაურების პრინციპს. ხსენებული ნორმის შესაბამისად ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების შ--–-ა კ--------ისათის და თ--------ზ ო-----–---–ისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 2018 წლის 28 თებერვლიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან წლიური 17 % (რაც ყოველთვიურად შეადგენს 136.96 ლარს) ვალდებულების შესრულებამდე ასევე მაღალია, შესაბამისად მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ წლიური 07 % , რაც ყოველთვიურად შეადგენს 56.40 ლარს, ვალდებულების შესრულებამდე .

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, სულ - 10532.48 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 548.02 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 315.97 ლარი, ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსამზადებელ სხდომაზე მოთხოვნის შემცირებულ ნაწილში (1000 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი, ანუ ჯამში 345.97 ლარი, ხოლო 84.91 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ, დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თ----ი ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1 მოპასუხეებს შ--–-ა კ--------ს და თ--------ზ ო-----–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ჯამში - 11 332.48 (თერთმეტიათას სამას ოცდათორმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა.

1.2 მოპასუხეებს შ--–-ა კ--------ს და თ--------ზ ო-----–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 21 ივნისის N5-----1-9010458 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9668.19 (ცხრაათას ექვსას სამოცდარვა ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე, წლიური 07% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56.40 (ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს.

2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

 

3. მოპასუხეებს შ--–-ა კ--------ს და თ--------ზ ო-----–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 84.91 (ოთხმოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” (ს/ნ 2------95) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 მარტს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბ---ის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 548.02 (ხუთას ორმოცდარვა ლარი და ორი თეთრი) ლარიდან 345.97 (სამას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე