განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2019
საქმის ნომერი
020100119002926213
დავის ტიპი
200 2 ბ
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002926213

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/191-19 9 აგვისტო, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი ლიკა ბულია

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული გ------------------–---------------------–-------–-–-------------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-----------------------–--------------------–--------------------–-------------------–----------------------------–------------------------–-----------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

ქმედების შემადგენლობა: დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა

 

2.2 ადვოკატი ზ------------–---

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 18 დეკემბერს 20:00 საათზე გ-----–-------მ გალის რაიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ტერიტორიაზე გადაზიდა დიდი ოდენობით 6--- ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი - თამბაქოს ნაწარმი 2000 კოლოფი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: 1. ფილტრიანი სიგარეტი “MANCHESTER” თეთრი (ლურჯი ზოლით) შეფუთული 750 კოლოფი; 2. ფილტრიანი სიგარეტი “MANCHESTER” შავი (წვრილი) შეფუთვით 150 კოლოფი; 3. ფილტრიანი სიგარეტი “MANCHESTER” წითელი შეფუთვით 1000 კოლოფი; 4. ფილტრიანი სიგარეტი “RIO” შავი (წვრილი) შეფუთვით 100 კოლოფი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1 აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

სსკ-ის მე-200 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი ქვეყნის საფინანსო ინტერესებია. აღნიშნული დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი. აღნიშნული დასტურდება ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188–ე მუხლით, სადაც მითითებულია სიგარეტებზე აქციზის განაკვეთები.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც ზოგადად მიუთითებს სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ ნივთზე. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის მე-200 მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია აქციზურ მარკას დაქვემდებარებული ნივთების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში საგადასახო კოდექსის 192-ე მუხლის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევისა) საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება: აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი და თამბაქოს ნაწარმი.

ის, რომ ამოღებული საქონელი წარმოადგენს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმეების: გ---------------–---ს, რ------–--–--ს, მ---------–-------ს, ნ-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შემოსავლის სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან შემოსული მასალებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ამოღებული ნივთმტკიცება არის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი.

 

2.2. აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა

 

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვაში ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში.

სსკ-ის მე-200 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი ქვეყნის საფინანსო ინტერესებია.

სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახვას გულისხმობს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა გ-----–-------მ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების - გ---------------–---ს, რ------–--–--ს, მ---------–-------ს, ნ-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შემოსავლის სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან შემოსული მასალებით და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა გალიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში.

 

2.3. დიდი ოდენობა

 

სსკ-ის მე-200 მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება ქმედების ჩადენა დიდი ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია დიდი ოდენობა. დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელის ღირებულების 5000 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ რომ დიდი ოდენობით - 6--- ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია, დადასტურებულია როგორც სასქონლო ექსპერტზის დასკვნით, ასევე მოწმეების: რ------–--–--ს, მ---------–-------ს, ნ-----------------ს გამოკითხვის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვას.

უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით გადაზიდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის გ-----–-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ-----–------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-----–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

გ-----–-------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პირობებში, სასამართლოში გამოცხადებისთვის თავის არიდება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (სახელმწიფოში კონკურენტულ პირობებში სამეწარმეო საქმიანობის პრინციპის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიწოდების, გადასახადების გამჭვირვალედ გადახდის პრინციპების დარღვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რის შემდეგაც მიიმალა), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა. ვინაიდან ბრალდებულმა ახალი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში (ამასთან, მას სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ჯარიმა დღემდე არ აქვს გადახდილი), არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივი. ასეთ ვითარებაში კი სასჯელის დანიშვნისას გამოიყენება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. კერძოდ, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე სულ მცირე ერთი წლით მეტი, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს 5 წელს. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, ვინაიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრისთვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომის განსაზღვრისას იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელი, ერთი მხრივ, იყოს კანონიერი, შეესაბამებოდეს მოქმედი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი იყოს სამართლიანი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელთა შთანქმის პრინციპის გამოყენება.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია უაქციზო სიგარეტები, რომლებიც წარმოადგენს რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს და ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანქოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და საბოლოოდ მოსახდელად გ-----–-------ს განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ-----–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

ნივთმტკიცებები: უაქციზო სიგარეტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია