განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2019
საქმის ნომერი
200100119003115952
დავის ტიპი
126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003115952

#1/200-19 (№------------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 აგვისტო 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-–----------------–---–ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ა-------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 ინისს, ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში, ვ-–----------------–---–მა თავისი არასრულწლოვანი შვილის ბ-------------–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს, ვ-----–---------–---–ს, კერძოდ მის ხელთ არსებული თოკი ორჯერ დაარტყა ფეხების არეში, რა დროსაც ვ-----–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დაზარალებულის ჩვენება; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ვ-–----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო ასევე იხმობს, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ კონვენციის 35-ე (ფიზიკური ძალადობა), 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ-–----------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებას ჩადენილ დანაშაულს, რაც შეეხება დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან მის გარეშე.

 

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არის ბავშვების მარჩენალი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეუწონელია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვ-–----------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, სასამართლო ასევე, აქვე, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, მისი შემდგომში პირობითად ჩათვლის მიზნით, სამართლებრივად გაუმართლებელია, რადგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან ვ-–----------------–---–ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–----------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ვ-–----------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

არასრულწოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

საქმეზე ამოღებული თოკი განადგურდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე