გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10146-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივლისი 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - თ---------–--ე
წარმომადგენელი - გ---------------ე
მოპასუხე - ი-----–--–--–------ე
წარმომადგენელი - ლ----------------–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1 ი-----–--–--–------ისათვის (პ/ნ 5----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------- დაბადებული ნ-----–-----–--–------ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 08 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე თ---------–--ე და მოპასუხე ი-----–--–--–------ე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლის მაისის თვიდან. თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–------------- მხარეებს შეეძინათ შვილი ნ-----–-----–--–------ე. 2----–-–-------–- მოსარჩელე და მოპასუხე დაშორდნენ და ამ პერიოდის განმავლობაში არასრულწლოვან შვილს მეურვეობას უწევდა მხოლოდ მოსარჩელე, მოპასუხე იშვიათად იღებდა მონაწილეობას ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯებში, დაახლოებით 100 ლარის ოდენობით. არასრულწლოვანი დადის სკოლაში, ასევე ემზადება სასწავლო ცენტრში, ბავშვის ჩაცმა, კვება, სწავლა, სამედიცინო მომსახურება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რის გამოც იძულებულია მომართოს სასამართლოს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხე არ მონაწილეობს შვილის აღზრდაში და არ ზრუნავს მასზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე გარდა აუცილებელი ნივთებისა შვილს ყოველთვიურად ურიცხავს 100 ლარს. ბოლო ორი თვეა ვერ შეძლო მისთვის თანხის გადარიცხვა, რადგან არ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა წამოსულიყო სამსახურიდან. ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. მოსარჩელესთან დაშორების შემდეგ ნ-----–-----–--–------ე ცხოვრობდა მამასთან - დ-----------ში, კერძოდ 2013- 2015 წლებში, დადიოდა სკოლაში, ხოლო მოპასუხე და მისი ოჯახი ზრუნავდა მასზე. დედა იშვიათად ნახულობდა არასრულწლოვანს.
მოპასუხე ამჟამად არ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი, არ არის მეწარმე სუბიექტი, არ ფლობს წილებს და მის სახელზე არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება. მოსარჩელეს მასთან არ შეუთანხმებია შვილის კერძო სკოლაში მიყვანა, სადაც იხდის წლიურ საფასურს - 2000 ლარს, რის გამოც მან თავად უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, მოსარჩელეს აქვს ბევრი შემოსავალი, მოპასუხეს არა. არსებობს საჯარო სკოლები, სადაც ასევე შეიძლება მიიღოს ბავშვმა ხარისხიანი განათლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ---------–--ე და ი-----–--–--–------ე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლის მაისის თვიდან. თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–------------- მხარეებს შეეძინათ შვილი ნ-----–-----–--–------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა ( იხ. ს.ფ.15)
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. თ---------–--ე და ი-----–--–--–------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ნ-----–-----–--–------ე ცხოვრობს დედასთან - თ---------–--ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 2----–-–--------------------------------–-, მამობის დადგენის შესახებ მოწმობის (აქტი დნ #0------) მიხედვით, არასრულწლოვანი ნ-----–-----–--–------ის მამას წარმოადგენს ი-----–--–--–------ე (პ/ნ 5----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მამობის დადგენის შესახებ მოწმობა აქტის ჩანაწერი დნ #0------ (იხ.ს.ფ.16)
3.1.4. ნ-----–-----–--–------ე სწავლობს სასწავლო ცენტრ ,,მ--------–-“ და მისი სწავლის საფასური შეადგენს 40 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასწავლო ცენტრ ,,მ---------ს“ მიერ გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ.16)
3.1.5. ნ-----–-----–--–------ე სწავლობს შპს თ---–--------------- კერძო სკოლა-ა--------- V----–--–- და მისი სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2000 (ორიათას) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.05.2019წ.შპს თ---–--------------- კერძო სკოლა-ა--------- მიერ გაცემული ცნობა #1---(იხ.ს.ფ.18);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.05.2019 წლის ცნობით, ი-----–--–--–------ის შემოსავალს 2018 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 3289.82 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი შეადგენს - 657.96 ლარს. მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 657.96 ლარს.
3.2.2. ამავე ცნობით, თ---------–--ის შემოსავალს 2018 წლის თებერვლი თვიდან - 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენს - 3957.25 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი შეადგენს -793.1 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 26-30);
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.3. 30.09.2016 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა #IV-100/ა) მიხედვით, ი-----–--–--–------ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრული დიაგნოზი არის ღვიძლგარეთა სანაღვლე გზების კეთილთვისებიანი სიმსივნე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ 41);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.4. შპს ,,პ----“-ს მიერ 2019 წლის 28 მაის გაცემული ცნობის მიხედვით, ი-----–--–--–------ე 2018 წლის 1 ივნისიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან და აღარ მუშაობს შპს ,,პ----“-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პ----“-ს მიერ 2019 წლის 28 მაის გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ. 42);
3.2.5. ნ-----–-----–--–------ე 2013 წლის 18 დეკემბერს ჩაირიცხა სსიპ ქ-------------------ის სახელობის ხ-–------------–----–-------ს დაბა სურამის #-----------------–-- I კლასში ( ბრძანება #2-1-- 18/12/2013 წელი) და ამოირიცხა ამავე სკოლის III კლასის მოსწავლეთა სიიდან 2015 წლის 17 ნოემბერს ( ბრძანება 2--- 17/11/2015 წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქ-------------------ის სახელობის ხ-–------------–----–-------ს დ-----------ის #-----------------–-- ცნობა (იხ.ს.ფ 43);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 27 მაისის წერილების მიხედვით, ი-----–--–--–------ე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.
ასევე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ი-----–--–--–------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები(იხ.ს.ფ.44-45);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.7. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი-----–--–--–------ე წარმოადგენს შრომისუუნარო პირს. მართალია, 30.09.2016წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა #IV-100/ა) მიხედვით, ი-----–--–--–------ის სრული დიაგნოზი არის ღვიძლგარეთა სანაღვლე გზების კეთილთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ ი-----–--–--–------ეს მიეცა რეკომენდაცია: გეგმიური ლაპარასკოპული წესით ქოლეცისტექტომიის შესახებ, რაც არ წარმოადგენს მოპასუხის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად შეზღუდვის დამადასტურებელ უტყუარ და სათანადო მტკიცებულებას, ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარმოდგენილია 30.09.2016 წლის მონაცემებით, რაც არ ასახავს დღევანდელი მდგომარეობით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
3.2.8. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ი-----–--–--–------ე ამჟამად არის დასაქმებული და აქვს ყოველთვიური შემოსავალი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. შპს ,,პ----“-ს მიერ 2019 წლის 28 მაის გაცემული ცნობის მიხედვით, ი-----–--–--–------ე 2018 წლის 1 ივნისიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან და აღარ მუშაობს შპს ,,პ----“-ში, ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.05.2019 წლის ცნობით, ი-----–--–--–------ის შემოსავალს 2018 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით შეადგენს - 3289.82 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი შეადგენს - 657.96 ლარს, შესაბამისად 2018 წლის მაისის თვის შემდგომ მოპასუხის დასაქმების ფაქტი არ დასტურდება. მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების უარყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
3,2.9.მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ი-----–--–--–------ეს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა 2----–-–--------------------------–ი ნ-----–-----–--–------ისა არ ეკისრება. საქმის მასალებით არ დასტურდება ი-----–--–--–------ის კმაყოფაზე ოჯახის წევრების ან სხვა პირის ყოფნის ფაქტი. არ დასტურდება მის მიერ დასახელებული გარემოება, რომ ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მისი მხრიდან მუდმივ მკურნალობას და მეთვალყურეობას, ასევე მეუღლე, რომელიც არის ფეხმძიმედ, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს არასრულწლოვანისათვის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1--8-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–--------------------------–ი ნ-----–-----–--–------ე, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1--8-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ტამარ ხელაძე და ი-----–--–--–------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანბის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი. იგი დასაქმებული იყო შპს ,,პ----“-ში, ხოლო 2018 წლის 1 ივნისიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან და აღარ მუშაობს. ზემოაღნიშნულ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენდა - 657.96 ლარს.
მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გასამყარებლად მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით და არა სასამართლოში შესაგებლის წარმოდგენის დროისათვის (06.06.2019წ.), მაგრამ აღსანიშნავია, რომ ის დიაგნოზი, რაც მითითებულია ზემოაღნიშნულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში არ წარმოადგენს მოპასუხის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად შეზღუდვის დამადასტურებელ უტყუარ და სათანადო მტკიცებულებას,შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–--–--–------ის შრომისუნარიანობის შესახებ, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი. ამასთან, მის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.
მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასახელებული გარემოება, რომ ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მისი მხრიდან მუდმივ მკურნალობას და მეთვალყურეობას, ასევე მეუღლე, რომელიც არის ფეხმძიმედ, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან მართალია თ---------–--ე დასაქმებულია შპს ,,ე---------–-------------–---–---–------–ი“, მაგრამ როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა თ---------–--ის შემოსავალს 2018 წლის თებერვლის თვიდან - 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენს - 3957.25 ლარი, ხოლო დაკავებული გადასახადი შეადგენს -793.1 ლარს, ამასთან, 2019 წლის ბოლო - აპრილის თვის მონაცემით მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 431.2 ლარს, რაც არ არის საკმარისი როგორც საკუთარი, ასევე არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-----–--–------ე არის სკოლის მოსწავლე, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების, და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე ი-----–--–--–------ის ოფიციალურად, სტაბილურად დასაქმებას დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და ა.შ. რაც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მას ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მისი მხრიდან მუდმივ მკურნალობას და მეთვალყურეობას, ასევე მეუღლე, რომელიც არის ფეხმძიმედ, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის ივნისის თვისათვის - 188.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
არასრულწლოვნი ნ-----–-----–--–------ისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თვეში – 150 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია მისი ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 08 მაისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ნ-----–-----–--–------ისათვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ---------–--ე ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 100 ლარის ნაწილში, ი-----–--–--–------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------–--ის სარჩელი ი-----–--–--–------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს:
2. ი-----–--–--–------ეს (პ/ნ 5----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–--------------------------–ი ნ-----–-----–--–------ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 08 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
3. ი-----–--–--–------ეს (პ/ნ 5----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დალი აბჟანდაძე