განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/710-16
(№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ--------------–---–-, რ---------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი---------------
ბრალდებული - ვ--–---------------- (დასწრების გარეშე), დაბადებული 1----–-–-------------------, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის №---------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: სომხეთის რესპუბლიკა, ქ-----------------–--------------------–--–------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2015 წლის 20 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ------------–- მდებარე ,,თ---–--------––-“ არსებულ ჰიპერმარკეტ ,,კ--------------“ ვ--–---------------- შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მობილურ ტელეფონებს. თუმცა მისი ქმედება შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ, რომელმაც აღნიშნულის შესახებ შეატყობინა პოლიციას. ვ--–----------------ს ქმედების შედეგად დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა 576 (ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 20 დეკემბერს, მუშაობდა შპს ,,მ--------------–-“ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში, უსაფრთხოების სუპერვაიზერად. მის მოვალეობაში შედიოდა აღმოეფხვრა მაღაზიაში ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იგი წარმოადგენს დაზარალებულ შპს ,,მ----------------“ წარმომადგენელს, რომელსაც ვ--–------------------ მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მიადგა 576 (ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარის ზიანი, ხოლო ზიანის ოდენობა დადგენილ იქნა გასაყიდი ფასის მიხედვით.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–----------------–---- ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 20 დეკემბერის მდგომარეობით მუშაობდა ქ. თბილისში, ა----–-----–---------------------–----------- მდებარე ,,თ---–--------––-“ არსებულ სავაჭრო ცენტრ ,,მ--------------–-“ დაცვა-უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა, დღის განმავლობაში პირადი შემადგენლობის კონტროლი. 2015 წლის 20 დეკემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც იმყოფებოდა სამუშაო ოთახში და მონიტორზე შენიშნა, რომ ,,მ--------------–-“ შევიდა პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა ორი ცალი მობილური ტელეფონი და მოძრაობდა საეჭვოდ. იგი მივიდა სარეცხი საშუალებების სექციაში, სადაც იატაკზე დააგდო ორი ცალი შავი ფერის ნივთი და სწრაფად გაემართა ზედა სართულზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ სექციაში მისვლისას ნახა, რომ იყო მობილური ტელეფონის ჩასადები ჯიბე (დამცავი შრე) და მიხვდა, რომ იმ პიროვნებას მოპარული ჰქონდა ნივთები. ამის, შემდეგ სწრაფად დაედევნა და შეაჩერა სავაჭრო ცენტრის დარბაზის გასასვლელში და ჰკითხა ვინაობა, რაზედაც უპასუხა, რომ იყო ვ--–----------------, რომელმაც განუმარტა, რომ სავაჭრო ცენტრ ,,მ-------------------“ მას მოპარული ჰქონდა ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომლებიც მოთავსებული იყო მუყაოს ყუთში და გადასაცა ნებაყოფლობით, ხოლო მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციას. მოწმემ დაადასტურა მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმის სისწორე და მასზე არსებული მისი ხელმოწერის ავთენტურობა.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---------–----- ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის დეკემბერში შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, ვ--–----------------ს მიერ ქ. თბილისში, დავით ა----–-----–---------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–--------––-“ არსებულ „მ-------------------“ მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის განმარტებით მან გამოკითხა მ----------------“ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც გამოკითხვის შემდგომ ნებაყოფლობით წარუდგინა ვ--–----------------სგან გადაცემული მობილური ტელეფონები. ასევე, გამოკითხა ბრალდებული ვ--–----------------, ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. შესაბამისი მიმართვის საფუძველზე მიიღო პასუხი ზიანის ოდენობის თაობაზე, მოიპოვა ინფორმაცია ვ--–----------------ს ნასამართლობის და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და მოპოვებული საერთო ინფორმაციის შემდეგ, ვ--–---------------- წარედგინა ბრალი.
2.5. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა--------------------- გამოკითხვის ოქმით (20.12.2015 წელი) დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ვ--–------------------- ერთად მისი შავი ფერის ,,ნ------“ მარკის (სახელმწიფო ნომრით 9--------) ა/მანქანით წავიდნენ ქ. თბილისში, დ. ა----–-----–---------------------–----------- მდებარე ჰიპერმარკეტ ,,მ--------------–-“, სადაც მას სურდა ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შეძენა. მათ ა/მანქანა გააჩერეს ქუჩაში სავაჭრო ცენტრის გარეთ და შევიდნენ სავაჭრო ცენტრში, სადაც დაშორდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ ერთ საათში ა/მანქანასთან შეხვდდებოდნენ. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ, სცადა დაკავშირება ვ--–-------------------, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, თავად დაუკავშირდა ვ--–---------------- და უთხრა, რომ მისულიყო ა/მანქანასთან. ა/მანქანასთან მისვლისას დაინახა, რომ ვ--–------------------- ერთად იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომლები, რომელთაგანაც შეიტყო, რომ ვ--–---------------- თურმე ცდილობდა სავაჭრო ცენტრ ,,კ--------------“ ორი ცალი მობილური ტელეფონის მოპარვას, რაც შეუნიშნავს სავაჭრო ცენტრ ,,კ-----------“ დაცვის თანამშრომელს.
2.6. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით (20.12.2015 წელი) დგინდება, რომ 2015 წლის 20 დეკემბერს 20:30-20:50 საათზე, გამომძიებელ კ---------–----- (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების გამომძიებელი) მიერ ა-–----------------–---- მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ორი ცალი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ორი ცალი სასიგნალო მოწყობილობა. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ორი ცალი მობილური ტელეფონი ,,სამსუნგის“ ფირმის და ორი ცალი სასიგნალო მოწყობილობა. ნივთიერი მტკიცებულება მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე.
2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.8. სასამართლომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ვ--–----------------ს მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ვ--–----------------, 2015 წლის 20 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ------------–- მდებარე ,,თ---–--------––-“ არსებულ ჰიპერმარკეტ ,,კ--------------“ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მობილურ ტელეფონებს. თუმცა მისი ქმედება შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ. ვ--–----------------ს ქმედების შედეგად კი დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა 576 (ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.9. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე SUOMINEN V. FINLAND, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე VAN DE HURK V. THE NETHERLANDS, №16034/90; 19/04/1994; §61); მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე GEORGIADIS V. GREECE, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.10. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე:
· ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები ვ--–----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად;
· საქმეზე დასაშვებად ცნობილი ნივთიერი მტკიცებულებები - მობილური ტელეფონები არ არის საპროცესო ნორმათა დაცვით მოპოვებული.
2.10.1. ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები ვ--–----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად - დაცვის მხარის ამ არგუმენტთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, თვითმხილველმა მოწმე ა-–----------------–---- ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილზე მან შენიშნა ვ--–----------------, რომელიც ცდილობდა შპს ,,მ-------------------“ ნივთების დაუფლებას. ამასთან არ არსებობს თვითმხილველი მოწმის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან იგი სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით. ამასთან, მოწმის ჩვენება იყო სრულყოფილი და თანმიმდევრული. საქმეზე ასევე წარმოდგენილია ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ბრალდებულს დაცვის თანამშრომლის მიერ შეჩერების მომენტში თან ჰქონდა. მოცემული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, ირიბ მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში, აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის დადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.10.2. საქმეზე დასაშვებად ცნობილი ნივთიერი მტკიცებულებები - მობილური ტელეფონები არ არის საპროცესო ნორმათა დაცვით მოპოვებული. დაცვის მხარის არგუმენტის თანახმად, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ნივთის ნებაყოფლობით წარმოდგენას, ამიტომ გამომძიებელის მიერ ნივთის დათვალიერების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედება - ამოღება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედება მობილური ტელეფონების დათვალიერება განხორციელდა 2015 წლის 20 დეკემბერს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს დათვალიერების ოქმის შედგენის წესს, კერძოდ: დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის მოთხოვნათა თანახმად განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერება, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, ნივთიერი მტკიცებულების კანონის შეუსაბამო გზით მოპოვების თაობაზე.
2.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ--–----------------- ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–-----------------, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით (დაცვის თანამშრომლის ჩარევის შედეგად ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა), ჩაიდინა შპს ,,მ----------------“ კუთვნილი ორი ცალი მობილური ტელეფონის ქურდობის მცდელობა.
3.3. რაც შეეხება ვ--–----------------ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ქურდობას რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც შესაძლოა გამოეწვია ვ--–----------------ს მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებული შპს ,,მ----------------“ წარმომადგენლის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ ნივთების საერთო ღირებულება, რომელთა ფარულად დაუფლებასაც ცდილობდა ვ--–----------------, შეადგენს 576 ლარს.
3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ვ--–----------------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - სამიდან ხუთ წლამდე. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ--–----------------- ბოლომდე ვერ მიიყვანა მის მიერ წინასწარ განზრახული ქმედება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, მისი ქმედება შემჩნეულ იქნა შპს ,,მ----------------“ დაცვის თანამშრომლის მიერ; სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ყველა ნივთი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული, სამართალდამცავების მიერ მოპოვებულ იქნა და სასამართლოს მიერ საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდება დაზარალებულს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან და ამასთან, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარეომოება არ გამოკვეთილა.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–---------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით.
5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· მობილური ტელეფონები და სასიგნალო მოწყობილობები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, შპს ,,მ---------------“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ვ--–---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
ვ--–----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· მობილური ტელეფონები და სასიგნალო მოწყობილობები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, შპს ,,მ---------------“.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულ ვ--–---------------- უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი