განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
330100118002765314
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5525-18

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

31 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი, ნატო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–-----------

სტაჟიორ-პროკურორი - ი-----------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ფ----------------

 

ბრალდებული - ო------–------, დაბადებული - 1----–-–-------------, აზერბაიჯანის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ-------------------------------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ------–---------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანანო შეღწევით); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით).

 

თარჯიმანი - ვ-----–--------------, ე-–---------------, ე-–-------------, ფ-------------------, ს--–--------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, ო------–-------- უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე მ------------------------–---–---- საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტექნიკას, ძვირფასეულობას, ფულად თანხასა და სხვადასხვა პირად ნივთებს. აღნიშნული ქმედებით მ------------------------–---–--- მიადგათ 1985 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.2. 2018 წლის პირველ ნოემბერს, ო------–-------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ვ------–-----------------–- მდებარე თ-----------–----- კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახლში არსებულ ნივთებს, თუმცა თ-----------–----- აქტიური ქმედებით, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ო------–-------- ქმედების შედეგად თ-----------–---- შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანანო შეღწევით

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------------–---–-- განმარტა, რომ დედასთან - ვ---------------–---–---- ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში გააღვიძა ვ---------------–---–-- და უთხრა, რომ მათი საცხოვრებელი სახლის ქვედა სართულიდან შემოესმა ხმაური. იგი ადგა და დედასთან ერთად გავიდა გარეთ (თავდაპირველად გავიდა ვ---------------–---–-, ხოლო შემდეგ - თავად) რა დროსაც დედამისმა შენიშნა პირი, რომელიც მათი ეზოდან გარბოდა ღია ჭიშკარში. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გასაყიდად შეძენილი დუტის ქურთუკები. მოწმემ დაადასტურა, რომ სახლიდან წაღებული იყო მიკროტალღური ღუმელი, ლეპტოპი, ფულადი თანხა საერთო ჯამში დაახლოებით 500 ლარის ოდენობით, გასაყიდი დუტის ქურთუკები, ვერცხლის სამკაულები, ასევე მისი დისშვილის კუთვნილი პლასტიკური ბარათები. ამის შემდეგ, მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ძაღლებთან ერთად. საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ძაღლების მიერ იქნა აღმოჩენილი მათი სახლიდან წაღებული ნივთების ნაწილი. მოწმის განმარტებით, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 2000 ლარს.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ვ---------------–---–-- განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ქვედა სართულიდან შემოესმა ხმაური. იგი სწრაფად გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა პირი, რომელიც გარბოდა მისი სახლის ეზოდან. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გასაყიდად შეძენილი დუტის ქურთუკები. იგი გაეკიდა ბრალდებულს, თუმცა ვერ დაეწია. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა, რომ მათი სახლიდან წაღებული იყო მიკროტალღური ღუმელი, ლეპტოპი და სხვადასხვა პირადი ნივთები.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ---–-----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 28 წელი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში. მომხდარი ქურდობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, გამთენიისას. მოწმემ დაადასტურა, რომ ქურდობის შედეგად მ------------–---–-- კუთვნილი ნივთების გარდა, დაიკარგა მისი კუთვნილი პლასტიკური ბარათები.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს დეიდამისისგან შეიტყო ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ქურდობის თაობაზე. მან აღნიშნული ფაქტი შეატყობინა 112-ის სამსახურს.

 

2.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (30.10.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც ამოიღეს ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, კვების პროდუქტები, მცირე ზომის ვიდეო კასეტები, ლითონის საგანი, შავი მონიტორი და ხის ზარდახშა. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.7. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე (მდებარე: ი-----------–------------–----------------ის მიმდებარე ტერიტორია) არსებული მონიტორის წარწერის ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი №12 იდენტურია ო------–-------- (დაბადებული: 25.03.1---- მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდისა.

 

2.8. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ------------–---–--. მანვე განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 0---- საათზე, შეტყობინების საფუძველზე გავიდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში. შემთხვევის ადგილზე მისულს დაზარალებულმა განუმარტა, რომ მის სახლში შესული იყო უცხო პირი, რომელმაც მოიპარა საოჯახო და სხვადასხვა პირადი ნივთები. მოწმემ დაადასტურა, რომ სახლი იყო არეულ მდგომარეობაში. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა სამზარეულოს იატაკის ზედა ნაწილიდან და იმ ოთახიდან, სადაც კარადის უჯრა იყო გამოწეულ მდგომარეობაში, აიღეს სუნის ნიმუშები.

 

2.10. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ო------–--------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია.

 

2.11. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - მ------------------.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა------------------- ჩვენებით დგინდება, რომ კუთვნილი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ვ------–-----------------–-, მიქირავებული ჰქონდა ორი ადამიანისთვის (მათ შორის ერთ-ერთი იყო ბრალდებული). მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მისულ გამომძიებლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე თანხმობა განუცხადა.

 

2.13. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით (02.11.2018) დგინდება, რომ ო------–-------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ორი ყელსაბამი, ერთი მრგვალი ფორმის ჯვარი და მუქი ტყავისებრი სამაჯური; აგრეთვე ერთი მუქი ქურთუკი, ერთი ალბომი, ორი ფოტოსურათი, ერთი ცალი მუქი საფულე, ქვითარი მასზე არსებული წარწერით, მომცრო ზომის ფურცლები მასზე არსებული წარწერით და პლასტიკური ბარათები.

 

2.14. ნივთის ამოცნობის ოქმით (02.12.2018) დგინდება, რომ მ------------–---–-- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ის ქურთუკი, რომელიც 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში დაუდგენელმა პირმა მოიპარა მისი საცხოვრებელი სახლიდან. ამომცნობმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ბეწვიანი ე.წ. „კაპიუშონით“, ცისფერი იარლიყით და ქურთუკის წინა მხარეს დატანილი წარწერით.

 

2.15. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (02.12.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ო------–-------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებული პლასტიკური ბარათები, რომელთაგან ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი არის შემდეგი აღწერილობის: 1) გამოცდების ეროვნული ცენტრის ბარათი, რომელზეც აღბეჭდილია ლ---–-----------–---–-- ფოტო და ბეჭდური ასოებით ქართულ ენაზე აწერია ლ---–-----------–---–-, საგამოცდო ცენტრი ქ. თბილისი საქართველოს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.), ლ---–-----------–---–-- პირადი ნომერი 0---------- და ბარათის ნომერი 0--------; 2) „სახალხო ბანკის“ ვიზა ელექტრონის ბარათი, რომელზეც ლათინური ბეჭდური შრიფტით აწერია “C-------------------” და დატანილია ნომერი 4---------------. ბარათის მეორე მხარეს აღბეჭდილია ლ---–-----------–---–-- ფოტო და პირადი მონაცემები (რეკვიზიტები); 3) „თიბისი ბანკის“ ვიზა ელექტრონის პლასტიკური ბარათი, რომელზეც ლათინური ბეჭდური შრიფტით აწერია "L-------------------" და ნომერი 4---------------; 4) „თიბისი ბანკის“ ვიზა ელექტრონის პლასტიკური ბარათი, რომელზეც ასევე ლათინური ბეჭდური შრიფტით აწერია "L-------------------" და ნომერი 4---------------. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერებაში მონაწილე ლ---–-----------–---–-- განმარტებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული პლასტიკური ბარათები არის მისი საკუთრება, რომლებიც ინახებოდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–---------------–-- დეიდამისის - მ------------–---–-- საცხოვრებელ სახლში.

 

2.16. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: გ-------------–---–-, გ--------------–---–-, ე---–----------, ი-----–--------–--- და გ-----------–--–-–---–-, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ე-–--------------- და უ-------------- დაადასტურეს მათი, როგორც თარჯიმნის მონაწილეობა ო------–-------- სისხლის სამართლის საქმეში. ორივე მათგანმა დაადასტურა მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე. უ-------------- დამატებით განმარტა, რომ მართალია მას თარჯიმნის ლიცენზია არ აქვს, თუმცა სრულყოფილად ფლობს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა თარჯიმნად.

 

2.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ო------–-------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით

 

2.19. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ თ-----------–----- ჩვენებით დგინდება, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ------–-----------------–-. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, რა დროსაც შემოესმა ხმაური. იგი მივიდა ფანჯარასთან აანთო სინათლე, თუმცა ვერაფერი დაინახა და დაბრუნდა იმავე სართულზე არსებულ საძინებელში. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ კვლავ შემოესმა ხმაური, რომელიც გამოწვეული იყო აივნის კარის ბრახუნით. იგი ადგა და გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა ბრალდებული. ეს უკანასკნელი სწრაფად გადახტა მეორე სართულის აივნიდან (მოწმის განმარტებით, აივნიდან გადახტომა შესაძლებელია სახურავზე, იქიდან კი - ღობეზე). მას გაეკიდნენ თავად და მისი შვილი. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ პირს გარეთ ელოდებოდა სხვა პირი, რომელიც გაქცეულს გაჰყვა სირბილით. მალევე გარეთ გავიდა მოწმის მამაც. თავად ჩაჯდა ქუჩაში მდგარ საკუთარ ა/მანქანაში და დაედევნა დამნაშავესა და მის თანმხლებ პირს. აღნიშნულმა პირებმა სწრაფად გააჩერეს ვერცხლისფერი ტაქსი და სცადეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, თუმცა მოწმემ მათ საკუთარი ა/მანქანით გადაუჭრა გზა, რის შემდეგაც აღნიშნული პირები იძულებულნი გახდნენ გადმოსულიყვნენ ტაქსიდან. მოწმემ ისინი სახლისკენ წამოიყვანა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელიც გამოიძახა მამამისმა. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მის მიერ შეჩერებული პირი. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი სახლის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლებიც ინფორმაციას დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში იმახსოვრებენ. იმის გამო, რომ არ წაშლილიყო შემთხვევის დღეს გაკეთებული ჩანაწერები, შეეცადა ჩანაწერების კომპიუტერში დამოუკიდებლად გადაწერას, თუმცა არასწორად განხორციელებული პროცედურის გამო, არსებული ჩანაწერი სრულად წაიშალა.

 

2.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე რ-------------–----- ჩვენებით დგინდება, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ------–-----------------–-. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შენიშნა ოთახის კარის გაღება. მალევე ოთახში შევიდა მისთვის უცნობი პირი, რასაც მამამისის მხრიდან მოჰყვა აღნიშნულ პირზე დადევნება. მალევე თავადაც გავიდა აივანზე, რა დროსაც შენიშნა მეორე უცნობი ადამიანიც, თუმცა მისი სახე არ დაუნახავს. ეზოში მისი ჩასვლის მომენტში მამამისი იჯდა ა/მანქანაში. მათ მალევე შეიპყრეს დამნაშავე.

 

2.21. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (02.11.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა თ-----------–----- კუთვნილი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, მდებარე: ქ. თბილისში, ვ------–-----------------–-. თ-----------–----- სახლის შესასვლელი კარის გარეთა მხრიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბუნებრივი აირის მილი. ჯ---------–----- განმარტებით, სწორედ აღნიშნული მილის საშუალებითა და ღობეზე გადაძრომით შეაღწია მისთვის უცნობმა ორმა პირმა მისი და მისი შვილის - თ-----------–----- საცხოვრებელ სახლში. ეზოში შესასვლელი კარის მიმდებარედ და ეზოს შიგნით განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეოკამერა. სამეთვალყურეო ვიდეოკამერა აგრეთვე განთავსებულია ეზოში არსებული სახლის მეორე სართულზე, რომელიც ჯ---------–----- განმარტებით, მისთვის უცნობმა პირებმა მოტეხეს იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ მის საცხოვრებელ სახლში შეღწევას. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის განმარტებით, სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს ის პირი, რომელმაც დააზიანა კამერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები.

 

2.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლის გ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომელთაც ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შეჩერებული ჰყავდათ ერთი პირი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული პირი ცდილობდა მისი სახლის გაქურდვას. მან და მისმა თანამშრომლებმა აღნიშნულ პირს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.

 

2.23. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ვ-------------------. მანვე დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, თარჯიმნის გამოძახება მოხდა მისი მეშვეობით, იმ თარჯიმანთა ბიუროდან, რომელიც ემსახურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

2.24. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, საგამოძიებო ორგანოში შესული შეტყობინების საფუძველზე, თავის თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, ვ------–-----------------–-. შემთხვევის ადგილზე მისულს დაზარალებულმა განუმარტა, რომ სახლში ყოფნის დროს შემოესმა ხმაური. ამ უკანასკნელმა საკუთარი სახლის აივანზე დაინახა უცხო პირი, რომელიც ცდილობდა სახლში შესვლას, თუმცა მისი დანახვისას გაიქცა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამნაშავეს სახლში არ შეუღწევია, სუნის ნიმუში აღებულ იქნა უშუალოდ იმ ადგილიდან, სადაც იდგა დამნაშავე.

 

2.25. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და ექსპერტ მ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ო------–--------გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია.

 

2.26. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ე-–--------------- და უ-------------- დაადასტურეს მათი, როგორც თარჯიმნის მონაწილეობა ო------–-------- სისხლის სამართლის საქმეში. ორივე მათგანმა დაადასტურა მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე. უ-------------- დამატებით განმარტა, რომ მართალია მას თარჯიმნის ლიცენზია არ აქვს, თუმცა სრულყოფილად ფლობს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა თარჯიმნად.

 

2.27. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: გ--------------- და გ---------------------, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

2.28. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ო------–-------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში გამოვიდა სახლიდან (მდებარე: ქ. თბილისში, ვ------–-----------------–-), რა დროსაც მალევე დააკავეს პოლიციელებმა. ის მიიყვანეს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან, თუმცა დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მოწმის თქმით, მასთან ერთად იდგა ორი ბრალდებული, რომლებიც შევიდნენ საცხოვრებელ სახლში, თუმცა იქიდან გამოვიდა მხოლოდ ერთი პირი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლში. ამ უკანასკნელს პოლიციელებმა მიუთითეს მასზე და ჰკითხეს განახორციელა თუ არა მან თუ ქურდობა, რაზეც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამის შემდეგ, მან მალევე დატოვა ტერიტორია, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ ქურთუკი დარჩა ა/მანქანასთან. იგი დაბრუნდა, თუმცა პოლიციელებმა იგი დააკავეს. დაკავების მომენტში მას თარჯიმნის მომსახურებით არ უსარგებლია. მოწმემ დაადასტურა, რომ დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერია, ვინაიდან არ ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც აუხსნიდა დოკუმენტში ასახული ინფორმაციის შინაარსს. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულ თ-----------–----- სახლში არ შესულა.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

3.3. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ო------–-------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანანო შეღწევით; აგრეთვე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

3.4. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს ქურდობის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. ქურდობის შემადგენლობის დროს აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ასევე ადგილი ექნება ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის რეალური შესაძლებლობა, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

3.5. ო------–--------თვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო თანმიმდევრულად მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების ვ---------------–---–-სა და მ------------–---–-- ჩვენებებზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაინახეს დამნაშავე, რომელსაც მათი კუთვნილი ნივთები გაჰქონდა მათივე სახლიდან. მოწმეთა აღნიშნული განმარტების სისწორეზე მეტყველებს, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ პ-------------- ჩვენება, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა მოუთხრო, თუ როგორ დაინახა უცნობი პირი, რომელიც გარბოდა მისი სახლის ეზოდან. ამასთან, საყურადღებოა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც დეტალურად ასახავს ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და აღნიშნული სახლის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობას. სახლში შეინიშნებოდა არეულობის კვალი, ხოლო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ვინაიდან აღნიშნული ნივთების ნაწილი იყო დაზარალებულების საკუთრება, ამასთან, მათ მაშინვე იცნეს თავიანთი ნივთები, დამატებითი საგამოძიებო მოქმედება - ნივთის ამოცნობა აღარ ჩატარებულა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ნივთის ამოცნობის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით და თავის მხრივ განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ნახეს თავიანთი ნივთები, ნივთის ამოცნობის ჩატარება, იქნებოდა გაუმართლებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოიწვევდა სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად გაჭიანურებას.

 

3.6. მართალია დაზარალებულებს დამნაშავე სახეზე არ დაუნახავთ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ უკანასკნელის ამოცნობის საფუძველი, თუმცა ცალკე აღებული აღნიშნული ფაქტი, ბრალდებულ ო------–-------- უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ შეიძლება მივიჩნიოთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის. იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ო------–-------- მოიპარა ვ---------------–---–-სა და მ------------–---–-- სახლიდან მათი კუთვნილი ნივთები, ადასტურებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში აღმოჩნდა ო------–-------- სუნის კვალის ნიმუშის იდენტური.

 

3.7. ბრალდებულ ო------–-------- ბრალეულობას ადასტურებს მისივე დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმიც, რა დროსაც ამოღებული ქურთუკი ამოიცნო დაზარალებულმა მ------------–---–--. ამ უკანასკნელმა ამოცნობის ოქმში დეტალურად მიუთითა ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალურ-გვარეობითი ნიშან-თვისებები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამოცნობის ოქმის სისწორეს (იხ. პუნქტი 2.14.). სასამართლოსთვის აგრეთვე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული პლასტიკური ბარათები იყო ლ---–-----------–---–-- საკუთრება. მფლობელის ვინაობა დასტურდება თავად ბარათებზე აღბეჭდილი წარწერებით. ნიშანდობლივია, რომ ბარათის კუთვნილების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ---–-----------–---–--–, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში. სწორედ ამან განაპირობა მისი კუთვნილი ნივთების შემთხვევის ადგილზე არსებობა.

 

3.8. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო------–-------- ჩაიდინა დაზარალებულების ვ---------------–---–-სა და მ------------–---–-- კუთვნილი ნივთების ქურდობა. აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი მომდევნო დანაშაულის მტკიცებულებებს, ხოლო შემდეგ, იმსჯელებს წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე.

 

3.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-----------–----- ბინის ქურდობის მცდელობის ნაწილშიც, მსგავსად პირველი დანაშაულებრივი ქმედებისა, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის. უპირველესად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირის - თ-----------–----- და მისი შვილის - რ-------------–----- ჩვენებებზე, ვინაიდან ისინი დანაშაულებრივი ფაქტის შემსწრე პირები არიან. ჩვენების მიცემისას თ-----------–----- დეტალურად აღწერა, თუ როგორ დაინახა სახლში შესული პირი, რომელიც მის დანახვაზე გაიქცა. აღნიშნულ პირს, რომელიც გადახტა აივნიდან და სცადა თანამზრახველთან ერთად მიმალვა (თ-----------–----- დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ელოდებოდა ეზოში), გაეკიდა უმალვე. ეზოდან გასვლის შემდეგ, იგი სწრაფად ჩაჯდა საკუთარ ა/მანქანაში და გზა გადაუჭრა ტაქსს, სადაც თანამზრახველთან ერთად ჩაჯდა ის პირი, ვინც მის სახლში ჩუმად შეპარვას ცდილობდა. მისმა ქმედებამ დამნაშავეები იძულებული გახადა გადმოსულიყვნენ ტაქსიდან. ამის შემდეგ, იგი შეეცადა აღნიშნული პირების სახლისკენ წაყვანას, რა დროსაც ერთი მათგანი გაიქცა. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ბრალდებულის სახით დააკავა მის მიერ შეპყრობილი ერთი პირი. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დააფიქსირა თავის ჩვენებაში ფაქტის უშუალო შემსწრე რ-------------–-----–, რაც კიდევ უფრო ამყარებს დაზარალებულის ჩვენებას. დაზარალებულის ჩვენებას სიმყარეს მატებს შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციელთა - გ----------------ა და ვ------------------- ჩვენებებიც, რომლითაც დასტურდება დაზარალებულის მიერ ბრალდებულის შეპყრობის ფაქტი. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენება, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ო------–-------- ყოფნა თ-----------–----- საცხოვრებელი სახლის შიდა ტერიტორიაზე - კარების ზღურბლთან.

 

3.10. ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ იგი უმიზეზოდ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებიდან დაზარალებულის ან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრალდებულის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ იკვეთება.

 

3.11. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების დროს არ მონაწილეობდა თარჯიმანი, ვინაიდან თარჯიმნის მონაწილეობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა - ე-–---------------- და ი--------------- ჩვენებებით. იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პირები ნამდვილად მონაწილეობდნენ ბრალდებულ ო------–-------- მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში თარჯიმნად, ადასტურებს მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმებიც. ო------–-------- დაკავების მომენტში თარჯიმნის მონაწილეობას ადასტურებს მოწმე ვ------------------–, რომელმაც თარჯიმანთა ბიუროდან გამოიძახა თარჯიმანი.

 

3.12. სასამართლო ო------–-------- ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლზე, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება ქურდობის მცდელობის ნიშნების შემცველია. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.

 

3.13. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ო------–-------- განზრახვა -დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს, გამოიხატა აღნიშნულ სახლში შეღწევაში, რაც მეტყველებს მის მტკიცე და ურყევ სურვილზე, დაუფლებოდა ქ. თბილისში, ვ------–-----------------–- მდებარე სახლში არსებულ ნივთებს. მიუხედავად მისი მხრიდან საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებისა, ბრალდებულმა დაიწყო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება - იგი აივნის მეშვეობით შევიდა თ-----------–----- საცხოვრებელ სახლში, თუმცა საკუთარი განზრახვა - დაუფლებოდა აღნიშნულ სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს, ვერ მოიყვანა სისრულეში. აღნიშნულის მიზეზი იყო თ-----------–-----ა და მისი ოჯახის წევრების დროული რეაქცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ არა აღნიშნული პირები და მათი მყისიერი რეაგირება, ო------–------ი თანამზრახველთან ერთად დაეუფლებოდა დაზარალებულის სახლში არსებულ ნივთებს.

 

3.14. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ბრალდებულ ო------–-------- ქმედებაში ქურდობის მცდელობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმთა არსებობას.

 

3.15. ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ო------–-------- მიერ ქურდობის მცდელობის განხორციელებაც, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

3.16. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო------–-------- მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მ------------------------–---–--- მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 2000 ლარს. აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ „მნიშვნელოვანი ზიანისთვის“ დაწესებულ მინიმალურ ნიშნულს. ამასთან, მართალია დაზარალებულის მიერ დასახელებული თანხა აღემატება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ზიანის ოდენობას (1985 ლარი), თუმცა სასამართლო ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ზიანის ოდენობას დაადგენს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოცემული ოდენობით.

 

3.17. რაც შეეხება ო------–--------თვის ბრალად წარდგენილ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ბინაში უკანონო შეღწევით, შეღწევა უკანონოა, თუკი იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში ნათლად დგინდება, რომ დანაშაულებრივი ქმედების ორივე ეპიზოდში ო------–------ს არ გააჩნდა არც მესაკუთრის თანხმობა და არც კანონით მინიჭებული უფლება შესულიყო ამ უკანასკნელთა საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად, შეაღწია დაზარალებულთა საცხოვრებელ სახლში.

 

3.18. სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულსა და მის თანამზრახველებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება, თ-----------–-----ა და რ-------------–----- (ფაქტის უშუალო შემსწრე პირების) ჩვენებებით. აღნიშნულმა პირებმა თვალნათლივ დაინახეს ო------–-------- თანამზრახველი, რომელიც მათივე სახლის ეზოში უცდიდა ბრალდებულს, შემდეგ კი მასთან ერთად გაიქცა.

 

3.19. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ო------–-------- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ო------–------ს, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამდენად, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.3. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ო------–-------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებულის მიერ განხორციელებული ორივე დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ღამის საათებში, ბინაში უკანონო შეღწევით); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული); დამდგარ შედეგს (დანაშაულებრივი ქმედების ერთ ეპიზოდში ო------–-------- და მისმა თანამზრახველმა ვერ მოახერხეს საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხოლო მეორე ეპიზოდში დაზარალებულს ბრალდებულის ქმედების შედეგად მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით, სხვისი ნივთების დაუფლებას); აგრეთვე, დამნაშავის პირად პირობებს (ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას).

 

4.4. სასამართლო 4.3. პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ო------–-------- რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას სასჯელად თითოეული დანაშაულისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სანქციის ზედა ფარგლებში. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი. სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· სამი დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები, ხელის კვალის ნიმუშები, ლითონის საგანი და ო------–--------გან აღებული სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: კვების პროდუქტები, მცირე ფორმატის ვიდეო კასეტები, „ფილიპსის“ ფირმის კომპიუტერის მონიტორი, ერთი ზარდახშა და მიკროტალღური ღუმელი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· თ-----------–-----გან ამოღებული ე.წ. „დივიარი“ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ორი ე.წ „ცეპი“, ერთი სამაჯური და ერთი ჯვარი, ერთი ქურთუკი, ერთი ალბომი, ორი ფოტოსურათი, ქაღალდის ფურცლები, საფულე და პლასტიკური ბარათები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ო------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 ნოემბრიდან.

 

ო------–-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

· სამი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები, ხელის კვალის ნიმუშები, ლითონის საგანი და ო------–--------გან აღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: კვების პროდუქტები, მცირე ფორმატის ვიდეო კასეტები, „ფილიპსის“ ფირმის კომპიუტერის მონიტორი, ერთი ზარდახშა და მიკროტალღური ღუმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· თ-----------–-----გან ამოღებული ე.წ. „დივიარი“ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ორი ე.წ „ცეპი“, ერთი სამაჯური და ერთი ჯვარი, ერთი ქურთუკი, ერთი ალბომი, ორი ფოტოსურათი, ქაღალდის ფურცლები, საფულე და პლასტიკური ბარათები -დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი