გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5483-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელეები - ვ-–-------------–--ე
წარმომადგენელი - პ------------ე
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვ-–-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის - 37472 (ოცდაჩვიდმეტიათასოთხასსამოცდათორმეტი) ლარის ანაზღაურება. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება ს.ფ.44-55).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 8 ივლისის №1--- მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2011 წლის 21 ივლისს სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 36235კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5------------
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №--- ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ-–-------------–--ემ იყიდა კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ნაგებობებით ან/და მრავალწლიანი ნარგავებით, მდებარე სოფელ ე-----–ში 3.6235ჰა სახნავი ს/კ 5------------ საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 4027 (ოთხიათასოცდაშვიდი) ლარი.
საპრივატიზებო საფასური ვ-–-------------–--ემ გადაიხადა ორ ნაწილად - 2011 წლის 28 სექტემბრის №7 საგადახდო დავალებით 1208 ლარი, ხოლო 2011 წლის 28 ოქტომბერს №8 საგადახდო დავალებით გადაიხადა 2819 ლარი.
საჯარო რეესტრში 2011 წლის 3 ნოემბერს ვ-–-------------–--ის საკუთრებაში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის განცხადება (ს.ფ.91);
- კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 27 მაისის №1037 წერილი (ს.ფ.92-93);
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ.94-95);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.101-102);
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №--- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.103-108);
- 2011 წლის 28 სექტემბრის №7 საგადახდო დავალება (ს.ფ.109);
- 2011 წლის 28 ოქტომბერს №8 საგადახდო დავალება (ს.ფ.110);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.13).
3.2. კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 8 აგვისტოს №1--- მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2011 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 5147კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5-----------.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 15 დეკემბრის №--- ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ-–-------------–--ემ იყიდა კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ნაგებობებით ან/და მრავალწლიანი ნარგავებით, მდებარე სოფელ ე-----–ში 0.5147ჰა სახნავი ს/კ 5-----------. საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 567 (ხუთასსამოცდაშვიდი) ლარი.
საპრივატიზებო საფასური ვ-–-------------–--ემ გადაიხადა ორ ნაწილად - 2011 წლის 8 ნოემბრის საგადახდო დავალებით 155 ლარი, ხოლო 2011 წლის 15 დეკემბრის საგადახდო დავალებით 412 ლარი.
საჯარო რეესტრში 2012 წლის 7 აგვისტოს ვ-–-------------–--ის საკუთრებაში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის განცხადება (ს.ფ.145);
- საკადასტრო აზმოვმა (ს.ფ.149);
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ.150-151);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.154-156);
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 15 დეკემბრის №--- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.161-166);
- 2011 წლის 8 ნოემბრის საგადახდო დავალება (ს.ფ.168);
- 2011 წლის 15 დეკემბრის საგადახდო დავალება (ს.ფ.167);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 15 დეკემბრის №-------- წერილი (ს.ფ.169);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.88-89).
3.3. კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 8 აგვისტოს №1--- მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2011 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 17285კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5------------
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ-–-------------–--ემ იყიდა კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ნაგებობებით ან/და მრავალწლიანი ნარგავებით, მდებარე სოფელ ე-----–ში 1.7285ჰა სახნავი ს/კ 5------------ საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 1902 (ერთიათასცხრასორი) ლარი.
საპრივატიზებო საფასური ვ-–-------------–--ემ გადაიხადა ორ ნაწილად - 2011 წლის 28 სექტემბრის №5 საგადახდო დავალებით 519 ლარი, ხოლო 2011 წლის 28 ოქტომბერს №9 საგადახდო დავალებით გადაიხადა 1383 ლარი.
საჯარო რეესტრში 2011 წლის 3 ნოემბერს ვ-–-------------–--ის საკუთრებაში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის განცხადება (ს.ფ.129);
- საკადასტრო აზმოვმა (ს.ფ.130);
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ.131-132);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.133-135);
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.138-142);
- 2011 წლის 28 სექტემბრის №5 საგადახდო დავალება (ს.ფ.143);
- 2011 წლის 28 ოქტომბერს №9 საგადახდო დავალება (ს.ფ.144);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.14).
3.4. კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 8 აგვისტოს №1--- მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2011 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 15912კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5-----------.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ-–-------------–--ემ იყიდა კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ნაგებობებით ან/და მრავალწლიანი ნარგავებით, მდებარე სოფელ ე-----–ში 1.5912ჰა სახნავი ს/კ 5-----------. საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 1752 (ათასშვიდასორმოცდათორმეტი) ლარი.
საპრივატიზებო საფასური ვ-–-------------–--ემ გადაიხადა ორ ნაწილად - 2011 წლის 28 სექტემბრის №7 საგადახდო დავალებით 478 ლარი, ხოლო 2011 წლის 28 ოქტომბერს №10 საგადახდო დავალებით გადაიხადა 1274 ლარი.
საჯარო რეესტრში 2011 წლის 3 ნოემბერს ვ-–-------------–--ის საკუთრებაში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის განცხადება (ს.ფ.111);
- საკადასტრო აზმოვმა (ს.ფ.112);
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ.113-114);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.115-117);
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.120-125);
- 2011 წლის 28 სექტემბრის №7 საგადახდო დავალება (ს.ფ.126);
- 2011 წლის 28 ოქტომბერს №10 საგადახდო დავალება (ს.ფ.127);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.15).
3.5. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (№3------ საქმეზე) – (1) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 16 სექტემბრის №1---- და №2011 წლის პირველი ნოემბრის №2-- ბრძანებების ის ნაწილები, რომლითაც ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა ყ-----–-ს რაიონის სოფ. ე-----–ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით №5------------ №5-----------. №5--------0-- და №5-----------; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 28 მარტის №------- ბრძანება.
(2) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 08 ივლისისა და 08 აგვისტოს №1---, №1--- და №1--- მიმართვები ყ-----–-ს რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ.
(3) ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 08 აგვისტოს №1--- მიმართვა ყ-----–-ს რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე 5147კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ, მესამე პირის - ყ------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-----–ის ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გზის, 952კვ.მ-ის ნაწილში.
(4) ბათილად იქნა ცნობილი ყ-----–-ს რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე მიწის ნაკვეთების - საკადასტრო კოდებით №5------------ №5-----------. და №5--------0-- რეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე ყ------–ის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 2,30 ჰა-ს და 1,6 ჰა-ს მიწის ნაკვეთების ზედდების ნაწილში.
(5) ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი №5-----------. საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული 5147კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე ყ------–ის სარეგისტრაციო სამსახურში მხოლოდ მესამე პირის - ყ------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-----–ის ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გზის, 952კვ.მ-ის ნაწილში;
(6) ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2011 წლის 28 ოქტომბრის №---, 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- და 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულებები.
(7) ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 15 დეკემბრის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №--- ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ №5-----------. საკადასტრო კოდის ქვეშ მდებარე ყ------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-----–ის ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გზის, ფართით 952კვ.მ. ნაწილში და ვ-–-------------–--ისათვის 0,5147 ჰა (ს.კ.№5-----------.) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების (საბრიგადირო სახლის) საკუთრებაში გადაცემის ნაწილში;
(8) ბათილად იქნა ცნობილი ყ-----–-ს რაიონის სოფელ ე-----–ში მდებარე მიწის ნაკვეთების - საკადასტრო კოდებით №5------------ №5-----------. და №5------------ ვ-–-------------–--ის სახელზე რეგისტრაცია ყ------–ის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 2,30 ჰა-ს და 1,6 ჰა-ს მიწის ნაკვეთების ზედდების ნაწილში.
(9) ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი №5-----------. საკადასტრო კოდის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ყ------–ის სარეგისტრაციო სამსახურში ვ-–-------------–--ის სახელზე, ყ------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-----–ის ტერიტორიაზე არსებული საერთო სარგებლობის გზის 952კვ.მ-ის ნაწილში.
აღნიშნულ გადაწყვტილებაზე, ვ-–-------------–--ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ვ-–-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება №3------ საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 თებერვალს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება №3------ საქმეზე (ს.ფ.16-25);
- თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის №3------ წერილი (ს.ფ.170);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება №3--------- საქმეზე (ს.ფ.178-198).
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის მიმართვა (ს.ფ. 177)
3.6. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობით 15912კვ.მ მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ნაკვეთის წინა ნომერი 5-----------, ს/კ 5--------225), დარეგისტრირდა ო----------------–---–ის საკუთრების უფლება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.26).
3.7. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობით 23000კვ.მ მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ნაკვეთის წინა ნომერი 5-----------, ს/კ 5--------256), დარეგისტრირდა ო----------------–---–ის საკუთრების უფლება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.27)
3.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ივნისის №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ყ-----–-ს რაიონში სოფ.ე-----–ში მდებარე ო----------------–---–ის საკუთრებაში რიცხული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა - (1) 15912ვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 5--------225 – 15323 ლარი (1კვ.მ - 0.963 ლარი); (2) 23000კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 5--------256 – 22149 ლარი (1კვ.მ - 0.963 ლარი).
საექპერტო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 200 ლარი, რომელიც გადახდილ იქნა 2017 წლის 28 ივნისს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ივნისის №0-------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.33-35);
- 2017 წლის 28 ივნისის №3--------- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.36).
3.9. ვ-–-------------–--ემ 2015 წლის 22 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გაუქმებული მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოს (სრულად ამინაზღაუროთ იგივე მიწის ფართობით) ყ------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-----–ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი და ნაკლის არ მქონე სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ს/კ 5--------030 მიწის ფართი 10,0001კვ.მ. და ს/კ 5--------212 მიწის ფართი 23,400კვ.მ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის №6------ წერილით ვ-–-------------–--ეს განემარტა სახელმწიფო ქონების შეძენის წესი და პირობები, ასევე, ეცნობა, რომ დასაზუსტებელია განკარგვის რომელი ფორმით ითხოვს ქონების გადაცემას. განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კანონით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. ვ-–-------------–--ეს განემარტა, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სამუშაო საათებში შეუძლია მივიდეს ან დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე, რა დროსაც დაინტერესებულ საკითხებზე გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ-–-------------–--ემ 2015 წლის 22 ივნისის განცხადება (ს.ფ.214-216);
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის №6------ წერილი (ს.ფ.236).
3.10. პ------------ის საადვოკატო მომსახურებისათვის ვ-–-------------–--ემ 2018 წლის 13 მარტის №1---------- სალაროს შემოსავლის ორდერით გადაიხადა 1500 ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 13 მარტის №1---------- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.211).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 70-ე, 123-ე, 128-ე, 130-ე, 144-ე, 317-ე, 976-ე, 979-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი მე-3 მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-–-------------–--ეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ 2011 წლის 28 ოქტომბრის №--- ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლება წარმოეშვა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართობით 36235კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5------------ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2011 წლის 3 ნოემბერს.
ვ-–-------------–--ეს 2011 წლის 15 დეკემბრის №--- ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლება წარმოეშვა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართობით 5147კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5-----------. საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2012 წლის 7 აგვისტოს.
ვ-–-------------–--ეს 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლება წარმოეშვა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 17285კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5------------ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2011 წლის 3 ნოემბერს.
ვ-–-------------–--ეს 2011 წლის 28 ოქტომბრის №7-- ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლება წარმოეშვა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 15912კვ.მ., მდებარე - ყ-----–-ს რაიონი, სოფელი ე-----–ი, ს/კ 5-----------. საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2011 წლის 3 ნოემბერს.
2013 წლის 11 თებერვალს კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ვ-–-------------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე - ს/კ 5--------0--; ს/კ 5--------092 და ს/კ 5-----------.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით უძრავ ქონებებზე გაუქმებული საკუთრების უფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, აღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს რაც უნდა აღინიშნოს სასარჩელო მოთხოვნაში, მათ შორის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება თავისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით სარჩელში მიუთითოს სამართლის კონკრეტული ნომრები, თუმცა ეს არ არის მხარის ვალდებულება. უფრო მეტიც, სასამართლო არ არის შებოჭილი მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით, სწორედ სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს წარმოადგენს ნორმის შეფარდება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს დელიქტურ ნორმებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, რომლის შინაარსის განსაზღვრა, ხელშეკრულების დადების და შესრულების წესი საჯარო კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებულ სფეროს განეკუთვნება. ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მხარეთა შორის და შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. განსახილველი სარჩელი კი მიმართულია ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული შესრულების შედეგად დარღვეული უფლების აღდგენისაკენ, რაც სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, მოცემული დავა უნდა გადაწყდეს უსაფუძვლო გამდიდრების დანაწესებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მიუთითა საქმის არსებით განხილვაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობით გამოწვეული უსაფუძვლო გამდიდრების სპეციალურ რეგულირებას არ მოიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თუმცა, სასამართლო თვლის, რომ 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი ფართოდ უნდა განიმარტოს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდგომ ურთიერთობაზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ კი უსაფუძვლო გამდიდრების წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ უკვე გადაცემული ქონებრივი სიკეთის უკან დაბრუნება გამოირიცხებოდა ნორმის შინაარსის სიტყვა-სიტყვით განმარტების გამო, ამით სასამართლო დაუშვებდა კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპის დარღვევას და საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმების მიზნით სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 979-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობების არსებობა.
976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მოიცავს სამართლებრივ საფუძველს ისეთი ურთიერთობისთვის, როდესაც სხვისი (ვითომ-კრედიტორის) ქონების გაზრდა მოხდა მიზანმიმართულად, ვალდებულების შესრულების მიზნით, თუმცა, ეს ვალდებულება ან იმთავითვე არ არსებობდა, მოგვიანებით გაუქმდა ან რაიმე საფუძვლით ბათილია (შესრულების კონდიქცია). ასეთ დროს უკვე განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნებისთვის აღარ არსებობს სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გამოიყენება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში, პირს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება იმ პირისაგან, რომლის გამდიდრებაც (ქონების დაზოგვაც) მოხდა უსაფუძვლოდ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამი პირობის კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, ა) სახეზე უნდა იყოს მოპასუხის გამდიდრება, ბ) ამის შესაბამისად, უნდა შემცირდეს მოსარჩელის ქონება და გ) არ უნდა არსებობდეს ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო დამატებით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია.
მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
ამავე დადგენილების მე-7 მუხლის 21 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.
მითითებული დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა განსახილველ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-–-------------–--ემ კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან შეიძინა მიწის ნაკვეთები, კერძოდ მიწის ნაკვეთში, ს/კ 5--------0--, გადაიხადა 4027 ლარი; მიწის ნაკვეთში, ს/კ 5--------092, გადახადა 1902 ლარი; მიწის ნაკვეთში, ს/კ 5-----------, გადაიხადა 1752 ლარი. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს საკუთრების უფლება აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე გაბათილდა. შესაბამისად, სახეზეა ვითომ-კრედიტორისათვის თანხის დაკისრების სამივე წინაპირობა - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქონების გაზრდა 7681 ლარის ოდენობით (4027+1752+1902), მოსარჩელის ქონების ხარჯზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით; ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ის სამართლებრივი საფუძველი, რაც მოსარჩელის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოშობდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 7681 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი. კერძოდ, მართალია ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ აქტის/ხელშეკრულების ბათილად ცნობამდე იგი ძალაშია და შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა უფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის/ხელშეკრულების არამართლზომიერად ცნობა ადასტურებს აქტის გამოცემის/გარიგების დადების მომენტიდანვე მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების და წარმოშობილი შედეგების არამართლზომიერებას. ბათილი გარიგების შესრულების შედეგად ადგილი ჰქონდა ქონების უსაფუძვლოდ შეძენას, სხვა პირის ხარჯზე ქონების გაზრდას. ბათილობა იწვევს ორმხრივ რესტიტუციას, რომლის შედეგად მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც მათ მიიღეს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სასამართლოს მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობამდე ისინი მიიჩნეოდა ნამდვილად, თუმცა ფაქტობრივად უძრავი ნივთის თვითმმართველი ერთეულის სახელზე აღრიცხვა, გასხვისება და ახალ შემძენზე საკუთრების რეგისტრაცია იმთავითვე იყო არამართლზომიერი, რაც მოგვიანებით დადასტურდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებებით, ამდენად, უფლებადამდგენი დოკუმენტაციის კანონშეუსაბამობის, აქტების გამოცემის/გარიგების დადების მომენტიდან ბათილად ცნობის გამო მოსარჩელის საკუთრების უფლება არ წარმოშობილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–-------------–--ემ შესრულება განახორციელა სათანადო საფუძვლის არსებობის გარეშე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლისა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოქმნის სადავო მიწის ნაკვეთის შესაძენად გაწეული ხარჯის და არა ნაკვეთის საბაზრო ღირებულების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი 5--------0--, 5--------092, 5----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 ივნისის №0-------- ექსპერტის დასკვნით შეფასებული ოთარ არჯავნიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მითითება ადმინისტრაციული ორგანოების არაბრალეულობის შესახებ არარელევანტურია, რადგან შესრულების კონდიქციის არსებობისას, აუცილებელი არ არის ურთიერთობის სუბიექტთა ბრალეულობის დადგენა, ვითომ-კრედიტორისათვის (თანხის მიმღებისთვის) ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული სიკეთის უკან დაბრუნება ხორციელდება შესრულების - თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის უკანონობის და არა ვალდებულებითი ურთიერთობის მხარეთა ბრალეული ქმედების გამო. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №ბს-818-810(2კ-16) საქმეზე).
6.2. დავის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხის შეფასება, რადგან მოპასუხე ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს, ხოლო თუკი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის მითითება ხანდაზმულობაზე გამორიცხავს თუნდაც კანონიერი მოთხოვნის განხორციელებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს...“ (იხ. STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „...სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას...“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სწორედ ხანდაზმულობის ინსტიტუტის მოქმედება სამოქალაქო სამართალში, ვინაიდან შეუძლებელია, მოვალე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად იყოს კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის წარდგენის მოლოდინში. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არარსებობა გამოიწვევდა კრედიტორების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და შედეგად - სამართლებრივად არასტაბილურ, განსაზღვრულობას მოკლებულ სამოქალაქო ბრუნვას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ზემოდასახელებული სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები და არა დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რადგან ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ვადას, ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს, მათ შორის, უსაფუძვლო გამდიდრებაც.
როგორც ზემოთ აღინიშნა, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებისთვის კანონი არ აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით მოეთხოვა უკვე შესრულებულის უკუქცევა, წარმოიშვა მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. დავას არ იწვეს ის ფაქტი, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება №3------ საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 თებერვალს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო, რომელიც პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 16 თებერვალი უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის მომენტად. ვ-–-------------–--ემ კი სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის გამოთვლის წესის მიხედვით, მოსარჩელეს ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში აქვს აღძრული სარჩელი. შესაბამისად, ზემომითითებული სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება და მათი განხორციელება ვადის გასვლის გამო ვერ დაბრკოლდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1124.16 (ერთიათასასოცდაოთხი ლარი და 16 თეთრი) ლარი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან შეფარდებით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის საერთო მოცულობის პროპორციული თანხაა 20.5 (ოცი ლარი და 50 თეთრი) ლარი, რომლის მოსარჩელისთვის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე ითხოვს საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 1 500 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო, გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება დადასტურებული და აუცილებლობით გაწეული ხარჯი. ამასთან, საპროცესო ხარჯი წარმოადგენს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის 1 500 ლარის გადახდა, ამდენად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს მოსარჩელის მიერ გაღებული საადვოკატო ხარჯი - 1500 (ათასხუთასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ვ-–-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვ-–-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 7 681 (შვიდიათასექვსასოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვ-–-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1500 (ათასხუთასი) ლარის ანაზღაურება;
4. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 20.5 (ოცი ლარი და 50 თეთრი) ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე