გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2019
საქმის ნომერი
820210019003084706
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN820210019003084706 (2-381/2019)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - ხ------------------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - თ------------ე

მოპასუხე - ვ-----–-------–--ე

მოპასუხის წარმომადგენელი - ლ------–--------------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვ-----–-------–--ეს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილების გ-------–------–--ის (პ/ნ 6----------) და მ----–-------–--ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულზე 450 ლარის ოდენობით მთლიანობაში თვიურად 900 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან სრულწლოვანებამდე.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხ-----------------ე და ვ-----–-------–--ე დაქორწინდნენ 2----–-–------------ს. 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი მ----–-------–--ე, ხოლო 2----–-–------------ს გ-------–------–--ე. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება, მათ უნდა ამყოფონ შვილები ნორმალური განვითარებისათვის საჭირო პირობებში. ეს ვალდებულება ეკისრება, როგორც დედას, ისე მამას. ისინი ვალდებული არიან არჩინონ შვილები სრულწლოვანებამდე. მამა არ ასრულებს თავის ვალდებულებას შვილების მიმართ, არ უწევთ მათ ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას.

 

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მას გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, ავადმყოფობის მიმდინარეობა აქვს ქრონიკული, რაც გამოიხატება მუდმივი ხასიათის ტკივილში კისრისა და გულმკერდის მიდამოებში. ამ ყველაფერს კი თან ახლავს მგრძნობელობის დაქვეითება ორივე ზედა კიდურებში, ამიტომ დაქვეითებული აქვს თვითმომსახურებისა და შრომის უნარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს ალიმენტის სახით დაეკისროს ორივე შვილის სასარგებლოდ თვეში 450 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ-----–-------–--ის წარმომადგენელმა ლ------–--------------ემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ ვ-----–-------–--ე არის სამხედრო მოსამსახურე და მისი ხელფასის შესახებ ცნობით დგინდება, რომ მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1173 ლარს. აღნიშნული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს (20 %) და საპენსიო ფონდისთვის განკუთვნილ გადასახადს (2%), რომელთა ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის შემდგომ ვ-----–-------–--ის სახელზე ასაღები თანხა შეადგენს 920 ლარამდე თანხას. თავად მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულებები სს თ----------ში 9700 ლარის ოდენობით, რომელიც აღებულია 2018 წლის 14 დეკემბერს და რომლის გადახდაც უნდა აწარმოოს 2022 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 307 ლარის ოდენობით, ასევე გააჩნია სასესხო ვალდებულება სს კ------------ში 850 ლარის ოდენობით, რომლის დასაფარავად ყოველთვიურად ახდენს 91.85 ლარის გადახდას. ფაქტობრივად ამ სასესხო ვალდებულების და თავად მისი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით ვ-----–-------–--ეს რჩება მცირეოდენი თანხა შვილებისათვის მისაწოდებლად. მიუხედავად აღნიშნულისა ვ-----–-------–--ე გამოთქვამს მზაობას ორივე შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტის სახით 300 ლარი, ფაქტობრივად ვ-----–-------–--ის მატერიალური მდგომარეობა დასახელებულ თანხაზე მეტის გადახდის შესაძლებლობას ვერ იძლევა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, განმარტა, რომ მოპასუხე მხარე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი თვეში 300 ლარის ოდენობით ორივე ბავშვზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ვ-----–-------–--ე და ხ------------------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ორი შვილი: გ-------–------–--ე (პ/ნ 6----------) და მ----–-------–--ე (პ/ნ 6----------). ვ-----–-------–--ე და ხ------------------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ახსნა-განმარტებები

- დაბადების მოწმობის ასლები

 

3.2. მოპასუხე ვ-----–-------–--ე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1173 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესაგებელი

- თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 2019 წლის 01 აპრილის ცნობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ თვეში 300 ლარის ოდენობით ორივე ბავშვზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1197-ე, 1198-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილების აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.

 

ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა და ა. შ.

 

მინიმალურ ზღვარს ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლების ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებული უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-----–-------–--ის და ხ------------------ის შვილები გ-------–------–--ე და მ----–-------–--ე აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან. ვ-----–-------–--ე დასაქმებულია და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1173 ლარს.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოპასუხე შრომისუნარიანი ადამიანია, არის დასაქმებული და აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 1173 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ბავშვის საჭიროებისთვის მინიმალური აუცილებელი ხარჯი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იქნეს განსაზღვრული ალიმენტის გონივრული ოდენობა, რათა ალიმენტვალდებული პირი არ უნდა აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 13 მარტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ ალიმენტის თანხის 300 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამ შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხაა 3600 ლარი, ხოლო ამ თანხის ბაჟი შეადგენს 108 ლარს, თუმცა ვინაიდან ბაჟის ოდენობა 100 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და ამავე დროს მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი მას ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ხ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეს - ვ-----–-------–--ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების გ-------–------–--ის (პ/ნ 6----------, დაბ. 2----.2--- წ) და მ----–-------–--ის (პ/ნ 6----------, დაბ. 1--------- წ) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 13 მარტიდან, მათ სრულწლოვანებამდე.

 

3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

4. ვ-----–-------–--ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი