გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119002923220
#2/707-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.08.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი'';
წარმომადგენელი - თ------------ე;
მოპასუხე- ზ--------------ე, თ------–-–--–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ზ--------------ეს და თ------–-–--–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 1372,71 ლარის, სარგებლის 345,33 ლარის და პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა (პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებული იქნა სასამართლო სხდომაზე იხ. 06.08 .2019წ სხდომის ოქმი).
1.2. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.
1.3. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 04 აპრილს კომპანიასა და ზ--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება და შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 2000 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 5.10%- სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზუნველეყო 36 თვის განმავლობაში. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი VOLVO S70.
2017 წლის 04 აპრილს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა თ------–-–--–---–თან, კერძოდ ზ--------------ის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა იკისრა სულიდარული პასუხისმგებლობა უზრუნველეყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 8700 ლარის ოდენობით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების შესრულებს მიზნით მოსაჩელემ მოითხოვა ავტომობილის მფლობელობაში გადაცემა, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა ავტომობილი იყო უვარგის მდგომარეობაში.
მოპასუხეების დავალიანება სს "მ---------------------ის„ მიმართ შემდეგია: ა) სესხის ძირი - 1372,71 ლარი, ბ) სარგებელი - სარგებელი - 2018 წლის 04 დეკემბრიდან გადაუხდელი 70 ლარი დაყოველი მომდევნო თვის 04 რიცხვისათვის სესხის 5.10%, რაც შეადგენს 70 ლარს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია 4 თვე 28 კალენდარული დღე, შესაბამისად სარგებელი შეადგენს 345,33 ლარს. გ). პირგასამტეხლო პირველი ხუთი დღისათვის შეადგენს 12 ლარს და 60 თეთრს, ხოლო ყოველი მომდევნო დღისათვის 09.12.2018წ -დან- 01.04.2019წ- წლამდე დღეში რიცხული 6 ლარი, შეადგენს 678 ლარს, რაც შეადგენს 738 ლარს (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------–-–--–---–ს წერილობითი პასუხი - შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
2.2. მოპასუხე ზ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა, რომ მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო თანხის გადახდა. ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 04 აპრილს შპს „მ---------------------სა“ და ზ--------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 2900 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.
3.1.2. 2017 წლის 04 აპრილს ზ--------------ეს და შპს „მ---------------------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს „მ---------------------„-მა ზ--------------ეს გადასცა სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 36 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;
-სესხის გადახდის გრაფიკი;
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 აპრილს შპს „მ---------------------„-ს და თ------–-–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით თ------–-–--–---–მა იკისრა ვალდებულება ზ--------------ის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უნდა უზრუნველეყო კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულებით განმარტებული იქნა, რომ „ძირითადი ვალი„ შეადგენს მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და გადასახდელი სესხის სარგებელს, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოს. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 8700 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
3.1.4. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა 5.10%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.
-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;
3.1.5. ზ--------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს მოსთხოვა ავტომობილის მფლობელობაში გადაცემა, თუმცა ავტომობილი არის უვარგის მდგომარეობაში. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფთხილების წერილი დაეფარათ კომპანიის მიმართ რიცხული დავალიანება, თუმცა მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-მოსარჩელის ახსნა განმარტება;
-გაფრთხილების წერილი;
3.1.6. 2018 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა მეწარმის რეორგანიზაცია, შეიცვალა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - (შპს მ---------------------ი) გარდაიქმანა სააქციო საზოგადოებად (სს მ---------------------ი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირითადი თანხა 1372,71 ლარს, სარგებელი 345,33 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 200 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 625-ე, 54-ე, 62-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 04.04.2017.წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 04 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 04 აპრილს, შპს „მ---------------------ს„ და ზ--------------ეს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 2000 ლარი, 36 თვის ვადით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 61,20% (თვეში 5.10 %).
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს ზ--------------ეს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მის მიერ არ გადახდილი სესხზე რიცხული სარგებელი და არ მომხდარა სესხის ძირი თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
6.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 61,20%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5,10%-ს დარიცხვის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 04 აპრილის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს კრედიტორის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.
სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 30,6%, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს საპროცენტო სარგებლის შემცირება და ძირითადი თანხის წლიური 30,6%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა უნდა განისაზღვროს 172,66 ლარის ოდენობით.
6.4. სს „მ---------------------ი„ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ზ--------------ესთან ერთად თ------–-–--–---–ის ვალდებულება სს „მ---------------------ი„-ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 36 თვის ვადაში 2020 წლის 04 აპრილს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე თ------–-–--–---–მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 8700 ლარით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------–-–--–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 1-5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარით, ხოლო მე-6 დღიდან 6 ლარის ოდენობით.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის დაკისრება, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------ეს და თ------–-–--–---–ს სს ,,მ---------------------ი’’-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 1372,71 ლარის, სარგებლის 172,66 ლარის, და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა.
6.6. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
გირავნობის ხელშეკრულების 6.10. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობის, ლიკვიდურობის ან/და ბაზარზე მისი მოთხოვნადობადობის გათვალისწინებით მოგირავნეს შეუძლია საერთოდ უარი თქვას გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფლება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.15. პუნქტით და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ საქმეზე ერთ ერთმა მოპასუხემ ზ--------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხე თ------–-–--–---–ს შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია, ის არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. იმის გათვალისწინებით, სარჩელი სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 42,89 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ასევე 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,მ---------------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზ--------------ეს და თ------–-–--–---–ს - სს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 1372,71 ლარის გადახდა;
3. ზ--------------ეს და თ------–-–--–---–ს - სს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელის 172,66 გადახდა;
4. ზ--------------ეს და თ------–-–--–---–ს - სს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა;
5. ზ--------------ეს და თ------–-–--–---–ს - სს ,,მ---------------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 92,89 ლარის ოდენობით (სახ. ბაჟი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე).
6. ზ--------------ეზე და თ------–-–--–---–ზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №2/707-19) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე