გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310519002819885
№3/10-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.06.2019 წელი ქ.ფოთი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოსარჩელის წარმომადგენელი ი-----–- მ----
მოპასუხე ი--- ჯ--–-------
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებული მამობის დადგენის N51152000011 და N51152000010 აქტის ჩანაწერები.
მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს ლ---- და ნ--- ჯ--–---------ს მიმართ რეგისტრირებული მამობის დადგენის აქტის N51152000011 და N5152000010, ჩანაწერები ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: 2014 წლის 04 ივნისს მოქალაქე ი--- ჯ--–-------მ (პ/ნ 4----------) N051214002357 და N051214002358 განცხადებებით მომართა ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მოითხოვა 2--- წლის 2--------------ს დაბადებული მ------ ა-------–---–-სა და 2--- წლის 2--------------ს დაბადებული ა-- ა-------–---–-ს მიმართ შვილად აყვანის აქტის რეგისტრაცია. სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა ა-- ა-------–---–-ს შვილად აყვანის N51145000004 და მ------ ა-------–---–-ს შვილად აყვანის აქტის N51145000003 ჩანაწერები. 2015 წლის 27 აგვისტოს ფოთის იუსტიციის სახლს N051215003985 და N051215003986 განცხადებებით მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე ერთობლივად მომართეს რ------ ჯ--–-------მ და ი--- ჯ--–-------მ, რომლებმაც არ განუმარტეს სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ბავშვების რეგისტრაციის საფუძვლის შესახებ. ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ლ---- და ნ--- ჯ--–---------ს მიმართ რეგისტრირებულ იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს მამობის დადგენის აქტის N51152000010 და N51152000011 ჩანაწერები. რ------ ჯ--–-------ს მიერ არასრულწლოვანი ბავშვების ნ--- და ლ---- ჯ--–---------ს მიმართ ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საფუძველს იყო მოკლებული და მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის რეგისტრაციით დარღვეულ იქნა კანონი. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვთ: ა) ბავშვის დაბადების მომენტისათვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად, ბ) ბავშვს (სრულწლოვანების შემდეგ) ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. შვილად აყვანილი ბავშვის მიმართ კი კანონი გამორიცხავს მამობის დადგენისათვის გათვალისწინებული პირობის არსებობას. შესაბამისად, რ------ ჯ--–-------ს მიერ არასრულწლოვანი ბავშვების ნ--- და ლ---- ჯ--–---------ს მიმართ ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საფუძველს იყო მოკლებული. მამობის დადგენის ადმინისტრაციული წარმოება შედგა კანონის უხეში დარღვევით, შესაბამისად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნ--- ჯ--–-------ს და ლ---- ჯ--–-------ს მიმართ რეგისტრირებული მამობის დადგენის N51152000010 და N51152000011 აქტის ჩანაწერები.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხემ განმარტა, რომ რ----- ჯ--–-------მ, რომელიც ეხმარებოდა ფინანსურად გამოთქვა სურვილი დაფიქსირებულიყო მისი შვილების მამად, რათა მომავალში ბავშვებს არ შექმნოდათ უხერხულობა დაბადების მოწმობაში მამის არარსებობის გამო. რ----- ჯ--–------- ამჟამად გარდაცვლილია. აქტების გამოცემისას დაშვებული შეცდომა ვერ გამოსწორდება, ამიტომ ბავშვებისათვის უკეთესია ხსენებული აქტები ძალაში დარჩეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სსგს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2018 წლის 30 იანვრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან შემოსული N04-09-09/139 წერილით ირკვევა, რომ ი--- ჯ--–-------მ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფოთის საქალაქო განყოფილებას არასრულწლოვანი შვილების, ნ--- ჯ--–-------ს და ლ---- ჯ--–-------სათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, განმცხადებლის მიერ წარდგენილ შვილების დაბადების მოწმობებში მამად მითითებულია პირია - რ----- ჯ--–------- სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ“ მოითხოვა, ინფორმაცია სსგს ფოთის სრ სამსახურიდან, ი--- ჯ--–-------ს არასრულწლოვანი შვილების დაბადების აქტის ჩანაწერში მამის მონაცემების მითითების საფუძვლის შესახებ. წერილის საფუძველზე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ შემოწმებულ იქნა ნ--- და ლ---- ჯ--–---------ს დაბადების აქტის ჩანაწერები, გადამოწმებულ იქნა ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძვლები და დადგენილ იქნა, რომ ნ--- ჯ--–-------სა და ლ---- ჯ--–-------ს მიმართ რეგისტრირებულია მამობის დადგენის აქტის ჩანაწერები, კანონდარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს შეცილებით სარჩელს.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებული მამობის დადგენის N51152000011 და N51152000010 აქტის ჩანაწერები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი დაკავშირებულია კონკრეტული პირების უფლებებსა და მოვალეობებთან და მან წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო აქტების სახეები, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობები და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოები. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის აღნიშნული კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.
სამოქალაქო კოდექსის 1242-ე მუხლის თანახმად, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 28.04.2014 წლის N030210014491081 გადაწყვეტილების საფუძველზე ი--- ჯ--–-------ზე მიშვილებულ იქნა 2--- წლის ო----------ში დაბადებული მ------ და ა-- ა-------–---–---, გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა შვილად აყვანის აქტის N5112000011 და 5112000010 ჩანაწერები, შვილად ამყვან პირად მიეთითა - ი--- ჯ--–------- შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილებით განსაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების მ------ და ა-- ა-------–---–---ს მშვილებელი პირი, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ,,დაუქორწინებელი“ პირი ი--- ჯ--–-------. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,არ შეიძლება ერთი ბავშვი შვილად აიყვანოს ორმა პირმა, გარდა მეუღლეებისა“. კონკრეტულ შემთხვევაში ი--- ჯ--–------- არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში რ----- ჯ--–-------სთან. შესაბამისად, დარეგისტრირდა დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მშვილებელ პირად განისაზღვრა - ი--- ჯ--–-------.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვთ: ბავშვის დაბადების მომენტისათვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად, ბავშვს (სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ) მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის მამას თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.
ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებელების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.
ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს მამობის დადგენისათვის კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობას. რ------ ჯ--–-------ს მიერ არასრულწლოვანი ბავშვების ნ--- და ლ---- ჯ--–---------ს მიმართ ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საფუძველს იყო მოკლებული და მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის რეგისტრაციით დარღვეულ იქნა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს სასამართლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებული მამობის დადგენის N51152000011 და N51152000010 აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
ამრიგად, მოსარჩელე მითითებული მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებული მამობის დადგენის N51152000011 და N51152000010 აქტის ჩანაწერები.
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე