გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002304789
საქმე №2/264-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სს “ლ--------------”
წარმომადგენლები - ნ--------–-–---–ი
მოპასუხე - ვ-----------–-–---–ი, დ------–-------–-–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხეებს ვ-----------–-–---–სა და დ------–-------–-–---–ს, მოსარჩელე მოსარჩელე სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 755.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 3512.78 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1142.57 ლარი და ჯარიმა 1100 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით 2014 წლის 29 იანვარს სს ”ლ--------------ა” და ვ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4950 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 18.75 %, კრედიტის მოქმედების ვადა - 02.04.2019 წელი, ვადაგადაცებული თანხის ყოველდღიური 0.5%.
იმავე დღეს 2014 წლის 29 იანვარს დ------–-------–-–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც დ------–-------–-–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე ვ-----------–-–---–თან ერთად. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7692.75 ლარით.
მსესხებლის მიერ 2016 წლის 4 მარტიდან დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეების სახელზე არსებული დავალიანება 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 5 755.35 ლარს, რომელიც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სესხის ძირის - 3512.78 ლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 29 იანვარს სს ”ლ--------------ა” და ვ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4950 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 18.75 %, კრედიტის მოქმედების ვადა - 02.04.2019 წელი, ვადაგადაცებული თანხის ყოველდღიური 0.5%.;
3.1.2. 2014 წლის 29 იანვარს დ------–-------–-–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც დ------–-------–-–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე ვ-----------–-–---–თან ერთად. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7692.75 ლარით.
3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს.
3.1.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობით 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს ”ლ--------------ს” მიმართ შეადგენს 5 755.35 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3512.78 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1142.57 ლარი და ჯარიმა 1100 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ სესხის ძირის - 3512.78 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი როგორც ძირი თანხა - 3512.78 ლარი, ასევე სარგებელი (პროცენტი)-1142.57 ლარი საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 1100 ლარის გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1100 ლარი, სესხის ძირი თანხისა (3512.78 ლარი) და პროცენტის (1142.57 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.3 სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
2014 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა სრული პასუხისმგებლობა აიღო ვ-----------–-–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ ვ-----------–-–---–მა გადააცილა გადახდის ვადას რამდენჯერმე.
სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით, რაც წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს.
ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სოლიდარული თავდებისათვის თანხის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელით დაკმაყოფილებულ ნაწილში გათვალისწინებული თანხების გადახდა.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ 3512.78 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 173 ლარიდან 105 ლარი, დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 41 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს “ლ--------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვ-----------–-–---–ს და დ------–-------–-–---–ს მოსარჩელე სს “ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4955.35 (ოთხიათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
4. მოპასუხეებს ვ-----------–-–---–ს და დ------–-------–-–---–ს სს “ლ--------------ს” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 41 (ორმოცდაერთი) ლარი.
5. მოსარჩელე სს “ლ--------------” (ს/ნ 2-------4) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 173 (ას სამოცდაცამეტი) ლარიდან 105 (ას ხუთი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, საგადასახადო დავალება N5--------7.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე