გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160210017002026578
N2/747-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,კრედო ბანკი“
წარმომადგენელი - ბექა ნამორაძე (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - ი----- მ------ი
თარჯიმანი - სუსანა მარტიაშვილი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი----- მ------ისათვის სს ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ 2724,41 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, რომელიც სრულად არის სესხის ძირითადი თანხა;
1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია: მდებარე ქ. მარნეული, ნიზამის ქ. N4, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-----------, მესაკუთრე ი----- მ------ი;
1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულების მიქცევა ი----- მ------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე (იხ. 25.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:33:38-13:36:53).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 01 თებერვალს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა" და ი----- მ------ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაზე და მის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც იპოთეკით დაიტვირთა ი----- მ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ქ. მარნეული, ნიზამის ქ. N4, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-----------. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.
2016 წლის 01 თებერვლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა” და ი----- მ------ს შორის 2016 წლის 04 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 5500 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.1%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად გადახდის გრაფიკი ასევე შეიძლება ითავლისწინებდეს მომსახურების გადასახადსაც. სესხის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".
მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 10 თებერვლის შემდგომ. სესხის, გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინა ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეს არ დაუფარავს დავალიანება და არ შეუსრულებია ვალდებულება.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 4306,78 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3329,85 აშშ დოლარი, პროცენტი - 486,59 აშშ დოლარი, დაზღვევა - 82,56 აშშ დოლარი, ჯარიმა - 407,78 აშშ დოლარი.
2016 წლის 04 თებერვალს, მოსარჩელესა და ი----- მ------ს შორის ასევე დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება. მსესხებელს გადაეცა ნატვრის ბარათი, რომლის ლიმიტად დამტკიცდა 1290 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარეც დაარღვია მოპასუხემ ვალდებულება და სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დავალიანება შეადგენს 945,33 ლარს.
2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრედო ბანკი“ (იხ. სარჩელი 1-20).
2019 წლის 25 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ სრულად დაფარა ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება, ასევე ძირითადი სესხის ნაწილში მის მიერ გადახდილი იქნა 1582,37 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხით დაიფარა ჯარიმა, დაზღვევის თანხა და პროცენტი, ასევე შემცირდა ძირითადი თანხა. დღეის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2724,41 აშშ დოლარს, რომელიც სრულად არის სესხის ძირითადი თანხა (იხ. 25.06.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2.1. მოპასუხე ი----- მ------ის პოზიცია:
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ი----- მ------მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 85-92).
2019 წლის 25 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ი----- მ------მა ნაწილობრივ ცნო მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მას სს ,,კრედო ბანკის“ მიმართ აქვს დავალიანება მხოლოდ 1600 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი დავალიანება მან უკვე დაფარა (იხ. 25.06.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 01 თებერვალს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა" და ი----- მ------ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 240 თვის ვადით, სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.02.2016 წლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);
3.1.2. 2016 წლის 01 თებერვალს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა ი----- მ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ქ. მარნეული, ნიზამის ქ. N4, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.02.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);
3.1.3. იპოთეკის ხელშეკრულების 7.11. პუნქტით განისაზღვრა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.02.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24);
3.1.4. 2016 წლის 01 თებერვლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა” და ი----- მ------ს შორის 2016 წლის 04 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 5500 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.1%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
3.1.5. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
3.1.6. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ი----- მ------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 31-35);
- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 36-39, 45-48);
- შეთანხმება დაზღვევის პოლისში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 40-44, 56-58);
- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის განაცხადი (ს.ფ. 49-50);
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 51-55);
3.1.7. სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30);
3.1.8. მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 10 თებერვლის შემდგომ. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 61-62);
- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 59);
3.1.9. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოდ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრედო ბანკი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 75-76).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხე ი----- მ------ის დავალიანება სს ,,კრედო ბანკის“ მიმართ შეადგენს 2724,41 აშშ დოლარს, რომელიც სრულად არის სესხის ძირი თანხა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მას სს ,,კრედო ბანკის“ მიმართ გადასახდელი აქვს მხოლოდ 1600 აშშ დოლარი, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 1582,37 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხით დაიფარა ჯარიმა, დაზღვევის თანხა და პროცენტი, ასევე შემცირდა ძირითადი თანხა. დღეის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2724,41 აშშ დოლარს, რომელიც სრულად არის სესხის ძირითადი თანხა. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან სარჩელის აღძვრის შემდეგ გადაიხადა 1582,37 აშშ დოლარზე მეტი, ასევე არ მიუთითებია თუ როგორ იქნა მის მიერ დავალიანების თანხად 1600 აშშ დოლარი დაანგარიშებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კანონმდებელმა ამავე ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე, მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განესაზღვრა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია. მართალია, მხარის ახსნა-განმარტება არის ერთგვარი მტკიცებულება, თუმცა მას უპირისპირდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრის დროს მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 4306,78 აშშ დოლარს, ხოლო მან სარჩელის აღძვრის შემდგომ გადაიხადა 1582,37 აშშ დოლარი და დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს ,,კრედო ბანკის“ მიმართ შეადგენს 2724,41 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 63);
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 25.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:33:38-13:36:53).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,კრედო ბანკის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრედო ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, მე-300, 301-ე, 316-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 04 თებერვალს ი----- მ------მა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსაგან” ისესხა 5500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგაცილებაში იმყოფება 2017 წლის 10 თებერვლიდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, რომლითაც განესაზღვრა დამატებითი ვადა, რათა დაეფარა ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხემ არ განახორციელა დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელს კი ნაკისრი ვალდებულება სრულად არ აქვს შესრულებული, რაც მისთვის გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის თანხის დაკისრების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2016 წლის 01 თებერვლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების, ასევე მის ფარგლებში დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა უძრავ ნივთზე, ს/კ 8-----------, დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
ამდენად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოვალის სხვა ქონებიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ასევე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელის მიერ შემცირებული თანხიდან 2724,41 აშშ დოლარიდან მოსარჩელემ ცნო სარჩელი 1600 აშშ დოლარის ნაწილში. დარჩენილი 1124,41 აშშ დოლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 80.95 აშშ დოლარს (აშშ დოლარის კურსი 2,4075). აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 80,95 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 257,31 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი იქნა 11 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 11 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კრედო ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.2. მოპასუხე ი----- მ------ს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2724,41 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ი----- მ------ს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
1.3. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ 8-----------, მდებარე: ქ. მარნეული, ნიზამის ქ. N4, 467 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად.
1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე ი----- მ------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოპასუხე ი----- მ------ს მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 80.95 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკს“, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 26 ივლისს 338,26 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 257.31 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი - BAGAGE22, სახაზინო კოდი - 300093150 (2017 წლის 26 ივლისის N805 საგადახდო დავალება).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეა ლეონიძე