გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002675722 (2-644/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.07.2019 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - თე----- დ------ე
წარმომადგენლები - რო----------ე, და--------------ძე
მოპასუხე - ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ირ---–-------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე თე----- დ------ის სასარგებლოდ 9900 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1989 წლის 20 სექტემბრის მაშინდელი რაისაბჭოს აღმასკომის 1----–-–------------------- განკარგულებით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ თე----- დ------ე გამოსახლებული ყოფილიყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ხ---–--ს რაიონის ცენტრში და აიღო ვალდებულება დროებით შეეყვანა ქირით, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ ქირის გადახდას. 2----–-–-------------- ხ---–--ს რაიონის გამგეობის N-- დადგენილებით მიეცა კომპენაცია 9116 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება ბინის ქირის ანაზრაურებას, საერთოდ არ გადაუხდიათ, თე----- დ------ემ არაერთი განცხადებით მათ შორის 2016 წლის 29 სექტემბერს მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ბინის ქირის ანაზღაურების მოთხოვნით, რა დროსაც 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილის საფუძველზე განუმარტეს, რომ 9900 ლარის (ბინის ქირის) მოთხოვნა ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას აღემატება და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიემართა სასამართლოსთვის.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია გადაუხადოს თე----- დ------ეს ბინის ქირა 9900 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შესაგებლის მიხედვით, ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და უკვე მის სამართალმემკვიდრე ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერიას თე----- დ------ის მიმართ არ გააჩნია არანაირი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ვალდებულება. მართალია 1989 წლის 20 სექტემბერს, მაშინდელი ხ---–--ს რაისაბჭოს აღმასკომის 1----–-–-------------------- განკარგულებით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ თე----- დ------ე გამოსახლებული ყოფილიყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ხ---–--ს რაიონის ცენტრში და აიღო ვალდებულება დროებით შეეყვანა ქირით, მაგრამ გამგეობამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ხ---–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–-------------- ,,ხ---–--ს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებზე საგარანტიო ვალდებულების დაფარვის შესახებ“ N-- დადგენილების საფუძველზე ექვს ხ---–--ს მუნიციპალიტეტის დ---- მცხოვრებ პირს და მათ შორის დ------ე თე----- ხ-----ს ძე-ს გადაეცა კომპენსაცია სამ ოთახიანი ბინის სანაცვლოდ 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 9116 ლარი, რაც თავის დროზე მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, შესაბამისად გაურკვეველია მისი სასარჩელო მოთხოვნის არსი ფაქტის დაგომიდან 29 წლის გასვლის შემდგომ.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სხვა გარემოებებთან ერთად დაასახელა მოთხოვნაზე ხანადზმულობის ვადის გასვლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ---–--ს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 20 სექტემბრის აქტით, 1----–-–------------------- განკარგულებით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ სტიქიასთან დაკავშირებით ხ---–--ს რაიონის ცენტრში 45 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სახლისთვის ტერიტორიის გამოყოფის ადგილზე არის კომუნალური ბინა, რომელშიც ცხოვრობს თე----- დ------ე, ვინაიდან მას სოფელში არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და კომუნალურ მეურნეობას მისი დაკმაყოფილება ბინით არ შეეძლო, ამიტომ ხ---–--ს რაიკომისა და აღმასკომის ხელმძღვანელების მიერ მიეცა სიტყვიერი მითითება კერძო ბინის ქირაობის შესახებ და მას თვეში აუნაზღაურდებოდა სტიქიის თანხებიდან 50 მანეთი, სულ წლის განმავლობაში 600 მანეთი, ხოლო 2 წლის მანძილზე კი 1200 მანეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხ---–--ს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 20 სექტემბრის აქტი (ს.ფ. 17)
3.1.2. ხ---–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–-------------- ,,ხ---–--ს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებზე საგარანტიო ვალდებულების დაფარვის შესახებ“ N-- დადგენილების საფუძველზე თე----- დ------ეს გადაეცა კომპენსაცია სამ ოთახიანი ბინის სანაცვლოდ 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 9116 (ცხრაათას ას თექვსმეტი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხ---–--ს რაიონის გამგეობის 2----–-–-------------- N-- დადგენილება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ხანდაზმულობის საკითხი.
მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, მოთხოვნის უფლებიდან გასულია 29 წელი, მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს არც 2006 წელს , როცა მიიღო სრული კომპენსაცია, მუნიციპალიტეტის მერიას ბოლო ბრძანებით გარკვეულად აქვს განმარტებული უარის თქმის საფუძვლები.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული, რამდენადაც ჯერ კიდევ 1992 წლიდან ითხოვდა თე----- დ------ე ბინის ქირის ანაზღაურებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი სახელმწიფოსაგან მოითხოვდა აღნიშნულ თანხას და წერილობით მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებს. ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილით აღიარა დავალიანება და განუმარტა, რომ მიემართა სასამართლოსათვის.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია თუ არა, ამ საკითხს სჭირდება სამართლებრივი შეფასება, მაგრამ მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასული ვადა ფაქტობრივი გარემოებაა. ამიტომ ხანდაზმულობის სამართლებრივ შეფასებას, აუცილებლად სჭირდება დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის პერიოდები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობასთან დაკავშირებული გარემოებების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე დაიცვა სამ წლიანი პერიოდი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება, სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს.
მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობის 1992 წლის 13 აპრილის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თე----- დ------ეს ბინიდან გამოსახლებისა და ბინის ქირავნობისათვის ხ---–--ს რაისაბჭოს აღმასკომი შეპირდა ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 50 მანეთის გადახდა, სულ 1200 მანეთის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი ძირითად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–---------------------------- წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წელს თე----- დ------ის ოჯახზე გაწეულია ფინანსური დახმარება 9116 ლარის ოდენობით, რაც შეეხება მოთხოვნას 1989 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის მარტის ჩათვლით ოჯახის მიერ ბინის ქირავნობისათვის გადახდილი თანხა 9900 ლარი აუნაზღაუროს ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მსგავსი საკითხის გადაწყვეტა აღემატება ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში შესაფასებელია წარმოდგენილი ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–---------------------------- წერილი წარმოადგენს თუ არა მის მიერ არსებული დავალიანების დადასტურებას. აღნიშნული შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------------- ბრძანებაზე, რომლითაც თე----- დ------ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვასა და დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საკითხი განხილულია 2016 წელს და 2017 წლის 16 აგვისტოს წერილი არ შეიცავს რაიმე ახალ გარემოებას.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი დრო, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი დასაბუთებაც ჩამოყალიბებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობის 1992 წლის 13 აპრილის დასკვნა.
-ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–---------------------------- წერილი.
-ხ---–--ს მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------------- ბრძანება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია და მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას, არ უხდის ხ---–--ს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 20 სექტემბრის აქტით შეთანხმებულ ბინის ქირავნობის თანხას. მიიჩნევს, რა თავის უფლებას დარღვეულად, თავისი უფლებების დასაცავად თე----- დ------ემ სარჩელით მომართა სასამართლოს
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, სარჩელი ხანდაზმულია თუ არა. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ხანდაზმულობის საკითხი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თე----- დ------ემ ჯერ კიდევ 1992 წელს მომართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და მოითხოვა ხ---–--ს რაისაბჭოს აღმასკომის მიერ 1989 წელს შეპირებული 2 წლის ბინის ქირის ყოველთვიური 50 მანეთის ანაზღაურება. მოსარჩელეს მას შემდგომ სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ასევე დადგენილია, რომ 1989 წელს გაცემული პირობიდან გამომდინარე ხ---–--ს რაიონის გამგეობამ 2006 წელს თე----- დ------ეს ბინის შეძენისათვის გადასცა ხუთი ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი და თუ ამ პერიოდიდან ჩავთვლით ვალდებულების ნაწილობრივ აღიარებასა და შესრულებას, აქედანაც გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);
ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;
დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.
სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.
6.6. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისას აღინიშნა, რომ მოსარჩელე ვალდებულების აღიარებად მიიჩნევს ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი ბინის ქირავნობისათვის გადახდილი თანხის 9900 ლარის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა აღემატება ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის განმარტება , რომ ,, მსგავსი საკითხის (9900 ლარის ანაზღაურება) გადაწყვეტა აღემატება ხ---–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოს სასამართლოს“, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას და ის არის განმცხადებლის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს კორექტული პასუხი, რამდენადაც ამავე წერილში მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ პირობა შესრულებულია და თე----- დ------ის ოჯახზე 2----–-–-------------- N-- დადგენილებით გაწეულია ფინანსური დახმარება 9116 ლარის ოდენობით.
დასახელებულ მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1991 წლის სექტემბრიდან, რამდენადაც 1989 წლის 20 სექტემბრის ხ---–--ს რაიაღმასკომის აქტით თე----- დ------ეზე ბინის ქირის გადახდა განისაზღვრა 2 წლის ვადით, თვეში 50 მანეთი, სულ 1200 მანეთი. მას შემდგომ ქირის გადახდის ვადის გაგრძელებაზე გამგეობის თანხმობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და სარჩელის მოთხოვნა 9900 ლარის დაკისრებაზე ამ მხრივაც დაუსაბუთებელია. დასახელებული საფუძვლებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
თე----- დ------ე სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით განცხადებებში აღნიშნავს, რომ არის სოციალურად დაუცველი, თუმცა შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და არ არსებობს მის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახელმწიფო ბაჟი 297 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. თე----- დ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე