გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119002856739
#2/298-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს „ფ----------------------–ო;
წარმომადგენელი - მ-----------ა;
მოპასუხე - მ-------------ე, ლ-–---------ე;
წარმომადგენელი - ზ-------–----–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მ-------------ეს და ლ-–---------ეს სს ფ----------------------–ოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3904,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3094,75 ლარი, სარგებელი 485,85 ლარი, საურავი 317,53 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 5,96 ლარი.
1.2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 11 იანვარს მ-------------ემ სს ფ----------------------–ოსგან სესხის სახით აიღო 5000 ლარი. სესხი გაიცა 2018 წლის 11 იანვრიდან 2019 წლის 15 ივლისამდე, 550 ლარი დღის ვადით. ხელშეკრულებით სესხის წლიური საპროცესო განაკვეთი შეადგენდა 33,50%. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხი უზრუნველყოფილია ლ-–---------ესთან გაფორმებული თავდებობით, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6500 ლარით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მსესხებელთან გაფორმებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, მზღვეველს წარმოადგენს სს ს------------------------------ი-----–------, დამზღვევს მ-------------ე, მოსარგებლე სს ფ----------------------–ო. საწყისი სადაზღვევო თანხა შეადგენდა 5000 ლარს, სადაზღვევო პრემია მიმდინარე სადაზღვევო თანხის 0,6%-ს, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა განსაზღვრული იქნა სესხის გადახდის გრაფიკით. დაზღვევის ღირებულება შეადგენდა 25,95 ლარს.
მოპასუხეებს სს ფ----------------------–ოს მიმართ გააჩნიათ დავალიანება 3904,09 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3094,75 ლარი, სარგებელი 485,85 ლარი, საურავი 317,53 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 5,96 ლარი. მოპასუხეებმა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან დაარღვიეს სესხის ხელშეკრულება და არ გადაიხადეს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. 2018 წლის 15 ოქტომბერს გადაიხადეს მხოლოდ 2,26 ლარი, რის შემდეგაც გადახდა აღარ განხორციელებულა. აღნიშნულ სესხზე მოპასუხეებს გადახდილი აქვთ ჯამში 3032,55 ლარი, საიდანც სესხის ძირი თანხაა 1905,25 ლარი, სარგებელი 963,41 ლარი, საურავი 163,89 ლარი. მოპასუხეები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ხშირად არღვევდნენ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ვალდებულება არ იქნა შესრულებული. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-------------ემ და ლ-–---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 2860,96 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს. განმარტეს, რომ სს ფ----------------------–ოს მიმართ მათი დავალიანება გაცილებით ნაკლებია, რადგან მსესხებელ მ-------------ეს გადახდილი აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ეს მოსარჩელეს აქვს აღნიშნული. მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. სს ფ----------------------–ოსთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 33,5%, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სარგებლის საშუალო წლიური მაჩვენებელი სესხის დამტკიცების მომენტისათვის არ აღემატებოდა 16,8%, შესაბამისად მის მიერ გადახდილი 963,41 ლარიდან 481,60 ლარი უნდა მიემართოს სესხის ძირი თანხის დაფარვას. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი თანხის 1%-ს შეადგენს, რაც არის ასევე შეუსაბამოდ მაღალი და წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო პრაქტიკასთან. მოპასუხე მხარე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 11 იანვარს სს ფ----------------------–ოს და მ-------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 5000 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა განისაზღვრა 550 დღით, 2018 წლის 11 იანვრიდან 2019 წლის 15 ივლისამდე. ხელშეკრულებით სესხის წლიური საპროცესო განაკვეთი შეადგენდა 33,50%.
სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 11.01.2018წ წლის სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 11 იანვარს სს ფ----------------------–ოს და ლ-–---------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ლ-–---------ემ აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე, მ-------------ის მიერ 2018 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებეზე. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 11 იანვრის თავდებობის წერილი.
3.1.3. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელთან გაფორმებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, მზღვეველს წარმოადგენს სს ს------------------------------ი-----–------, დამზღვევს მ-------------ე, მოსარგებლე სს ფ----------------------–ო. საწყისი სადაზღვევო თანხა შეადგენდა 5000 ლარს, სადაზღვევო პრემია მიმდინარე სადაზღვევო თანხის 0,6%-ს, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა განსაზღვრული იქნა სესხის გადახდის გრაფიკით. დაზღვევის ღირებულება შეადგენდა 25,95 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, სესხის ხელშეკრულება, გრაფიკი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ-------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2018 წლის ოქტომბრიდან შეწყვიტა სესხის გადახდა. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილებით ვალდებულების შესრულების და დავალიანების შესახებ, თუმცა მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
-გაფრთხილების წერილები, სესხის გადახდის გრაფიკი და ფაქტიურად განხორციელებული გადახდების ისტორია;
3.2.2. მოპასუხეთა დავალიანება სს ფ----------------------–ოს მიმართ შეადგენს 3904,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3094,75 ლარი, სარგებელი 485,85 ლარი, საურავი 317,53 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 5,96 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის გადახდის გრაფიკი;
3.2.3. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სს ფ----------------------–ოს მიმართ მათი დავალიანება გაცილებით ნაკლებია, რადგან მსესხებელ მ-------------ეს გადახდილი აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ეს მოსარჩელეს აქვს აღნიშნული. მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. სს ფ----------------------–ოსთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 33,5%, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სარგებლის საშუალო წლიური მაჩვენებელი სესხის დამტკიცების მომენტისათვის არ აღემატებოდა 16,8%, შესაბამისად მის მიერ გადახდილი 963,41 ლარიდან 481,60 ლარი უნდა მიემართოს სესხის ძირი თანხის დაფარვას. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი თანხის 1% არის შეუსაბამოდ მაღალი და წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო პრაქტიკასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.2.4. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3904,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3094,75 ლარი, სარგებელი 485,85 ლარი, საურავი 317,53 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 5,96 ლარს.
მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში;
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა სესხის ხელშეკრულებით და გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხით ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობით იფარებოდა, პირგასამტეხლო, სარგებელი და სესხის ძირი თანხა. მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 54-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო 2860.96 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა 2860,96 ლარის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2860,96 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს. შესაბამისად 2860,96 ლარის მოცულობით სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 2860,96 ლარის დასაკისრებლად.
6.2. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2018 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულება;
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვარს, სს ფ----------------------–ოს და მ-------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 5000 ლარი, 550 დღის ვადით, სესხის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით განისაზღვრა სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც შეადგენს 33,50% წლის განმავლობაში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას რომ, საპროცენტო სარგებელის ოდენობა ეწინააღმდეგება არსებულ კანონომდებლობას, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დადგენილია, რომ სესხით სარგებლობაზე მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი 33,50 %-ით წლის განმავლობაში. მხარეთა შორის 2018 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ეს დებულება დადებული იქნა მათივე შეთანხმებით. მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს კრედიტორის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება. სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 33,50%.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის 2018 წლის 11 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.4.. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებულია გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ სიცოცხლის დაზღვევის პოლისის თანახმად, საწყისი სადაზღვევო თანხა შეადგენს 5000 ლარს, სადაზღვევო პრემია- მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0,6%-ს. სადაზღვევო პრემიის ყოველთვიური გადახდის თარიღი და და ოდენობა განსაზღვრული იქნა სესხის გრაფიკით.
ამდენად, როგორც პროცენტზე, ასევე სიცოცხლის დაზღვევაზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის, ასევე სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სს ფ----------------------–ო ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, მ-------------ესთან ერთად ლ-–---------ის ვალდებულება სს ფ----------------------–ოს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2019 წლის 15 ივლისამდე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე ლ-–---------ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 6500 ლარი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–---------ეს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2018 წლის 11 იანვარს სს ფ----------------------–ოს და მოპასუხე მ-------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საურავი, რომელიც ყოველვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს. ხელშეკრულების მიხედვით საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 1%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------------ეს და ლ-–---------ეს სს ფ----------------------–ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 3686,56 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3094,75 ლარს, საპროცენტო სარგებელი 485,85 ლარს, სადაზღვევო შესატანი 5,96 ლარს, პირგასამტეხლო 100 ლარს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სესხის ხელშეკრულების 4.9. პუნქტით და თავდებობის წერილით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 2860,96 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 27,27 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 74,77 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (24.77 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე). ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ფ----------------------–ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ-------------ეს და ლ-–---------ეს - სს ფ----------------------–ოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3686,56 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3094,75 ლარს, საპროცენტო სარგებელი 485,85 ლარს, სადაზღვევო შესატანი 5,96 ლარს, პირგასამტეხლო 100 ლარს.
3. მ-------------ეს და ლ-–---------ეს - სს ფ----------------------–ოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 74,77 ლარის ოდენობით (24,77 ლარი სარჩელზე, 50 ლარის სარჩელის უზრუნველყოფაზე).
4. მ-------------ეს და ლ-–---------ეს - სს ფ----------------------–ოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სს ფ----------------------–ოს მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების ასანაზღაურებლად (საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი) 20,50 ლარის გადახდა.
5. სს ფ----------------------–ოს (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 13 თებერვალს სს ფ----------------------–ოში სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 27,27 ლარი (საგადახდო დავალება №9-------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/298-19) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე