განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2019
საქმის ნომერი
140100119003135887
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003135887

N1/372-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

16.08.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნათია კიკალია

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - მაია ბიბილაშვილი

 

ბრალდებული - ე-–---- თ--–----- ძე ა----- ო---–-, დაბადებული 1--- წლის 27 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ----ს რაიონი, სოფელი ხ-----------.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე-–---- ა----- ო---–-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ----ს რაიონის სოფელ ხ----------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე, ე-–---- ა----- ო---–-მ პაპის - ა----- მ------ ო---–-ს მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა - ესროლა შეშის ნაჭერი თავის არეში, რა დროსაც ა----- მ------ ო---–-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ე-–---- ა----- ო---–- პაპას - ა----- მ------ ო---–-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა----- მ------ ო---–-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ე-–---- ა----- ო---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ე-–---- ა----- ო---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ა----- მ------ ო---–-ს, მ----- გ---–-- კ-----, გ--–-- თ------- კ-----, ე-–---- ა----- ო---–-ს, ზ------ კ--–-------–---–--, ე-–---- ა----- ო---–-ს, ე-–----------–---- ო---–-ს, ი-----–-------–-–---–------------------------------------------------------ გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ე-–---- ა----- ო---–-მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ე-–---- ა----- ო---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდებებისათვის ე-–---- ა----- ო---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე-–---- ა----- ო---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე უმიზეზოდ განაწყენებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე-–---- ა----- ო---–-მ პაპას - ა----- მ------ ო---–-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მუქარის განხორციელების რეალური შიში. მოწმეთა უდავო ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ ე-–---- ა----- ო---–-ს ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ე-–---- ა----- ო---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე-–---- ა----- ო---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასება მისცეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კ----ს რაიონული სამმართველოს უფროსის - კ------- ფ-----–---–ის სამსახურებრივი ბარათით სსიპ „112“-დან ა----- მ------ ო---–-ს შეტყობინების აუდიოჩანაწერის გამოთხოვის საკითხს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, თუმცა, აღნიშნული ფუნდამენტური უფლება აბსოლუტური არ არის. მისი შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ გამომძიებლის მიერ დაზარალებულ ა----- მ------ ო---–-სგან მიღებულ იქნა წერილობითი თანხმობა (ხელწერილი) საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან მის მიერ გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერის გამოთხოვის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს შიდა ქართლის პოლციის დეპარტამენტის კ----ს რაიონული სამმართველოს უფროსის - კ------- ფ-----–---–ის 2019 წლის 5 ივლისის სამსახურებრივი ბარათით (წერილობითი მიმართვით) საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ა----- მ------ ო---–-ს მიერ „112“-ზე 2019 წლის 25 ივნისს გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი. 2019 წლის 12 ივლისს, აღნიშნული სამმართველოს უფროსმა - ო----- ტ-----–-–---–მა, ასევე წერილობითი მიმართვით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კ----ს რაიონული სამმართველოს უფროსს გადაუგზავნა შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ე.წ. „მიბმულ ფაილად“, რომელიც გამომძიებელმა გადაიტანა დვდ დისკზე, დალუქა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სამმართველოს უფროსის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სსიპ „112“-ის კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემის - შეტყობინების აუდიოჩანაწერის მოპოვების და საპროცესო დამაგრების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რაც, საერთო ჯამში, საფუძველს აცლის აღნიშნული ქმედების კანონიერებას მთლიანობაში და ქმნის ამ ფორმით მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის წინაპირობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენეტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

 

რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილით, კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე-14310-ე მუხლების დებულებები. შესაბამისად, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ სსიპ „112“-ში გაკეთებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი წარმოადგენს კომპიტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310 -ე მუხლების დებულებების გარდა, სხვა საშუალებით აუდიო ჩანაწერის გამოთხოვა/მოპოვება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნორმატიული შინაარსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ანალოგიურ მიდგომაზე მიუთითებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-10-15 პუნქტების თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. მე-4 ნაწილი კი ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310 მუხლებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადგენენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პრინციპებსა და პროცედურას. სსსკ-ის 136-ე მუხლი მოთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 თავში, რომელიც საგამოძიებო მოქმედებათა ზოგადი რეგულირებიდან გამოყოფს სპეციალურ ობიექტს - კომპიუტერულ მონაცემებს და ითვალისწინებს მოწესრიგების განსხვავებულ წესებს. აღნიშნულს უკავშირდება სსსკ-ის 136-ე მუხლით განსაზღვრული წესიც, რომელიც „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ პროკურორს. რეგულაცია მართალია პირდაპირ არ უთითებს დაცვის მხარისათვის ხსენებული შუამდგომლობის დაყენების შეზღუდვის შესახებ, თუმცა კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების სპეციალური სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრით ცალსახად უსვამს ხაზს კანონმდებლის ნებას აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭების და დაცვის მხარის რეგულირებიდან გამორიცხვის შესახებ. გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, რომელიც ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ინსტრუმენტზე ავრცელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება კომპიუტერული წესით შენახულ ნებისმიერ მონაცემზე რომელიც ხასიათდება რელევანტურობით და ეხება სსსკ მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მითითებულ საკითხებს. შესაბამისად, კანონმდებლობა სპეციალურ მოწესრიგებას ადგენს რა „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებულ მტკიცებულებათა სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უზღუდავს ხსენებული შუამდგომლობის დაყენების უფლებას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის განხილვისას კომპიუტერული წესით შენახული ნებისმიერი მონაცემის (მათ შორის საჯარო ინფორმაციის) მიმართ“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს, ამდენად, უდავოა, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ არსებული საპროცესო ნორმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმისათვის, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ჩაითვალოს „კანონის შესაბამისად“, შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისაგან დაცვის მექანიზმს.

 

საქმეში „გილანი და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №4158/05“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს რომ „ფრაზა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს სადავო ზომას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და ასევე შეთავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რაც პირდაპირაა მოცემული კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის საგნისა და მიზნისგან განუყოფელია. ამდენად, კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და წინასწარ განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციით, საკუთარი ქცევის რეგულირება. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ. საკითხებში, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, კანონის უზენაესობის, კონვენციით დაცული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, საწინააღმდეგო იქნებოდა, რომ აღმასრულებლისთვის მიცემული სამართლებრივი დისკრეცია გამოხატული ყოფილიყო შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მინიჭებული ნებისმიერი ამგვარი დისკრეციის ფარგლები და მისი განხორციელების ფორმა. სიზუსტის ხარისხი, რაც საჭიროა ეროვნული კანონმდებლობისთვის (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს ყველა შემთხვევას), მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განსახილველი დოკუმენტის შინაარსზე, სფეროზე, რომელსაც ის მოიცავს და მისი ადრესატების რაოდენობასა და სტატუსზე“.

 

საქმეზე P.G. and J.H. v. the United Kingdom სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონთან შესაბამისობა“ ორ იმპერატივს მოიცავს. პირველ რიგში, სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; შემდეგ განიხილება კანონის ხარისხი, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცხადად ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ შეძლოს თავისი ქმედების შესაძლო შედეგის განჭვრეტა; ასევე, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპი“.

 

საქმეზე Malone v. the United Kingdom, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „ფრაზა „კანონთან შესაბამისი“ არ გულისხმობს მხოლოდ შიდა სამართალს, იგი გულისხმობს ასევე ზოგად პრინციპებსაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვის სამართლებრივი საშუალებები. თვითნებობის რისკი უფრო მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს ფარულად ახორციელებს. ამგვარად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტში კანონის განჭვრეტადობის მნიშვნელობა განსხვავებულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში ინდივიდების ქმედებების დარეგულირებისას. კანონი საკმარისად ზუსტად უნდა აყალიბებდეს ტერმინებს, რომლებითაც იგი მოქალაქეებს კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილები არიან მიმართონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში საიდუმლო და პოტენციურად სახიფათო შეზღუდვას“.

 

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს, საქმეზე Shimovolos v. Russia სასამართლომ დაადგინა, რომ „კანონი, რომელიც უშვებს საგამოძიებო მოქმედებებს, უნდა მოიცავდეს „დაშვებული ზომების ხასიათს, შინაარსსა და ხანგრძლივობას, მათი მიღების საფუძვლებს, მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების ჩამონათვალს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

 

ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურია და მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო თვითნებურად არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამასთან, აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რაც მდგომარეობს ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებაში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისამართლებრივი დევნა ხორციელდება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ფაქტზე.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია გამოძიების მიერ შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ბრალდების მხარეს კანონი აძლევდა საშუალებას, აუდიოჩანაწერში ასახული ინფორმაცია მოეპოვებინა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე და 126-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ დაეთვალიერებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიოჩანაწერი და დათვალიერების ოქმის შედგენით შეექმნა ერთი კონკრეტული მტკიცებულება - დაედგინა შემთხვევის ვითარება, გაერკვია დანაშაულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი ან ჩანაწერში ასახული ინფორმაცია იყო თუ არა კავშირში სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან. რაც შეეხება აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვას სსიპ „112“-დან, მის გადმოგზავნას, აუდიოჩანაწერის გადატანას დვდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღებას, აღნიშნული მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც არავითარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს. კომპიუტერული მონაცემის ამ გზით მოპოვება შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, რადგან აღნიშნული ასევე არ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსამართლის განჩინების გარეშე, მესაკუთრის (მფლობელის) წინაწარი წერილობითი თანხმობით, დათვალიერების წარმოება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე-126-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაწესს, თუმცა, აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვა, სსიპ „112“-დან მის გადმოგზავნა, აუდიოჩანაწერის გადატანა დვდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 4 ივლისს შედგენილი ა----- მ------ ო---–-ს ხელწერილი საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან მის მიერ გაკეთებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერის გამოთხოვის შესახებ, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კ----ს რაიონული სამმართველოს უფროსის - კ------- ფ-----–---–ის 2019 წლის 5 ივლისის მიმართვა საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის სახელზე, 2019 წლის 12 ივლისის საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის მომართვა თანდართული აუდიოჩანაწერის ამსახველი ფაილით და აუდიოჩანაწერის ამსახველი დვდ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს ცნობილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე-–---- ა----- ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.

 

სასამართლო ე-–---- ა----- ო---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში, ასევე, იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია ე-–---- ა----- ო---–-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ე-–---- ა----- ო---–-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. ასევე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი) ათასი ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით ე-–---- ა----- ო---–-ს აღნიშნული განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან, ე-–---- ა----- ო---–-მ სრულად მოიხადა მითითებული განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი. ამდენად, დადგენილია, რომ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ე-–---- ა----- ო---–-მ ინკრიმინირებული განზრახი ძალადობრივი დანაშაულები პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 27 ივნისის სანოტაროდ დამოწმებული განცხადების თანახმად, დაზარალებულ ა----- მ------ ო---–-ს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. ასევე დაზარალებულმა ითხოვა ე-–---- ა----- ო---–-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულების ჩადენის შემდეგ. ე-–---- ა----- ო---–-მ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გულწრფელად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა და ითხოვა პატიება, ამასთან, მან ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. ე-–---- ა----- ო---–- 26 წლისაა, დაოჯახებულია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებამდე იყო უმუშევარი.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით ე-–---- ა----- ო---–-ს საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ე-–---- ა----- ო---–-ს მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი. ე-–---- ა----- ო---–-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციონაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე-–---- ა----- ო---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–---- ა----- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–---- ა----- ო---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ე-–---- ა----- ო---–-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისის 13:55 საათიდან.

 

3. ე-–---- ა----- ო---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· მინის ნატეხები და შეშის ნაჭერი განადგურდეს;

· საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი, საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი, აუდიოჩანაწერი „სდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე