გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2019
საქმის ნომერი
120210019002903282
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
23.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/154-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2-.08.2019წელი ქ.ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე – სს ,,ს----------–--------ი”;

წარმომადგენელი – ქ------------–-----ე;

მოპასუხე – თ----------------ე;

წარმომადგენელი – კ-------------–ი ;

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ----------------ეს სს "ს----------–--------ის სასარგებლოდ 2018 წლის 16 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N 7-------ა ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 16 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან N 7-------ა-7------ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 42 176.22 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 27 671.91 ლარი, პროცენტი - 3 413.83 ლარი, საკომისიო - 42.30 ლარი და პირგასამტეხლო - 11 048.18 ლარი.

1.2. თ----------------ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 16 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N 7-------ა ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 16 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან N 7-------ა-7------ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 18 მარტი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 15.16 (თხუთმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარი.

1.3. თ----------------ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 16 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N 7-------ა ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 16 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან N 7-------ა-7------ გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 18 მარტი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 05.53 (ხუთი ლარი და 53 თეთრი) ლარი.

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული თ----------------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბ---------ი, ვ-–-–-----ის ქ. N1- (ვ-–-–-----ის შ-------ი N1-), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6-.2-.0-.6--;

1.5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნ(ებ)ის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე თ----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები.

1.6.თ----------------ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1 971.65 ლარი.

1.7. მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარემ 2019 წლის 10 მაისს საქმეზე წარმოდგენილი შესაგებელით და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ 2018 წლის ივნისისდან 6 თვის განმავლობაში იხდიდა პირნათლად, ანუ ოქტომბრის ჩათვლით, სულ გადახდილი აქვს 4300 ლარი, სადაც იყო ძირი და პროცენტიც, შემდგომ ოჯახური პრიბებიდან გამომდინარე 25 ოქტომბრის ნაცვლად ბოლო გადახდა განახორციელა 8 დეკემბერს და აღნიშნულის გამო მაშინვე მოსარჩელემ დაიწყო ხელშეკრულების მოშლა და თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრება, ისე რომ არ ამოწურა ურთიერთობით და მოლაპარაკებით გაეგრძელებინა სესხის გადახდა და დაფარვა, რაც ცალსახად მიუღებელია.

ასევე მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნა პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში გამომდინარე იქიდან; რომ ერთმნიშვნელოვნად უკანონოა პროცენტის დაკისრება ამ ოდენობით და აბსოლუტურად გაუგებარია პირგასამტეხლოს 11.048.18 ლარის მოთხოვნაც, ფაქტობრივად პირგასამტეხლო ძირი თანხის ნახევარს შეადგენს რაც აბსურდია და სამართლებრივად უსწორო, მითუმეტეს დღეს არსებული კანონმდებლობის თანახმად. ასევე უსაფუძვლოა 2018 წლსი 27 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასმატეხლოს დაკისრება იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე ითხოვს.

რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას მოსარჩელე შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მოთხოვნის ფაქტს, იმ გაანგარიშებით რასაც მოსარჩელე ანგარიშობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 16 მაისს სს "ს----------–--------ს" და თ----------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება N 7-------ა, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 16 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება N 7-------ა;- ს.ფ.22-24;

 

3.1.2. 2018 წლის 16 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N 7-------ა უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–--------სა" და თ----------------ეს შორის 2018 წლის 16 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N 7-------01, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა თ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბ---------ი, ვ-–-–-----ის ქ. N1- (ვ-–-–-----ის შ-------ი N1-), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 6-.2-.0-.6--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იპოთეკის ხელშეკრულება N 7-------01, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; - ს.ფ.25-34;

 

3.1.3. ზემოაღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 16 მაისს სს "ს----------–--------ს" და თ----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N 7-------ა-7------, რომლის თანახმადაც თ----------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 28 099 (ოცდარვა ათას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 72 თვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დღიური 1.5% ვადაგადაცილებულ ძირზე და პროცენტზე დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადი 10 ლარი, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 %-ისა. ასევე, დაზღვევის მართვის საკომისიო თვეში - 08 (რვა) ლარი და უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო წლიური 0.27%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 16 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება N 7-------ა-7------ - ს.ფ.35-44;

 

3.1.4. სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებლებზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ პერიოდულად ირღვეოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკი, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ხელშეკრულება, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან და სესხის დაფარვის გრაფიკი. მსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები არ უწარმოებია 2018 წლის დეკემბრის თვის შემდგომ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს.ფ.74-78;

- ცნობა დავალიენების შესახებ - ს.ფ.79;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თ----------------ეს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ. მის მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა განმარტება - ( იხ. სხდომის ოქმი)

 

3.2.2. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე თ----------------ეს სს"ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 16 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N 7-------ა ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 16 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან N7-------ა-7------ გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 42 176.22 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 27 671.91 ლარი, პროცენტი - 3 413.83 ლარი, საკომისიო - 42.30 ლარი და პირგასამტეხლო - 11 048.18 ლარი.

 

3.2.3. სს ,,ს----------–--------ის” მხრიდან არ განხორციელებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (გადახდის გრაფიკის) დარღევვისას მოპასუხის გაფრთხილება და დამატებითი ვადის მიცემა იმ მომეტისათვის არსებული ვადაგადაცილებული დავალიანების გადასახდელად.

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ მოხდა მხოლოდ სიტყვიერი მითითება მოპასუხეთა გაფრთხილების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე, ხოლო საქმეში გაფრთხილების შინაარსის შემცველი რაიმე სახის წერილი ბანკის მიერ გაგზავნილი მოპასუხის მისამართით წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს მას შემდეგ, რაც შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. მოპასუხეს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება სრულად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 405-ე, 867-ე და 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,ს----------–--------სა” და მოპასუხე - თ----------------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედგეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა.

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი შესაძლოა გახდეს ხელშეკრულების არა ყოველგვარი, არამედ არსებითი დარღვევა, როდესაც მოვალე არღვევს ძირითად ვალდებულებას, რაც კრედიტორს უკარგავს შესრულებისადმი ინტერესს. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხის (ძირითადმა მოვალეთა) მხრიდან დაირღვა გადახდის გრაფიკი, მოპასუხეს არ ეცნობა მიმდინარე დავალიანების შესახებ და არ მიეცა საშუალება შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა დამატებითი ვადის განსაზღვრით. მოპასუხის განმარტებით 2018 წლის დეკემბრის თვეში იგი მზად იყო სრულად გადაეხადა იმ დროისათვის არსებული დავალიანება, თუმცა სწრაფი გადახდის აპარატით თანხის ჩარიცხვის მცდელობის დროს მიმდინარე დავალიანებად დაფიქსირებული იყო სესხის თანხა სრულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვადაგადაცილების გამო შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხესთან და მოსთხოვა სრული დავალიანების და არა მიმდინარე დავალიანების დაფარვა ისე, რომ არ განუსაზღვრა დამატებითი ვადა მიმდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ განხორციელებული დარღვევის შედეგი არ არის ისეთი, რომ მეორე მხარეს უსამართლოდ მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქმის განხილვის მომენტისათვისაც მოპასუხე მიუთითებდა მიმდინარე დავალიანების სრულად დაფარვის მზადყოფნაზე. მოსარჩელისათვის ცნობილი არ გამხდარა გარემოება მოპასუხის გადახდისუუნარობის შესახებ. ასევე, არ არის დაკარგული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შემდგომში შესრულების ინტერესი, ვინაიდან აღნიშნული საქმის რეალური ვითარებიდან არ გამომდინარეობს.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქმეზე არ დგინდება აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელება და რაიმე სახის შეტყობინების არსებობა საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტისათვის, რაც კანონის სავალდებულო დათქმაა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად წარმოადგენს სს ,,ს----------–--------ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არსებით სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა მოსარჩელეს შეეძლო თუ დაიცავდა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ისე გაწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა მოპასუხესთან, რომ მისთვის დამატებით ორკვირიანი ვადის მიცემა არ მომხდარა, კონკრეტულად ასეთი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა სასამართლოში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეტყობინებით, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 26 თებერვლით მოსარჩელე ატყობინებს მოპასუხეს, რომ მის მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, კრედიტზე დავალიანება შეადგენს 39446,93 ლარს და მოითხოვს, რომ 14 დღის განმავლობაში დაფაროს დავალიანება სრულად. მითითებული თანხა მოიცავს ძირ დავალიანებას სრულად და შესაბამისად, წარმოადგენს სრულ ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეტყობინებამდე მოსარჩელემ შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა მოპასუხესთან, ისე, რომ მისთვის ვადაგადაცილების შემდეგ მიმდინარე დავალიანების დაფარვა არ მოუთხოვია და დამატებითი ვადა არ განუსაზღვრია. მართალია კანონმდებელი აძლევს უფლებას კრედიტორს, რომ სულ ცოტა ორჯერ ვადაგადაცილების შემთხვევაში შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა მოვალესთან, მაგრამ ამავე დროს აწესებს პირობას, რომ შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა, მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის სპეციალური წესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ბანკის მოთხოვნა თ----------------ისათვის კრედიტის ძირითადი დავალიანების - 42 176.22 ლარის დაკისრების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ძირითადი მოვალის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, შესაბამისად, არ არსებობს თანმდევი შედეგის - იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. მოსარჩელე სს ,, ს----------–--------ის” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი