გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.08.2019
საქმის ნომერი
340210119002875644
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210119002875644

საქმე #2/115-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21.08.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი----------"

წარმომადგენელი - ნი-------–--ა, ეკ----------------ე

მოპასუხე - ზუ----------–-–---–ი

მოპასუხე - გო----------------–---–ი

წარომადგენელი - ნი------------–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ზუ----------–-–---–ს და გო----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 075.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 025.66 ლარი, პროცენტი 839,35 ლარი, პირგასამტეხლო 2 210,75 ლარი;

1.2. მოპასუხეებს ზუ----------–-–---–ს და გო----------------–---–ს სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2019 წლის 26 თებერვლიდან, დავალიანების ძირ თანხაზე - 2 025.66 ლარზე წლიური 38% სარგებლის გადახდა ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე.

1.3. მოპასუხეებს ზუ----------–-–---–ს და გო----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2019 წლის 26 თებერვლიდან, დავალიანების ძირ თანხაზე - 2 025.66 ლარზე ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ს.ს. ,,თი---------სა“ და ზუ----------–-–---–ს შორის 2016 წლის 26 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით. სესხზე წლიური სარგებელი 38%-ით განისაზღვრა. სესხის ვადა შეადგენდა 16 თვეს. თანხის დაფარვა გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო. ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი და ამას დამატებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სესხის უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხე გო----------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა 4 550 ლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2016 წლის ნოემბრიდან დაირღვა და 2019 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით დავალიანებამ 5 075.76 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირი თანხაა 2 025.66 ლარი, პროცენტი 839,35 ლარი, პირგასამტეხლო 2 210,75 ლარი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სარგებელი კრედიტით სარგებლობისთვის და ბანკს ჰქონდა სარგებლის მიღების მოლოდინი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ ზიანი განიცადა მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელემ ვერ დაიბრუნა გაცემული ფულადი თანხა და ვერ მიიღო ის სარგებელი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებს ეკისრებათ.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1 მოპასუხე ზუ----------–-–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

2.2. მოპასუხე გო----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. ასევე განმარტა, რომ ზუ----------–-–---–ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ბანკს მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მსესხებლის ოჯახის წევრებისგან იცოდა, რომ კრედიტი დაფარული იყო. ზუ----------–-–---–ი ვალდებულებას თუ არ ასრულებდა, სს თი---------ს“ ამის შესახებ მისთვის უნდა ეცნობებინა. მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევის შესახებ არ შეატყობინა და ამიტომ ბანკმა მის მიმართ მოთხოვნა დაკარგა.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 სს ,,თი---------ს“ და ზუ----------–-–---–ს შორის 2016 წლის 26 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 3 500 ლარი 16 თვის ვადით მიიღო. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 38%-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ხოლო შემდგომ დღეებზე დავალიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულოება იმოქმედებდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე. ხელშეკრულების 3.8. პუნქტით ასევე შეთანხმდნენ, რომ ბანკის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-23).

 

3.1.2 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს ,,თი---------სა“ და გო----------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობა 4 550 ლარით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის განცხადება და ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28);

 

3.1.3. მოპასუხე ზუ----------–-–---–მა 2017 წლის 26 ივნისს დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა დარჩენილი ძირი თანხა - 2 025.66 ლარი და სარგებელი 447.09 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 30-34);

- თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23)

 

3.1.4. მოპასუხე მხარეს 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით ერიცხება დავალიანება 5 075.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2 025.66 ლარი, პროცენტი 839.35 ლარი და ჯარიმა 2 210.75 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 30-34);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოპასუხე გო----------------–---–ი ინფორმირებული იყო მოპასუხე ზუ----------–-–---–ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოპასუხე გო----------------–---–თან დადებული თავდებობის ხელშეკრულება 4.3. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გაგზავნისთვის ცნობილ მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც, მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა.

მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან შეტყობინება მოპასუხე გო----------------–---–ს გაუგზავნა ხელშეკრულების 4.3 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით. მხარის წარმომადგენელი ამ ნაწილში ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მოპასუხემ როგორც წერილობით შესაგებელში, ასევე სხდომაზე მიცემული განმარტებით უარყო მსგავსი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი.

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტის სათანადო წესით დადასტურება და ვერ გააქარწყლა მოპასუხის შესაგებელი, რომ ძირითადი მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-14);

- შესაგებელი (ს.ფ. 104-112);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 08.08.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ''თი----------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სს ,,თი---------ს“ და ზუ----------–-–---–ს შორის 2016 წლის 26 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 3500 ლარი 16 თვის ვადით მიიღო. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 38%-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ხოლო შემდგომ დღეებზე დავალიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ს“ და ზუ----------–-–---–ს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამიტომ, დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ზუ----------–-–---–მა იკისრა, როგორც სესხის ძირითადი თანხის, აგრეთვე სარგებლის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეს წარმოეშვათ, როგორც სესხად მიღებული თანხის, აგრეთვე დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება. თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. დადგენილი ფაქტობრივი გარმეოებების მიხედვით, ზუ----------–-–---–ს სესხად მიღებული თანხის და სარგებლის გადახდა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა. მოპასუხემ 26.06.2017 წელს აღარ გადაიხადა სესხის ძირი თანხა 2 025.65 ლარი და გრაფიკით ამ დოისთვის გადასახდელი სარგებელი 447.09 ლარი. ვინაიდან ამ პერიოდიდან მოპასუხემ არ დააბრუნა სესხის ძირი თანხა, მას, ძირ თანხაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 38% სარგებელი დაერიცხა და 2019 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით დარიცხულმა სარგებელმა ჯამში 839.35 ლარი შეადგინა.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ზუ----------–-–---–ის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხის 2 025.65 ლარის და სარგებლის სახით დარიცხული 839.35 ლარის გადახდევინების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 2 210.75 ლარის დაკისრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას, ხოლო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ზუ----------–-–---–მა ვალდებულება 2017 წლის 26 ივნისს დაარღვია და ვალდებულების შესრულება ამ დრომდე არ მომხდარა. გამომდინარე აქედან, არსებობს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა, მხარეთა შეთანხმებით, 38%-ით განისაზღვრა. მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელის ერთერთ საქმიანობასაც ,,კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სესხების გაცემა წარმოადგენს. მათ შორისაა სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეზე გაცემული სესხი სარგებლიანი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღება შეეძლო. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იგი შეძლებდა იმავე თანხის ხელახლა დაკრედიტებას და მიიღებდა სარგებელს, რომლის მიღების საშუალებაც არ მიეცათ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ გაცემულ სესხზე სარგებელი მხარეთა მიერ 38%-ით იყო განსაზღვრული, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ ზიანის სახით მოპასუხეს დაეკისროს ძირითად თანხაზე ყოველწლიური სარგებლის 38%-ის გადახდა ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, როგორც მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე თანხის ხელახლა დაკრედიტების შემთხვევაში მიიღებდა.

გამომდინარე აქედან სახეზეა მიუღებელი შემოსავალი, რომლის გადახდაც მოპასუხე ზუ----------–-–---–ს ვალდებულების სრულად შესრულებამდე უნდა დაეკისროს.

6.5. მოსარჩელემ 2019 წლის 26 თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე 2 025.66 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა, მაგრამ არაუმეტესი 2 000 ლარისა.

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირ თანხაზე 0.27% პირგასამტეხლოს გადახდა, მაგრამ მისი მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად მოთხოვნილი 2 000 ლარისა 827.74 ლარით განისაზღვროს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამავე კოდექსიუს 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის .... სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას...

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა გარკვეულ რეგულაციაში მოაქცია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობაც და მთლიანად მსესხებელზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობაც. მოცემული ნორმის მიხედვით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მსესხებელზე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა ძირი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, პირველი სასარჩელო მოთხოვნით, მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2 210.75 ლარის დაკისრებასთან ერთად 2019 წლის 26 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიურად ძირი თანხის 0.27%-ის გადახდასაც ითხოვს მაგრამ არაუმეტესი 2 000 ლარისა. ფაქტობრივად, ამ ორი სასარჩელო მოთხოვნით მხარემ მოპასუხეზე პირგასატეხლოს სახით ჯამში 4 210.75 ლარის დაკისრება მოითხოვა, რაც დავალიანებულ ძირი თანხას (2025.66 ლარი) ორჯერ აღემატება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულების დადება ამ ნორმების ამოქმდებებამდე მოხდა, სამოქალაქო კოდექსით დაგდენილია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ თავიანთი უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულება. აგრეთვე, ყოველ მხარეს ეკისრება მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს ვალდებულების სრულ შესრულებამდე ძირ თანხაზე უნდა დაეკისროს 0.27%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტესი 827.74 ლარისა. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისიწინებული პირობის დაცვა.

6.6. მოპასუხე გო----------------–---–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებაზე მიუთითა. მოსარჩელემ განმარტა, რომ ვინაიდან გო----------------–---–ი სოლიდარული თავდებია, იგი, მსგავსად ძირითადი მოვალისა, პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზუ----------–-–---–თან 26.02.2016 წელს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს მოპასუხე გო----------------–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 4 550 ლარით განისაზღვრა. ასევე დადასტურდა, რომ ზუ----------–-–---–მა 26.06.2017 წლიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა გრაფიკით გადასახდელი ძირი თანხა და სარგებელი.

სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სოლიდარულ თავდებს ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს. მასვე აქვს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან, თუ პირგასამტეხლო გადახდა მოვალის მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისთვის არის გათვალისწინებული, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე პირგასამტეხლოს გადახდევინება. პირგასამტეხლო შესრულების აღმატებული მოთხოვნაა, იგი დამოუკიდებელია ზიანის ანაზღაურებისაგან.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავდები პირისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის გადახდევინების დაკისრებას მოითხოვს. სასამართლო მიუთითებს, რომ სოლიდარულ თავდებს შეიძლება წაეყენოს მოთხოვნები თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. თუმცა სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე ნორმის მიხედვით, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ არ აცნობა მოპასუხე გო----------------–---–ს ძირითადი მოვალის მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ. აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს არ ართმევს თავდებისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას, თუმცა ეს გარემოება ზიანის ანაზღაურების დაკისრების უფლების დაკარგვის საფუძველია.

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა თავდებს დამატებითი ხარჯის გადახდისგან თავის დაცვის საშუალებას აძლევს. მოსარჩელის მხრიდან თავდების გაფრთხილების შემთხვევაში, ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება გადაეხადა გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი, რაც ააცილებდა მას პირგასამტეხლოს დაკისრების და გადაუხდელ ძირ თანხაზე დამატებით სარგებლის, როგორც მიუღებელი შემოსავლის გადახდის ვალდებულებისგან.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გო----------------–---–ის მიმართ მხოლოდ სოლიდარულად ძირი თანხის და გრაფიკით გადასახდელი სარგებლის ოდენობით უნდა განისაზღვროს, ხოლო პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი განისაზღვრა 9 384.8 (5075.76+64.14*36+2000) ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯი შედგება - სარჩელზე 281.55 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე 50 ლარი, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური 60 ლარი და საადვოკატო მომსახურების 375.4 ლარი.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სასარჩელო მოთხოვნის 87.5%-ს შეადგენს. ამასთან მოპასუხე გო----------------–---–ის პასუხისმგებლობა მხოლოდ 2472.75 ლარით განისაზღვრა.

გამომდინარე აქედან, მოპასუხეებს ზუ----------–-–---–ს და გო----------------–---–ს, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 246.36 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის, რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურიდან 328.50 ლარის ანაზღაურება; ამასთან, მოპასუხე გო----------------–---–ის სოლიდარული პასუხისმგებლობის ოდენობა 243.09 ლარით უნდა განისაზღვროს, საიდანაც 74.18 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია, 50 ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 60 ლარი აკრძალვის რეგისტრაციის საფასური, 98.91 ლარი იურიდიული მომსახურების საფასური.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით მოპასუხე გო----------------–---–ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილ საჩივარზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სს ,,თი---------ს“ მოპასუხე გო----------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს ზუ----------–-–---–ს და გო----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5075.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2025.66 ლარი, პროცენტი 839,35 ლარი, პირგასამტეხლო 2210,75 ლარი;

3. მოპასუხე გო----------------–---–ის პასუხისმგებლობა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხასთან მიმართებით განისაზღვროს 2 472.75 ლარით, საიდანაც ძირი თანხაა 2 025.66 ლარი, პროცენტი 447.09 ლარი;

4. მოპასუხე ზუ----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 26 თებერვლიდან დავალიანების ძირ თანხაზე - 2 025.66 ლარზე, წლიური 38% სარგებლის გადახდა, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე;

5. მოპასუხე ზუ----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 26 თებერვლიდან დავალიანების ძირ თანხაზე - 2 025.66 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.27% ის გადახდა, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 827.74 ლარისა;

6. მოპასუხეებს ზუ----------–-–---–ს და გო----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,თი----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 246.36 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარის, რეგისტრაციის საფასურის 60 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 328.50 ლარის ანაზღაურება;

7. მოპასუხე გო----------------–---–ის პასუხისმგებლობის ოდენობა გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით დაკისრებული თანხიდან 243.09 ლარით განისაზღვროს;

8. მოსარჩელე სს ,,თი---------ს“ მოპასუხე გო----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;

9. ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გო----------------–---–ს აეკრძალა უძრავი ნივთების მდებარე საგარეჯო, სოფელი ბადიაური, საკადასტრო კოდი 55.06.56.296; საგარეჯო, სოფელი ბადიაური, საკადასტრო კოდი 55.06.56.308 და საგარეჯო, სოფელი ყანდაურა, საკადასტრო კოდი 55.06.60.268, საკუთრებაში არსებული 1/4 წილის (სამივე უძრავი ნივთის შემთხვევაში) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე