გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3002003-2/315-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2019 წელი ქ. ახალც---
შესავალი ნაწილი
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ვ------------------
წარმომადგენელი - ე--------------–--ე
მოპასუხე -ა-----------––-----–----
დირექტორი - დ----------------
წარმომადგენელი - ჯ----------------
დავის საგანი: სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 05 აპრილის N-- ბრძანება ვ------------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ვ------------------ აღდგენილ იქნეს ა-----------––-----–-----ს სამეურნეო დარგში გათბობა გაგრილების სპეციალისტის პოზიციაზე.
1.2. ა-----------––-----–-----ს ვ------------------- სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება 400 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით 2019 წლის 05 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა---––---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისს N35 განკარგულებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ა---––---- ც----- 2012 წლის 02 ივლისს ბრძანება N----ით მოსარჩელე დაინიშნა „ა---––---- ც---“-ის გათბობის უფროს სპეციალისტად სამეურნეო დარგში, სანტექნიკოსის თანამდებობაზე და ამასთანავე სამსახურში ახდენდა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას: ფილების დადებას და სხვადასხვა სამუშაოებს. შვიდი წლის მუშაობის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა და საყვედური.
2018 წლის 14 დეკემბერს „ა---––---- ც---“-ის ადმინისტრაცის მიერ წერილით N---------------8, აცნობე, რომ ა(ა)იპ ‘’ა---––---- ც---“-ის ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩატარდება ორგანიზაციული ცვლილებები, რის შედეგადაც მიიღებოდა დაწესებულების ნაწილობრივ ახალი სტრუქტურა და მოხდებოდა სახელფასო განაკვეთების შესაბამისობაში მოყვანა.
2018 წლის 14 დეკემბერს N------- წერილის თანახმად ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა ოპტიმიზაცია, თუმცა მას შემდგომ ადმინისტრაციის მიერ ა-----------––-----–-----ში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული იქნა მათთვის სასურველი პირები. 2019 წლის 05 აპრილს გამოცემული N-- ბრძანებით, გაანთავისუფლეს სამსახურიდან ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე.
რაიმე სახის დასაბუთება რის საფუძველზეც მოხდა კონკრეტულად მისი სამსახურიდან განთავისუფლება არ მიუღია, ამასთან პირადად განთავისუფლების მიზეზად აიპი ა---––---- ც---ს დირექტორმა დ----------------მ დაასახელა პირადი წყენა მოსარჩელს მიმართ
სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა კანონდარღვევით, დაირღვა საქართელოს შრომითი კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნები, მე-6 მუხლის 1(3) პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთერთბები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ამ მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომით ხელშეკრულება მე-6 მუხლის 1(3) პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, N729) ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 1(3) პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითლება ამ კანონის (12.06.2013, N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდგომ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 14 დეკემბრის ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიის წერილი N------- თანახმად ა(ა)იპ ,----–-–---- ც---“-ს უნდა განეხორციელებინა ორგანიზაციული ცვლილებები და განახორციელა კიდეც 2019 წლის 05 აპრილს, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა დაწესებულების ახალი სტრუქტურა. N-- ბრძანებით გათავისუფლდა ვ------------------ დაკავებული თანამდებობიდან, ც---ს დირექტორმა იხელმძღვანელა „ა---––---- ც---“ს წესდების მე-4 მუხლის მეორე ნაწილისა და მე-4 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე. ამასთანავე გათავისუფლების შესახებ N-- ბრძანებაში მითითებულია 2018 წლის 14 დეკემრის წერილი N-----, სადაც ეცნობა ყველა თანამშრომელს რომ ჩატარდებოდა ორგანიზაციული ცვლილებები რაც გამოიხატებოდა საშტატო ერთეულის შემცირებით. ორგანიზაციულ ცვლილებამდე იყო 82 თანამშრომელი და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ დარჩა 74 თანამშრომელი. ვ------------------- გათავისუფლება მოხდა კანონის სრული დაცვით. მის მიერ მითითებული საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1(3) პუნქტს საქმისთის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ვინაიდან მას უვადო ხელშეკრულება ჰქონდა, მაგრამ მისი გათავისუფლება მოხდა ორგანიზებული ცლილებებიდან გამომდინარე, რასაც შტატის გაუქმება მოჰყვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ვ------------------ 02.07.2012 წლიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო ააიპ „ა---––---- ც---“-ში გათბობის უფროსი (მთავარი) სპეციალისტ-სანტექნიკოსის თანამდებობაზე.
3.1.2. დადგენილია, რომ ააიპ „ა---––---- ც---“-ს დირექტორის 14.12.2018 წლის N----- წერილით ააიპ „ა---––---- ც---“-ს საშტატო და შტატგარეშე ერთეულით განსაზღვრულ თანამშრომლებს ეცნობათ, რომ ააიპ „ა---––---- ც---“-ს ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩატარდებოდა ორგანიზაციული ცვლილებები, რის შედეგადაც მიიღებოდა დაწესებულების ნაწილობრივ ახალი სტრუქტურა და მოხდებოდა სახელფასო განაკვეთების შესაბამისობაში მოყვანა, აღნიშნული წერილის განცობა დადასტურებულ იქნა მათ შორის ვ------------------- მიერაც.
3.1.3. ვ------------------ ააიპ „ა---––---- ც---“-ს დირექტორის 2019 წლის 05 აპრილის N-- ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საფუძველი ააიპ „ა---––---- ც---“-ს ოპტიზაციიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებები.
3.1.4. ააიპ „ა---––---- ც---“-ს დირექტორის 2019 წლის 05 აპრილის N-- ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა ააიპ „ა---––---- ც---“-ს თანამშრომლების დამატებითი საკვალიფიაკაციო მოთხოვნები.
3.1.5. ააიპ „ა---––---- ც---“-ს 2019 წლის 21 იანვარს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით თანამშრომელთა რაოდენობა განსაზღვრული იყო 82 საშტატო ერთეულით, ხოლო 2019 წლის 4 აპრილს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით კი განისაზღვრა 74 ერთეულით.
3.1.6.დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით ააიპ „ა---––---- ც---“-ში ცალცალკე არსებობდა სამეურნეო სამსახური და დასუფთავების, გამწვანების და წყალმომარაგების სამსახური, ხოლო 2019 წლის 4 აპრილს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით აღნიშნული სამსახურები წარმოდგენილია მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ა---––---- ც---“-ს დირექტორის N---, N------------------------- ბრძანებები;
- შრომითი ხელშეკრულებები N------------–----------------–----------------–----------------წ.;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- N---------------8წ. წერილი;
- 05.04.2019წ N-- ბრძანება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ვ------------------ გათავისუფლებული იქნა დაკავებული პოზიციიდან ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მართველობის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებების გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,„ა“, „ე’’ „ო“ ქ/უნქტის საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარს უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთ პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დასტურდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე დაწესებულების შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
„შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. სწორედ მითითებული პუნქტების საფუძველზე შეწყვიტა სსიპ „ა---––---- ც---“-მ შრომითი ურთიერთობა ვ------------------სთან.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცებულების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყოველი მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მართველობის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებები, რამაც გამოწივია შტატების შემცირება, კერძოდ 82 შტატიდან დარჩა 74 შტატი, კერძოდ 2019 წლის 21 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით ააიპ „ა---––---- ც---“-ში ცალცალკე არსებობდა სამეურნეო სამსახური და დასუფთავების, გამწვანების და წყალმომარაგების სამსახური, ხოლო 2019 წლის 4 აპრილს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით აღნიშნული სამსახურები წარმოდგენილია მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურით, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად გამოიყენოს. ის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან დამსაქმებლის გადაწყვეტილება ვ------------------- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას ვ------------------- მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე