გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2019
საქმის ნომერი
210210117001976672
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117001976672

საქმე №2/553-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;

მარი მირიანაშვილი;

 

მოსარჩელე: სს. „ კ------- ბანკი “;

წარმომადგენელი: თი---------------–ი;

მოპასუხე: დი-------------–---–ი; ნა---------–---–ი; ვა---– ალ-----–---–ი, ჯუ----- ყო---–---–ი;

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხეებს დი-------------–---–ს, ნა---------–---–ს, ვა---– ალ-----–---–ს, ჯუ----- ყო---–---–- სს „ კ------- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს: 9 752.24 (---) აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 4 660.01 აშშ დოლარის, პროცენტის - 4 116.09 აშშ დოლარის, დაზღვევის- 342.90 დოლარის და ჯარიმის - 556.07 აშშ დოლარი, საკომისიო 77.17 აშშ დოლარი) გადახდა.

 

2. მოპასუხეებს დი-------------–---–ს, ნა---------–---–ს, ვა---– ალ-----–---–ს, ჯუ----- ყო---–---–- სს „ კ------- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 782.57 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების აღებისათვის გაწეული ხარჯის 11 ლარისა და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის რეგისტრაციის ხარჯის- 21 ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს შპს „ მი----------------------------–-ა კ-------სა “ და მოპასუხე დი-------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N2------------, რის საფუძველზეც მოპასუხემ შპს „ მი----------------------------–-ა კ-------საგან “ მიიღო კრედიტი - 5734 (ოთხი ათასი) დოლარი, სესხი გაიცა - 48 თვით, 2020 წლის 04 იანვრის ჩათვლით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი -2.88%, პირგასამტეხლო მხოლოდ მაქსიმუმ -150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის -0.27 %.

 

2014 წლის 30 დეკემბერს შპს „ მი----------------------------–-ა კ-------სა “ და მოპასუხეებს ნა---------–---–ს, ვა---– ალ-----–---–ს, ჯუ----- ყო---–---–-ა და ვა-–----------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე მსესხებელ დი-------------–---–ის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ.

 

2016 წლის 09 სექტემბრის რეორგანიზაციის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა სს „ კ------- ბანკი “.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა გადახდის გრაფიკი დაარღვიეს 2016 წლის მარტის თვეში. მოპასუხეებს 2016 წლის 13 ოქტომბერს, 2017 წლის 24 იანვარსა და 21 თებერვალს გაეგზავნათ ოფიციალური გაფრთხილება დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე.

 

მოპასუხეების დავალიანება სს „ კ------- ბანკის“ მიმართ შეადგენს - 9752.24 აშშ დოლარს (ათი ათას რვაას ოცდაექვსი აშშ დოლარი და ოცდასამი ცენტი) აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს - 4660.01 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი - 4116.09 აშშ დოლარს, დაზღვევა - 342.90 აშშ დოლარს, ჯარიმა - 556.07 აშშ დოლარს, საკომისიო - 77.17 აშშ დოლარს.

მოსარჩელის განმარტებით, სესხზე დარიცხული პროცენტი - 4116.09 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგენს 48 თვეზე გათვლილი პროცენტის თანხას ხელშეკრულების დასრულებამდე, ხელშეკრულებას კი ვადა გასდის 2020 წლის იანვარში. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 20 ივნისს და ამ დროისათვის გრაფიკის მიხედვით დარიცხული პროცენტი შეადგენს 2 284.1 (ორი ათას ორას ოთხმოც და ოთხი აშშ დოლარი და 01 ცენტი) აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე პროცენტის დარიცხვა მოხდა სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით „ გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმა “.

 

საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაიხმო სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე (თავდები პირის) ვა-–----------–-–---–ის მიმართ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დი-------------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 4 660.01 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნა ცნო სრულად, პროცენტის - 4 116.09 აშშ დოლარის მოთხოვნა ცნო 2 284 აშშ დოლარის ნაწილში ე.ი. სარჩელის აღძვრამდე დარიცხული სარგებელი, ჯარიმის (556.07 დოლარის) მოთხოვნა ცნო 100 დოლარის ნაწილში, ხოლო სხვა მოთხოვნები მოპასუხემ არ ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2015 წლის 30 დეკემბერს შპს „ მი----------------------------–-ა კ-------სა “ და მოპასუხე დი-------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N2------------, რის საფუძველზეც მოპასუხემ შპს „ მი----------------------------–-ა კ-------საგან “ მიიღო კრედიტი - 5734 (ოთხი ათასი)ლარი, სესხი გაიცა -48 თვით, 2020 წლის 04 იანვრის ჩათვლით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი -2.88%, პირგასამტეხლო მხოლოდ მაქსიმუმ -150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის -0.27 %.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. 2014 წლის 30 დეკემბერს შპს „ მი----------------------------–-ა კ-------სა “ და მოპასუხეებს ნა---------–---–ს, ვა---– ალ-----–---–ს, ჯუ----- ყო---–---–-ა დავა-–----------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე მსესხებელ დი-------------–---–ის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ფარგლებში, საიდანაც ძირი თანხა არ უნდა ყოფილიყო 5 734 აშშ დოლარზე მეტი და დარიცხული პროცენტი 3000 (სამი ათას) დოლარზე მეტი.

 

2016 წლის 09 სექტემბრის რეორგანიზაციის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა სს „ კ------- ბანკი “.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- თავდებობის ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.3. მოპასუხეების მიერ 2016 წლის მარტის თვეში დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოპასუხეებმა გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები და შეწყვიტეს პროცენტის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.4. მოპასუხეებს 2016 წლის 13 ოქტომბერს, 2017 წლის 24 იანვარსა და 21 თებერვალს გაეგზავნათ ბანკის ოფიციალური გაფრთხილება ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ წინადადება 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი შეწყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებას და მიმართავდა სასამართლოს თანხის დაკისრების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, მოპასუხეების დავალიანება სს „ კ------- ბანკის “ მიმართ შეადგენს - 10826.23 აშშ დოლარს (ათი ათას რვაას ოცდაექვსი აშშ დოლარი და ოცდასამი ცენტი) აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს - 5734 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი - 4116.09 აშშ დოლარს, დაზღვევა - 342.90 აშშ დოლარს, ჯარიმა - 556.07 აშშ დოლარს, საკომისიო - 77.17 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან. ამრიგად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. მოცემულ შემთხვევაში თითოეული თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11 500 აშშ დოლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში სრულად და პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ და შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

სარგებლის (პროცენტის) დაკისრებას მოსარჩელე ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების და მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 8.2. პუნქტს საფუძველზე, რომელშიც წერია, რომ „ გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმა “. მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეთა შორის წინასწარ იყო განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი და მოპასუხისათვის ცალსახად სავარაუდო იყო, რომ ზიანი, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვებოდა.

 

სასამართლო უთითებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების 8.2. პუნქტი სარგებლის დარიცხვის ნაწილში ბუნდოვანია და არ არის პირდაპირი დათქმა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა.

 

სასამართლო უთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პროცენტის დარიცხვის პირობა, თუ მსესხებელი ვალის დაფარვას ვერ შეძლებს, იწვევს ვალის მუდმივი ზრდის პროცეს, რაც ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში. ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლების ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ, არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებაში ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა სარგებელის დაკისრება, რადგან ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კერძოდ სარჩელის აღძვრამდე, რაც შეადგენს 2 284 აშშ დოლარს. სასამართლო მიუთითებს, რომ თავდებებმა იკისრეს პასუხისმგებლობა სარგებლის გადახდაზე 3000 აშშ დოლარამდე და მათზე სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ ამ ფარგლებში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. სასამართლო გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება სარჩელის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების ნაწილში შემცირდეს 200 აშშ დოლარამდე. რაც შეეხება დაზღვევის და საკომისიოს თანხების დაკისრების საკითხს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 782.57 ლარი, უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი საჯარო რეესტრის ამონაწერების აღებისათვის 11 ლარი და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის რეგისტრაციის - 21 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის და ჯარიმის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ქვითარი, რის გამოც ეს თანხა უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.სს ,, კ------- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხეებს დი-------------–---–ს, ნა---------–---–ს, ვა---– ალ-----–---–ს, ჯუ----- ყო---–---–- სს „ კ------- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს: 7 564.09 (შვიდი ათას ხუთას სამოცდაოთხი დოლარი და 09 ცენტი) აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 4 660.01 აშშ დოლარის, პროცენტი - 2 284.01 აშშ დოლარის, დაზღვევა- 342.90 დოლარის და ჯარიმის - 200 აშშ დოლარი, საკომისიო 77.17 აშშ დოლარი) გადახდა.

 

2. მოპასუხეებს დი-------------–---–ს, ნა---------–---–ს, ვა---– ალ-----–---–ს და ჯუ----- ყო---–---–- სს „ კ------- ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 47 (ორმოც და შვიდი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების აღებისათვის გაწეული ხარჯის 11 ლარისა და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის რეგისტრაციის ხარჯის- 21 ლარის გადახდა.

 

3. სს ,, კ------- ბანკს “ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 611 (ექვსას თერთმეტი) ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N 869).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე