გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2019
საქმის ნომერი
210210018002358010
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
29.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002358010

საქმე №2/214-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 აგვისტო, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: ქ------- ჩ-----–---–-;

წარმომადგენელი: დ----- მ------–---–ი;

მოპასუხეები: ზ------ი ჩ-----–---–-, ნ--- ნ---–---–ი;

 

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ--- ი-–------ის მიერ 2013 წლის 29 ნოემბერს ზ------ი ჩ-----–---–-ს და ნ--- ნ---–---–ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: 55.02.52.0--- ქონების ½ ნაწილში.

1.2. ქ------- ჩ-----–---–- ცნობილი იქნეს ნ--- ნ---–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: 55.02.52.043.0--, ½ (ერთი მეორედი) წილის მესაკუთრედ.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელე ქ------- ჩ-----–---–-ს წარმომადგენელმა სარჩელში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს----------ს რაიონის, სოფელ მ--------–ში ზ------ი ჩ-----–---–-ს კომლის საკუთრებაში საარქივო მონაცემებით ირიცხებოდა 1960 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი 90 კვ.მ და მიწის ნაკვეთი. კომლის შემადგენლობაში 1986 წლიდან 2007 წლამდე ირიცხებოდა ქ------- ჩ-----–---–-. 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, რომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანა მესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანა საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კი კომლის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანსაც და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს, რომ ქ------- ჩ-----–---–- წარმოადგენდა უძრავი ქონების ½ წლის თანა მესაკუთრეს და ზ------ი ჩ-----–---–-ს სახელზე მთელი უძრავი ქონების რეგისტრაცია უკანონო იყო, რაც ასევე ცნობილი იყო მოსარჩელის დისთვის ნ--- ნ---–---–ისათვის.

მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოპასუხე ზ------ ჩ-----–---–მა დამალა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ქონების თანა მესაკუტრეს და კომლის მთელი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაატარა ჯერ თავის სახელზე და 2013 წლის 29 ნოემბერს იგი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა თავის შვილს ნ--- ნ---–---–ს, რომელიც არის ქ------- ჩ-----–---–-ს და. ნ--- ნ---–---–ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ზ------ი ჩ-----–---–თან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ------- ჩ-----–---–- და წარმოადგენა ერთ-ერთ კომლის წევრს და შესაბამისად უძრავი ქონების თანა მესაკუთრეს. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზ------ი ჩ-----–---–- ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას ამავე სახლში და მის მიერ ხდება კომუნალური გადასახადის გადახდა. ფაქტიურად არ მომხდარა საკუთრების უფლების გადაცემა ნ--- ნ---–---–ზე და ჩუქება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას. ვინაიდან მოპასუხეებმა უკანონოდ მიითვისეს მოსარჩელის წილი უძრავი ქონებიდან, მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ------ი ჩ-----–---–მა შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ კომლის ქონება საჯარო რეესტრში არასწორად გაატარა რეგისტრაციაში თავის სახელზე და 2013 წლის 29 ნოემბერს ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა თავის ერთ-ერთ შვილს ნ--- ნ---–---–ს. მისი განმარტებით მისი შვილი ქ------- ჩ-----–---–- (მოსარჩელე) მასთან ერთად ცხოვრობდა და როგორც კომლის წევრი იყო ქონების თანა მესაკუთრე. მანვე დაადასტურა, რომ ქონება რეალურად არ გაუჩუქებია და ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას ამავე სახლში და მის მიერ ხდება კომუნალური გადასახადის გადახდა, ხოლო მისი შვილი ნ--- ნ---–---–ი მასთან აღარ ცხოვრობს.

 

2.2. მოპასუხე ნ--- ნ---–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო შემოტანილი შესაგებელით განმარტა შემდეგი: ს----------ს რაიონ, სოფლე მ--------–ში ზ------ ჩ-----–---–-ს კომლის საკუთრებაში არსებობდა უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოსარჩელე მხოლოდ 2000 წლის მდგომარეობით ფიქსირდება კომლში, ხოლო 2007 წლის მდგომარეობით იგი აღარ წერია კომლში, რადგან გადავიდა სხვა კომლში საცხოვრებლად და ამოეწერა ზ------ ჩ-----–---–-ს კომლიდან. მოსარჩელე აღნიშნულ ქონებაში აღარ ცხოვრობს 1994 წლის შემდეგ. ზ------ ჩ-----–---–მა კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა კომლის ქონება, როგორც კომლის ერთადერთმა წევრმა და კუთვნილი ქონება საჩუქრად გადასცა შვილს ნ--- ნ---–---–ს. მოპასუხე ნ--- ნ---–---–ი შესაგებელში მიუთითებს, რომ იგი არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერად დასაჩუქრებული და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით დადგენილია, რომ კახეთის რეგიონულ არქივში დაცული ს----------ს რაიონის, სოფელ ბ-----------ას სასოფლო საბჭოს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–-, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ზ------ი (ჯ----–-) ზ-------ს ძე ჩ-----–---–- - უფროსი, ჟ--–---- ა-–----ს ასული ჩ-----–---–- - ცოლი (დოკ. აქვს მინაწერი - გადატანილია), ნ--- ზ------ი ასული ჩ-----–---–- -შვილი (დოკ. აქვს მინაწერი - გადატანილია), ქ------- ზ------ის ასული ჩ-----–---–- - შვილი.

სოფელ ბ-----------ას საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად მითითებულია ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–-, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–- - უფროსი, ქ------- ზ------ის ასული ჩ-----–---–- - შვილი.

 

სოფელ ბ-----------ას საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად მითითებულია ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–-, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–- - უფროსი, ქ------- ზ------ის ასული ჩ-----–---–- - შვილი. (დოკუმენტს აქვს მინაწერი წავიდა, ამოეწერა მამამ.დოკ. ასეა)

ამ საარქივო ცნობით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია და ამას მოპასუხე ზ------ი ჩ-----–---–- და მოპასუხე ნ--- ნ---–---–ი (შესაგებელში) ადასტურებენ, რომ ქ------- ჩ-----–---–- 2000 წლის მონაცემებით ირიცხებოდა ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–-ს კომლის შემადგენლობაში და ამ დროისათვის ამოწერილი არ იყო კომლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საარქივო ცნობა;

- მხარეთა ახსნა -განმარტებები;

 

3.2. 2013 წლის 28 ნოემბერს მთელი უძრავ ქონება, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: №55.02.52.0--- მოპასუხე ზ------ ჩ-----–---–მა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით გაატარა თავის სახელზე (უფლების დამდგენი დოკუმენტი: დადგენილება №4, დამოწმების თარიღი:23/01/1999 წელი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა -განმარტებები;

 

3.3. 2013 წლის 29 ნოემბერს უძრავ ქონება, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: №55.02.52.043.0--, მოპასუხე ზ------ ჩ-----–---–მა აჩუქა თავის ერთ-ერთ შვილს ნ--- ნ---–---–ს, რომლის საფუძველზე ნ--- ნ---–---–ი, აღირიცხა საჯარო რეესტრში მთელი უძრავ ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა - განმარტებები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 102-105-ე, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე , 125-ე მუხლები, საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურების კუთხით მოსარჩელემ სრულყოფილად მოახდინა მასზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოპასუხე ზ------ ჩ-----–---–- დაეთანხმა სარჩელში მოყვანილ ფაქტებს და ცნო სარჩელის ორივე მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

6.2. 2013 წლის 29 ნოემბერს ზ------ი ჩ-----–---–-ს და ნ--- ნ---–---–ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადაო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ ურთიერთშეთანხმებაზე ”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არა ნამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არა ნამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.

 

სასამართლომ დადგინა, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან - წარმოადგენენ მამა-შვილი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგების მხარეებს არ სურდათ ნამდვილი გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება ანუ, ზემო მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამ გარიგებების დადებით მხარეებმა შეგნებულად შელახეს მოსარჩელის საკუთრების უფლება ქონების ½ წილზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების ჩუქების გარიგება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებებს და ეს გარიგება ბათილად უნდა გამოცხადდეს ნაწილობრივ, კერძოდ ქონების გასხვისების 1/2 ნაწილში.

 

6.3. უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგ ნორმებზე:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანა მესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანა მესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანა მესაკუთრის სასარგებლოდ.

 

საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტითა და ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის N949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწითმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის N199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად კომლის ყველა წევრებს მათ შორის სრულწლოვანსაც და არასრულწლოვანსაც კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად ქონება რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, როლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით დადგენილი იქნა, რომ კახეთის რეგიონულ არქივში დაცული ს----------ს რაიონის, სოფელ ბ-----------ას სასოფლო საბჭოს საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში და სოფელ ბ-----------ას საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში ზ------ი ზ-------ს-ძე ჩ-----–---–-ს კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ზ------ი ჩ-----–---–- - უფროსი და ქ------- ზ------ის ასული ჩ-----–---–- - შვილი (მოსარჩელე). ამ ფაქტს არც ერთი მხარე არ უარყოფს. შესაბამისად კოლმეურნეობების გაუქმების დროისათვის (1993 წელი) მოსარჩელე გახდა უძრავ ქონების, (მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: 55.02.52.0--) თანა მესაკუთრე, ქონების ½ ნაწილში, სხვა თანა მესაკუთრეებთან (ზ------ი ზ-------ს ძე ჩ-----–---–თან) ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამ შემთხვევაში თანა მესაკუთრეთა წილი განსაზღვრული არ არის.

 

შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ ცნობის და შესაბამისად თანამესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე უნდა აღირიცხოს ქონების თანა მესაკუთრედ ½ წილის, რადგან 1993 წლისათვის იგი ქ------- ჩ-----–---–- იყო ზ------ ჩ-----–---–-ს კომლის წევრი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარჩელი დაკმაყოფილდა და შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 53–ე, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ქ------- ჩ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს მ--- ი-–------ის მიერ 2013 წლის 29 ნოემბერს ზ------ ჩ-----–---–-ს და ნ--- ნ---–---–ის შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: 55.02.52.0--- ქონების ½ ნაწილში.

 

1.2. ქ------- ჩ-----–---–- (პ/№4----------) ცნობილი იქნეს ნ--- ნ---–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: 55.02.52.043.0--, ½ (ერთი მეორედი) წილის მესაკუთრედ.

 

1.3. შესაბამისად, ნ--- ნ---–---–ი დარჩეს უძრავ ქონების, მდებარე რაიონი ს----------, სოფელი მ--------–ი, საკადასტრო კოდი: 55.02.52.043.0--, ½ (ერთი მეორედი) წილის მესაკუთრედ.

 

2.მოსარჩელე ქ------- ჩ-----–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №25, გადახდილი 16.03.2018 წელს, გადამხდელი ქ------- ჩ-----–---–-, პირადი N4----------, გადამხდელის ბანკი სს"საქართველოს ბანკი" , სახაზინო კოდი:300523150, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი, ქ------- ჩ-----–---–-) .

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე