გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.09.2019
საქმის ნომერი
080310119002986090
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/214-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

მოსარჩელე - დ----- გ--------ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - გიორგი ჯიჯეიშვილი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის დ----- გ--------ის სახელზე 1996 წლის 24 სექტემბერს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (№გ 0112964) მოქმედების ვადა ამოიწურა - 2016 წლის 24 სექტემბერი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 17);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მარტს დ----- გ--------ემ N6------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 26 მარტის N17/333/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განცხადება და დ----- გ--------ეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოში მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 110-111);

- 2019 წლის 26 მარტის N17/333/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-14);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს დ----- გ--------ემ სახელმწიფო სერვისების ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 26 მარტის N17/333/გ გადაწყვეტილება.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დ----- გ--------ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის N01/124587/გ გადაწყვეტილებით დ----- გ--------ის 2019 წლის 2 აპრილის N75863 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 104);

- გადაწყვეტილება, მიმართვები, ბრძანება, სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 105, 106, 112-118);

- 2019 წლის 19 აპრილის N01/124587/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-16);

 

3.1.4. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2016 წლის 10 მაისის N13-3/4487 წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უგულებელყოფილია 100 000 ხელმომწერის ინტერესი შემოღებული იქნას პირადობის ელექტრონული მოწმობის ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელმომწერთა მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია და ირღვევა ხელმომწერთა რელიგიის თავისუფლება.

 

ამავე წერილის თანახმად, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ საქმეში დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეწყვიტა საქმის წარმოება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 10 მაისის N13-3/4487 წერილი (ს.ფ. 50-51);

- 2016 წლის 05 მაისის N13-3/4368 გადაწყვეტილება (ს.ფ.52-57);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებების პირველადი დანიშნულებაა, რომ კონსტიტუციური დებულებების ჭრილში დაცული იყოს ადამიანის, მოქალაქის ნება, მისი უფლებიდან გამომდინარე სრულად და შეუზღუდავად მოახდინოს სურვილების/უფლებების რეალიზება პირად თუ საჯარო სივრცეში. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლებები არაკანონიერი ხელყოფისგან იქნება ეს გამოწვეული საჯარო ხელისუფლების თუ სხვა სუბიექტების მხრიდან განხორციელებული ქმედებით. დაიცვას ჩარევებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ან უარყოფა. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარეობს სახელმწიფო ვალდებულება შექმნას განსაკუთრებული სამართლებრივი სისტემა - საკანონმდებლო ბაზა იმ კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის რაც სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობების ღირებულებათა ობიექტურ სისტემაზე იქნება ორიენტირებული.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის პირადობის მოწმობის მოქმედება დაიწყო 2011 წლის 1 აგვისტოდან, შესაბამისი კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით რეგულირებული წესებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია ბრძანების პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმები წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის - კანონის ნორმებთან, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანება, როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქართველოს კანონთან ერთობლიობაში, ემსახურება ამ ნორმატიული აქტების მიზნების განხორციელებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ ადგენს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ ნორმებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე დავის შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი მოსარჩელის მოთხოვნის შეფასება საკანონმდებლო ნორმების მოქმედების ჭრილში. ანუ, დასადგენია არსებობს თუ არა ის სამართლებრივი სივრცე და დებულება, რომლის არსებობის პირობებშიც მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა მისი დაკმაყოფილებისა და აღსრულებადობის თვალსაზრისით.

 

6.3. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე დ----- გ--------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 24 სექტემბრამდე, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, მან განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და (,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით დ----- გ--------ეს განემარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოში მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოსარჩელე არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობა თავისი მნიშვნელობით წინააღმდეგობაში მოდის მის რელიგიურ შეხედულებებთან, რადგან პირადობის მოწმობაში დატანებული შტრიხკოდი შეიცვას ციფრების - სამი ექვსიანის კომბინაციას, რომელიც მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე მისთვის ზიანის მომტანია, არღვევს მის სამოქალაქო უფლებებს და ხელყოფს ინტერესებს. აღნიშნულის გამო, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს მისი სურვილი, პირადი ცხოვრების დაცულობის ჭრილში და მისცეს მას და იმ მრავალ ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ მათ მიმართ არ გავრცელდეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღებისა და მისი სარგებლობის ვალდებულება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

ამავე წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილია კონკრეტული შემთხვევის ჩამონათვალი, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლება გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, კერძოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც ამავე მუხლში მითითებული გარემოებებია სახეზე.

 

ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა შექმნა განსაზღვრებადი, განჭვრეტადი საკანონმდებლო სისტემა, რა დროსაც, გარკვეული ობიექტური გარემოებების არსებობის გამო, არცერთი მოქალაქე არ დატოვა ძირითადი უფლებების მოქმედების სფეროს მიღმა და დააწესა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შესაძლებლობა, რაც ამავე ბრძანებაში მითითებულ შემთხვევებს ეხება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ----- გ--------ის მოთხოვნასთან მიმართებაში -გაცემული იქნეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე - სახეზე არ არის ნორმატიული აქტით (წესის 25-ე მუხლი) დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი ნორმატიული აქტები (ამავე ნორმატიულ აქტში მითითებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვალდებულებას, სახეზე არ არის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პირადობის მოწმობა 18 წლამდე ასაკის პირებზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე – 10 წლის ვადით. ,,საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოში მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს.

 

ამდენად, საქართველოს მოქალაქის ვალდებულებას და არა სურვილს წარმოადგენს აიღოს და იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამართლებრივი ურთიერთობაში იყოს სახელმწიფოსთან და, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა ამოიწურა, მას წარმოეშვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღების ვალდებულება, რადგან მოსარჩელე თავისი მდგომარებით არ ექცევა კანონით განსაზღვრულ გამონაკლისი შემთხვევების ჩამონათვალში, რაც ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

 

მოსარჩელის პოზიციასთან მიმართებაში, რომ მის ნება წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს თუ როგორი სახის პირადობის მოწმობის აღება სურს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების განვითარება იწვევს ახალი წესებისა და რეგულაციების შემოღებას. ამასთან, ახალი საკანონმდებლო ნორმები, უდავოდ უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და დანერგილ ღირებულებათა სისტემას, ახალი რეგულაცია აღნიშნული ღირებულებების სისტემაზე ორიენტირებით უნდა მიიღებოდეს და მასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირადობის ელექტრონული მოწმობის შემოღების მიზნებს წარმოადგენს ადამიანის პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება, შესაბამისად საკანონმდებლო რეგულაცია ითვალისწინებს სოციალური საზოგადოების დომინირებული ინტერესებს და მოთხოვნებს. რადგან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის არსებობის სავალდებულოობა სახელმწიფოს მხრიდან, საყოველთაო კეთილდღეობიდან გამომდინარეობს, ასეთი სახის ურთიერთობაში არსებობს იმის ალბათობა, რომ ვერ, ან არ იქნეს გაზიარებული ყველას სუბიექტური ნება და სურვილი და, შესაბამისად, (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ მოიაზრებოდეს ცალკეული პირების კერძო ნების, სუბიექტური სურვილის რეალიზების ფარგლებს. ამდენად, უმრავლესობის უფლებების უპირატესობა შესაძლებელია წინააღმდეგობრივი იყოს ცალკეული ჯგუფების ინტერესებთან მიმართებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ ჯგუფების ინტერესების უკანონოდ შეზღუდვას ან მათ არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დავის გადაწყვეტის დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს მოქმედი საკანონმდებლო ნორმებზე მითითებით და ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ თავისუფალი დემოკრატიისათვის მისაღებია გარკვეული მოთხოვნების შემზღუდველ საკანონმდებლო ნორმების დაშვება.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას მისი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი მხრიდან არ არის წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული, არგუმენტირებული შედავება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გადაწყვეტილება არ იქონიოს ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობა ემყარება პირად გამოცდილებას და ინდივიდუალურ მოსაზრებას, რაც წინააღმდეგობაშია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ კანონებზე დაფუძნებულ სამართლებრივ ვალდებულებებთან.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საფრთხის არსებობის თაობაზე, მოსარჩელის მხრიდან ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტაცია ან მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ობიექტურად მისცემდა მსჯელობის შესაძლებლობას. მოსარჩელე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას და ამავდროულად მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი მოსაზრებით დარღვეული იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რა დროსაც ადგილი აქვს მოსარჩელის კონსტიტუციითა და კანონით გარანტირებული უფლების უარყოფას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან და ვერ განიმარტება მისი ავტონომიური ნების ჭრილში, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს ქმნის.

 

მსგავს დავასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განჩინებაზე საქმეზე Nბს-389-389(კ-18), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,.. მხარე ვერ უთითებს და კონკრეტულად ვერ ასაბუთებს ელექტრონული მატარებლით პირადობის ქონის შემთხვევაში მისი რელიგიური მრწამსის მიმართ რაიმე სახის შეუსაბამობას. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს კასატორის რომელიმე რელიგიური მრწამსის წარმომადგენლობას.

 

კასატორი აგრეთვე ვერ ასაბუთებს მისი პერსონალური მონაცემების მისსავე ნების გარეშე მოპოვების რისკებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.“

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის პირადობის მოწმობაზე არსებული შტრიხკოდზე სამი ექვსიანის კომბინაციის არსებობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნა შესაბამისი არგუმენტებით დადასტურებული და რელევანტური მტკიცებულებებით გამყარებული.

 

თავად ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი პირადობის მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ციფრების კომბინაციასთან დაკავშირებით კი სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-14.5 მუხლზე, რომელიც პირისათვის პირადი ნომრის მინიჭებას ეხება და სადაც ცალსახად არის დადგენილი, რომ პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666. აღნიშნული საკითხი ასევე, რეგულირებულია ,,საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის N91 ბრძანებით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაციის წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: 00IA00001. პირველი ორი ციფრი – გამოშვების წელი; შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ასოების კომბინაცია (მაგალითად, AA) გარდა კომბინაციებისა PR და TR, შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგითი ნომერი 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XXX666.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. მითითებული მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- გ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი