გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.08.2019
საქმის ნომერი
351210019002804505
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#351210019002804505

საქმე №2-11-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

21 აგვისტო, 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

მოსარჩელე - ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ი

წარმომადგენელი - ი-----–----------–-ა, ნ------------–--ე

 

მოპასუხე - შ--–-----------–---–ი

წარმომადგენელი - თ----------------–---–ი

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე - შ--–-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება (მდებარე: გარდაბანი, ახალსოფელი, სოფელი საცხენისი, ს/კ 8-----------) და გადაეცეს იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეს.

 

ამავე სარჩელით, მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ასევე: 120 ლარის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება და 1500 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

სარჩელის მიხედვით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 05 ივნისს მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი სოფელი საცხენისი, ს/კ 8-----------. ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეძენილ უძრავ ქონებაში უნდა მოეწყოს მოსწავლე ახალგაზრდებისათვის საზაფხულო ბანაკი და ჩატარდეს პროგრამით გათვალისწინებული საგანმანათლებო და კულტურული ღონისძიებები. აღნიშნული აქტივობების განსახორციელებლად, შენობაში ჩასატარებელი იყო სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ადგილზე მიყვანილი იქნა სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი ჯგუფი. ადგილზე დათვალიერების შედეგად, შედგა ხარჯთაღრიცხვის ოქმი, სადაც მითითებული იყო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სამშენებლო მასალების ოდენობა და ხარისხი. 2018 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ მითითებულ მისამართზე და აღმოაჩინეს რომ ფართში შესასვლელი ჭიშკრის და შენობის საკეტები შეცვლილი იყო. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წერილობით აცნობეს უახლოესი პოლიციის განყოფილებას და მოითხოვეს სათანადო რეაგირების განხორციელება, ამავდროულად პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ მოცემულ მისამართზე, სადაც გაირკვა რომ, ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ფართში უკანონოდ შეიჭრნენ და თვითნებურად დაიკავეს დაცარიელებული ტერიტორია მოპასუხეებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და სხვა პირებმა. აღნიშნული უკანონო ქმედების შედეგად, იზღუდება მესაკუთრის უფლება, ერთპიროვნულად და განუყოფლად დაეუფლოს და ისარგებლოს საკუთარი ქონებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შ--–-----------–---–ის წარმომადგენელმა თ----------------–---–მა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სხდომაზე მხარი დაუჭირა წერილობით შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებლის მიხედვით, გ---------------–---–ის, მისი მეუღლის - მ---------------ის და ოჯახის სხვა წევრების საკუთრებაში იყო გარდაბნის რაიონის სოფელ საცხენისში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 1250 მ2 და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, ფართით 581,54 მ2, ს/კ 8-----------. აღნიშნული ქონება 16.05.2014 წელს დარეგისტრირდა ლ-------------–---–ის და შ--–-----------–---–ის სახელზე, რომლებიც არიან გ---------------–---–ის დედ-მამა. 17.10.2014 წელს ჯ---–---------–-–---–მა გადასცა გ---------------–---–ს 5000 აშშ დოლარი. რეალურად ეს ხელშეკრულება მოჩვენებითია, რადგან ლ-------------–---–მა და შ--–-----------–---–მა იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე არაფერი არ იცოდნენ, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. მოპასუხე უარყოფს, რომ გ---------------–---–მა მიიღო თანხა. ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთ ზემოაღნიშნული ქონება, სესხი გაიცა 6 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3,5 %-ის დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა შეიძლება გაგრძელებულიყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. 05.06.2018 წელს ჯ---–---------–-–---–მა, როგორც გამყიდველმა, ა(-------------–--------------–--------------------–----------------------------–----რს, როგორც მყიდველს, მიჰყიდა ჯ---–---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება, 28000 ლარად. მოპასუხე - შ--–-----------–---–ი მითითებული ქონების მესაკუთრე არ არის და არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოპასუხის წარმომადგენელმა თ----------------–---–მა 22.06.2018 წელს წერილობით მიმართა ორგანიზაციის თავჯდომარეს - შ--–------------ეს ულტიმატუმით იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის პოზიციების ვერ შეჯერების შემთხვევაში, საზაფხულო ბანაკში მისულ ბავშვებს მოუწევდათ მტრულ გარემოში ყოფნა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხე მხარესთან და მათი ოჯახის წევრებთან გამართული მოლაპარაკება იყო მოსარჩელის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვის ჟესტი, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა, ვინაიდან მოპასუხე მხარის შემოთავაზებული პირობები იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე და დროის გაჭიანურების მცდელობა. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები თვითნებურად შეიჭრნენ და დაიკავეს მესაკუთრის კუთვნილი ფართი მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მოსარჩელე მხარე მათ შემოთავაზებებს არასერიოზულად აღიქვამდა და არ აპირებდა მათთვის დროის გაჭიანურებაში ხელშეწყობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თ----------------–---–ის მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 22-23);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სასამართლოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით და საქმეზე ზედამხედველობას ახორციელეს ქ. რუსთავის რაიონული პროკურატურა. 2018 წლის აგვისტოდან სარჩელის აღძვრამდე გამოძიება არ არის დასრულებული. მოსარჩელემ 2018 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა ვაზიანის პოლიციის განყოფილებას და მოითხოვა ცნობა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართში უკანონო შეჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. მიღებულ პასუხში არ არის მითითებული ვის მიმართ არის აღძრული საქმე, რომელ უძრავ ქონებაში შეჭრის ფაქტზე არის აღძრული საქმე და როდის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ვაზიანის პოლიციის განყოფილების 27.11.2018 წლის ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 24);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 05.06.2018 წელს ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------მა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) ჯ---–---------–-–---–ისგან 28000 ლარად, რომელიც იურიდიული პირის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 21.06.2018 წელს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 56-60)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 18-19).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას. ეს არის სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი საცხენისი, ს/კ 8----------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ს-------–--------------–---------------------–----------------------------–-------ს საკუთრებად.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ს-------–--------------–---------------------–----------------------------–------- წარმოადგენს უძრავი ქონების (1250 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობის, მდებარე: გარდაბანი, ახალსოფელი, სოფელი საცხენისი, ს/კ 8-----------) მესაკუთრეს.

 

სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება არის მოპასუხე - შ--–-----------–---–ის მფლობელობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას, ასევე შესაგებლით მოპასუხემ განმარტა, რომ შ--–-----------–---–ი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, 07.02.2019 წელს წარმოდგენილ შესაგებელში, შ--–-----------–---–მა სასამართლოს მის ძირითად (ფაქტობრივ) მისამართად მიუთითა - გარდაბანი, სოფელი საცხენისი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს-------–--------------–---------------------–----------------------------–-------“ არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეა შ--–-----------–---–ი, რომელსაც არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, მან ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს-------–--------------–---------------------–----------------------------–-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შ--–-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

6.2. რაც შეეხება შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, კერძოდ ზემოთ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %, თუმცა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, რის გამოც ზედმეტად გადახდილი 60 ლარი მას უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი 60 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას 1500 ლარის ოდენობით და წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის ფასია 4000 ლარი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს 4000 ლარის 4 პროცენტს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე - შ--–-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება (1250 მ2 მიწის ნაკვეთი და 581,54 მ2 შენობა-ნაგებობა #1), მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ახალსოფელი, სოფელი საცხენისი, საკადასტრო კოდი: 8----------- და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე - ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ს;

 

3. დაეკისროს მოპასუხე - შ--–-----------–---–ს მოსარჩელე - ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ის სასარგებლოდ 60 (სამოცი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. დაეკისროს მოპასუხე - შ--–-----------–---–ს მოსარჩელე - ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ის სასარგებლოდ 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

5. მოსარჩელე - ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ს (ს/ნ 205054153) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადასახადო დავალება: #0, თარიღი: 15.01.2019 წელი, გადამხდელი: ნ------------–--ე, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი თემი გარდაბანი; ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22;

 

6. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში (მე-6 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი