გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3138069-2/503-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ლარისა ბოჩიკაშვილი
წარმომადგენელი - იოსებ ხითარიშვილი
მოპასუხე - ვიქტორ ტივაძე
წარმომადგენელი - ნინო დემეტრაძე
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ლარისა ბოჩიკაშვილსა და ვიქტორ ტივაძე შორის რეგისტრირებული ქორწინება.
1.2. ვიქტორ ტივაძეს არასრულწლოვანი შვილის - ოთარი ტივაძის (დაბ. 31.08.2009წ. პ/ნ 47950000931) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს მოსარჩელე ლარისა ბოჩიკაშვილის მიმართ დაეკისროს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშაულების (,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - QN-577-NQ) ღირებულების ½ თანხის 2500 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ლარისა ბოჩიკაშვილი 2008 წლის 31 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვიქტორ ტივაძესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ოთარი ტივაძე, დაბადებული 2009 წლის 31 აგვისტოს.
მხარეთა შემდგომი თანაცხოვრება შეუძლებელი აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისის თვეში ფაქტობრივად შეწყდა ქორწინება და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 1 აპრილს შეიძინეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხე ვიქტორ ტივაძის სახელზე.
მოპასუხე ვიქტორ ტივაძე მუსშობს შსს დაცვის პოლიციაში, ხოლო მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენს 850 ლარს.
არასრულწლოვანი შვილი ოთარი ტივაძე დადის დამატებით მეცადინეობაზე მათემატიკაში, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარს, ასევე დადის ცეკვაზე, სადაც გადასახადი შეადგენს ყოველთვიურად 25 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვიქტორ ტივაძემ სრჩელი ცნო ნაწილობრივ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება განქორწინებას, ასევე თანახმაა ალიმენტი გადაიხადოს 150 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ავტომანქანის ღირებულების ნაწილის დაკისრებას მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა არ შეესაბამება ავტომანქანის რეალურ ღირებულებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლარისა ბოჩიკაშვილის და ვიქტორ ტივაძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 31 ოქტომბრიდან.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა მნ N214468; (იხ.ს.ფ. 17).
3.1.2. ლარისა ბოჩიკაშვილს და ვიქტორ ტივაძეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2009 წლის 31 აგვისტოს დაბადებული ოთარ ტივაძე.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა ნკ N964845; (იხ.ს.ფ.18).
3.1.3. ლარისა ბოჩიკაშვილსა და ვიქტორ ტივაძეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ოთარ ტივაძე ცხოვრობს დედასთან ლარისა ბოჩიკაშვილთან.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქ.CD.დისკი).
3.1.4. ვიქტორ ტივაძის სახელზე ირიცხება ,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - QN-577-NQ. აღნიშნული ავტომანქანა ვიქტორ ტივაძის სახელზე რეგისტრირებულია 01.04.2016 წლიდან. ავტომანქანა შეძენილია ლარისა ბოჩიკაშვილის და ვიქტორ ტივაძის თანაცხოვრების პერიოდში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
-სარჩელი(იხ.სფ.4);
-შესაგებელი(იხ.სფ.52);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- 07.08.2019წ. ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. (ს/ფ 19).
3.1.5. ვიქტორ ტივაძე მუშაობს შსს დაცვის პოლიციაში და ხელზე ასაღები ხელფასი თვეში შეადგენს 850 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
-სარჩელი(იხ.სფ.4);
- შესაგებელი (იხ.სფ.52);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სას.სხ.ოქ.CD.დისკი).
3.1.6. ვიქტორ ტივაძეს სს ,,ვითიბი ბანკის წინაშე’’ გააჩნია დავალიანება - 5686.17 ლარი, სს ,,საქართველოს ბანკის’’ წინაშე - 7499.07 ლარი, სს ფინკა ბანკის’’ წინაშე - 1005.39 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- სს ,,ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას’’ 14.08.2019წ. ცნობა დავალიანების შესახებ(იხ.ს.ფ. 63)
- სს ,,საქართველოს ბანკის’’ 14.08.2019წ. ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 64).
- სს ,,ფინკა ბანკი საქართველოს’’ 14.08.2019წ. ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ. 65)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალების ( სახელმწიფო ნომრით - QN-577-NQ) ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის გრიგოლ გორელიშვილის აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით - QN-577-NQ. გამოშვების წელი 2005, საბაზო ღირებულება 2019 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 5000 ლარს.
მოპასუხემ სადაოდ გახადა ავტომანქანის ღირებულება და მიუთითა, რომ მითითებული თანხა აღემატება ავტომანქანის რეალურ ღირებულებას. სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა არცერთი საწინააღმდეგო მტკიცებულება, ავტომანქანის ღირებულების შესახებ. მარტოოდენ იმის განმარტება, რომ ავტომანქანის ღირებულება განსხვავდება დასკვნაში მითითებული ღირებულებისაგან არ არის საკმარისი მტკიცებულება.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალების ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლარისა ბოჩიკაშვილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1187-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, ,,ბავშთა უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია'', სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ოთარი ტივაძე უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს აქვს სტაბილური შემოსავალი. მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მას ფინანსურად, რაც არ არის საკმარისი მისი ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები, უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ბავშვების საჭიროებებისათვის აუცილებელი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ოთარი ტივაძის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, განვითარების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მის რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 8 აგვისტოდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 200 ლარის გადახდა, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ვიქტორ ტივაძემ განქორწინების ნაწილში ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება: განქორწინებით.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების თაობაზე, უფრო მეტიც მან ცნო სარჩელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლარისა ბოჩიკაშვილის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.
სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა თანაბარ უფლებებს ადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ქონება შეძენილია იზა ბაქრაძის და ავთანდილ ბაქრაძის ქორწინების პერიოდში, ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების პირობებში და შესაბამისად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
მოცემულ შემთხვევაში, ლარისა ბოჩიკაშვილი ითხოვს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან მისი წილის ღირებულების ანაზღაურებას.
დადგენილია, რომ ლარისა ბოჩიკაშვილის და ვიქტორ ტივაძის ქორწინების პერიოდში ვიქტორ ტივაძის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, სადავო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რის გამოც არსებობს მოპასუხე ვიქტორ ტივაძის მიერ მოსარჩელის ლარისა ბოჩიკაშვილისათვის სასარგებლოდ მოთხოვნილი ოდენობით საერთო ქონებიდან წილის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო ქონება, როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, ქონებაზე საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების უფლება გააჩნია, როგორც ვიქტორ ტივაძეს, ასევე ლარისა ბოჩიკაშვილს. შესაბამისად, ლარისა ბოჩიკაშვილის სასარგებლოდ მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს უნდა დაეკისროს საერთო ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება.
ამდენად, მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს მოსარჩელე ლარისა ბოჩიკაშვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტომანქანის ღირებულების ნახევარი 2500 ლარის გადახდა, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის გრიგოლ გორელიშვილის აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ,,ნისან ტიდას’’ ფირმის სატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით - QN-577-NQ. გამოშვების წელი 2005, საბაზო ღირებულება 2019 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 5000 ლარს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ლარისა ბოჩიკაშვილს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა ალიმენტის ნაწილში. ასევე ვიქტრო ტივაძეს ლარისა ბოჩიკაშვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლარისა ბოჩიკაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს ქორწინება ლარისა ბოჩიკაშვილს (პ/ნ 03001005430) და ვიქტორ ტივაძეს (პ/ნ 05001007331) შორის და გაუქმდეს სსგს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2008 წლის 31 ოქტომბრის ჩანაწერი ლარისა ბოჩიკაშვილს და ვიქტორ ტივაძეს შორის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.
ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო რეესტრში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
3. მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის ოთარი ტივაძის (დაბადებული 2009 წლის 31 აგვისტოს) სარჩოდ ლარისა ბოჩიკაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 8 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე.
4. მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს მოსარჩელე ლარისა ბოჩიკაშვილის მიმართ დაეკისროს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშაულების ღირებულების ½ თანხის 2500 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
მოპასუხე ვიქტორ ტივაძეს ლარისა ბოჩიკაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ გადახდილი 150 ლარი.
6. სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია