გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2019
საქმის ნომერი
010310117002006578
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310117002006578

№3-537/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ----- კი-–--ე

მოპასუხე - შპს „ქო----–---- ტრ----ი“, შპს „ქო----–---- ინ-----ი“, ედ---- ხი-----ე

წარმომადგენელი - რე---- ფუ--------ე

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქო----–---- ტრ----ის“ (ს/ნ4--------), შპს „ქო----–---- ინ-----ის“ (ს/ნ2--------) და ედ---- ხი-----ის (პ/ნ6----------) მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხეთა აღიარება ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2017 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ქო----–---- ინ-----ს“ (ს/ნ2--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 762 839,13 ლარი. შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2014 წლის 7 ოქტომბერს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 27 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს გამოიცა №0------ ბრძანება, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას, ავტომანქანას, სახ. ნომრით: G-----, ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით შეადგენს, 4000 ლარს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას. გარდა აღნიშნულისა, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შპს „ქო----–---- ინ-----ს“ სხვა ქონება არ გააჩნია.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების შესაბამისად, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ და შპს „ქო----–---- ტრ----ის“ (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი არის ედ---- ხი-----ე (პ/ნ 6----------), ის ამავე დროს შპს „ქო----–---- ინ-----ის“ დირექტორია.

აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 7 აგვისტოს №3---- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „ქო----–---- ინ-----ის“ საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც შპს „ქო----–---- ინ-----ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა, 996694.00 ლარი.

შპს „ქო----–---- ინ-----მა“ საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან, გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ პერიოდში გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული 401 574,3 ლარის ღირებულების საქონელი, შპს „ქო----–---- ტრ----იზე“, ასევე, მიიღო ხსენებულ თანხაზე დღგ-ს ჩათვლა, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ასახული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით.

შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადმა შეადგინა, მხოლოდ 18 005.17 ლარი.შეგიძლიაასევე, შპს „ქო----–---- ინ-----ს“ და შპს „ქო----–---- ტრ----ს“ გააჩნიათ იდენტური საქმიანობის სფერო (უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია).

ვინაიდან, განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა სსკ-ს 246-ე მუხლის შესაბამისად შპს „ქო----–---- ინ-----ი“ , შპს „ქო----–---- ტრ----ი“ და ედ---- ხი-----ე აღიარებული უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

კონკრეტულ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ სახეზე არის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება, კერძოდ:

ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს „ქო----–---- ინ-----მა“ გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდეგ პერიოდში გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული 401 574,3 ლარის ღირებულების საქონელი, შპს „ქო----–---- ტრ----ზე“ და ასევე, მიიღო ხსენებულ თანხაზე დღგ-ს ჩათვლაც.

რამდენადაც საგადასახადო ორგანოს მიერ უკვე განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო დავალიანების დაფარვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად შპს „ქო----–---- ინ-----ი“, შპს „ქო----–---- ტრ----ი“ და ედ---- ხი-----ე (პ/ნ6----------) აღიარებული უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა, შპს „ქო----–---- ტრ----მა“, შპს „ქო----–---- ინ-----მა“ და ედ---- ხი-----ემ წერილობითი შესაგებლითა და წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნეს, შემდეგი საფუძვლით:

განსახილველ საქმეზე სადავო არ შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ შპს „ქო----–---- ტრ----ს“ გარდა აღნიშნული გარიგებისა, სხვა რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია დასახელებულ შპს „ქო----–---- ინ-----თან“; ეს ორგანიზაციები დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან, ეს ორგანიზაციაები არ ეწევიან ერთიდაიგივე საქმიანობას, განსხვავებულია მათი იურიდიული მისამართიც.

შპს „ქო----–---- ტრ----ი“ სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტია, ამ ფირმას შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიმართ წარმოებულ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე აქვს გადახდილი საქონლის ღირებულება; ასევე, სადავო არ შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ შპს „ქო----–---- ტრ----ი“ კანონის მოთხოვნების დაცვით აწარმოებს ბიზნეს-საქმიანობას.

განსახილველ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სასამართლოში წარმოდგენილი შპს „სტორნო აუდიტის“ აუდიტორული დასკვნით ოფიციალურად დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს „ქო----–---- ტრ----ს“ ვალდებულებები ჯეროვნად აქვს შესრულებული;

მოპასაუხე ედ---- ხი-----ეს რაიმე სახის სარგებელი არ უნახავს ამ სადავო ოპერაციებიდან, მას როგორც ფიზიკურ პირს, არ შეუძენია რაიმე სახის ქონება, არ მიუღია დივიდენდი და ა.შ...

საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს მათი განსხვავება.

მოცემულ საქმეზე შესაფასებელია მხოლოდ ერთი კონკრეტული ოპერაცია, კერძოდ, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ მის საკუთრებაში არსებული 401 574.3 ლარის ღირებულების საქონლის შპს „ქო----–---- ტრ----ზე“ გასხვისების საკითხი.

გადასახადის გადამხდელია - შპს „ქო----–---- ინ-----ი“ და ეს ოპერაცია იყო რეალური, რაც ასევე მთავარია, მყიდველმა საქონლის ღირებულება სრულად გადაიხადა. სამართლებრივად სადავო არ გამხდარა ამ ოპერაციის კანონიერება, საქონლის გასხვისების დროს დაცული იქნა საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსებით განსაზღვრული მოთხოვნები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 20.08.2015წ. №0------ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებას, შესაფასებელი გარიგება კი განხორციელდა ამ ბრძანების მიღებამდე. საქონლის გასხვისების დროს რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობდა. ამდენად, ეს ოპერაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები.

არც ის გარემოება, რომ მოპასუხე ედ---- ხი-----ე წარმოადგენს ურთიერდამოკიდებულ პირს, არ მიუთითებს სარჩელის საფუძვლიანობაზე.

მოცემულ საქმეზე ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ადგილი არ ჰქონია ე.წ. საქონლის გადაწერის ფაქტს, ანუ - ფორმალურად კი არ მოხდა საქონლის გადაწერა, არამედ განხორციელდა კანონისმიერი გარიგება, რომელიც ნამდვილია და არ შეცილებულა რაიმე ფორმით; ჩვეულებრივ გასხვისდა საქონელი იმ პირობებით, რაც დადგენილია არსებული წესით და რაიმე შეღავათი არ მიუღია შპს „ქო----–---- ტრ----ს“.

სსიპ შემოსავლების სამსახური ვერაფრით ადასტურებს, რომ მოპასუხეებს აქვთ საერთო ფინანსური ანგარიშები, საერთო აქტივები, ურთიერთაღრეული საქმიანობა, ახორციელებენ შეთანხმებულ, არამართლზომიერ ქმედებებს და ა.შ..

ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „ქო----–---- ინ-----ი“ (ს/ნ2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 14/12/2006-დან; მეწარმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქო----–----, დავით აღმაშენებლის ქუჩა №275;

შპს „ქო----–---- ტრ----ი“ (ს/ნ4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 29/09/2014-დან; მეწარმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქო----–----, ს. კვირიკე;

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების შესაბამისად, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ და შპს „ქო----–---- ტრ----ის“ (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი არის ედ---- ხი-----ე (პ/ნ 6----------), რომელიც ამავე დროს შპს „ქო----–---- ინ-----ის“ დირექტორია.

შპს „ქო----–---- ინ-----ს“ და შპს „ქო----–---- ტრ----ს“ გააჩნიათ იდენტური საქმიანობის სფერო (უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 7 აგვისტოს №3---- ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „ქო----–---- ინ-----ის“ საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც შპს „ქო----–---- ინ-----ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა, 996694.00 ლარი.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2014 წლის 9 ოქტომბერს, რაც გადასახადის გადამხდელისათვის გაცნობილი იქნა 2014 წლის 27 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის მიერ.

შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს გამოიცა №0------ ბრძანება, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას, ავტომანქანას, სახ. ნომრით: G-----, რომლის ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით შეადგენს, 4000 ლარს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შპს „ქო----–---- ინ-----ს“ სხვა ქონება არ გააჩნია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 7 აგვისტოს №3---- ბრძანება;

- შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 აგვისტოს №0------ ბრძანება;

- ელექტრონული ბაზის მონაცემები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. შპს „ქო----–---- ინ-----მა“ გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან, გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ პერიოდში, კერძოდ, 2014 წლის 1-ლი ნოემბრიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული 401 574,3 ლარის ღირებულების საქონელი, შპს „ქო----–---- ტრ----იზე“, (ს/ნ4--------). ასევე, მიიღო ხსენებულ თანხაზე დღგ-ს ჩათვლა, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ასახული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადმა შეადგინა, მხოლოდ 18 005.17 ლარი.

2017 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ქო----–---- ინ-----ს“ (ს/ნ2--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 762 839,13 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრული სარჩელი, შპს „ქო----–---- ტრ----ის“ (ს/ნ4--------), შპს „ქო----–---- ინ-----ის“ (ს/ნ2--------) და ედ---- ხი-----ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, სწორედ აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რომლის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ამ ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი კომპეტენციიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საგადასახადო კოდექსის 1-ლი მუხლი).

გადასახადის გადახდის კონსტიტუციური ვალდებულება აისახა საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, „რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები.

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელთა მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების - საგადასახადო დავალიანების შესრულების ეტაპზე შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული სახის დაბრკოლებები, რამაც შეაფერხოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გადამხდელთა მიერ შეგნებულად, მიზანმიმართულად იქნას არიდებული კუთვნილი ვალდებულებების შესრულება. ასეთ შემთხვევათა პრევენციის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთა ქონების მეშვეობით საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 35-ე თავში. მოცემული ნორმატიული აქტის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ვალდებულების უზრუნველყოფა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონებით, ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მეშვეობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2010 წლის რედაქცია) 246-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

6.4. მოსარჩელე მხარის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ქო----–---- ტრ----ის“ (ს/ნ4--------), შპს „ქო----–---- ინ-----ის“ (ს/ნ2--------) და ედ---- ხი-----ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის (აღიარების) საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ქო----–---- ტრ----ის“ მიმართ 2014 წლის 9 ოქტომბრიდან გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და გადასახადის გადამხდელმა, შპს „ქო----–---- ტრ----მა“, რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია ედ---- ხი-----ე, 401 574,3 ლარის ღირებულების საქონელი, მატერიალური ფასეულობის განრიდების მიზნით გადასცა შპს „ქო----–---- ინ-----ს“, რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელიც ასევე არის ედ---- ხი-----ე; იდენტურია ორივე საწარმოს საქმიანობის სფეროც, უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ ქონების გადაცემა მოპასუხე ედ---- ხი-----ის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებაზე, რომელიც განაგრძობს იდენტურ სამეწარმეო საქმიანობას, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებების გატარებისგან თავის არიდებას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

სასამართლო აღნიშნავს, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იქნება განახორციელობს უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი:

1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან,2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ, ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

ამრიგად, განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას.

 

6.6. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია ურთიერთდამოკიდებული პირების ცნება: ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე ნორმის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;

ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) პირები ნათესავები არიან;

ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

6.7. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზე არის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება, კერძოდ, შპს „ქო----–---- ინ-----ი“, შპს „ქო----–---- ტრ----ი“ და ორივე საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორი 100-იანი წილით, ამავდროულად, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ დირექტორი, ედ---- ხი-----ე, მოქმედებდნენ საერთო მიზნით, რომ გაერიდებინათ ფულადი საშუალებები დავალიანების მქონე საწარმოდან, შპს „ქო----–---- ინ-----იდან“, რათა საწარმოს თავი აერიდებინა როგორც ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის.

კერძოდ, დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 9 ოქტომბრიდან გავრცელებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რასაც უკვე 2014 წლის 27 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელიც გაცნობილი იყო. გირავნობა-იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა ვერ შეძლო გადასახადის გადამხდელის, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონების დაყადაღება, რადგანაც შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ დავალიანება აღიარებული ჯერ კიდევ არ იყო, რითაც ისარგებლა გადამხდელმა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფიზიკური პირი - ედ---- ხი-----ე არის როგორც შპს შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ისე, შპს „ქო----–---- ტრ----ის“ ერთპიროვნული დამფუძნებელი პარტნიორი 100 %-იანი წილით და ამასთან, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ დირექტორი, რომელმაც საბანკო ანგარიშების გვერდის ავლით, ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა შპს „ქო----–---- ინ-----ის“ საკუთრებაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, 401 574,3 ლარის საერთო თანხით, შპს „ქო----–---- ტრ----ს“.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იდენტურია ამ ორი საწარმო სუბიექტის საქმიანობის სფეროც, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებით და ამას არ უარყოფენ მოპასუხეებიც. ფაქტობრივად, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ საქმიანობას აგრძელებს შპს „ქო----–---- ტრ----ი“, მხოლოდ შეცვლილი სახელითა და საიდენტიფიკაციო კოდით.

სასამართლო იზიარებს ასევე მოსარჩელე მხარის იმ მოსაზრებას, რომ ყოველივე აღნიშნული ემსახურება შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიმართ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისაგან თავის არიდებას, რისთვისაც ამ უკანასკნელის და ედ---- ხი-----ის მიერ გამოყენებული იქნა სხვა სახელით რეგისტრირებული საწარმო, შპს „ქო----–---- ტრ----ი“.

სასამართლოს მიერ ცრუმაგიერობის დადგენის შემთხვევაში მოხდება გადამხდელის რეალური შემოსავლების დადგენა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშსწორება მოხდა ხელზე, ნაღდი ანგარიშსწორებით (საბანკო ანგარიშებზე გვერდის ავლით), რაც კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა საბანკო ანგარიშსწორების შემთხვევაში ოპერაცია ცნობილი გახდებოდა შემოსავლების სამსახურისათვის და საგადასახადო ვალდებულების აღიარებამდე, ის შეაჩერებდა მატერიალური ღირებულების მიქცევას. სწორედ, ამის თავიდან ასაცილებლად იქნა განხორციელებული ანგარიშსწორება, ხელზე, ბანკის გარეშე.

შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ საქმიანობის შეწყვეტა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაცემა შპს „ქო----–---- ტრ----ზე“, მიზნად ისახავდა გადასახდების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას ამ მხრივ, რომ შპს „ქო----–---- ინ-----ს“, ედ---- ხი-----ეს და შპს „ქო----–---- ტრ----ს“ გააჩნდათ საერთო მიზანი - შპს „ქო----–---- ინ-----ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდება და განხორციელებული სასაქონლო ოპერაციით მოხდა, ვალდებული პირის მიერ ქონების განრიდება.

ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისა და ასევე, მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან არიდების მიზნით გადასახადის გადამხდელმა, შპს „ქო----–---- ინ-----მა“ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები საერთო თანხით 401 574,3 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით, 5 ეტაპად გადასცა შპს „ქო----–---- ტრ----ს“, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ასახული ელექტრონული ანგარიშფაქტურებით. ჯამურად უნაღდო ანგარიშსწორებით მომწოდებლის სახელით გადახდილმა თანხამ შეადგინა, 36739,97 ლარი. შპს „ქო----–---- ინ-----მა“ ასევე, მიიღო ხსენებულ თანხაზე დღგ-ს ჩათვლა. ამით საბიუჯეტო დავალიანების მქონე საწარმომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე განარიდა კუთვნილი ქონება.

ასევე დადგენილია და უდავო, რომ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 20 აგვისტოს გამოსცა №0------ ბრძანება, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, თუმცა გადამხდელს ქონების სახით ერიცხება მხოლოდ ერთი ერთეული ავტომანქანა, სახ. ნომრით: G-----, რომლის ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით შეადგენს სულ 4000 ლარს, რაც გაცილებით ნაკლებია, საგადასახადო ვალდებულებაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ და მისი დირექტორის, ედ---- ხი-----ის მიერ ქონების გადაცემა მისივე დაფუძნებული საწარმოსათვის, რომელიც განაგრძობს იდენტურ სამეწარმეო საქმიანობას, მიზნად ისახავდა, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებების გატარებისგან თავის არიდებას.

გადასახადის გადამხდელთა, შპს „ქო----–---- ინ-----ის“ და შპს „ქო----–---- ტრ----ის“ განსხვავება ამ მხრივ შეუძლებელია, მათი ერთობლივი მიზნიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივად არსებულ ორ იურიდიულ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ედ---- ხი-----ე, წარმოადგენს გადასახადისაგან თავის არიდების სქემას და მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისკენ, ემსახურება შპს „ქო----–---- ინ-----ის“ მიერ საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ბაზის, 2017 წლის 21 ივნისის მონაცემებით შპს „ქო----–---- ინ-----ს“ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, 762 839,13 ლარის ოდენობით, ხოლო განხორციელებული ოპერაციის შედეგად, შპს „ქო----–---- ინ-----ს“ ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნება ბიუჯეტისადმი რიცხული დავალიანების ნაწილობრივი გადახდევინებაც, აღარ გააჩნია.

სასამართლო ამ პირთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს.

აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების, შპს „ქო----–---- ინ-----ის“, ედ---- ხი-----ისა და შპს „ქო----–---- ტრ----ის“ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, საარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამდენად, მოპასუხეებს, შპს „ქო----–---- ტრ----ს“, შპს „ქო----–---- ინ-----ს“ და ედ---- ხი-----ეს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 25-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

აღიარებული იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: შპს „ქო----–---- ტრ----ი“, შპს ,,ქო----–---- ინ-----ი“ და ედ---- ხი-----ე.

2. მოპასუხეებს, შპს „ქო----–---- ტრ----ს“, შპს „ქო----–---- ინ-----ს“ და ედ---- ხი-----ეს დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე