გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
330210018002505577
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/18074-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს მისო ,,რ-------------ი’’

წარმომადგენელი - მ------ ბ---------–ი

 

მოპასუხე - მ------ გ------–--ე

წარმომადგენელი - თ----- გ-----–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნოტარიუს მ------ გ------–--ეს დაეკისროს ნ--–--–---------ის მიერ 2015 წლის 26 იანვარს დეპონირებული 8145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის შპს მისო „რ-------------ისადმი“ გადაცემა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2013 წლის 31 ივლისს #2-------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 02 აპრილს, ნ--–--–---------სა და ც------ ქ----------ს სოლიდარულად დაეკისრათ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ის’’ სასარგებლოდ 38145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის გადახდა. ჯერ კიდევ დავის მიმდინარე პერიოდში და სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, ნ--–--–---------მა ნოტარიუს მ------ გ------–--ის დეპოზიტზე 2014 წლის 17 თებერვალს -30000 აშშ დოლარის ოდენობით და 2015 წლის 26 იანვარს - 8145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის ოდენობით განახორციელა თანხის დეპონირება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მან 2017 წლის 08 მაისს ნოტარიუსისგან წერილით მოითხოვა დეპონირებული თანხების გადაცემა, თუმცა ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 22 ივნისს წარმოდგენილი წერილით ეცნობა, რომ იგი უარს ამბობდა მათთვის თანხის გადაცემაზე, რადგან როგორც ეს მოსარჩელესა და მოვალე ნ--–--–---------ს შორის იპოთეკის გაუქმების თაობაზე დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, მოსარჩელემ უარი თქვა დეპონირებული თანხის მიღებაზე, ამასთანავე, ხანდაზმული იყო მოთხოვნა 2014 წლის 17 თებერვალს დეპონირებული 30000 აშშ დოლარის მოთხოვნაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსს არ გააჩნდა უარის თქმის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ის, რასაც მიუთითებს დასაბუთებაში, არ ამართლებს მის პოზიციას.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა დაეკისროს ნოტარიუს მ------ გ------–--ეს 2015 წლის 26 იანვრის N2 წერილში აღნიშნული დეპონირებული თანხის 8145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის გადახდა.

 

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს ნოტარიუსის ვალდებულებაზე, რომელიც არის კანონისმიერი ვალდებულება და გამომდინარეობს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 96-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, კერძოდ: „ნოტარიუსი ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და ამ უკანასკნელის მოთხოვნით გადასცემს მას ვალდებულების საგანს“. მითითებული დისპოზიციიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ დეპოზიტზე თანხის დეპონირებისა და კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში ნოტარიუსს წარმოეშობა ვალდებულება გადასცეს თანხა კრედიტორს.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული დისპოზიცია უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება, რაც დააფიქსირა შეკითხვების ეტაპზე, თუმცა რატომ ფიქრობს ასე, მას განმარტება არ გაუკეთებია.

 

ნოტარიუსის ზემოთ მითითებული ვალდებულების წარმოშობას საფუძვლად უდევს გარემოების არსებობა დეპონირებაზე და კრედიტორის მოთხოვნაზე. ორივე კუმულატიურად უნდა არსებობდეს. განსახილველ შემთხვევაში დეპონირება მოვალის - ნ--–--–---------ის მიერ არ არის სადავო, მაშასადამე, ეს გარემოება უდავოდ დადასტურებულია. რაც შეეხება კრედიტორის მოთხოვნას, ამ გარემოების არსებობა სადავოა მხარეთა შორის: მოსარჩლე ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს ნოტარიუსისთვის მათ მიერ 2014 წლის 18 თებერვალის N3 წერილის პასუხად გაგზავნილ განცხადებაზე, მოსარჩელის 2015 წლის 02 თებერვლის N1---- წერილზე და მოსარჩელის 2017 წლის 08 მაისის N3---- წერილზე. სამივე მათგანში ნათლად ჩანს მოსარჩელის ნება, რომ აქვს სურვილი სრულად მიიღოს მოპასუხისგან სადავო თანხა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თავდაპირველად მოსარჩლე აპროტესტებდა სანოტარო საზღაურის ოდენობას, თუმცა ბოლო წერილში აღარც მას აპროტესტებდა და ნოტარიუსს უნდა გადაეცა სადავო თანხა სრულად. რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელემ ამ წერილებით განაცხადა უარი დეპონირებული თანხის მიღებაზე, მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა, თუ სად წერია და რატომ განიმარტება ზემოთ მითითებულ წერილებში ასახული მოსარჩელის ნება თანხის მიღებაზე უარად. მოსარჩელეს არც ერთ წერილში არ უთქვამს უარი და რაც თქვა, მისი განმარტებისას შეიძლება დადგინდეს მხოლოდ თანხის მიღების სურვილი, მით უმეტეს, როდესაც ბოლო წერილში ნათლად და გარკვევით არის ჩამოყალიბებული მოთხოვნა თანხის გადმოცემაზე. ამ მოცემულობაში მოპასუხის პოზიცია, რომელიც შეკითხვების ეტაპზე ნათლად გამოხატა, თითქოსდა მოსარჩელის წერილებში არსად არ წერია თანხის მოთხოვნა, არის სიცრუე.

 

მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციის 97-ე მუხლზე, რომელიც დეპონირებული თანხის მიღებაზე უარს სამართლებრივ ძალას და მის თანმდევ შედეგებს მხოლოდ მაშინ ანიჭებდა, როდესაც კრედიტორის უარი შენატანების მიღებაზე დამოწმებული იყო სანოტარო წესით. მაშასადამე, უარი შენატანის მიღებაზე, რომ ჩაითვალოს სამართლებრივი ძალის მქონედ, სავალდებულოა მითითებული სანოტარო ფორმის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ვერცერთი ნების გამოხატულება ვერ ჩაითვლება შენატანის მიღებაზე უარად. ამავე სამართლებრივი აქტით მხოლოდ ერთი გამონაკლისია დადგენილი, კერძოდ, თანხის დეპოზიტზე მიღებიდან სამ წლიანი ვადის გასვლა. ვინაიდან, სადავო თანხის დეპოზიტზე განთავსებიდან წერილები გაიგზავნა და სარჩელი აღიძრა სამ წლამდე ვადაში, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეულა.

 

ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, ინსტრუქციის 96-ე მუხლის მეორე ნაწილით ნოტარიუსის ვალდებულების წარმომშობი მეორე გარემოება - კრედიტორის მოთხოვნა დადასტურებულად არსებობს, რაც წერილებში პირდაპირ არის ასახული და არ არსებობს კრედიტორის არც პირდაპირი და არც განმარტებითი უარი დეპონირებული თანხის მიღებაზე, მით უმეტეს, ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმით. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ სახეზეა ნოტარიუსის სადავო თანხის გადაცემაზე ვალდებულებულების წარმომშობი ორივე გარემოება.

 

მხარის განმარტებით, საქმეზე არ წარმოდგენილა არც გარემოება და არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობას - სადავო თანხის გადაუცემლობას, მოპასუხეც ადასტურებს და არ უარყოფს. იგი თავის შესაგებელს აფუძნებს იმ დასაბუთებაზე, რომ ნოტარიუსი არ არის ვალდებული გადასცეს „რ-------------ს“ სადავო თანხა, რადგან არსებობს ამ ვალდებულების გამომრიცხავი შემდეგი გარემოებები: 1) კრედიტორის უარი თანხის მიღებაზე და ხანდაზმულობაზე, რაზეც მოსარჩელის მიერ ზემოთ უკვე არის წარმოდგენილი განმარტება; 2) სანოტარო საზღაურის გადახდაზე კრედიტორის მიერ უარის თქმის გამო; 3) უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სადავო თანხის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის გამო; 4) სასამართლოს მიერ „რ-------------სა“ და ნ--–--–---------ს შორის დავაზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო; 5) დეპონირებული თანხის მოვალისადმი დაბრუნების გამო.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, კრედიტორის მიერ სანოტარო საზღაურის გადახდაზე უარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადავო თანხის მოსარჩელისთვის გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან სანოტარო საზღაური არ მოიცავს სადავო თანხას სრულად და იგი წარმოადგენს მხოლოდ მის ნაწილს, რომელიც ამ თანხის დანარჩენ ნაწილზე არ ვრცელდება. იმ შემთხვევაში, თუკი ნოტარიუსი ჩათვლიდა, რომ დეპონირებული თანხიდან მას ეკუთვნოდა სანოტარო საზღაური, მას შეეძლო ეს გამოქვითვა განეხორციელებინა ამავე თანხიდან და ის ნაშთი, რომელიც არ შევიდოდა სანოტარო საზღაურში, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცა კრედიტორისთვის.

 

რაც შეეხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმას, იგი წარმოადგენს ანგარიშწორების ერთ-ერთ სახეს, რომელიც მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში. უფრო მეტიც, მას პრიორიტეტიც კი გააჩნია, რადგან ოპერაციის მხარეთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მეტ გარანტიებს წარმოადგენს. არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც მოპასუხეს აუკრძალავდა ან/და შეზღუდავდა მოსარჩელისთვის სადავო თანხის უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაცემას, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც სადავო თანხა დეპონირებული იყო საბანკო ანგარიშზე და ამ ანგარიშიდანვე გადარიცხვა მეტად მოსახერხებელი იყო, ვიდრე ამავე ანგარიშიდან თანხის გამოტანა და ნაღდი ფორმით მოსარჩელეზე გადაცემა.

 

მოპასუხის მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის N2--------- განჩინებაზე, ასევე, უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის Nა--------------- განჩინებაზე, როგორც სადავო თანხის გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლებზე, იმ მოტივით, რომ ამ განჩინებებით დადგენილია მოსარჩელის უარი თანხის მიღებაზე, არის დაუსაბუთებელი შემდეგი მიზეზის გამო: სსკ 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ გარემოებები იმ შემთხვევაში არ საჭიროებენ მტკიცებას, თუკი ისინი დადგენილია იმავე მხარეებს შორის მიღებული სასამართლო აქტებით. ზემოთ აღნიშნულ განჩინებებში კი მოპასუხე არ წარმოადგენს მხარეს, შესაბამისად, მითითებული განჩინებები არ ადასტურებს გარემოებას მოსარჩელის მიერ სადავო თანხის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

მოპასუხე სადავო თანხის „რ-------------ისთვის“ გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე მიუთითებს ამავე თანხის მოვალისადმი დაბრუნების ფაქტს. მოსარჩლის მითითებით, მოპასუხე ერთმანეთთან უსაფუძვლოდ აკავშირებს სამ სამართალურთიერთობას, რომლებსაც სინამდვილეში ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, კერძოდ: პირველი - ნ--–--–---------სა და „რ-------------ს“ შორის არსებული სამართალურთიერთობა: მოვალის მიერ ნოტარიუსის დეპოზიტზე თანხის განთავსება, რომლითაც შეწყდა სამართლებრივი კავშირი (მხარეთა უფლებები და მოვალეობები) „რ-------------სა“ და ნ--–--–---------ს შორის, რაც გამომდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისს N2-------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან. მითითებული დეპონირებით ნ--–--–---------მა დაასრულა „რ-------------თან“ ურთიერთობა და ამ უკანასკნელს აღარ აქვს უფლება რაიმე მოთხოვნა წარუდგინოს ნ--–--–---------ს. მეორე - ნოტარიუსსა და „რ-------------ს“ შორის არსებული სამართალურთიერთობა: ნ--–--–---------ის მიერ დეპონირების გამო მოპასუხეს ნოტარიუს მ------ გ------–--ეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება გადაეცა კრედიტორისთვის - „რ-------------ისთვის“ დეპონირებული თანხა. მესამე - ნოტარიუსსა და ნ--–--–---------ს შორის არსებული სამართალურთიერთობა: ნოტარიუსის მიერ მოვალისადმი თანხის დაბრუნება კრედიტორის მიერ დეპონირებული თანხის უარის თქმის დროს. სამივე სამართალურთიერთობისას თითოეულ მათგანს ჰყავს სხვადასხვა მხარეები, ერთი სამართალურთიერთობის მხარეებს არ გააჩნიათ უფლება-მოვალეობები და სხვა სახის სამართლებრივი ბმა, სხვა სამართალურთიერთობის მხარეებთან. შესაბამისად, არ შეიძლება მოვალისადმი - ნ--–--–---------ისადმი თანხის დაბრუნება მიჩნეულ იქნეს სადავო თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლად. მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც ნ--–--–---------ისადმი თანხის გადაცემა ნოტარიუსის მიერ არის უკანონი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული. იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქცია“ დეპონირებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემაზე ნოტარიუსის ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებად არ განიხილავს ნოტარიუსის მიერ აღნიშნული თანხის მოვალესათვის დაბრუნების ფაქტს. ნოტარიუსი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას დეპონირებული თანხა (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ

ნოტარიუსის მიერ დეპოზიტზე კრედიტორისაგან თანხები მიღებულია სანოტარო აქტებში მითითებული ორ გადაწყვეტილების საფუძველზე, კერძოდ: (1) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისს #2-------- გადაწყვეტილებაზე მითითებით ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების 2014 წლის 17 თებერვლის #1--------- სანოტარო აქტის საფუძველზე 30 000 აშშ დოლარი; (2) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის #2-------- გადაწყვეტილებაზე მითითებით ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების 2015 წლის 20 იანვრის #1-------- სანოტარო აქტის საფუძველზე 8145 აშშ დოლარი და 1340 ლარი. მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, ნოტარიუსმა მართებულად განაცხადა უარი დეპონირებული თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაზე, რაც ასევე წერილშია მითითებული, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებების გაცნობისას გაირკვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების განჩინებებით კანონიერ ძალაში შესულა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ი“-ს სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება ნ--–--–---------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ლ-------ს ქ. # 28, ს/კ N0---------------. თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავიანთი განჩინებების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების ნაწილებში ნამსჯელი აქვთ ნ--–--–---------ის მიერ 2014 წლის 17 თებერვალის # 1-------- და 2015 წლის 20 იანვრის #1-------- სანოტარო აქტების საფუძველზე კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესასრულებლად დეპოზიტზე თანხის განთავსების ფაქტებზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასებულია გარემოება (სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო გარემოება) იმის შესახებ, რომ 2014 წლის 17 თებერვალს განხორციელებულ დეპონირებაზე ნოტარიუსმა აცნობა შპს „რ-------------ს“ და განუმარტა თანხის დაგვიანებით გატანის შედეგები; შპს „რ-------------მა“ თავდაპირველად უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ განთავსებული თანხა სრულად არ ფარავდა დავალიანებას და თანხის მიღებით ვალდებულება შესრულებულად ვერ მიიჩნეოდა, მოგვიანებით კი, როდესაც მოვალემ სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩენილი თანხა განათავსა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შესრულების მიღებაზე უარი განაცხადა დეპოზიტზე თანხის შენახვისათვის გათვალისწინებული საზღაურის მოსალოდნელი გამოქვითვის მიზეზით განაცხადა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებებით) გაუქმებულია შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია რ-------------ი“-ს სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება ნ--–--–---------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებებით მიჩნეულია, რომ შპს „რ-------------მა“ ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღებაზე, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს განჩინებების 1.2.5. პუნქტით დადგენილია, რომ შპს „რ-------------მა“ ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა. პირველ შემთხვევაში უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ განთავსებული თანხა დავალიანებას და 30 000 აშშ დოლარის მიღებით ვალდებულებას სრულყოფილად შესრულებულად ვერ მიიჩნევდა. მოგვიანებით, 2015 წლის 20 იანვარს განთავსებული თანხის - 8 145 აშშ დოლარი და 1340 ლარის მიღებაზე უარი კი იმაზე მითითებით დაასაბუთა, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღების შემთხვევაში, დეპოზიტზე განთავსებულ თანხას გამოაკლდებოდა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის განხორციელებული ღონისძიებების ხარჯები, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამ თანხების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების საჭიროება.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელემ კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში არ მიიღო მის სასარგებლოდ სანოტარო დეპოზიტში მიღებული 30 000 აშშ დოლარი (უარი განაცხადა), 2017 წლის 23 მაისს ნ--–--–---------მა მიმართა ნოტარიუს მ------ გ------–--ეს და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. ამავე დღეს შედგა დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის სანოტარო აქტი #1-------- და ნ--–--–---------ს კანონით გათვალისწინებული საზღაურის გადახდით ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მიღებული 30 000 აშშ დოლარი დაუბრუნდა ნ--–--–---------ს. რაც შეეხება სანოტარო დეპოზიტში მიღებულ 8 145 აშშ დოლარს და 1340 ლარს, აღნიშნული ნ--–--–---------ს დაუბრუნდა დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ 2018 წლის19 მარტის #1-------- სანოტარო აქტით, შესაბამისად, გადახდილ იქნა სანოტარო საზღაურიც.

 

მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 18 თებერვალს, მან, როგორც ნოტარიუსმა, წერილობით მიმართა შპს „რ-------------ს“ და აცნობა, რომ ნ--–--–---------ის მიერ შპს „რ-------------ის“ წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით მის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდა თანხა. ამასთანავე, მან კანონის საფუძველზე მიუთითა იმ შესაძლო შედეგებზე, რომელიც კრედიტორის მიერ თანხის მიუღებლობას მოჰყვებოდა.

 

მხარის მტკიცებით, 2014 წლის18 თებერვალის წერილით შპს „რ-------------მა" მიმართა რა ნოტარიუსს, მან უარი განაცხადა დეპონირებული თანხის მიღებაზე, ვინაიდან იგი არ მიიჩნევდა ვალდებულებას სრულად შესრულებულად და ამასთანავე, უარს აცხადებდა სანოტარო საზღაურის გადახდაზე; ხოლო 2015 წლის 02 თებერვლის #1---- წერილით შპს „რ-------------ი“ კვლავ უარს აცხადებდა ნ--–--–---------ის მიერ დეპონირებული თანხის მიღებაზე, ვინაიდან ვალდებულებას არ მიიჩნევდა სრულყოფილად შესრულებულად. ანალოგიური შინაარსის იყო ნოტარიუსისადმი შპს „რ-------------ის“ 2017 წლის 08 მაისის #3---- წერილიც. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუსისი თანხის დაკისრების თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების ც------ ქ----------ისა და ნ--–--–---------ის მიმართ და მოპასუხე ც------ ქ----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 30 000 აშშ დოლარის, პროცენტის - 2012 წლის 09 აგვისტოდან 2012 წლის 9 ნოემბრამდე 2700 აშშ დოლარის ოდენობით; ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ც------ ქ----------ისათვის პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე 2012 წლის 9 ნოემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლამდე წლიური 60%-ის ოდენობით და მოპასუხე ც------ ქ----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის გადახდა წლიური 36%ის ოდენობით 2012 წლის 9 ნოემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლამდე 3 000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ც------ ქ----------ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხე ც------ ქ----------ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2 445 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე ნ--–--–---------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ლ-------ს 28, საკადასტრო კოდით N0---------------. იმ შემთხვევაში, თუ ნ--–--–---------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, მისი დაფარვა განხორციელდებოდა მოპასუხე ც------ ქ----------ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ--–--–---------მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით მხოლოდ პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ს’’ ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია და ამდენად, ძირითადი თანხის 30000 აშშ დოლარის ნაწილში ის შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-32)

 

4.2. 2014 წლის 17 თებერვალს ნ--–--–---------მა მიმართა ნოტარიუსს და მოახდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ძირითადი თანხის 30 000 აშშ დოლარის დეპონირება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ის’’ სასარგებლოდ.

 

აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა 2014 წლის 18 თებერვლის ნოტარიუსის მიერ გაგზავნილი წერილით.

 

2015 წლის 20 იანვარს ნ--–--–---------მა კვლავ მიმართა ნოტარიუსს და ამჯერად მოახდინა 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 8145 აშშ დოლარის და 1340 ლარის დეპონირება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ის’’ სასარგებლოდ ნოტარიუს მ------ გ------–--ის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღნიშნულის თაობაზე ასევე ეცნობა მოსარჩელეს ნოტარიუსის 2015 წლის 26 იანვრის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფულადი სახსრების დეპოზიტზე მიღების 2014 წლის 17 თებერვლის #1-------- ოქმი (ს.ფ. 99-101)

- ნ--–--–---------ის განცხადება (ს.ფ. 108)

- ნოტარიუს მ------ გ------–--ის 2014 წლის 18 თებერვლის #3 წერილი (ს.ფ. 33-34;115-116)

- ფულადი სახსრების დეპოზიტზე მიღების 2015 წლის 20 იანვრის #1-------- ოქმი (ს.ფ. 102-103)

- ნელი სერმადინის განცხადება (ს.ფ. 106-107)

-ნოტარიუს მ------ გ------–--ის2015 წლის 26 იანვრის #2 წერილი (ს.ფ. 35-36)

- ქვითრები (ს.ფ. 104-105)

 

4.3. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რ-------------ის’’ 2015 წლის 02 თებერვლის ნოტარიუსისათვის მიწერილი წერილის მიხედვით, მან 30 000 აშშ დოლარის მიღებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსის მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კრედიტორს თანხა უნდა მიეღო ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით მაშინ, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით არ ხდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების სრულად შესრულება, ხოლო 2015 წლის 20 იანვარს განთავსებული თანხის 8145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის მიღებაზე ნოტარიუსს არ მიმართა იმ მიზეზით, რომ ამ თანხას დაექვითებოდა მოვალის მიერ განხორციელებული ღონისძიების ხარჯები იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ამ თანხების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების საჭიროება, რადგან მას უარი არ განუცხადებია შესრულების მიღებაზე.

 

2017 წლის 08 მაისის წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2013 წლის 31 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (საქმე #2--------) გადაწყვეტილების აღსასრულებლად ნ--–--–---------ის მიერ მასთან დეპონირებული თანხების ჩარიცხვა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე. მისთვის, როგორც მხარისთვის, ცნობილი იყო, 2014 წლის 17 თებერვალსა და 2015 წლის 26 იანვარს ნ--–--–---------ის მიერ თანხის დეპოზიტზე განთავსების თაობაზე, რაც მას ნოტარიუსის 2014 წლის 18 თებერვლის წერილით ეცნობა. 2017 წლის 08 მაისის წერილში მოსარჩელე უთითებდა, რომ „ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით“ ნოტარისის წერილის შესაბამისად, მას უნდა მიეღო 30 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხა. ამავე წერილის მიხედვით. მოსარჩელის განმარტებით, „ვალდებულების სრულყოფილად შესრულება“ მისთვის უთანაბრდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 38145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის გადახდას, რის გამოც მოითხოვო საბანკო წესით თანხის ჩარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 02 თებერვლის წერილი (ს.ფ. 120)

- 2017 წლის 08 მაისის წერილი (ს.ფ. 121)

 

4.4. 2016 წლის 14 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ „შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------მა“ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღებაზე ორივე ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში უარი განაცხადა. პირველ შემთხვევაში თანხის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------ი“ უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ განთავსებული თანხა სრულად არ ფარავდა დავალიანებას და 30 000 აშშ დოლარის მიღებით ვალდებულებას სრულყოფილად შესრულებულად ვერ მიიჩნევდა; მოგვიანებით 2015 წლის 20 იანვარს განთავსებული თანხის - 8145 აშშ დოლარისა და 1340 ლარის მირებაზე კი უარი იმაზე მითითებით დაასაბუთა, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღების შემთხვევაში, დეპოზიტზე განთავსებულ თანხას მოაკლდებოდა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალის მხრიდან განხორციელებული ღონისძიების ხარჯები, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამ თანხების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების საჭიროება“.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩვარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 129-144)

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინება (ს.ფ. 145-153)

 

4.5. დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ 2017 წლის 23 მაისის სანოტარო აქტის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1--------) თანახმად, ნ--–--–---------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2013 წლის 31 ივლისის #2-------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, თანხის გადახდის მიზნით მოახდინა 30 000 აშშ დოლარის დეპონირება ნოტარიუსის ანგარიშზე, რომელიც უკან გაიტანა, ვინაიდან დეპონირებიდან გასული იყო სამი წელი.

 

დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ 2018 წლის 19 მარტის სანოტარო აქტის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1--------) მიხედვით, ნ--–--–---------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2013 წლის 31 ივლისის #2-------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, თანხის გადახდის მიზნით მოახდინა 8145 აშშ დოლარისს და 1340 ლარის დეპონირება ნოტარიუსის ანგარიშზე.

 

ნელი შემადინმა მოახდინა დეპონირებული თანხის 8145 აშშ დოლარის უკან გატანა, ვინაიდან დეპონირებიდან გასული იყო სამი წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ 2017 წლის 23 მაისის სანოტარო აქტი (ს.ფ. 109-111)

- დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდების გადაცემის შესახებ 2018 წლის 19 მარტის სანოტარო აქტი (ს.ფ. 112-114)

 

4.6. ნოტარიუს მ------ გ------–--ის 2017 წლის 22 ივნისის საპასუხო წერილით ნოტარიუსმა უარი განაცხადა თანხის მოსარჩელეზე გადაცემაზე (2017 წლის 08 მაისის წერილის საფუძველზე) და განმარტა, რომ თანხის დეპონირების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით კრედიტის მიმღები პირის - ც------ ქ----------ისათვის შპს „რ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდა. ნ--–--–---------ი დავაში მოპასუხეს წარმოადგენდა როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით გაუქმებულია შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია რ-------------ი“-ს სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება ნ--–--–---------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით მიჩნეულია, რომ შპს „რ-------------მა“ ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღებაზე.

 

კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებების 1.2.5. პუნქტით დადგენილია, რომ შპს „რ-------------მა“ „...ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა. პირველი შემთხვევაში უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ განთავსებული თანხა დავალიანებას და 30 000 აშშ დოლარის მიღებით ვალდებულებას სრულყოფილად შესრულებულად ვერ მიიჩნევდა.

 

მოგვიანებით, 2015 წლის 20 იანვარს განთავსებული თანხის - 8 145 აშშ დოლარი და 1340 ლარის მიღებაზე უარის თქმის საფუძველად კი მიეთითა, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის მიღების შემთხვევაში, დეპოზიტზე განთავსებულ თანხას გამოაკლდებოდა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის განხორციელებული ღონისძიებების ხარჯები, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამ თანხების ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების საჭიროება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს მ------ გ------–--ის 2017 წლის 22 ივნისის საპასუხო წერილი (ს.ფ. 38-41)

 

4.7. „ნოტარიუსის 2014 წლის 18 თებერვლის #3 წერილის გამო“ განცხადებით, დასტურდება მხოლოდ მოსარჩელე მხარის ინფორმირებულობა მოვალის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების თაობაზე. სხვა რაიმე სადავო გარემოება აღნიშნული მტკიცებულებით ვერ დადასტურდება, ვინაიდან მითითებული განცხადების შექმნის თარიღი უცნობია, ასევე არ დასტურდება მისი მოპასუხე მხარეზე ჩაბარების ფაქტი (ს.ფ. 118-119).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 438-ე, 439-ე, 440-ე, 441-ე მუხლები

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 438-ე მუხლის შესაბამისად, შესრულების საგნის შესანახად მიღების შესახენ სასამართლო ან ნოტარიუსი ატყობინებს კრედიტორს და მოითხოვს მისგან საგნის მიღებას.

 

ამავე კოდექსის 439-ე მუხლის მიხედვით, შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება კრედიტორს.

 

სამოქალაქოკოდექსის 440-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლის თანახმად სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (შემდგომში „ინსტრუქცია“) 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინის დოკუმენტის დეპონირების ოქმი.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტის დაბრუნების შემთხვევაში შეადგინოს დოკუმენტის დაბრუნების ოქმი. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და დოკუმენტის მიმღებმა.

 

მავე ინსტრუციის 95-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი უფლებამოსილია დეპოზიტში მიიღოს ფული, თამასუქები, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო და/ან ფასიანი ქაღალდები მათი კრედიტორისადმი გადაცემის მიზნით. ფული (ფასიანი ქაღალდები) შეტანილი უნდა იქნას ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. შეტანა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი ფულით, ისე გადარიცხვით. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ფულის, ფასიანი ქაღალდების და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების ოქმი.

 

ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია:

ა) მიღებული ფული, ფასიანი ქაღალდები და/ან სხვა ფასეულობები გაატაროს რეესტრში, სადაც აღინიშნება მიღებული ქონების დასახელება და ოდენობა, გადამცემის რეკვიზიტები, გადაცემის თარიღი და მიზანი, მიმღები სუბიექტის რეკვიზიტები; დავალების შესრულების შემდეგ ნოტარიუსი ვალდებულია შესაბამისი აღნიშვნა გააკეთოს რეესტრში.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი ფულს, ფასიან ქაღალდებს და/ან სხვა ფასეულობებს დეპოზიტში მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და ამ უკანასკნელის მოთხოვნით გადასცემს მას ვალდებულების საგანს.

 

მინისტრის ზემოაღნიშნული N741 ბრძანების 97-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს ფულის, ფასიან ქაღალდების და/ან სხვა ფასეულობების მიღებაზე, ნოტარიუსი ამის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. მოვალეს შენატანის დაბრუნებისათვის ნოტარიუსის მიერ განესაზღვრება ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ან თუ იგი უარს აცხადებს შენატანის დაბრუნებაზე, მაშინ ვალდებულების საგანი ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებად. მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები ნოტარიუსის მიერ ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის დაქვითული თანხისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იპოთეკის საგნის მესაკუთრე ნ--–--–---------ის მიერ ნოტარიუს მ------ გ------–--ის სადეპოზიტო ანგარიშზე ვალდებულების შესრულების მიზნით მოახდინა „მხოლოდ ძირითადი თანხის 30 000 აშშ დოლარის“ დეპონირება. აღნიშნულის თაობაზე ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 18 თებერვლის წერილით ეცნობა კრედიტორს ანუ მოსარჩელეს, სადაც ნოტარიუსის მიერ მიეთითა, რომ თბილისის საქლაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, თანხის გადახდის მიზნით... ახდენს მხოლოდ ძირი თანხის 30 000 აშშ დოლარის დეპონირებას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის“ სასარგებლოდ. აღნიშნული წერილის სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ შედგენილი იქნა განცხადება „2014 წლის 18 თებერვლის #3 წერილის გამო“, თუმცა წარმოდეგნილი მკიცებულებებით არ დასტურდება როგორც მისი ზუსტი შედგენის დროს, ასევე ნოტარიუსის ინფორმირებულება აღნიშნულის თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის 2014 წლის 18 თებერვლის წერილზე კრედიტორს არ უპასუხია. თუკი ჩავთვლით, რომ საქმეზე წარმოდგენილი ს.ფ. 118-119 მიჩნეული უნდა იქნეს ნოტარიუსის შეტყობინების პასუხად, შესაბამისად, წერილის შინაარსიდან გამომდინარე იმ მიზეზით, რომ 30 000 აშშ დოლარის მიღებით ვერ ჩაითვლებოდა მოვალის მიერ ვალდებულება სრულად შესრულებულად და მხარე ნოტარიუსისგან არა ნაწილობრივ, არამედ სასამართლოს მიერ სრულად დაკისრებული თანხის მიღებას ითხოვდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორმა ანუ მოსარჩელემ თავისი ქმედებით (როგორც ნოტარიუსის წერილზე დუმილით, ან განცხადების მიწერით თანხის ოდენობის სადაოობით), ფაქტიურად უარი განაცხადა დეპონირებული თანხის მიღებაზე.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ 2015 წლის 20 იანვარს ნ--–--–---------ის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 8145 აშშ დოლარი და 1340 ლარი, რომლის თაობაზეც 2015 წლის 26 იანვრის წერილით ეცნობა მოსარჩელეს - კრედიტორს. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 02 თებერვლის წერილის მიხედვით, მოსარჩელემ კვლავ მიუთითა, რომ მოვალის მიერ როგორც 30 000 აშშ დოლარით, ასევე 8145 აშშ დოლარითა და 1340 ლარით არ სრულდებოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვალდებულების სრულად შესრულება და მას არ უნდა დაქვითვოდა სანოტარო საზღაურის ხარჯები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მიერ კიდევ ერთხელ იქნა უარი განცხადებული დეპოზიტზე განთავსებული თანხის მიღებაზე. ასეთ უარად უნდა ჩაითვალოს წერილები, რითაც კრედირტორმა სადავო გახადა თანხის ოდენობა, ასევე ფაქტიურად არ მიიღო არანაირი შესრულება მოვალის მხრიდან.

 

ამდენად, როგორ წერილობითი სახით, ასევე ქმედებებით მოსარჩელემ უარი განაცხადა დეპონირებული თანხის მიღებაზე.

 

ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 97-ე მუხლის შესაბამისად, თუკი დეპოზიტის საგნის „შეტანიდან“ სამი წლის განმავლობაში კრედიტორის მიერ არ მოხდება დეპონირებული საგნის მიღება, ნოტარიუსის მიერ განსაზღვრულ ვადაში (არანაკლებ სამი თვე) მოვალეს უფლება აქვს დაიბრუნოს მის მიერვე დეპონირებული თანხა, რასაც გამოაკლდება სანოტარო მომსახურების ხარჯები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ნ--–--–---------ის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს განთავსდა 30 000 აშშ დოლარი დეპოზიტზე, შესაბამისად, 2017 წლის 17 თებერვალს ამოიწურა კანონით გასაზღვრული 3 წლიანი ვადა, რა ვადაშიც კრედიტორს ანუ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა სადეპოზიტო ანგარიშზე მის სასარგებლოდ განთავსებული თანხების მიღება.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ნ--–--–---------მა 2015 წლის 20 იანვარს განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგრიშზე 8145 აშშ დოლარი და 1340 ლარი. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული 3 წლიანი ვადა, რა პერიოდის განმავლობაშიც კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მის სასარგებლოდ განთავსებული თანხის მიღება, სრულდებოდა 2018 წლის 20 იანვარს.

 

საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 08 მაისის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსისაგან მოითხოვა სადეპოზიტო თანხების მის ანგარშზე ჩარიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სადაოდ ხდიდა თანხების ოდენობას.

 

ინსტრუქციის 97-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ არ ყოფილა შედგენილი სანოტარო აქტი შენატანის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცა ამავე მუხლიდან გამომდინარე, „უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში.“

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვადის დათქმით, სასამართლომ კრედიტორი გარკვეულწილად მოაქცია ფარგლებში და განისაზღვრა 3 წლიანი ვადა, რა ვადაშიც მას შეეძლო როგორც წერილობითი სახის, ასევე ნებისმიერი სხვა ქმედებით (მოქმედება ან უმოქმედება) უარი ეთქვა დეპოზიტზე განთავსებული თანხების მიღებაზე. როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ინსტრუქცის მიხედვით, კანონით განსაზღვრულ 3 წლიან ვადაში „უარის თქმა“ შედეგად დეპოზიტზე განთავსებული თანხების მოვალისათვის დაბრუნების წინაპირობას წამოადგენდა და საჭირო არ იყო სრულად ამოწურულიყო 3 წლიანი ვადა იმისთვის, რომ მანამდე გაცხადებული უარი, ნამდვილ უარად ჩათვლილიყო.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ სადეპოზიტო თანხების დაბრუნების თაობაზე უარი მოქმედებას იწყებდა მისი გაცხადებისთანავე (სანოტარო წესით დადასტურება ან „უარის თქმად“ მიჩნევა) და საჭიროება არ იყო ყველა შემთხვევაში სრულად ამოწურულიყო 3 წლიანი ვადა.

 

ამდენად, აღნიშნული საფუძველიც საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ ვერ დააკამყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, თუმცა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თავად სასამართლოების მიერ დადგინდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ კრედიტორმა „უარი განაცხადა“ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში საუბარია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც კრედიტორად შპს მისო „რ-------------ი“ იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესაბამისად შევიდა კანონიერ ძალაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც კანონის, ასევე ინსტრუქციის შესაბამისად, კრედიტორის მიერ დეპონირებული თანხების მიღებაზე უარის თქმად მართალია მითითებულია სანოტარო წესით უარის თქმა და 3 წლიან ვადაში თანხის არ მიღება, თუმცა სანოტარო წესით უარის თქმასთან გათანაბრებულად უნდა მივიჩნიოთ კრედიტორის ოფიციალური განცხადება და მითითებული გარემოების სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმის ფაქტის დადასტურება, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. აღნიშნულის საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ ნოტარიუსის ქმედებები კანონით დადგენილი წესით, მათ შორის შესაძლებელია კრედიტორის უარიც კი, გასაჩივრდეს სასამართლოში და სწორედ სასამართლო აფასებს სადავო გარემოებებს.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსი დავებში არ წარმოადგენდა მხარეს, თუმცა სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა დეპონირებული თანხის მიღებაზე, როგორც ნოტარიუსისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის და უწყებისთვის, უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა.

 

აღნიშნული საფუძველია იმისთვის, რომ ნოტარიუსს მიეღო და ჩაეთვალა ის გარემოება, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა დეპონირებული თანხის მიღებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კანონით, ასევე ინსტრუქციით საუბარია კრედიტორის მხოლოდ ერთჯერად უარის თქმაზე და არსად არის მითითება ან/და მინიშნება, რომ კრედიტორს უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი, შემდგომ ეტაპზე განაცხადოს თანხმობა, შემდეგ კვლავ დააფიქსიროს უარის თქმა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში 3 წლიანი ვადის დაწესებით კანონმდებელმა კრედიტორს მისცა ე.წ. „მოფიქრების“ დროს და სწორედ მითითებული ვადის განმავლობაში უნდა განეცხადებინა უარი დეპონირებული თანხის მიღებაზე ან განეცხადებინა თანხმობა და მიეღო თანხა.

 

კიდევ ერთი გარემოება, რასაც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე უთითებს სწორედ იმ თანხაზე, როგორც ზიანზე, რომელსაც იგი, როგორც კრედიტორი, მიიღებდა მოვალისგან, რომ არა ნოტარიუსის ქმედება. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კრედიტორის ანუ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა იმ საშუალებების ამოწურვა, რაც მას, როგორც კრედიტორს უფლებას ანიჭებს მოვალეების ც------ ქ----------ისა და ნ--–--–---------ისგან აღასრულოს ანუ მოახდინოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემდგომ არის შესაძლებელი კრედიტორმა ანუ შპს მისო „რ-------------მა“ მომართოს ნოტარიუსს ამ უკანასკნელის ქმედების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ დეპოზიტზე თანხის განთავსება მიმართულია სამომავლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, შესაბამისად, თუკი კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, ასეთი ფაქტი შესაძლებელია მომავალში დაედოს საფუძვლად უკვე ნოტარიუსისგან ზიანის ანაზღაურების ახალი მოთხოვნის წარმოშობას და არა ამჟამად წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად ნოტარიუსისთვის თანხის დაკისრების წინაპირობად.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 662 ლარის ოდენობით, ასევე 2018 წლის 05 თებერვალს საჩივაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ს.ფ. 46-47; 63-64).

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მისო ,,რ-------------ის’’ სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს მ------ გ------–--ის მიმართ სადეპოზიტო თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 662 ლარის, ასევე 2018 წლის 05 თებერვალს საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე