გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/607-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელეები: რ-----------------ი, ნ--------------ე, გ-----------–---–ი, თ-----------–---–ი
წარმომადგენელი - მ--–------–----ე
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დანიშნული დახმარების დაანგარიშებაზე;
1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელეებისათვის დანიშნული დახმარების (რ-----------------ი - 193.91 ლარი; ნ--------------ე - 162 ლარი; თ-----------–---–ი - 54 ლარი; გ-----------–---–ი - 151.90 ლარი) დაანგარიშება.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი დასაქმებულები იყვნენ შპს „ა---–------–ში“. მათ მიმართ საზოგადოებას 1980-იან წლებში დაკისრებული ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების, დასახიჩრების გამო პენსიას გადახდა, რომელსაც იღებდნენ 2007 წლის 1 თებერვლამდე, კერძოდ, რ-----------------ი იღებდა 193.91 ლარს; ნ--------------ე - 162 ლარს; თ-----------–---–ი - 54 ლარს და გ-----------–---–ი - 151.90 ლარს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით საზოგადოება გამოცხადდა გაკოტრებულად და სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა მისი რეგისტრაცია.
მოსარჩელეების განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესასრულებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №-- გადაწყვეტილებით, მათ დაენიშნათ დახმარება იგივე ოდენობით, კერძოდ, რ-----------------ს - 193.91 ლარი; ნ--------------ეს - 162 ლარი; თ-----------–---–ს - 54 ლარი და გ-----------–---–ს - 151.90 ლარი. მათივე განმარტებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის №7-1570 ცნობით დგინდება, რომ 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ანუ ლარის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების მომენტიდან ეროვნულმა ვალუტამ განიცადა ინფლაცია და 2018 წლის 1 ივნისის დროს (ცნობის გაცემისას) 1995 წლის 2 ოქტომბრიდან 1 ლარმა ინფლაციის გათვალისწინებით შეადგინა 4,67 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელეებისათვის დანიშნული დახმარების (რ-----------------ი - 193.91 ლარი; ნ--------------ე - 162 ლარი; თ-----------–---–ი - 54 ლარი; გ-----------–---–ი - 151.90 ლარი) დაანგარიშება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. რ-----------------ი, ნ--------------ე, თ-----------–---–ი და გ-----------–---–ი იყვნენ ქ. თბილისის №-----–-----–-----–------- თანამშრომლები, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება და 2007 წლის პირველ თებერვლამდე, ყოველთვიურად საწარმოს მხრიდან იღებდნენ საინვალიდო პენსიას. კერძოდ, რ-----------------ი იღებდა 193,31 ლარს, ნ--------------ე - 162 ლარს, თ-----------–---–ი - 54 ლარს და გ-----------–---–ი - 151,90 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის N3/1343-08 გადაწყვეტილებით შპს „ა---–------–ს” დაეკისრა ნ--------------ის სასარგებლოდ 2592 ლარის, თ-----------–---–ის სასარგებლოდ - 864 ლარის, რ-----------------ის სასარგებლოდ - 3092.96 ლარის და გ-----------–---–ის სასარგებლოდ- 2430.40 ლარის ანაზღაურება, ასევე, პენსიის გადახდის სახით კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/19319-14) შპს „ა---–------–ი” (--------------- გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. ამასთან, შპს „ა---–------–ი” (--------------- შექმნილი და ლიკვიდირებული იქნა სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
რ-----------------მა, ნ--------------ემ, თ-----------–---–მა და გ-----------–---–მა დახმარების დანიშვნისა და გადაანგარიშების მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს 2015 წლის 13 მაისს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელეებისთვის ხსენებულ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია, რაც მათ ჩათვალეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემაზე უარის თქმად და გაასაჩივრეს სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით (№3/5357-15) რ-----------------ის, ნ--------------ის, გ-----------–---–ის, თ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა რ-----------------ის, ნ--------------ის, გ-----------–---–ის, და თ-----------–---–ისთვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №3/5357-15) (ს.ფ. 75-81).
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინება (საქმე №3ბ/912-16) (ს.ფ. 87-96);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის №ბს-50-49 (2კ-17) განჩინება (ს.ფ. 98-100).
3.2. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის №3/5357-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №--) მიღებული იქნა გადაწყვეტილება რ-----------------ისთვის, ნ--------------ისათვის, გ-----------–---–ისათვის და თ-----------–---–ისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ, კერძოდ, რ-----------------ს დაენიშნა სოციალური დახმარება 193,91 ლარის ოდენობით, ნ--------------ეს - 162 ლარის ოდენობით, თ-----------–---–ს - 54 ლარის ოდენობით და გ-----------–---–ს - 151,90 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 101-105);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის №-------- წერილი (ს.ფ. 12).
3.4. რ-----------------მა, ნ--------------ემ, თ-----------–---–მა და გ-----------–---–მა მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეროვნული ვალუტის ინფლაციის გათვალისწინებით, მოითხოვეს დანიშნული დახმარების ოდენობის გადაანგარიშება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლარის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების თარიღისთვის არსებული 1 (ერთი) ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 4,67 ლარს.
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №--) განხილული იქნა რ-----------------ის, ნ--------------ის, თ-----------–---–ისა და გ-----------–---–ის განცხადება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილებით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რ-----------------ს, ნ--------------ეს, თ-----------–---–სა და გ-----------–---–ს უარი ეთქვათ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად დანიშნული დახმარების გადაანგარიშებაზე (45-ე დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ-----------------ის, ნ--------------ის, თ-----------–---–ისა და გ-----------–---–ის განცხადება (ს.ფ. 15-16);
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის №7-1570 წერილი (ს.ფ. 17);
- უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 106-111);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელეების მოთხოვნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დანიშნული დახმარების გადაანგარიშების თაობაზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების (შემდგომში - დახმარება) დანიშვნისა და გაცემის წესი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის №3/5357-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის საოქმო გადაწყვეტილებით, რ-----------------ს დაენიშნა სოციალური დახმარება 193,91 ლარის ოდენობით, ნ--------------ეს - 162 ლარის ოდენობით, თ-----------–---–ს - 54 ლარის ოდენობით და გ-----------–---–ს - 151,90 ლარის ოდენობით.
შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების (შემდგომში - დახმარება) დანიშვნისა და გაცემის წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლარის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების თარიღისთვის არსებული 1 (ერთი) ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 4,67 ლარს. ასევე დადგენილია, რომ მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს დანიშნული სოციალური დახმარების ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №--).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილებით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რ-----------------ს, ნ--------------ეს, თ-----------–---–სა და გ-----------–---–ს უარი ეთქვათ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად დანიშნული დახმარების გადაანგარიშებაზე (45-ე დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად).
სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 2017 წლის 1 ნოემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელეებს სოციალური დახმარება დაენიშნათ იმ ოდენობით, რაც დანიშნული ჰქონდათ 2007 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, მის შეწყვეტამდე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება, მათ შორის, დახმარების ოდენობის კუთხით, სადავოდ არ გაუხდიათ, რითაც დაეთანხმნენ მას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საგანს სცდება 2017 წლის 1 ნოემბერს დანიშნული სოციალური დახმარების ოდენობის კანონიერების შეფასება.
ამასთან, რაც შეეხება მხარის მოთხოვნას ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძვლით სოციალური დახმარების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების (შემდგომში - დახმარება) დანიშვნისა და გაცემის წესი არ ითვალისწინებს რაიმე საგამონაკლისო ნორმას და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით იმპერატიულად ითვალისწინებს, რომ ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. კაქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით დანიშნული დახმარების გადაანგარიშების მოთხოვნა. ამასთან, ცნობაში საუბარია, ზოგადად ლარის (ეროვნული ვალუტის) მსყიდველობითუნარიობაზე და დაუსაბუთებელია მხოლოდ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე მისი გავრცელება.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 დეკემბრის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეებისთვის დანიშნული დახმარების გადაანგარიშების დავალების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსახილველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამავე დროს, საქმეში არ არის წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების მიღების სანაცვლოდ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ-----------------ის, ნ--------------ის, გ-----------–---–ის და თ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ წარმომადგენელისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებაზე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე