გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
330210019003047898
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14134-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - თათია სახელაშვილი

 

მოსარჩელე - ც---------------ე

წარმომადგენელი - ლ------------------–--ე

 

მოპასუხე - ჯ----–----ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯ----–----ას მოსარჩელის ც---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15232 ლარის გადახდა;

1.2. ჯ----–----ას მოსარჩელის ც---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 2016 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ჯ----–----ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, მოსკოვის გამზირი N--, სხვენის სართული, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N-----------------------.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს შორის გაფორმებული სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, ფართში სარემონტო სამუშაოების განხორციელების შემდგომ, 2018 წლის 20 ნოემბერს სარგებლობის უფლებით უძრავი ნივთი გადაეცა მოსარჩელისთვის. სესხის თანხა 15232 ლარი სრულად მიიღო ჯ----–----ამ, თუმცა იპოთეკით დატვირთული ფართი გაფრთხილების მიუხედავად, სარჩელის წარმოდგენის დღემდე არ გადაუცია და მოსარჩელე ვერ სარგებლობის მისით.

 

მოსარჩელე არის სტუდენტი, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ოჯახი ცხოვრობს რაიონში და თბილისში ბინის საჭიროების გამო მოპასუხესთან დადო აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება. ჯ----–----ას მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იგი დღემდე ცხოვრობს ქირით სხვა ბინაში და თვეში იხდის 200 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

ფართის რემონტი მის მეუღლეს, რ------–---–---ეს უნდა გაეკეთებინა, რაც ავადმყოფობის გამო ვერ მოასწრო. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 20 ნოემბრამდე 2 კვირით ადრე შეატყობინა მოსარჩელეს, რომ არსებობს სხვა პირი, რომელზედაც მოხდებოდა ფართის „გადაგირავება“ იმ პირობით, რომ თავად ეს პირი დაამთავრებდა რემონტს და მოხდებოდა მოსარჩელის ამ პირით ჩანაცვლება, ხოლო მოსარჩელე თავის თანხას ერთდროულად დაიბრუნებდა. მოსარჩელემ უარი განაცხადა, იმ პირობით, რომ რემონტი ერთ თვეში დასრულდებოდა, თუმცა რ------–---–---ეს არავითარი გარანტია არ მიუცია.

 

2018 წლის 20 ნოემბრამდე 2-3 დღით ადრე ც---------------ეს აცნობეს, რომ დარჩენილი სამუშაოების მცირე ნაწილი შესრულდა და კვლავ შესთავაზეს „გადაგირავების“ პირობა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა და მოითხოვა ბინის ქირის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 11 ოქტომბერს ჯ----–----ას და ც---------------ეს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის თანხის 15232 ლარის მიღების სანაცვლოდ, იპოთეკარის (მოსარჩელის) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის (მოპასუხის) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, მოსკოვის გამზირი N-- (სხვენის სართული).

 

სესხი გაიცა 2 წლის ვადით, სარგებლის უფლებით, რაც გულისხმობდა დასახელებული იპოთეკის საგნის იპოთეკარისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემას. გადაცემა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 20 ნოემბერს, ამავე ფართში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.10.2018 წლის ხელშეკრულება სესხის, იპოთეკის და უძრავი ნივთის სარგებლობის უფლების შესახებ;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. იპოთეკის საგნის მოსარჩელისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა 2018 წლის 20 ნოემბრამდე არ განხორციელებულა. ფართი არც შემდგომში გადასცემია იპოთეკარს და მასში დღესაც არ არის დასრულებული სარემონტო სამუშაოები.

 

ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მოსარჩელემ 2019 წლის 16 იანვარს მოპასუხეს გაუგზავნა წერილი, სადაც მოსარჩელის მხრიდან ამავდროულად გაფრთხილებული იქნა ხელშეკრულების გასვლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმის ჩვენება;

- 16.01.2019 წლის წერილი.

 

3.1.3. სესხის, იპოთეკისა და სარგებლობის უფლებით ხელშეკრულებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მოსარჩელემ 2018 წლის 25 დეკემბერს მიმართა ნოტარიუსს, რაზეც უარი ეთქვა.

 

სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი დასაბუთებულია იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვადაზე ადრე სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 25.12.2018 წლის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ.

 

3.1.6. ც---------------ე 2017 წლიდან არის სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.03.2019 წლის ცნობა.

 

3.1.7. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ც---------------ე ცხოვრობს ქირით, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-3 კ/მ, გ-------–------------------------ში. აღნიშნულ კორპუსში ერთ ოთახიანი იზოლირებული საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირა განისაზღვრება 200 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ც---------------ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეთა შორის 2018 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეკრულებით, ჯ----–----ას სესხის სახით გადაეცა 15232 ლარით, 2 წლის ვადით. მხარეებმა ხელშეკრულებაში მიუთითეს, რომ თანხის გაცემა მოხდა პროცენტის დაურიცხავად. ამავდროულად დაადგინეს, რომ სესხი არის სარგებლიანი და სარგებელი დაუკავშირეს უძრავი ნივთის (იპოთეკის საგნის) იპოთეკარისთვის (მოსარჩელისთვის) სარგებლობის უფლების გადაცემას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებელში მოიაზრება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი.

 

მხარეთა შორის არაა სადავო, რომ იპოთეკის საგანი საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს და მოპასუხე ვალდებული იყო იპოთეკის საგანი მოსარჩელისთვის სარგებლობის უფლებით გადაეცა ფართი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ, 2018 წლის 20 ნოემბერს. მოპასუხე ადასტურებს, რომ სარემონტო სამუშაოები დღემდე არ არის დასრულებული და იპოთეკის საგანი საცხოვრებლად ვარგისი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი მდგომარეობის განვითარება დროში არარის თვითნებური და მათი თავისუფალი რეალიზაცია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იფარგლება. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაჰენტთა სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებების ცალმხრივად ცვლა, იქნება ეს ხელშეკრულებიდან გასვლა - უარი, თუ ხელშეკრულების მოშლა - შეწყვეტა, უპირობოდ ვერ განხორციელდება და მხარეს უფლება აქვს გამოიყენოს აღნიშნული უფლება მხოლოდ გარკვეული პირობებითა და წესით.

 

ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ არ შეუძლიათ, ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში და კანონით ამომწურავად არის განსაზღვრული გასვლის საფუძვლები (სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა ეს არ გამორიცხვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებში. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის ნორმები.

 

ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა; ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა. დარღვევა არსებითი ხასიათისაა თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგან კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება: ე) ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილი ან წარდგენილი იქნება მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე; ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება - ხელშეკრულებიდან გასვლისთვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ავდა არ ყოფილა დადგენილი - ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა - გაფრთხილება.

 

ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. თუმცა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებიდან მისი გასვლის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საცხოვრებელი სახლი შეთანხმებული ვადის მიუხედავად გარემონტებული არ არის (ვალდებულება იპოთეკარის მხრიდან არ შესრულებულა). აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს არც დამატებით ერთთვიან ვადაში განუხორციელებია, მოპასუხეს ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ როგორც ზეპირად, ასე წერილობით მოსთხოვა, თუმცა დამატებითი ვადის განსაზღვრას შედეგი არ მოჰყოლია.

 

აღნიშნული გარემოება კი მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს მოუწევდა სხვა საცხოვრებელი ფართის დაქირავება. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქირის სახით მოსარჩელეს ყოველთვიურად გადახდილი ქირა შეადგენს 200 ლარს. ამდენად, რომ არა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, მოსარჩელეს არ მოუწევდა ქირის სახით დამატებითი ხარჯის გადახდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სესხის, იპოთეკისა და უძრავი ნივთის სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ხელშეკრულებით შეთანხმებული რომელიმე ვალდებულების დროულად და/ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიიღოს დაკმაყოფილება იპოთეკის საგნიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის იპოთეკარისთვის სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების (როგორც სესხის თანხის, ასევე ზიანის ოდენობის) დაფარვის მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არის 672,96 ლარი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოტივით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ც---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ჯ----–----ას ც---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 15232 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე ჯ----–----ას მოსარჩელე ც---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება თვეში 200 ლარის ოდენობით - 2019 წლის 01 მარტიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ჯ----–----ას (პ/ნ 6----------) სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N--, საცხოვრებელი ფართი (სხვენის სართული) 27.20 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------;

 

3. მოპასუხე ჯ----–----ას მოსარჩელე ც---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 672.96 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე