გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2019
საქმის ნომერი
010310017002050208
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/605-17(010310017002050208)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.10.2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცორიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე - ლევან მუკუტაძე

წარმომადგენელი - სულიკო მახარაძე

მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მარიამ ქაშაკაშვილი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 აპრილის №68/963/გ გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №01/193733/გ გადაწყვეტილება.

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამათლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს ლევან მუკუტაძეს აღუდგება ისტორიული გვარი- ბეჟანიძე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა საქმეში წარმოდგენილ შესაგებლებით უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. შესაგებლები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ლევან მუკუტაძემ 2016 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა N077216029274 განცხადებით და მოითხოვა ისტორიული გვარის "ბეჟანიძე" აღდგენა. სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის N68/963/გ გადაწყვეტილებით განცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.2. 2017 წლის 24 მაისის N92075 ადმინისტრაციული საჩივრით ლევან მუკუტაძემ მოითხოვა სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის N68/963/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გვარის - მუკუტაძე, ისტორიულ გვარზე - ბეჟანიძე აღდგენა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის N01/193733/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნა. სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2017 წლის 24 აპრილს N68/963/გ გადაწყვეტილებით ლევან მუკუტაძეს უარი უთხრა განცხადებების დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, არ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკმარისი საფუძვლები.

 

3.3. ლევან მუკუტაძის 2017 წლის N92075 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან (01/157793, 01/177243), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რეზო ხუციშვილისაგან (01/177244,01/157830,01/147310), საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივიდან პროფესორ რეზო ხუციშვილის მიერ მითითებულ წყაროებზე დაყრდნობით (01/189105) გამოითხოვა ინფორმაცია "ბეჟანიძე" გვარის ისტორიაზე, ისტორიულ წყაროებზე მითითებით.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რეზო ხუციშვილის კვლევის თანახმად, მუკუტაძეთა ოჯახში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, „დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა ხანებში მათი წინაპარი ისმაილ ბეჟანიძე სოფელ ჯაბნიძეებში ჩამოსულა სოფელ გოგაძეებიდან, დაქორწინებულა სოფელ ჯაბნიძეებში მცხოვრებ მუკუტაძის ქალზე და გადასულა ცოლის გვარზე, რათა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების განკარგვის უფლება მოეპოვებინა. ისმაილს ჰყოლია ორი შვილი -ოსმანი და მუჰამედი. ოსმანს კი (რომელიც დაბადებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში) ეყოლა შვილი მევლუდი 1883 წელს და ა.შ.“ (ციტირება). ამავე კვლევის თანახმად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში არ მოიპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვება აჭარის საარქივო სამმართველოსაც. დასკვნა, რომ ლევან მუკუტაძის ისტორიული გვარი არის ბეჟანიძე, ემყარება სოფელ ჯაბნიძეებისა და სოფელ გოგაძეების მკვიდრი - ლევან თავდგირიძის, ვაჟა ბეჟანიძისა და თემური დავითაძის ახსნა-განმარტებებს, რომლებიც თავის მხრივ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებულ, პროფესორ რეზო ხუციშვილის მიერ კვლევის წყაროებად მითითებული ნაშრომის ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ ერთ-ერთი გვერდი შეიცავს ჩანაწერს ვინმე ვარძელ ბეჟანისძის (და არა ბეჟანიძის) გვარისა და სახელის შესახებ, თუმცა არ დგინდება აღნიშნული პირის კავშირი ისმაილ ბეჟანიძესთან, ამასთან, ნაშრომის, ,,გვარი-სახელები საქართველოში“ კონკრეტული გვერდი შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას გვარების - ,,ბეჟანიძის“ და ,,მუკუტაძის“ რაოდენობის შესახებ აჭარის სხვადასხვა რეგიონებში. შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლევან მუკუტაძის ისტორიული გვარია „ბეჟანიძე“(წერილი N11/103783).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. სარჩელი, 2017 წლის 22 აპრილის №68/963/გ და 2017 წლის 22 ივლისის №01/193733/გ გადაწყვეტილებები, პროფესორ რეზო ხუციშვილის დასკვნა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოწმეთ ჩვენებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რის გამოც, მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ;სამოქალაქო აქტების შესახებ; საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის `დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. ;სამოქალაქო აქტების შესახებ; საქართველოს კანონის განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

ამავე კანონის 65-ე მუხლის თანხმად 1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. 2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა.3. ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ 48-ე მუხლის თანახმად დადგენილი შემდეგი; 1. ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. 2. ამოღებულია (15.02.2019 N384 3. განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 4. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ. 5. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

 

6.4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი და სასამართლო განხილვის დროს დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ, სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2016 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მოქალაქე ლევან მუკუტაძემ და მოითხოვა გვარის ,,მუკუტაძე“ შეცვლა (ისტორიული გვარის აღდგენა) წინაპრების ისტორიული გვარით - „ბეჟანიძე“. სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის N68/963/გ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკმარისი საფუძვლების არ არსებობის გამო.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება ისტორიული გვარის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები. 65-ე მუხლის თანახმად: „1. პირსშეუძლიამოითხოვოსთავისიისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვაგვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. 2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერულივარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულიგარემოებების არსებობა. 3. ისტორიული გვარის აღდგენის წესიგანისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისბრძანებით“.

 

სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შემდეგ მტკიცებულებებზე:

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რეზო ხუციშვილის კვლევის თანახმად, მუკუტაძეთა ოჯახში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, „დაახლოებით XIX საუკუნის შუა ხანებში მათი წინაპარი ისმაილ ბეჟანიძე სოფელ ჯაბნიძეებში ჩამოსულა სოფელ გოგაძეებიდან, დაქორწინებულა სოფელ ჯაბნიძეებში მცხოვრებ მუკუტაძის ქალზე და გადასულა ცოლის გვარზე, რათა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების განკარგვის უფლება მოეპოვებინა. ისმაილს ჰყოლია ორი შვილი -ოსმანი და მუჰამედი. ოსმანს კი (რომელიც დაბადებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში) ეყოლა შვილი მევლუდი 1883 წელს და ა.შ.“ (ციტირება). ამავე კვლევის თანახმად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში არ მოიპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არ მოეპოვება აჭარის საარქივო სამმართველოსაც. დასკვნა, რომ ლევან მუკუტაძის ისტორიული გვარი არის ბეჟანიძე, ემყარება სოფელ ჯაბნიძეებისა და სოფელ გოგაძეების მკვიდრი - ლევან თავდგირიძის, ვაჟა ბეჟანიძისა და თემური დავითაძის ახსნა-განმარტებებს, რომლებიც თავის მხრივ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ.

 

საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებულ, პროფესორ რეზო ხუციშვილის მიერ კვლევის წყაროებად მითითებული ნაშრომის ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ ერთ-ერთი გვერდი შეიცავს ჩანაწერს ვინმე ვარძელ ბეჟანისძის (და არა ბეჟანიძის) გვარისა და სახელის შესახებ, თუმცა არ დგინდება აღნიშნული პირის კავშირი ისმაილ ბეჟანიძესთან, ამასთან, ნაშრომის, ,,გვარი-სახელები საქართველოში“ კონკრეტული გვერდი შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას გვარების - ,,ბეჟანიძის“ და ,,მუკუტაძის“ რაოდენობის შესახებ აჭარის სხვადასხვა რეგიონებში. შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლევან მუკუტაძის ისტორიული გვარია „ბეჟანიძე“(წერილი N11/103783). აღსანიშნავია, რომ ისტორიის მეცნიერებთა დოქტორ, პროფესორ რეზო ხუციშვილის ნაშრომის „მუკუტაძეთა ერთი შტოს ადრეული გვარის გამოკვლევის“ თანახმად, ლევან მუკუტაძის გვარი წარმოიშვა ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად, თუმცა აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითბული წერილობით წყაროებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა ნაშრომის მითითებულ ფაქტს. ხალხური გამოცემები და თქმულებებ(რომელიც წარმოადგენს ნაშროსი ერთ-ერთ წყაროს) მოცემულ შემთხვევაში რაც ვერ განიხილება გვარის შეცვლის / მიღების /გარდაქმნის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული ინფორმაციით, შუახევის რაიონის სოფლების- ჯაბნიძეების და გოგაძეების საეკლესიო მეტრიკული წიგნები არქივში არ ინახება (წერილი N11/105594). დაბადების საეკლესიო მეტრიკული წიგნების არ არსებობის გამო, ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია დურსუნ მევლუდის ძე მუკუტაძისა და მევლუდ ოსმანის ძე მუკუტაძის დაბადების შესახებ (წერილი N 11/105592, N10/105656).

 

სასამართლო თვლის, რომ არანაირი მტკიცებულება რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი, არ იყო წარდგენილი მხარის მიერ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში ასევე სასამართლოში დავის განხილვის მიმდინარეობისას. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც არ დასტურდება გვარის შეცვლის ან ისტორიული გვარის აღდგენის ფაქტი. სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს მხარის ახსნა-განმარტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ წარდგენილი დოკუმენტები დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირი, გადმოცემითი ინფორმაციის მეშვეობით, მაგრამ არა იმ მტკიცებულების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემდა სააგენტოს განეხორციელებინა ისტორიული გვარის აღდგენა. გარდა ამისა, მხარე როდესაც მოსარჩელე საუბრობს, რომ ქორწინებით მოხდა გვარის ცვლილება, იმ დროს არსებობდა საეკლესიო მეტრიკული ჩანაწერები (ქორწინების), რომელშიც მიეთითებოდა როგორც საცოლის ასევე სიძის მონაცემები, განსახილველ შემთხვევაში ეს დოკუმენტი არ იძებნება, თუ მაგალითისათვის პირს სურს დაადასტუროს გვარის ცვლილება, მან შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარადგინოს სააგენტოში, მაგალითისათვის: ან ქორწინების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გვარის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2018 წლის 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწმეების დაკითხულნი. ყველა მოწმე, გადმოცემითი ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ მუკუტაძეების გვარი მანამდე იყო ბეჟანიძე და მათ გვარი შეიცვალეს. კერძოდ პირველი მოწმე საუბრობს ვარაუდების საფუძველზე; მეორე მოწმე განმარტავს, რომ არის ლევან მუკუტაძის „ბიძაშვილი“, კერძოდ დიდი ბაბუის მამა იყო ისმაილი და მამისგან გადმოცემით იცის აღნიშნული ინფორმაცია, რომ ბეჟანიძემ გვარი შეიცვალა მუკუტაძეზე. მესამე მოწმეც განმარტავს, რომ გვარის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მონაყოლია და დაახლოებითი ინფორმაციაა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია მხარის მიერ სასამართლოს განხილვის დროს წარდგენილი დოკუმენტი, კერძოდ ფედერალური საარქივო სააგენტოს „რუსეთის სახელმწიფო ისტორიული არქივის“ 2018 წლის 19 აპილით დათარიღირებული წერილი (N1225). აღნიშნულ წერილში მითითებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა სწორი გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტომ აღნიშნული წერილის გადამოწმების მიზნით მიმართა კვლავ ფედერალურ საარქივო სააგენტოს, რომელმაც არ დაადასტურა მხარის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული ინფორმაცია და სრულიად საპირისპირო ინფორმაციის შემცველი დოკუმნეტი იქნა გადმოგზავნილი, საიდანაც ირკვევა, რომ მონაცემები ისმაილ ბეჟანიძის შესახებ დაბ. ს. ჯაბნიძეებში, არქივში აღმოჩენილი არ არის. ( იხ.2018 წლის 19 აპილით დათარიღირებული წერილი (N1225).

 

გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რეზო ხუციშვილის კვლევაზე დაყრდნობით მხარე ითხოვს ისტორიული გვარის აღდგენას სააგენტო განმარტავს შემდეგს- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რეზო ხუციშვილის ნაშრომის ,,მუკუტაძეთა ერთი შტოს ადრეული გვარის გამოკვლევის“ თანახმად, ლევან მუკუტაძის გვარი წარმოიშვა ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად, თუმცა აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითებული წერილობით წყაროებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა ნაშრომში მითითებულ ფაქტს. ხალხური გადმოცემები და თქმულებები (რომელიც წარმოადგენს ნაშრომის ერთ-ერთ წყაროს) მოცემულ შემთხვევაში ვერ განიხილება გვარის შეცვლის/მიღების/გარდაქმნის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. სააგენტოს მიერ ასევე ვერ იქნება მტკიცებულებად გაზიარებული დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი ოსმალთა იმპერიის არქივის ჩანაწერები, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები არ არის დამოწმებული სათანადო წესით და თარგმნილი ქართულ ენაზე.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 აპრილის №68/963/გ გადაწყვეტილება ასევე კანონიერია სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №01/193733/გ გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.

 

6.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ხოლო 1.3. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. ლევან მუკუტაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე