გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2019
საქმის ნომერი
190210017001968084
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1251-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.09.2019 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს ე---------------+

წარმომადგენელი გიორგი კაკუბავა

მოპასუხეები ჯ------- ბ--–-------ე

დ----- ხ----–-–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯ------- ბ--–-------ის და დ----- ხ----–-–---–ისათვის სესხის ძირითადი თანხის 1750 აშშ დოლარის, სარგებლის 1 009.16 აშშ დოლარის, ჯარიმის 560 აშშ დოლარის, გირავნობის მოწმობის საფასურის 50 ლარის და აღსრულების საფასურის 200 ლარის დაკისრება;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2016 წლის 23 ივნისს შპს „ე---------------+“-სა და ჯ------- ბ--–-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 1 750 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, 11-დან 20 დღემდე გადაცილებისათვის 20 აშშ დოლარს, 21-დან 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის - 30 აშშ დოლარს. 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ს. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი მერსედეს ბენც CLk 320 სარეგისტრაციო ნომერი W--------- დ----- ხ----–-–---–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2016 წლის 23 ივნისს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია ჯ------- ბ--–-------ესთან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 7 500 აშშ დოლარი.

 

მსესხებელმა არ დააბრუნა სესხის თანხა და სარგებელი და არც დაგირავებული ავტომობილი გადასცა მსესხებელს. ავტომობილის რეალიზაციის მიზნით მიიღო გირავნობის მოწმობა და დაიწყო იძულებითი აღსრულება, მაგრამ ავტომობილი ვერ მოიძებნა. მოპასუხეების დავალიანებაა ძირითადი თანხა 1750 აშშ დოლარი, სარგებელი – 11 თვისა და 16 კალენდარული დღის პერიოდში გადასახდელი თანხა 1009.16 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო – მოთხოვნილია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის დავალიანების 0.1%ის ოდენობით. პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 23 ივლისიდან სარჩელის აღძვრის დღემდე 2017 წლის 14 ივნისამდე (320 კალენდარული დღე) და შეადგენს 560 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ჯ------- ბ--–-------ემ წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე დ----- ხ----–-–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ შემდეგი გარემოებების გამო:

 

ჯ------- ბ--–-------ეს სესხის თანხა არ მიუღია. მას სესხის აღებაში დახმარება სთხოვა მეგობარმა ვახტანგ კალატოზიშვილმა, რომელმაც თავის მხრივ დახმარება სთხოვა დ----- ანტონიანის თხოვნით. მეგობარმა განუმარტა, რომ ვალების გამო სესხის აღებას ვერ ახერხებდა და სთხოვა ე---------------+-ს-ში დოკუმენტების გაფორმება.

ასევე დ----- ანტონიანის თხოვნით გააფორმა დ----- ხ----–-–---–მა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ თანხა ევროკრედიტიდან ჯ------- ბ--–-------ემ აიღო და მაშინვე დ----- ანტონიანს მისცა. ავტომობილიც ანტონიანმა წაიყვანა.

დ----- ხ----–-–---–მა ასევე განმარტა, რომ მას გადატანილი აქვს ინსულტი, რის გამო ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას არ შეეძლო იმის გაცნობიერება, თუ რა შინაარსის საბუთს აწერდა ხელს.

(10.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა და უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 23 ივნისს ერთის მხრივ შპს „ე---------------+“-სა და მეორეს მხრივ ჯ------- ბ--–-------ეს და დ----- ხ----–-–---–ს შორის დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები არ არის მოტყუებით დადებული გარიგებები, რაშიც მონაწილეობდა გამსესხებლის შპს ევრო კრედიტ +-ის წარმომადგენელი. დ----- ხ----–-–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეძლო ხელშეკრულების დადების ნების გამოვლენა.

 

2016 წლის 23 ივნისს შპს „ე---------------+“-სა და ჯ------- ბ--–-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 1 750 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10-დღე-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 10 აშშ დოლარს, 11-დან 20 დღემდე გადაცილებისათვის 20 აშშ დოლარს, 21-დან 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 30 აშშ დოლარს. 30 კალენდარულ დღეზე მეტი გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%-ს. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი მერსედეს ბენც CLk 320 სარეგისტრაციო ნომერი W---------

 

დ----- ხ----–-–---–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2016 წლის 23 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ჯ------- ბ--–-------ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 7 500 აშშ დოლარი.

 

სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა. გრაფიკით გათვალისწინებული წესით არცერთი თვის შენატანი არ არის გადახდილი. დაგირავებული ნივთის რეალიზაციის მიზნით მოსარჩელემ შსს მომსახურების სააგენტოში 2016 წლის 8 დეკემბერს მიიღო გირავნობის მოწმობა, რომლის მიღების საფასური განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით და შეადგენს 50 ლარს. დაგირავებული ავტომობილის მიმართ იძულებითი აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებელს ნინო ნაცვლიაშილს შპს „ე---------------+“-მა მიმართა 2016 წლის 13 დეკემბერს, სააღსრულებო მომსახურების საფასურია 200 ლარი, რაც გადახდილია 2016 წლის 14 დეკემბერს.

 

მოპასუხეები სესხის ხელშეკრულების დადებაზე მათი ნების ნამდვილობას სადაოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია დ----- ანტონიანის მიერ ჩადენილი თაღლითობის შედეგად. ამასთან, დ----- ხაბალაშვილის განმარტებით მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელშეკრულების შინაარსის გაგება არ შეეძლო.

 

მოპასუხეების განმარტებით, სესხის ხელშეკრულების დადების საკითხზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებული არ არის და დ----- ანტონიანის ან ვახტანგ კალატოზიშვილის მიერ თაღლითობის ჩადების ფაქტი გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურებული არ არის. მოპასუხეებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება პოლიციაში არ წარუდგენიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოტყუების საფუძველზე გარიგების ბათილად აღიარებისათვის უნდა დადასტურდეს ასევე მოსარჩელის მონაწილეობა მოპასუხის მოტყუებაში, იცოდა თუ არა სესხის გამცემმა დ----- ანტონიანის და ვახტანგ კალატოზიშვილის ქმედების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

 

მოპასუხეების განმარტებით, მათი მოტყუების განზრახვით მოქმედებდა დ----- ანტონიანი, რომელიც სადაო ურთიერთობაში არ არის ხელშეკრულების მხარე. შესაბამისად, იგი არის მესამე პირი. ასეთ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს გამსესხებლის მონაწილეობა მსესხებლის მოტყუებაში - იცოდა თუ არა დ----- ანტონიანის ქმედების შესახებ შპს ევრო-კრედიტის უფლებამოსილმა პირმა ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას მესამე პირის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი არამართლზომიერი განზრახვის შესახებ.

 

მოპასუხეების მიერ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ დ----- ანტონიანთან და ვახტანგკალატოზიშვილთან ერთად მისი მოტყუების მიზნით მოქმედებდა შპს ე---------------+ის რომელიმე უფლებამოსილი პირი, ასევე არ არის მითითებული, რომ მირზა მესამე პირების ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდა გამსესხებლის წარმომადგენელს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ----- ხაბალაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო არ შეეძლო ხელშეკრულების შინაარსის გაცნობიერება.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ დ----- ხაბალაშვილს ხელშეკრულების დადების დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ხელშეკრულების შინაარსის გაცნობიერების უნარო არ ჰქონდა.

 

სს ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2011 წლის 25 ივლისს დ----- ხ----–-–---–ს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის შედეგად გამოვლინდა ზომიერად გამოხატული კორტიკალური ატროფია, მარცხენა საფეთქლის წილის ინფარქტი.

 

შპს „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი რუსთავის“ მიერ 2017 წლის 8 ივნისს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ დ----- ხ----–-–---–ის დიაგნოზია თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს, ცნობაში მითითებულია, რომ 2 წლის წინ გადაიტანა თავის ტვინის ინფარქტი. ცნობის მიხედვით, სტაციონარში მოთავსების დროა 2017 წლის 5 ივნისი, ხოლო გაწერის თარიღია 2017 წლის 8 ივნისი. სტაციონარში მოთავსების დროს მისი ჩივილები იყო - მეტყველების გაძნელება, მარცხენა კიდურში ძალის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა. ავადმყოფობის მიმდინარეობა მწვავეა, მკურნალობის შედეგად მდგომარეობა დასტაბილურდა.

 

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს 2019 წლის 7 ივნისის ცნობაში მითითებულია, რომ დ----- ხ----–-–---–ი ამ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე 2011 წლის 22 ივლისიდან 2011 წლის 25 ივლისამდე დიაგნოზი თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომი, ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს.

 

დ----- ხ----–-–---–თან თავდებობის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 23 ივნისს, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, დ----- ხ----–-–---–ს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა 2011 წლის ივლისში, ხოლო განმეორებით 2017 წლის ივნისში. მოპასუხეს სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება თავდებობის ხელშეკრულების დადების პერიოდში დ----- ხ----–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გართულება, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ცნობიერების დაქვეითება ან ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც მას ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ შეეძლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-25. ტომი 1)

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 26-28. ტომი 1)

- გირავნობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 31. ტომი 1)

- სააღსრულებო წარმოების დოკუმენტაციის ასლები (ს.ფ. 36-42. ტომი 1)

- მოპასუხეების განმარტებები (10.09.2019 სხდომის ოქმი CD დისკი)

- სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები (ს.ფ. 120, 129-130. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სესხის ხელშეკრულება გამსესხებლის მხრიდან მოტყუების ან თაღლითობის შედეგად დადებული არ არის, რის გამოც მოპასუხეებს ეკისრებათ სესხის დაბრუნების ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 81-ე, 82-ე, 83-ე, 50-ე, 12-ე, 361-ე, 316-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე, 2811-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------- ბალანჩვაძეს და შპს „ევროკრედიტ+“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, ასევე შპს „ე--------------- +“-სა და დ----- ხ----–-–---–ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ნამდვილი გარიგებებია. მოტყუების საფუძვლით სესხის და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, 1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნადვილია თუ გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.

 

დაუშვებელია გარიგების დადების მიზნით ნების გამოვლენის თავისუფლების ხელყოფა, გარიგების დადების მიზნით პირის იძულება ან მოტყუება.

 

ნების გამოვლენის ბათილობის ერთერთი საფუძველია მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობა, ხოლო მოტყუება ნების გამოვლენის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ერთერთი გამოვლინებაა. იგი ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით. მოტყუების შემთხვევაში უხეშად არის ხელყოფილი ნების გამოვლენის თავისუფლება, ვიდრე მაგალითად შეცდომის დროს. მოტყუების შემთხვევაში სახეზეა პირის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომლის მიზანია გარიგების მეორე მხარეზე ზემოქმედება გარიგების დადებაზე თანხმობის მისაღებად.

 

მოტყუებად მიიჩნევა პირის განზრახი მოქმედება რომლის მიზანია თავიდანვე ნების გამომვლენისათვის, ხელშეკრულების მხარისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნა და ამ გზით მისი ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა. მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა ეს მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, განპირობებულია მისი მოტყუებით, მის ნების გამოვლენაზე არამართლზომიერი ზეგავლენით. მოტყუებად ითვლება კონტრაგენტის განზრახ შეცდომაში შეყვანა, მისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი წარმოდგენის შექმნა, ფაქტების განზრახ დამახინჯება ან მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ამასთან, ეს წარმოდგენები და ფაქტები გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი უნდა იყოს.

 

მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობებით ან სწორი ინფორმაციის დამალვით, კონტრაგენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენას, გარიგების დადებაზე თანხმობას. მომტყუებლის ქმედების მიზანი უნდა იყო გარიგების დადების მიზანი.

 

ამდენად, მოპასუხე მიუთითებს მესამე პირის მიერ მის მოტყუებაზე, რადგან დ----- ანტონიანი და ვახტანგ კალატოზიშვილი სესხის და თავდებობის ხელშეკრულების მონაწილე არ არიან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლი ითვალისწინებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად ისეთ შემთხვევას, როცა მოტყუება მომდინარეობს მესამე პირის მხრიდან. მესამე პირს კი წარმოადგენს ის პირი, რომელიც უშუალოდ არ არის სადაო ხელშეკრულების სუბიექტი. 83-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის მხრიდან მოტყუება გარიგების ბათილობას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

 

ამდენად, 83-ე მუხლი გარიგების ბათილობის ისეთ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა მცდარი ინფორმაციის წყარო არის არა ხელშეკრულების მხარე, არამედ მესამე პირი, თუმცა გარიგების ბათილობას ეს გარემოება იწვევს იმ შემთხვევაში, როცა გარიგების მონაწილემ იცის და უნდა სცოდნოდა ამის შესახებ შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისას უნდა დადგინდეს ორი ფაქტობრივი გარემოება: მოტყუება მომდინარეობს თუ არა მესამე პირის მხრიდან; მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ იცის თუ არა გარიგების იმ მხარემ, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან, ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას მოტყუების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მესამე პირად მიიჩნევა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს გარიგების დადებისკენ მიმართული ქმედებები ერთერთი მხარის სასარგებლოდ. იურიდიული ლიტერატურაში აღიარებულია, რომ თავდებობის კისრებისას, თუ თავდებს მოვალე ბოროტი განზრახვით ატყუებს, აქ იგი მესამე პირად გვევლინება, იგივე წესი მოქმედებს მოვალის მხრიდან კრედიტორის მოტყუების შემთხვევაში. სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორებს მხოლოდ მაშინ შეერაცხებოდა მათ თანაპარტნიორის ტყუილი, თუ სახეზეა 83,1 მუხლის წინაპირობები“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. 2017 წლის გამოცემა. გვ. 479.)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგებიდან სარგებლის მიღებაში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სარგებლის მიღება, და არა მხოლოდ მატერიალური, ქონებრივი სარგებლის მიღება, ამდენად, სარგებლის მიმღებ მხარედ მიიჩნევა ის პირი, რომელსაც გარიგების საფუძველზე უფლებები და მოთხოვნები წარმოეშვა.

 

სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის მიმღები სუბიექტია გამსესხებელი, რადგან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მას წარმოეშვება სესხის და სესხის სარგებლის მიღების მოთხოვნის უფლება. სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელია შპს „ე---------------+“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიმართ თაღლითობის დადასტურების შემთხვევაშიც კი გარიგების ბათილობისათვის საკმარისი საფუძველი ეს ფაქტი არ იქნება. სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, გარიგება ასეთ შემთხვევაში ბათილია, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სადაო ხელშეკრულებაში გამსესხებელს - შპს „ე---------------+“-სს. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შპს „ევრო-კრედიტ+“-ისათვის ცნობილი იყო დ----- ანტონიანის ან ვახტანგ კალატოზიშვილის განზრახვის შესახებ ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა მათი არამართლზომიერი ქმედებების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდებობის ხელშეკრულება ასევე არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას, რადგან არ დასტურდება ნების გამოვლენა ნაკლის გამო, დ----- ხაბალაშვილის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე დროს სამოქალაქო კოდექსით აღიარებულია მხარეთა შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი). ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ.

 

ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია თუ იგი გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განსაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.

 

ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს - ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით, კანონის შესაბამისად და ა.შ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამ მუხლში მოცემულია ზოგადი ქმედუნარიანობის ცნება. კერძოდ, ესაა ზოგადად პირის უნარი, საკუთარი ნებით განახორციელოს (მართოს) ესა თუ ის სამართლებრივი შედეგის მომტანი მოქმედებანი და არა მისი უნარი, განახორციელოს ერთი რომელიმე კონკრეტული მოქმედება. ზოგადი ქმედუნარიანობის ფორმებია გარიგებაუნარიანობა და დელიქტუნარიანობა. გარიგებაუნარიანია პირი, რომელსაც შესწევს უნარი თავისი ნებით დადოს ნებადართული გარიგება, რაც შესაძლებელია კერძო ავტონომიის პირობებში. სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მიიჩნევს გარიგების ნამდვილობის აუცილებელ პირობად (63, 67). თუ არ არის პირი ქმედუნარიანი, ის ვერც გარიგებაუნარიანი იქნება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ გარიგების დადებისას არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ გარიგების მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავს მხარეების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება. შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოებები უნდა დაადასტუროს იმ პირმა, ვინც გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვს, არ მიიჩნევს გარიგების ნამდვილ ხელშეკრულებად. 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებაში საქმეზე №ას-28-25-2017 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით (სკ-ის 8.3. მუხლი), სამოქალაქო გარიგებათა მიმართ მოქმედებს ნამდვილობის პრეზუმფცია, შესაბამისად, პირი, რომელიც უფლების ნაკლსა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობაზე აპელირებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია, მიუთითოს იმგვარ ფაქტებზე და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ინდივიდუალური და/ან ერთობლივი შესწავლა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მინიმუმ შეარყევდა სადავო სამართალურთიერთობის მართლზიმიერების პრეზუმფციას, ამის შემდგომ კი, მტკიცება იმისა, რომ ქონებრივი მიმოქცევა მართლზომიერი იყო, ეკისრება მოპასუხეს (ქონების შემძენს).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას, მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, აცნობიერებს ამ ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებს და სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა. მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობის დროს, როცა პირს არ შეუძლია გარიგების შინაარსის და მისი შედეგების გაცნობიერება. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. ნების გამოვლენა ნაკლიანია, თუ ნების გამომვლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ეცნობა ხელშეკრულების შინაარსს ან არ შეუძლია გააცნობიეროს გარიგების შინაარსი. ამ საფუძვლით ნების გამოვლენის ნაკლი მხოლოდ პირის ფსიქიური დაავადებით განპირობებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე სხვაგვარი მიზეზით პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვით – წერა-კითხვის უცოდინარობა, მხედველობის დაქვეითება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით გამოწვეული მდგომარეობა, რაც პირის ცნობიერებას აქვეითებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ხელშეკრულების დადების დროს დ----- ხ----–-–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეძლო გარიგების დადების ნება გამოევლინა, რადგან არ დასტურდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო მას არ შეეძლო ხელშეკრულების ტექსტის შინაარსის და შედეგების გაცნობიერება.

 

ამდენად, მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებების ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე წარმოიშვა მისი შესრულების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანებაა ძირითადი თანხა 1 750 აშშ დოლარი და ვალდებულების დარღვევიდან სარჩელი აღძვრამდე პერიოდის სარგებელი 1009,16 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით 30 დღეზე მეტი დროით ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადად გადასახდელი ჯარიმა 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში 30 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთდროულად როგორც სესხის დაბრუნება, ისე პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რომლის მიზანია კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას სოლიდარულ თავდებტა ერთად ეკისრება კრედიტორისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის ოდენობაა ერთჯერადი ჯარიმა 30 აშშ დოლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგსმატეხლოს ჯამური ოდნეობა 560 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე დ----- ხ----–-–---–ს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რადგან ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. დ----- ხ----–-–---–თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ჯ------- ბ--–-------ის სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში ზღვრული თანხის 7500 აშშ დოლარის ფარგლებში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით დაწყებული იძულებითი აღსრულების ხარჯების ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.

 

მხარეებს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 2811-ე მუხლის მე-6 ნაწილისგან განსხვავებულ შეთანხმებას არ შეიცავს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლისა და სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის, ასევე გირავნობის მოწმობის გაცემისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ მოპასუხეებს.

 

ამდენად, მოპასუხეების ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 1750 აშშ დოლარი, სარგებელი 1009,16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 560 აშშ დოლარი, ერთჯერადი ჯარიმა 30 აშშ დოლარი - ჯამურად 3369,16 აშშ დოლარს. ასევე გირავნობის მოწმობის საფასურს 50 ლარს და დაგირავებული ავტომობილის იძულებით გადაცემის მიზნით გადახდილ აღსრულების საფასურს 200 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკსროთ მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „ე---------------+“ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ჯ------- ბ--–-------ეს და დ----- ხ----–-–---–ს დაეკისროთ შპს „ე---------------+“ისათვის 3369,16 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა,1.2. ჯ------- ბ--–-------ეს და დ----- ხ----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ე---------------+“ისათვის გირავნობის საგნის გადაცემის მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯების 200 ლარის და გირავნობის მოწმობის გაცემის საფასურის 50 ლარის ანაზღაურება;

 

2. ჯ------- ბ--–-------ეს და დ----- ხ----–-–---–ს დაეკისროს შპს „ე---------------+“ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 249,52 ლარის სოლიდარულად გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი