განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002899551
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე #1/121-19 9 სექტემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031150319001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი, დიანა ქოჩორაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: რიმა გურგულია, ზ------ დალაქიშვილი
ბრალდებული: მ------- ბ-------ი
მამის სახელი: მუჰარამ
დაბადებული: 1-----–-–-----------
მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---------------------–---------------–-----------------–-------
თარჯიმანი: ნაზი ბიძინაშვილი, სევილ ომაროვა, ვიტალი მინასაზოვი, თინა საბანაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ------- ბ-------ს ბრალად ედება რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
მ------- ბ-------ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში მდებარე, ნ------- ქ---–--ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ქურდობისთვის ნასამართლევი მ------- ბ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ზ--- ჰ---- კ--ას ქურთუკის და შარვლის ჯიბიდან 38000 (ოცდათვრამეტი ათას) ლირას, 500 (ხუთასი) აშშ დოლარს, 380 (სამას ოთხმოცი) ლარს, 1000 (ათასი) ლარის ღირებულების „Samsung A8“ მოდელის და 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების „Iphone 7+“ მოდელის მობილურ ტელეფონებს, “პრივატ ბანკის“ Visa Gold-ის პლასტიკურ ბარათს და პირად საბუთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 23985 (ოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარის და 60 (სამოცი) თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1 მ------- ბაჯნარმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
მ------- ბ-------ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მ------- ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 ოქტომბრიდან.
2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში მდებარე, ნ------- ქ---–--ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ქურდობისთვის ნასამართლევი მ------- ბ-------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ზ--- ჰ---- კ--ას ქურთუკის ჯიბეებიდან 38000 ლირას, 380 (სამას ოთხმოცი) ლარს, 1000 (ათასი) ლარის ღირებულების „Samsung A8“ მოდელის და 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების „Iphone 7+“ მოდელის მობილურ ტელეფონებს, “პრივატ ბანკის“ Visa Gold-ის პლასტიკურ ბარათს და პირად საბუთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 22 645,60 ლარის (ოცდაორი ათას ექვსასორმოცდახუთი ლარი და სამოცი თეთრი) დიდი ოდენობით ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ზ--- ჰ---- კ--ა. მან განმარტა რომ ბრალდებული მ------- ბ-------ი პირადად გაიცნო ბათუმში, მანამდე კი იცნობდა ტელეფონით. მან დაადასტურა, რომ კ---- კ-----------თან ერთად იწყებდნენ საქონლის ხორცის ბიზნესს, აღნიშნულში კი მას დახმარებას უწევდა მ------- ბ-------ი. ხორცის შესაძენად 2019 წლის მარტის დასაწყისში ბათუმიდან წავიდნენ მარნეულში ზ------ ქ-------ის ტაქსით. მარნეულში დაათვალიერეს საქონელი, რა დროს დაუღამდათ. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას თანხა ჰქონდა ლირებში, ვერ დაახურდავა და გადაწყვიტეს იმ დღეს დაესვენათ და მეორე დილით შეეძინათ საქონელი. ღამის გასათევად მივიდნენ ზ------ ქ-------ის დის ოჯახში, სადაც მათ გაუმასპინძლდნენ და დააძინეს. თავად დაწვა პირველ სართულზე, ასევე მასთან ერთად დაწვა მ------- ბ-------ი. ზ--- ჰ---- კ--ამ დაადასტურა, რომ ვახშმობის დროს მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, თუმცა მ-------ს არ დაულევია. რამდენიმე ხნის შემდეგ კი იგი გააღვიძა პოლიციამ და ნახა, რომ თანხა, რომელიც ჰქონდა ბიზნესისთვის მოპარული იყო, მ------- ბ-------ი კი გაქცეული. დაზარალებულის განმარტებით მას ეცვა ქურთუკი, შიდა ჯიბეებით ორივე მხარეს. ფულის ნაწილი შენახული ჰქონდა მარჯვენა ჯიბეში და ნაწილიც მარცხენაში. დამატებით კი საფულეში ედო 500 აშშ დოლარი. დაზარალებულის განმარტებით მას მთლიანობაში ჰქონდა 38000 ლირამდე, 500 აშშ დოლარი, 400 ლარამდე და ორი მობილური ტელეფონი.
აღნიშნული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ კ---- კ-----------ის ჩვენებასთან. მან განმარტა, რომ ზ--- ჰ---- კ--ას ჰქონდა საერთო ფული, მთლიანობაში 40000 ლირა, საიდანაც დახარჯეს დაახლოებით 2000 ლირა. ასევე დაადასტურა, რომ მარნეულში ჩამოსულები იყვნენ ხორცის შესაძენად. კ---- კ-----------მა განმარტა, რომ მას ეძინა მეორე სართულზე, ხოლო დაზარალებულს და მ------- ბ-------ს პირველ სართულზე. მოწმის განმარტებით, მან ზ--- ჰ---- კ--ასგან იცოდა, რომ დამატებით ჰქონდა 500 აშშ დოლარი, თუმცა თავად არ უნახავს.
2019 წლის 15 მარტის, შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში 03:29:19 საათზე შევიდა შეტყობინება მარნეულში, სოფელ ხიხანში ნ------- ქ---–--ის ოჯახში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშრებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ------- ქ---–--ე. მან განმარტა რომ მარტის თვეში მასთან სახლში სტუმრად ცოლის ძმამ ზ------ ქ-------ემ მიიყვანა სამი ეროვნებით თურქი ადამიანი. მათ შორის იყო მ------- ბ-------ი. სამიდან ერთს ჰქონდა ბიზნესისათვის ფული. ნ------- ქ---–--ის განცხადებით იგი გაუმასპინძლდა სტუმრებს, მათ მიიღეს ალკოჰოლური სასმელიც, მხოლოდ მ-------ი არ სვამდა არაყს და მიირთმევდა ლუდს. სტუმრებისათვის მოამზადეს საწოლები. მოწმის განმარტებით ერთ-ერთმა, რომელსაც ფული ჰქონდა, ნ-------ს სთხოვა პირველ სართულზე დაძინება. ასევე პირველ სართულზე დაიძინა მ-------მაც. დაახლოებით ნახევარ საათში შემოესმა კარის ხმა, დაუძახა, თუმცა არავინ მობრუნდა. მან გააღვიძა ცოლის ძმა და მ-------ი მოიყვანეს სახლში, განუმარტა, რომ იყო ცუდად და მოულოდნელად გაუცა. მოწმემ განმარტა, რომ რადგან საუბრობდნენ თანხაზე, იფიქრა, რომ მან თანხა მოიპარა და ამის გამო დარეკა 112-ზე. პოლიციის მისვლის შემდეგ მათ გააღვიძეს დაზარალებული და ამოჩნდა, რომ თანხა მართლაც წაღებული იყო, მოპარული იყო ასევე 2 მობილური ტელეფონი და საბუთები. ნ------- ქ---–--ემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულმა ქურთუკი, სადაც ფული ჰქონდა, შეახვია და დაიდო ბალიშის ქვეშ. მ-------ის წასვლის შემდეგ კი მან შენიშნა, რომ სწორედ, აღნიშნული ქურთუკი იყო გადაადგილებული და ამიტომ გაუჩნდა ეჭვი თანხის მოპარვის შესახებ.
2019 წლის 15 მარტის დათვალიერების ოქმით დგინდება რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ხიხანში, ნ------- ქ---–--ის საცხოვრებელ სახლში. სოფელ ხიხანში შესასვლელიდან 100 მეტრში, სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ნ------- ქ---–--ის ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი. სახლის ეზოში შესასვლელი კარი არის ერთ ფრთიანი ხის კარი. შესასვლელი ხის კარებიდან კორიდორის გავლით ხელმარჯვნივ არის მისაღები ოთახი, სადაც დგას დივანი, შეშის ღუმელი, ორი სცალი სავარძელი, ტელევიზორი და ორი ცალი ხის საწოლი. ზ--- ჰ---- კ--ას მითითებით იწვა ზემოთ აღნიშნულ საწოლში და ბალიშის ქვეშ ედო მუქი ფერის ქურთუკი, რომელში ედო 38 000 თურქული ლირა. ასევე მან განმარტა რომ მოჰპარეს საფულე, რომელშიც ედო 500 დოლარი და 2 მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ქურთუკი, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით.
2019 წლის 15 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების დროს მ------- ბ-------ი შეჩერებული იქნა ბოლნისის რაიონის სოფელი მამხუტის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკა მიმდინარეობდა 13:00 საათიდან 15:00 საათებს შორის შუალედში. მ------- ბ-------ის ჩხრეკის დროს, მისი ნაჭრის ნაცრისფერი ჟილეტის შიგნით მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 253 ცალი 100-იანი თურქული ლირის კუპიურა - სულ 25 300 ლირა და 380 ლარი. მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამსუნგის ფირმის ღია ოქროსფერი მობილური ტელეფონი სამსუნგ. A8. რომელსაც ეკრანი აქვს დაზიანებული. აიფონ 7+ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც არის შავი ფერის. შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მუქი ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ორი ცალი თურქეთის რესპუბლიკის პოლიციის თანამშრომლის მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტები გაცემულია ზ--- ჰ---- კ--ას სახელზე.
2019 წლის 15 მარტს დაკავების ოქმის თანახმად 2019 წლის 15 მარტს 15:05 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------- ბ-------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შულავერის პოლიციის განყოფილების უფროსი კობა სუთიაშვილი. მან განმარტა რომ მარტის თვეში, 15 რიცხვში, დაახლოებით 3-4 საათზე მიიღეს შეტყობინება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის საფუძველზე იგი თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე - სოფელ ხიხანში. ადგილზე დახვდათ პიროვნება სახელად ნ-------ი, რომელმაც განუმარტა რომ ბიზნესთან დაკავშირებით სტუმრად ჰყავდა სამი თურქი. შემდეგ ბრალდებული და დაზარალებული დაწვნენ ერთ ოთახში. დაახლოებით ნახევარ საათში მოესმა ხმაურის ხმა, გავიდა გარეთ და დაინახა ბრალდებული, რომელმაც უთხრა რომ იყო ცუდად. შემდეგ კი გაიქცა. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას დაზარალებულს ეძინა, როდესაც გააღვიძეს და შეამოწმა ფული და ტელეფონები აღარ ჰქონდა. შემდეგ 12 საათისთვის ბოლნისში შენიშნეს პიროვნება (მ------- ბ-------ი), რომელიც გადაიყვანეს პოლიციაში. მისი ჩხრეკისას ამოიღეს 25 300 ლირა.
მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გია ცეცხლაძე, რომელმაც სასამართლოს მოახსენა რომ 2019 წლის 14 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ნ------- ქ---–--ისგან. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებული დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში. მან განცხადა რომ ჰქონდა 38 000 ლარი, დოლარი და 2 მობილური ტელეფონი. შემდეგ ბრალდებული (მ------- ბ-------ი) იპოვეს ბოლნისის ტერიტორიაზე. მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა 25 000 ლირა და 2 მობილური ტელეფონი. ბრალდებულს ჰქონდა თუ არა დოლარი არ ახსოვს. მოწმემ დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა ედუარდ ბარბაქაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ასევე დამატებით განმარტა რომ ბრალდებულის ჩხრეკისას ამოიღეს 25 300 ლირა და მობილურები. შემდეგ მ------- ბ-------ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩატარებული იქნა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო საფულე და ტელეფონი.
2019 წლის 15 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა ზ--- ჰ---- კ--ასთან. ამომცნობ პირს წარედგინა ამოსაცნობი საგნები:
1. N1. სამსუნგი A8 : ზ--- ჰ---- კ--ას მობილური ტელეფონი N.1. სენსორიანი მობილური ტელეფონი სამსუნგი A8, არის ღია ოქროს ფერი, რომელსაც გააჩნია ეკრანის დამცველი და აღნიშნული ეკრანის დამცველი არის დაზიანებული.
2. N2. სამსუნგი A8 : N2. სენსორიანი მობილური ტელეფონი სამსუნგი A8, არის მუქი ოქროს ფერი, რომელსაც გააჩნია ეკრანის დამცველი და აღნიშნული ეკრანის დამცველი არის დაზიანებული.
3. N3. სამსუნგი A8 : N3. სენსორიანი მობილური ტელეფონი სამსუნგი A8, არის ოქროს ფერი, რომელსაც გააჩნია ეკრანის დამცველი და აღნიშნული ეკრანის დამცველი არის მცირედი დაზიანებული.
4. N4. სამსუნგი A8 : N4. სენსორიანი მობილური ტელეფონი სამსუნგი A8, არის ღია ოქროს ფერი, რომელსაც გააჩნია ეკრანის დამცველი და აღნიშნული ეკრანის დამცველი ზედა კუთხეში არის დაზიანებული.
ამომცნობმა ზ--- ჰ---- კ--ამ საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: მობილური ტელეფონის ფორმით, ფერით, მოდელით და ეკრანის დამცველით. (ამოცნობილი ნივთი N: 1)
2019 წლის 15 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა ზ--- ჰ---- კ--ასთან. ამომცნობ პირს წარედგინა ამოსაცნობი საგნები:
1. N1. აიფონ 7+ : N1. სენსორიანი მობილური ტელეფონი აიფონ 7+, რომელიც არის შავი ფერის და არ გააჩნია ეკრანის დამცველი.
2. N2. აიფონ 7+ ზ--- ჰ---- კ--ას მობილური ტელეფონი. N2 სენსორიანი მობილური ტელეფონი აიფონ 7+, რომელიც არის შავი ფერის და გააჩნია ეკრანის დამცველი.
3. N3. აიფონ 7+ N3. სენსორიანი მობილური ტელეფონი აიფონ 7+, რომელიც არის შავი ფერის და გააჩნია დაზიანებული ეკრანის დამცველი.
4. N4. აიფონ 7+ : N4. სენსორიანი მობილური ტელეფონი აიფონ 7+, რომელიც არის მუქი ნაცრის ფერი ფერის, რომელსაც გააჩნია ეკრანის დამცველი.
ამომცნობმა ზ--- ჰ---- კ--ამ მობილური ტელეფონი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: მისი მოდელით, ფორმით, ფერის და ეკრანის დამცველით. (ამოცნობილი ნივთი N: 2)
2019 წლის 15 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად ამოცნობა ჩატარდა ზ--- ჰ---- კ--ასთან. ამომცნობ პირს წარედგინა ამოსაცნობი საგნები:
1. N1. მუქი ტყავის ფერი საფულე : ზ--- ჰ---- კ--ას ტყავის საფულე. N1 მამაკაცის მუქი ყავის ფერი ტყავის საფულე, რომელსაც ქვედა მარჯვენა მხარეს გააჩნია წარწერა „ cengizpakel“.
2. N2. მუქი ტყავის ფერი საფულე : N2 მამაკაცის მუქი ყავის ფერი ტყავის საფულე წარწერის გარეშე. აღნიშნულ საფულეს გააჩნია კნოპკით ჩასაკეტი.
3. N3. მუქი ფერის ტყავის საფულე : N3 მამაკაცის ყავის ფერი ტყავის საფულე წარწერის გარეშე. აღნიშნულ საფულეს არ გააჩნია კნოპკით ჩამკეტი.
4. N4. მუქი ტყავის საფულე : N4 მამაკაცის მუქი ფერის ტყავის საფულე, წარწერის გარეშე, რომელიც სიძველის გამო მცირედით არის გაცვეთილი.
ამომცნობმა პირმა ზ--- ჰ---- კ--ამ საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: საფულეს ფორმით, მისი ფერით და მასზე არსებული წარწერით. (ამოცნობილი ნივთი N: 1)
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ------- ბ-------მა საბოლოო სიტყვაში განმარტა რომ როდესაც პოლიციამ დააკავა თანხა თან ჰქონდა მთლიანად. შემდეგ პოლიციამ აჩვენა საფულე და ჰკითხა თუ სად იყო 500 დოლარი. ბრალდებულის განმარტებით მასთან საფულე და 500 აშშ დოლარი არ ყოფილა. ჰქონდა მხოლოდ 2 ტელეფონი, 300-400 ლარი და 25 000 ლირა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: მოწმეების ნ------- ქ---–--ის, ზ--- ჰ---- კ--ა, კ---- კ-----------ის, კობა სუთიაშვილის, გია ცეცხლაძის და ედუარდ ბარბაქაძის ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი(ამოღებული ნივთმტკიცებები) და ამოცნობის ოქმები, ასევე თავად ბრალდებულის მ------- ბ-------ის პოზიცია, რომელმაც ფაქტობრივად ნაწილობრივ აღირა წარდგენილი ბრალი, თუმცა განმარტა რომ მას ჰქონდა მხოლოდ 2 ტელეფონი, 300-400 ლარი და 25 000 ლირა და მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მ------- ბ-------ის მიერ ზ--- ჰ---- კ--ას ფულადი თანხის, მობილური ტელეფონების ფარული დაუფლების ფაქტი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.2 არაერთგზისობა.
2016 წლის 3 ნოემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მ------- ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 ოქტომბრიდან.
2019 წლის 28 მარტის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილიდან (N92925/01) ირკვევა, რომ მ------- ბ-------ის სასჯელის დასაწყისი იყო 03.10.2015 წელი, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 31.03.2017 წელს. (კალენდარულად)
დადგენილია, რომ ზემოთ აღნიშნულ განაჩენზე მ------- ბ-------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
შესაბამისად დგინდება, რომ მ------- ბ-------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისას ნასამართლევი იყო სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------- ბ-------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
2.3 დიდი ოდენობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
სასამართლო ზიანის დადგენისას ხელმძღვანელობს დაზარალებულის ჩვენებით, კერძოდ მან განმარტა დაკითხვისას, რომ ჰქონდა 38000 ლირა, 400 ლარამდე, 500 აშშ დოლარი და ორი მობილური ტელეფონი. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 380 ლარი, 25300 ლირა და მობილური ტელეფონები. დაზარალებულ ზ--- ჰ---- კ--ას მეგობარმა კ---- კ-----------მა დაკითხვისას განმარტა, რომ მათ ფირმიდან აიღეს 40000 ლირა, საიდანაც დახარჯული ჰქონდათ 2000 ლირა, შესაბამისად დაზარალებულს უნდა ჰქონოდა 38000 ლირა. მოწმეთაგან გარდა დაზარალებულისა არავინ მიუთითებს, რომ მათ ნახეს 500 აშშ დოლარი. კ---- კ-----------მა განმარტა, რომ იცოდა ამის შესახებ დაზარალებულისაგან, თუმცა არ უნახავს ეს თანხა. ბრალდებულმა თანხების ნაწილში განმარტა, რომ მან დაზარალებულისგან აიღო ლირა, ლარი და მობილური ტელეფონები, რაც შეეხება დოლარს, აღნიშნული უარყო. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც საუბარია 500 აშშ დოლარზე და მიიჩნევს, რომ მ------- ბ-------ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა ზიანი, რაც შეადგენს: 38000 ლირას, 380 ლარს და მობილური ტელეფონების საერთო ღირებულებას, რაც შეადგენს 3600 ლარს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ცნობა საქართველოს ეროვნული ბანკიდან, სადაც აღნიშნული, რომ 2019 წლის 15 მარტს 1 ლირის ოფიციალური ღირებულება შეადგენდა 0,4912 ლარს. შესაბამისად 38000 ლირა შეადგენს 18665,60 ლარს. მთლიანობაში კი ზ--- ჰ---- კ--ას მიადგა 22 645 ლარის და 60 თეთრის ზიანი. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავის შენიშვნის მიხედვით ითვლება დიდ ოდენობად.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2.გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
3.3. აღნიშნულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ------- ბ-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
4.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
4.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება(ნაწილობრივ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგი და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------- ბ-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
5.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ქურთუკი, მობილური ტელეფონები, საფულე, 25 300 ლირა, 380 ლარი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ზ--- ჰ---- კ--ას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------- ბ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
მ------- ბ-------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 15 მარტიდან.
მ------- ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ქურთუკი, მობილური ტელეფონები, საფულე, 25 300 ლირა, 380 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულ ზ--- ჰ---- კ--ას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე