გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/4683_______________________________________________________________________________________________________________________________-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ა------- ტ--------
წარმომადგენელი - ა-–---- გ-------
მოპასუხე - სსიპ ს----–-–----- ს---------- ს---–------- ტ---------- ც------- ,,დ--–---’’
წარმომადგენელი - გ------- ხ-----------, ი---- შ--–---------, ნ-----–---- ჩ---–----–---–-
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ორგანიზაციის გენრალური დირექტორის 2019 წლის 06 იანვრის #3---კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2.აღდგენილ იქნეს მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში წ---------- დ--------------- მ----- ს-–------- უ--------- მ--------–-- თანამდებობაზე;
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის -1 480 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ა------- ტ-------- (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) 1969 წლიდან დასაქმებული იყო თბილისის ს-----–--- ქ-------–- სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს წ---------- უ--------- მოადგილედ, შემდგომში კი წ---------- მოპასუხისთვის გადაცემის გამო, სსიპ ს----–-–----- ს---------- ს---–------- ტ---------- ც------- ,,დ--–---’’-ში (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი) ამავე სსიპ-ის წ---------- დ--------------- მ----- ს-–------- უ--------- მ--------–-- თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1 480 ლარს.
მოპასუხემ 2019 წლის 16 იანვრის #1---კ ბრძანებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსარჩელე ჩამოაშორა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან და შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა, ხოლო 2019 წლის 06 თებერვლის ბრძანებით, უკანონოდ შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და გაათავისუფლა სამსახურიდან. მოპასუხემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის და სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, ასევე დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს განცხადებით სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით, რაზეც მას წერილობითი პასუხი არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციის 2019 წლის 06 თებერვლის #351-კ ბრძანებით იმავე საფუძვლებით შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და დაითხოვა სამუშაოდან მოსარჩელის შვილიც, რომელიც მუშაობდა მოპასუხის ლოჯისტიკის ს----------- უ----------–-------- და ს---–------ ს-------------–-- ტ------- მძღოლად.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი მხრიდან რაიმე გადაცდომას, მით უფრო შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას ან/და დისციპლინარულ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
2. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
წარმოდგენილი შესაგებლით ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან დაეთანხმა მასსა და მოსარჩელეს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტს. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს 2019 წლის 11 მარტის წერილით ჩაბარდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რაც დასტურდება ცენტრის შიდა აუდიტის და მონიტორინგის დ--------------- დასკვნით. კერძოდ, მოპასუხე დაკავებული თანამდებობის გამოყენებით ხელს უწყობდა შვილს, რომელიც ასრულებდა მოპასუხე ორგანიზაციის ლ----------- ს----------- უ----------–-------- და ს---–------ ს-------------–-- ტ------- მძღოლის მოვალეობას და ემსახურებოდა წ---------- დ--------------- უფროსს. თავს მხრივ, მოსარჩელის შვილმა კუთვნილი სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის საფუძველზეც მიიღო დეტალის დამზადების შეკვეთა, სამსახურებრივი ავტომობილის გამოყენებით შემოიტანა ტერიტორიაზე და სამუშაოების დასაწყებად მიიტანა მოსარჩელესთან მე-3 საწარმოში. მოსარჩელემ კი მის დაქვემდებარებულ საწარმოში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები, რის შემდეგაც საჭირო გახდა დეტალის გადატანა პირველ საწარმოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დაუკავშირდა პირველი ს-–------- უფროსს და სთხოვა დახმარება. ამის შემდეგ დეტალი გადატანილ იქნა პირველ საწარმოში სადაც აღმოჩნდა, რომ მას არ ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია. მას შემდეგ კი რაც პირველი ს-–------- უფროსმა მოითხოვა დ--------------- უფროსს და სთხოვა დოკუმენტაცია, რათა პირველ ს-–------- დეტალის დამზადებისათვის შეესრულებინა შესაბამისი სამუშაო. აღნიშნული დეტალები საბოლოოდ ამოღებულ იქნა მ----- საწარმოდან ცენტრის შიდა აუდიტის და მონიტორინგის დ--------------- თანამშრომლების მიერ.
მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ქმედებებით მოსარჩელემ დაკავებული თანამდებობის გამოყენებით უხეშად დაარღვია ცენტრის შინაგანაწესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახური დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ასეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ცენტრის მუშაობას, ხელს უშლის სხვა თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების განხორციელებას ან/და ლახავს ს----------- იმიჯს და ავტორიტეტს. შესაბამისად მოსარჩელემ მისი ქმედებებით დაარღვია ამ ქვეპუნქტის თითქმის ყველა მოთხოვნა - სამუშაო დრო გამოიყენა პირადი მიზნების განსახორციელებლად, ასევე ხელს უშლიდა სხვა თანამშრომლებს მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაში, რაც ავტომატურად იწვევდა ცენტრის სამუშაოების შეფერხებას, აგრეთვე მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია ამავე პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი: გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები, რაც თავისთავად გამორიცხავს სახელმწიფო ქონების პირადი მიზნებისათვის გამოყენებას. მოსარჩელემ ასევე უხეშად დაარღვია ამავე მუხლის მ----- პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია თანამშრომლის მიერ ცენტრის ქონების პირადი მიზნებისათვის გამოყენებას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 1969 წლიდან.
2019 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციის წ---------- დ--------------- მ----- ს-–------- უ--------- მ--------–-- თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრებოდა 1 489 ლარით.
ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ასრულებს მასზე დაკისრებულ სამუშაოებს იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით, დამსაქმებლის დებულებით, შინაგანაწესით და მისი თანამდებობისათვის ან მოვალეობებისათვის დადგენილი თანამდებობის სამუშაო აღწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები (ს.ფ 70-146);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხე ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია : ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, თანამდებობის სამუშაო აღწერით გათვალისწინებული მოთხოვნები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები, ტექნოლოგიური და სამეცნიერო ნორმატივები; დ) დაიცვას სამსახურებრივი დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ცენტრის მუშაობას, ხელს უშლის სხვა თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელებას ან/და ლახავს სამსახურის იმიჯს და ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ლ) შეასრულოს შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია თანამშრომლის მიერ ცენტრის ქონების არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შინაგანაწესი (ს.ფ.23-43);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის ბრძანებით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დისციპლინური საკითხის გადაწყვეტამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე ჩამოშორებულ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისგან და შეუჩერდა მას შრომითი ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.16);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2019 წლის 06 თებერვლის ბრძანებით, შეწყდა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.
აღნიშნული ბრძანების საფუძველია შიდა აუდიტის 2019 წლის 05 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელემ საწარმოს ტერიტორიაზე მოახდინა დეტალის დამზადება რა დროსაც გამოვლინდა შინაგანაწესის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების დარღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.15);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ორგანიზაციაში კერძო (გარე) შეკვეთის გახსნისათვის აუცილებელია დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვა ორგანიზაციისთვის სამუშაოს მოცულობისა და სამუშაოს აღწერილობის მითითებით. წერილობითი მიმართვაში მითითებული სამუშაოდან გამომდინარე, ორგანიზაციაში ხდება შეკვეთის შემსრულებელი საწარმოსა და კალკულაციის დადგენა. დადგენილ პირობებზე შემკვეთის თანხმობის შემთხვევაში კი შესაბამისი შეკვეთის გახსნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მოპასუხე ორგანიზაციაში გარდა მოსარჩელისა, დასაქმებული იყო ასევე მისი შვილი ლ----------- ს----------- უ----------–-------- და ს---–------ ს-------------–-- ტ------- მძღოლის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.21);
- ახსნა-განმარტება.
3.2.3. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე ბრძანებას წინ უძღოდა მოსარჩელის შვილის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით დეტალის დამზადების თაობაზე კერძო შეკვეთის მიღება. რა მიზნითაც მან საწარმოს გარეთ აიღო დეტალის ნიმუში, შესაბამისი წესით შეკვეთის გაფორმების და დადგენილი პროცედურის გავლის გარეშე, სამსახურებრივი მანქანის გამოყენებით შეიტანა იგი საწარმოს ტერიტორიაზე და გადასცა მოსარჩელეს შემდგომი დამზადების მიზნით. ვინაიდან დეტალის ნაწილის დამზადებისათვის საჭირო იყო მისი სხვა საწარმოში (არა უშუალოდ იმ საწარმოში რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე) გადატანა, მოსარჩელე დაუკავშირდა აღნიშნული საწარმოს უფროსს დახმარების თხოვნის მიზნით.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მათ შორის, შიდა მონიტორინგის და აუდიტის დასკვნის (ს.ფ.64-66), პროცესში მონაწილე პირების წერილობითი ახსნა-განმარტებების (ს.ფ.208-228), შედგენილი ოქმის (ს.ფ.149), ამოღების ოქმის და ფოტოსურათის (ს.ფ.149-151) და სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების (ს.ფ.152) და სასამართლო სხდომაზე მოწმის საკითხით დაკითხული პირების მიერ მიცემული განმარტებების ურთიერთშეჯერებით. ამასთან, მართალია მოწმედ დაკითხული პირები დაიკითხნენ თავად მოსარჩელისვე ინიციატივით და ზოგი მათგანი არ ფლობდა სრული პროცესის შესახებ უშუალო ინფორმაციას, თუმცა არსებითია ის გარემოება, რომ მოწმეთა ჩვენებებით, უშუალოდ კი თავად მოსარჩელის შვილისვე ჩვენებით, დასტურდება ის გარემოება, რომ გარე შეკვეთისათვის დეტალის საწარმოში დამზადების მიზნით შეტანა განხორციელდა შესაბამისი შეკვეთის გაფორმების გარეშე.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენით სასამართლოს მიზანი არ არის იმის წარმოჩინება, რომ მოსარჩელის მიზანს უცილობლად წარმოადგენდა დადგენილი წესების გვერდის ავლით საწარმოში დეტალის დამზადება. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა შორის წლების განმავლობაში არსებულ ხანგრძლივ შრომით სამართლებრივ ურთიერთობას, ასევე ამ დროის განმავლობაში მოსარჩელის მიერ გაწეულ შრომასა და მოპოვებულ სტატუსს, რომლის შემდეგ გათავისუფლებაც ცხადია უკავშირდება მძიმე ემოციურ განწყობას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ,,მიზნებზე’’ აქცენტირებისა და მათი დადგენის გარეშე სასამართლოს შეფასების საგანია მისი თუნდაც პირდაპირი ან ირიბი (საწარმოში მისი ავტორიტეტის ან მეგობრული კავშირების გამოყენება) მონაწილეობა და ინფორმირებულობა - შეკვეთის გარეშე შეტანილი დეტალის ფაქტის თაობაზე ინფორმაციის ფლობა - რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევას, რის შეფასებასაც სასამართლო სამოტივაციო ნაწილში შეეხება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 37-ე, 38-ე, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015).
უდავოა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს, რა დროსაც განსაზღვრული არ არის დასაქმებულის წინასწარ ინფორმირების ვადა და დასაქმებულს არ მიეცემა არავითარი კომპენსაცია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა და ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა დადგენილად მიიჩნია საწარმოში შესაბამისი შეკვეთის გაფორმების გარეშე მოსარჩელის შვილის მიერ დეტალის შეტანა და შემდგომი დამზადების პროცესში მოსარჩელის მონაწილეობა. ვინაიდან, წარმოდგენილი სარჩელით შედავებულია გათავისუფლების მართლზომიერების საკითხი, სასამართლოს არსებითი კვლევის საგანს წარმოადგენს რამდენად შეიძლებოდა გამხდარიყო ზემოაღნიშნული გარემოებები სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძვლით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
უპირველესად, სასამართლო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1- ე მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1-ე მუხლი). ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას სპეციფიური ხასიათი გააჩნია შრომითსამართლებრივ დავაში, რაც გულისხმობს მას, რომ დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს გათავისუფლების მართლზომიერება.
საკითხი შეეხება დასაქმებულთა კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება’’, შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - ,,გათვალისწინებული იყოს კანონით’’ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსკ-ის 37-ე მუხლის „ზ’’ ქვეპუნქტი. ლეგიტიმურ მიზანს, რაც შეეხება, აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დამსაქმებლის შინაგანაწესის განუხრელ დაცვაში მდგომარეობს, რაც საბოლოდ სამსახურის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. როგორც წესი, თუკი სახეზე არ არის შრომის უფლების შეზღუდვის მართლზომიერების ერთ-ერთი კრიტერიუმი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლების შეზღუდვა განხორციელებულია კანონის დარღვევით (იხ. სუსგ, Nას-1210-2018).
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა ,,უხეში’’ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. ,,favor prestatoris’’ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის თავისებურებიდან, სადავო საკითხის მნიშვნელობიდან და აგრეთვე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ დარღვევის სიმძიმის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს, სასამართლო არსებითად მსჯელობს მოსარჩელის მიერ ჩადენილ ფაქტსა და შრომის უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე.
უდავოა, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში, გათავისუფლებამდე იგი დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციის წ---------- დ--------------- მ----- ს-–------- უ--------- მ--------–-- თანამდებობაზე. სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის შვილმა შესაბამისი შეკვეთის გაფორმების გარეშე შეიტანა ს-–------- ტერიტორიაზე დეტალი შემდგომი დამზადების მიზნით. ასევე დადგენილია ამ პროცესში მოსარჩელის მონაწილოების ფაქტი, რაც გამოიხატა მის მხრიდან სხვა საწარმოს უფროსთან დარეკვასა და დეტალის ნაწილის დამზადების თხოვნაში.
საკითხის შეფასების კუთხით სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ქმედება დამსაქმებლის მიერ ადეკვატურად იქნა მიჩნეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევად. გასათვალისწინებელია უპირველესად ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოს თ-----–--- ს------------- კ----------–-- ქვეშ მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საწარმოებში ყოველგვარი საქმიანობა რაც დაკავშირებულია გარე შეკვეთების დამზადებასთან ხორციელდება შესაბამისი შეკვეთის ფურცლის (შესასრულებელი სამუშაოს რეგისტრაციის) შემდეგ. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის, მოსარჩელის სამუშაო სტაჟისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით კი უდავოა, რომ მოსარჩელემ იცოდა ან მინიმალური დაშვების სტანდარტითაც კი უნდა სცოდნოდა ორგანიზაციაში დადგენილი მკაცრი წესისა და სამუშაოს შესრულებამდე შესაბამისი შეკვეთის გახსნის აუცილებლობის შესახებ. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ თავისი ქმედებით ფაქტობრივად უგულებელყო აღნიშნული წესი და სცადა შვილის დახმარება (თუნდაც მხოლოდ თავისი პირადი ადამიანური რესურსის და სატელეფონო ზარის გამოყენებით) რაც ვერ იქნება მიჩნეული დასაშვებ ქცევად.
სწორედ მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის ქმედება, რომელიც დამსაქმებელში ნდობის დაკარგვას იწვევს, წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევას. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება ქმნის შთაბეჭდილებას მოპასუხის ქონების ,,უსაფუძვლოდ’’ მიღების მცდელობისა (არსებული მატერიალური აქტივის და მუშა-ხელის უსასყიდლოდ გამოყენება), რაც ცხადია მინიმუმ იწვევს უნდობლობას დამსაქმებლის მიერ ამ დასაქმებულთან მიმართებით, მაქსიმუმ კი უკარგავს მას შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილს. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ქმედების შეფასებისას გადამწყვეტი ვერ იქნება, რომ მოსარჩელის ქმედება შეიძლებოდა არ ყოფილიყო არსებითად ზიანის მომტანი მოპასუხე ორგანიზაციისთვის. განსახილველ შემთხვევაში არსებითია სწორედ ურთიერთობის სპეციფიკა და ის უფლება-მოვალეობები რომლებიც ეკისრებოდა მოსარჩელეს და არა იმის შეფასება თუ რამდენად შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული დასაქმებულის ქმედება მთლიანად ზიანის მომტანი მოპასუხე ორგანიზაციისთვის.
შესაბამისად, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დარღვევა თუნდაც ქმნის ქმედებების სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად მიჩნევის ობიექტურ საფუძველს.
ამასთან, სასამართლო იზიარებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული პრინციპისა, განსახილველი შემთხვევის მხოლოდ ვიწრო ჭრილში დანახვა სასამართლოს მოსაზრებით გამოიწვევს დამსაქმებლისათვის იმ დასაქმებულთან ურთიერთობის გაგრძელების ,,იძულებას’’ და მისთვის მატერიალური აქტივის მიბარებას, რომლის მიმართაც მას აღარ გააჩნია ნდობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ქმედებებს სასამართლო აფასებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევად, რაც დამსაქმებელს აღჭურავს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებით.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.2-6.3 სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ასევე პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამდენად, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ. 44-45). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა------- ტ--------- სარჩელი მოპასუხე სსიპ ს----–-–----- ს---------- ს---–------- ტ---------- ც------- ,,დ--–---’’-ს მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია