გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
821210019002989175
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/65-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18.10.2019 წელი ქ.დუშეთი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

დუშეთის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - ბადრი შონია

სხდომის მდივანი - დარეჯან ქაშიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”თიბისი ბანკი”

მოსარჩელის წარმომადგენლები - მ---------------–---–-, მ---------------, თ---------------;

 

მოპასუხე - კ--------–---–------

მოპასუხის წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი;

 

დავის საგანი - იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სარეალიზაციოდ მიექცეს: კ--------–---–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დუშეთის რაიონის სოფელ აშში, საკადასტრო კოდით 7----------- და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 7------------.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 24 ოქტომბერს შპს ”---------–------- და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო არაერთი იპოთეკის ხელშეკრულებით. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2008 წლის 11 ივლისს დაიდო №7---- საკრედიტო ხელშეკრულება. გენერალური ხელშეკრულება სხვადასხვა იპოთეკებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო კ--------–---–------ს კუთვნილი ორი უძრავი ქონებით.

 

მსესხებელმა არ შეასრულა სესხის გადახდის ვალდებულება და ბანკმა სარჩელით მიმართა შეთანხმებულ არბიტრაჟს დავალიანების მსესხებლისთვის დაკისრებისა და იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ”----------------–---–--–--------- მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და შპს ”---------–------ სს ”ბანკ რესპუბლიკას” (ამჟამად მისი უფლებამონაცვლე სს ”თიბისი ბანკი”) სასარგებლოდ დაეკისრა 1,417,469.77 ლარის გადახდა და დადგინდა იპოთეკის საგნების რეალიზაცია, გარდა კ--------–---–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებისა, რადგან მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არბიტრაჟის შესახებ დათქმა არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი მის ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 12 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულების ბიუროში ბანკმა წარადგინა 2010 წლის 24 სექტემბერს. საქმეზე განხორციელდა ყველა უძრავი ქონების რეალიზაცია, თუმცა რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ გახდა საკმარისი სესხის დასაფარად, რის გამოც დღეის მდგომარეობით შპს ”---------–------ ბანკის მიმართ, კვლავ ერიცხება სესხიდან გამომდინარე დავალიანება 959,371.54 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული ხარჯი -37,427.93 ლარის და 24,951.95 ლარის ოდენობით.

 

იმის გამო, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კიდევ არსებობს იპოთეკით დატვირთული ორი უძრავი ქონება, ბანკი მიმართავს სასამართლოს კ--------–---–------ს კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელი ხანდაზმულია, რადგან გასულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხვნის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

- 2007 წლის 24 ოქტომბერს შპს ”---------–------- და სს ”ბანკ რესპუბლიკას” შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო არაერთი იპოთეკის ხელშეკრულებით. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2008 წლის 11 ივლისს დაიდო №7---- საკრედიტო ხელშეკრულება;

- გენერალური ხელშეკრულება სხვადასხვა იპოთეკებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო კ--------–---–------ს კუთვნილი ორი უძრავი ქონებით (ს/კ 7-----------; ს/კ 7------------);

- მსესხებელმა არ შეასრულა სესხის გადახდის ვალდებულება და ბანკმა სარჩელით მიმართა შეთანხმებულ არბიტრაჟს დავალიანების მსესხებლისთვის დაკისრებისა და იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ”----------------–---–--–--------- მიერ, 2009 წლის 12 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება და შპს ”---------–------ სს ”ბანკ რესპუბლიკას” (ამჟამად მისი უფლებამონაცვლე სს ”თიბისი ბანკი”) სასარგებლოდ დაეკისრა 1,417,469.77 ლარის გადახდა და დადგინდა იპოთეკის საგნების რეალიზაცია, გარდა კ--------–---–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებისა, რადგან მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არბიტრაჟის შესახებ დათქმა არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი მის ნაწილში დარჩა განუხილველი;

- მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ”----------------–---–--–--------- 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 12 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულების ბიუროში ბანკმა წარადგინა 2010 წლის 24 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 24 ოქტომბრის გენერალური ხელშეკრულება კრედიტის, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ (ს.ფ. 31-40, 1 ტ.);

- 2008 წლის 01 ივლისის რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულება №7---- (ს.ფ. 37-40, 1ტ.);

- 2007 წლის 25 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულებები №B---- და №B---- და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.41-64, 1ტ.);

- შპს ”დავების განმხილველი ცენტრი” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის №4- გადაწყვეტილება (ს,ფ, 19-30, 1ტ.);

- საარსრულებო ფურცელი (ს.ფ.15-18, 1ტ.)

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 65-66, 1ტ.);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.2. მხარეთა შორის სადავო არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კ--------–---–------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე, ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტს წარმოადგენს ის დრო, როდესაც მსესხებელმა შპს ”---------–------- არ შეასრულა სესხის გადახდის ვალდებულება, კერძოდ საქმეში წარმოდგენილი რევოლვერული საკრედიტო №7---- ხელშეკრულების თანახმად, შპს ”---------–------ ვალდებული იყო კრედიტი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი სრულად დაეფარა 2008 წლის 30 ნოებრამდე, რაც არ შეუსრულებია. გამსესხებელმა, სს ”ბანკი რესპუბლიკამ” მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს ”----------------–---–-–--------. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 12 იანვრის №4- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს არ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა მოპასუხე კ--------–---–------ს ნაწილში, ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

 

სს ,,ბანკ რესპუბლიკას” და შემდგომში მის უფლებამონაცვლეს სს ,,თიბისი ბანკს” სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავს კ--------–---–------ს მიმართ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, 2019 წლის 10 მაისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს

„--------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 129-ე, 130-ე, 138-ე, 142-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა, იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს სესხის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა როდესაც შპს ”---------–------- არ გადაიხადა ბანკის წინაშე არსებული დავალიანება. საქმეში წარმოდგენილი რევოლვერული საკრედიტო №7---- ხელშეკრულების თანახმად, შპს ”---------–------ ვალდებული იყო კრედიტი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი სრულად დაეფარა 2008 წლის 30 ნოებრამდე, რაც არ შეუსრულებია. გამსესხებელმა, სს ”ბანკი რესპუბლიკამ” მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს ”----------------–---–-–-------- 2008 წლის 16 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების, დავალიანების დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

 

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 12 იანვრის №4- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით მსესხებელს გააჩნია დავალიანება გამსესხებლის წინაშე (სს ”---------------–----- ცენტრალური ფილიალის მმართველისა და პრობლემური სესხების დეპარტამენტის უფროსის მიერ, 2008 წლის 15 დეკემბერს გაცემულია №231.7/03 ცნობა დავალიანების შესახებ). მოთხოვნა დადასტურდა 2009 წლის 12 იანვრის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს არ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა მოპასუხე კ--------–---–------ს ნაწილში, ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამსესხებელს სს ”ბანკ რესპუბლიკას” და შემდგომში მის უფლებამონაცვლეს სს ”თიბისი ბანკს” სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავს კ--------–---–------ს მიმართ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, 2019 წლის 10 მაისამდე.

 

ამდენად, სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს სესხის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2008 წლის 30 ნოემბრიდან, ხოლო სარჩელის აღძვრის ვადა შეადგენს მომდევნო ექვს წელს. სარჩელი აღძრულია 2019 წლის მაისში, ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულობის ვადის ათვლა მოხდება აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაშიც სარჩელი ხანდაზმულია, რადგან 2009 წლის 12 იანვრიდან, როდესაც მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა დააკმაყოფილა სს ”---------------–----- სარჩელი 2007 წლის 24 ოქტომბერს გაცემულ სესხთან დაკავშირებით, -სარჩელის აღძვრის (2019 ელის 10 მაისი) მომენტისთვის 10 წელზე მეტია გასული.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ”---------–------ კვლავ ერიცხება დავალიანება სს ”--------------- წინაშე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სესხიდან გამომდინარე და აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და არ შეწყვეტილა, და რადგან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევიდან 10 წელი ჯერ არ გასულა, ბანკს კვლავაც აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს დანარჩენი იპოთეკარების, ამ შემთხვევაში კ--------–---–------ს მიმართ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, გამომდინარე ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლიდან, რომლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აღსრულება მიმდინაეობს არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კონკრეტული მოვალეების მიმართ, რომელთა მიმართაც თავის დროზე გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება და რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ნახევრდება.

მოცემულ სარჩელზე დავის საგნის ფასი არის 4000 ლარი, რომლის 1,5% შეადგენს 60 ლარს. სარჩელზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. ამდენად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (120 ლარიდან) 60 ლარი.

 

ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უარი ეთქვას სს ”თიბისი ბანკს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

2. სს ”თიბისი ბანკს” (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 06 მაისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან 60 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი TBCBGE22, სახაზინო კოდი 300153150 (საგადასახადო დავალება №1);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დუშეთის მაგისტრატი სასმართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია