განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3084-19
(#------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ------------–-–---–-
ბრალდებული - ლ--------------–--- - დ----------–-------–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ა----------------------–------------–----------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, ზე----------–--------------–----------–-----------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონოდ შეღწევით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 03 მაისს, დღის საათებში, ლ--------------–---მ წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ს-----------------–------------------------------–- მდებარე ი----------- საცხოვრებელ ბინაში და იქიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს, კერძოდ: „Braun-ის’’ ფირმის საპარს მანქანას, ღირებულს 50 (ორმოცდაათი) ლარად, პლასტიკურ ბარათებს და ვერცხლის ოთხ ცალ ბეჭედს, ღირებულს 40 (ორმოცი) ლარად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ--------------–---- სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ლ--------------–---- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ი----------- გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - გ------------------ და ე-------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთებს, ნივთის გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ნივთის ამოცნობის ოქმებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას.
კერძოდ, დაზარალებულ ი----------- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 3 მაისს, შინ დაბრუნებულს საცხოვრებელი ბინის კარის საკეტი დახვდა დაზიანებული, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა სახის ნივთი. ი----------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა ორი მამაკაცი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც იყო პირველი, მარჯვენა ხელში ეჭირა დიდი ზომის ქანჩი, ხოლო მეორე შედარებით დაბალი, მოყვებოდა მას უკან და ორივე მათგანი გარბოდა კიბეების მიმართულებით, რა დროსაც მათ დაედევნა მისი ვაჟი - გ-------. გ------- დაეწია უკანა მამაკაცს და სცადა მისი შეჩერება, რა დროსაც მას ამოუვარდა ჭრელი ცხვირსახოცი მასში გახვეული საკეცი დანით და ასევე, ჯიბიდან ამოუვარდა შავი ფერის სიგარეტების ჩასაწყობი, რა დროსაც დაეცა კიბეზე, თუმცა შეძლო გათავისუფლება და გაქცევა. ამის შემდეგ გ------- გადახტა კიბიდან და ზურგზე დაახტა სახლიდან პირველად გამოსულ ქანჩ მოღერებულ პირს, რომელსაც ძირს დაუვარდა ქანჩი და შავი ფერის ხელჩანთა, მასში არსებული სხვადასხვა ნივთებით. დაზარალებულ ი----------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ მისი მონაწილებით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ლ--------------–---- სახელზე გაცემული ცნობა. ხოლო, საცხოვრებელი ბინის დასუფთავების შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბინიდან წაღებული იყო ერთი ცალი ,,ბრაუნის“ ფირმის პირის საპარქსი მანქანა, ქ------------- და ზ-------------- სახელზე გაცემული სს ,,ლიბერთი ბანკის“ დევნილის ბარათები და რამდენიმე ცალი ვერცხლის ბეჭედი. ი----------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პირი, რომელიც პირველი ქანჩით ხელში გამოვიდა საცხოვრებელი ბინიდან იყო დაახლოებით 170 – 180 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, დაახლოებით 35 წლის, მოგრძო პირსახის, სწორი ცხვირით, მუქი ფერის თმით, მრგვალი ფორმის მქონე მუქი ფერის თვალებით.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაციას შეიცავს თვითმხილველი მოწმე გ------------------ გამოკითხვის ოქმი, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ პირს, რომელსაც ხელიდან გაუვარდა ცხვირსახოცი და დაცემის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახვეული იყო მათი სახლიდან წაღებული წითელი ტარის მქონე საკეცი დანა, ასევე შავი ფერის სიგარეტების ჩასადები (ე.წ. პორტსიგარა).
საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით (03.05.2019 წელი) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ს-----------------–------------------------------–-, საიდანაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა, სუნის კვალის ნიმუში, შავი ფერის ხელჩანთა, ლითონის ნაკეთობა, ჭრელი ცხვირსახოცი, საკეცი დანა, სიგარეტის ჩასაწყობი (ე.წ. პოსტსიგარა), ცნობა, ,,ბრაუნის“ ფირმის წვერის საპარსის მანქანის ყუთი და ხელის კვლები.
პირის ამოცნობის ოქმით (28.05.2019 წელი) დგინდება, რომ ირა ჯიქიამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ლ--------------–---, როგორც ის პირი, ვინც 2019 წლის 03 მაისს, სხვა პირთან ერთად გამოვარდა თავის საცხოვრებელი ბინიდან. დაზარალებულმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო აღნაგობით, მრგვალი ოდნავ ბრტყელი სახით, კეხიანი დეფორმირებული ცხვირით, რკალისებრი მუქი წარბებითა და დაბალი შეჭრილი მუქი ფერის თმით.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა ოქმით (28.05.2019 წელი) დგინდება, რომ დ-------------–---–-- საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა ,,DE VALT-ის“ ფირმის ელ. ბურღი; ,,ასუსის“ ფირმის ნოუთბუქი, ,,სამსუნგის“ ფირმის პლანშეტი, ,,STERN-ის’’ ფირმის ელ. ბურღი მისივე მოწყობილობებთან და მუქი ფერის ჩასადებ ყუთთან ერთად, ,,emachines-ს“ მარკის ნოუთბუქი, სამი ცალი ელ. ბურღი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე, ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--------------–---მ ჩაიდინა ქურდობა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის ქმედებაში დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა: კერძოდ, ლ--------------–---ს ამოძრავებდა ი----------- საცხოვრებელ ბინაში არსებული ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ბრალდებულმა ქურდობის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ შეარჩია შესაბამისი ხელსაწყოები და ჩანთა, რომლითაც შეძლებდა სხვისი საცხოვრებელი სახლის კარების დაზიანების, შეღწევის მიზნით და იქ არსებული ნივთების დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთებით, ასევე დ-------------–---–-- საცხოვრებელის ბინის ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ ჩხრეკის შედეგად სხვა სახის ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი ,,ბრაუნის’’ ფირმის საპარსი.
ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ლ--------------–---- მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას:
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი.
- ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით; შეღწევა უკანონოა, თუკი იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში ნათლად დგინდება, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს, ლ--------------–---ს არ გააჩნდა არც მესაკუთრის თანხმობა და არც კანონით მინიჭებული უფლება შესულიყო ამ უკანასკნელის საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად, შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში.
- ქურდობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულსა და მის თანამზრახველს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზრალებულ ი----------- და მოწმე გ------------------ გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ-------------–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით.
დამატებით, სასამართლო შეფასების მიღმა არ დატოვებს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, ლ--------------–---- ქმედების არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
აღნიშნული ქმედების განხორციელების დროს პირს ამოძრავებს მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მიზანი და არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ქურდობის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--------------–--- მოქმედებდა არა დაზარალებულის მხოლოდ ნივთის დაზიანების განზრახვით, არამედ დაზარალებულის საცხოვრებელი კარის დაზიანებით მის ბინაში შეღწევისა და იქ არსებული ნივთების დაუფლების განზრახვით. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე.
დასკვნის სახით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--------------–---- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ--------------–---- შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ლ--------------–---- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტები მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლ--------------–---- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ლ--------------–---- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ლ--------------–---- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის საკუთრებას, რითაც დაზარალებულს მიაყენა ქონებრივი ზიანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მისი სურვილი ჩაედინა დანაშაული, რაც დასტურდება მის მიერ წინასწარ მომზადებული გარკვეული იარაღებით აღჭურვაში და შემთხვევის ადგილას გამოცხადებაში), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებასა და მის ეთიკურ ქცევას სხდომის დარბაზში, იმ გარემოებას, რომ ლ--------------–--- ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; დამატებით, მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნის კვალის ნიმუშს, ხელის კვალის ნიმუშებს, ანაწმენდებს და ნერწყვის ნიმუშს, დ-------------–---–-- სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს და ლ--------------–---- სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, გადაწყვეტილების მიღების დროს. ამდენად, სასამართლო ნივთიერი მტკიცებულების - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხელის კვალის ნიმუშების, ანაწმენდების და ნერწყვის ნიმუშის, დ-------------–---–-- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების და ლ--------------–---- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების თაობაზე მოცემულ შემთხვევაში არ იმსჯელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ--------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ლ--------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ლ-–------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 28 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი