გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2019
საქმის ნომერი
160210019002984525
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160210019002984525

#2/355-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.09.2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე

მოსარჩელე - თა-----------ე

მოპასუხე - ზა----–--------ე

მესამე პირი - სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–ი განყოფილება

წარმომადგენელი - მა------–--------ე

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი შვილის მა------–---------ს საცხოვრებელ ადგილად დედის - თა-----------ის საცხოვრებელი ადგილის (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი საიმერლო) განსაზღვრა.

 

1.2 მოპასუხე ზა----–--------ისათვის არასრულწლოვანი შვილის მა------–---------ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2003 წელს ცოლად გაჰყვა მოპასუხე ზა----–--------ეს, ქორწინების რეგისტრაცია განახორციელეს 2004 წლის 20 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში - 2004 წლის 28 ივნისს შეეძინათ შვილი მა------–--------ე. 2013 წლიდან მხარეები ერთამენთს დაშორდნენ. განქორწინება ოფიციალურად განახორციელეს 2015 წლის 13 თებერვალს. მა------–--------ე საცხოვრებლად დარჩა დედასთან, მაგრამ მოსარჩელის ავადმყოფობის დროს მოპასუხემ წაიყვანა თავისთან, რა დროსაც მოახდინა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, განაწყობდა მოსარჩელის წინააღმდეგ, რის გამოც ბავშვმა აღარ ისურვა მოსარჩელესთან ცხოვრება. არასრულწლოვანის გადაწყვეტილებით მა------–---------ს საცხოვრებლად განისაზღვა მამის საცხოვრებელი ადგილი და მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, მოპასუხის ოჯახში მას ვერ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, რის გამოც არასრულწლოვანი საცხოვრებლად გადავიდა დედასთან და სწავლას განაგრძობს მარნეულის რაიონ სოფელ საიმერლოს სკოლაში მოპასუხეს მიტოვებული ჰყავს შვილი და არ გამოდის მოსარჩელესთან კონტაქტზე, მოსარჩელეს კი აქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები, თა-----------ე მუშაობს პედაგოგად და ყოველთვიურად იღებს ხელფასს 487.81 ლარს, რაც არ არის საკმარისი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის. მოპასუხე არის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა, აქვს ბიზნესი, საიდანაც ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა შეადგენს 3 000 ლარს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზა----–---------მ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–ი განყოფილების დასკვნაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, კერძო ორსართულიან სახლში, საცხოვრებელი მდგომრეობა არის კარგი, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ავეჯით, საცხოვრებელში არის ყველა პირობა არასრულწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის, ოჯახში არის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო, მოსარჩელე მაქსიმალურად ცდილობს იყოს ჩართული არასრულწლოვანის ცხოვრებაში. ოჯახს აქვს შემოსავალი, ბავშვის ზოგადი განვითარება არის მისი ასაკის შესაბამისი. არასრულწლოვანი დადის სკოლაში აქვს საკუთარი სამეცადინო კუთხე და საძინებელი ოთახი, ჰყავს მეგობრები სკოლაში, არასრულწლოვანი აფიქსირებს პოზიციას, რომ მას უნდა დედასთან ცხოვრება, არ სურს საცხოვრებლად დაბრუნდეს მამასთან. არასრულწლოვანის განმარტებით მას მამასთან თითქმის 6 თვე არ აქვს კონტაქტი, დედასთან გადმოსვლის შემდეგ მოპასუხემ ნელ-ნელა შეწყვიტა შვილთან კონტაქტი. შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა ბავშვის განვითარებისათის ხელისშემშლელი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი 10 წლამდე იზრდებოდა დედის ოჯახში და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იცხოვრა მოპასუხე ზა----–--------ესთან. ვიზიტი ასევე განხორციელდა მამის ზა----–--------ის ოჯახში. ზა----–--------ე ცხოვრობს დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში. ვინაიდან სოციალურ მუშაკს ზა----–--------ის საცხოვრებელ ბინაში არავინ დახვდა სატელეფონო საუბარი შედგა ზა----–--------ის დედასთან, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი ავადმყოფობის გამო ცხოვრობს მამიდასთან. თ. ა-------ა და ზ. ც---------ს გაშორების შემდეგ არასრულწლოვანი 5 წელი ცხოვრობდა მათთან, დადიოდა სკოლაში, მაგრამ უჭირდა სწავლა, არასრულწლოვანს არ უნდოდა დედის ნახვა, რადგან მასზე გაბრაზებული იყო. მას შემდეგ, რაც დედამ არასრულწლოვანი წაიყვანა ბავშვს მამას აღარ აჩვენებენ, მოპასუხის დედის განმარტებით, აღარც მამას აქვს სურვილი დაიბრუნოს ბავშვი ოჯახში.

 

არასრულწლოვანის წარმომადგენელმა მა------–--------ემ სასამართლო პროცესზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მის სასარგებლოდ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება არასრულწლოვანის ინტერესებს შეესაბამება.

 

სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანმა მა------–--------ემ განმარტა, რომ მას სურვილი აქვს იცხოვროს დედასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თა-----------ე 2003 წელს ცოლად გაჰყვა მოპასუხე ზა----–--------ეს, ქორწინების რეგისტრაცია განახორციელეს 2004 წლის 20 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს 2004 წლის 28 ივნისს შეეძინათ შვილი მა------–--------ე. მხარეები განქორწინდნენ 2015 წლის 13 თებერვალს.

 

მტკიცებულება:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 23);

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.20)

 

3.1.2. 2013 წლიდან მხარეები ერთამენთს დაშორდნენ და არასრულწლოვანი მა------–--------ე საცხოვრებლად დარჩა დედასთან - თა-----------ესთან, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო ზა----–--------ემ არასრულწლოვანი წაიყვანა თავისთან, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა აღარ ისურვა დედასთან ცხოვრება და სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანის საცხოვრებლად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი, იმავე გადაწყვეტილებით თა-----------ეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დააეკისრა ალიმენტის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ. არასრულწლოვანი მა------–---------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი. შემდეგ პერიოდში ბავშვმა თავისი სურვილით დატოვა მამის საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე თა-----------ესთან. არასრულწლოვანი მა------–--------ე სწავლას განაგრძობს მარნეულის რაიონის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში.

 

მტკიცებულება:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-46);

- ცნობა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლიდან (ს.ფ.21)

 

3.1.3. მოპასუხე ზა----–--------ე ამჟამად არ იღებს მონაწილეობას ბავშვის რჩენა-აღზრდაში.

 

მტკიცებულება:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-6, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.4. თა-----------ე მუშაობს პედაგოგად და ყოველთვიურად იღებს ხელფასს 487.81 ლარის ოდენობით, რაც არ არის საკმარისი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის. მოპასუხეს აქვს ბიზნესი, საიდანაც ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა შეადგენს 3 000 ლარს.

 

მტკიცებულება:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- ცნობა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლიდან (ს.ფ.21)

 

3.1.5. სსიპ ს--–---–-------------------------------------------–--------------–------------–--ის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ საიმერლოში, კერძო ორსართულიან სახლში, საცხოვრებელი მდგომრეობა არის კარგი, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ავეჯით, საცხოვრებელში არის ყველა პირობა არასრულწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის, ოჯახში არის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო, მოსარჩელე მაქსიმალურად ცდილობს იყოს ჩართული არასრულწლოვანის ცხოვრებაში. ოჯახს აქვს შემოსავალი, ბავშვის ზოგადი განვითარება არის მისი ასაკის შესაბამისი. არასრულწლოვანი დადის სკოლაში აქვს საკუთარი სამეცადინო კუთხე და საძინებელი ოთახი, ჰყავს მეგობრები სკოლაში, არასრულწლოვანი აფიქსირებს პოზიციას, რომ მას უნდა დედასთან ცხოვრება, არ სურს საცხოვრებლად დაბრუნდეს მამასთან. არასრულწლოვანის განმარტებით მას მამასთან თითქმის 6 თვე არ აქვს კონტაქტი, დედასთან გადმოსვლის შემდეგ მოპასუხემ ნელ-ნელა შეწყვიტა შვილთან კონტაქტი. შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა ბავშვის განვითარებისათის ხელისშემშლელი გარემოებები. დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი 10 წლამდე იზრდებოდა დედის ოჯახში და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იცხოვრა მოპასუხე ზა----–--------ესთან. მოპასუხე ზა----–--------ის დედის განმარტებით თ. ა-------ა და ზ. ც---------ს გაშორების შემდეგ არასრულწლოვანი 5 წელი ცხოვრობდა მათთან, დადიოდა სკოლაში მაგრამ უჭირდა სწავლა, არასრულწლოვანს არ უნდოდა დედის ნახვა, რადგან მასზე გაბრაზებული იყო. მას შემდეგ რაც დედამ არასრულწლოვანი წაიყვანა ბავშვს მამას აღარ აჩვენებენ, მოპასუხის დედის განმარტებით აღარც მამას აქვს სურვილი დაიბრუნოს ბავშვი ოჯახში.

 

მტკიცებულება:

-სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–ი განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 85-104)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1197-ე, 1198-ე, 1999-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8-9-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

 

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

ამასთანავე აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. ამასთან, ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ" კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

 

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად, მოპასუხეს არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვანთან, ამასთან, დედა არ ითხოვს მამისათვის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზაობას, მამამ იქონიოს კავშირი შვილთან, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის აღზრდას დედის სოციალურ გარემოში. აღსანიშნავია თავად არასრულწლოვანის განმარტება, რომლის თანახმადაც მას სურს, რომ მის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თა-----------ე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მან გაუწიოს ბავშვს დედობრივი მზრუნველობა და აღზრდოს იგი. საცხოვრებელი პირობები, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებას არ შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის აუცილებლობას, მით უფრო დედა- შვილის ერთად ყოფნას.

 

გასათვალისწინებელია სსიპ ს--–---–------------------------------ოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს კერძო ორსართულიან სახლში, საცხოვრებელი მდგომრეობა არის კარგი, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ავეჯით, საცხოვრებელში არის ყველა პირობა არასრულწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის, ოჯახში არის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო, მოსარჩელე მაქსიმალურად ცდილობს იყოს ჩართული არასრულწლოვანის ცხოვრებაში. ოჯახს აქვს შემოსავალი, ბავშვის ზოგადი განვითარება არის მისი ასაკის შესაბამისი. არასრულწლოვანი დადის სკოლაში აქვს საკუთარი სამეცადინო კუთხე და საძინებელი ოთახი, ჰყავს მეგობრები სკოლაში, არასრულწლოვანი აფიქსირებს პოზიციას, რომ მას უნდა დედასთან ცხოვრება, არ სურს საცხოვრებლად დაბრუნდეს მამასთან. არასრულწლოვანის განმარტებით მას მამასთან თითქმის 6 თვე არ აქვს კონტაქტი, დედასთან გადმოსვლის შემდეგ მოპასუხემ ნელ-ნელა შეწყვიტა შვილთან კონტაქტი. შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა ბავშვის განვითარებისათის ხელისშემშლელი გარემოებები, ხოლო მოპასუხე ზა----–--------ის ოჯახში. ზა----–--------ე ცხოვრობს დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში. მას შემდეგ რაც დედამ არასრულწლოვანი წაიყვანა ბავშვს მამას აღარ აჩვენებენ, მოპასუხის დედის განმარტებით აღარც მამას აქვს სურვილი დაიბრუნოს ბავშვი ოჯახში. სოციალური მუშაკის დასკვნით, არ არსებობს დედა-შვილის ცალ-ცალკე ცხოვრების საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, მისი განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აქვს მინიჭებული უფლება და, ამასთანავე, დაკისრებული ვალდებულება, დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და ის საქმის განხილვაში როგორც არასრულწლოვანთა წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ინტერესების დაცვას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მათი ჭეშმარიტი საჭიროებების გათვალისწინებით.

 

ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ არ არსებობს დედის - თა-----------ისა და შვილის - მა------–---------ს ურთიერთობის შემაფერხებელი ობიექტური მიზეზები და ამ შემთხვევაში თა-----------ის შვილისაგან განრიდება არ შეიძლება ბავშვის ინტერესების შესაბამისად იქნეს მიჩნეული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, დედის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, დასკვნაში მითითებული არასრულწლოვანის მამის პოზიციის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

6.2. ზა----–--------ეს თა-----------ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – მა------–---------ს რჩენა-აღზრდისათვის უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

,, ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

კანონმდებელი ბავშვის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მა------–--------ე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მამასთან, მოპასუხე ზა----–--------ესთან. ამჟამად არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე თა-----------ესთან. ბავშვის მამა ზა----–--------ე მონაწილეობას არ იღებს შვილის რჩენა-აღზრდაში, იგი არ არის დაოჯახებული, მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები. ზ-----–-------ე არის შრომისუნარიანი პირი. მოპასუხემ სასამართლოში არ წარმოადგინა შესაგებელი. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, რომელიც უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ზ-----–-------ე არის შრომისუნარიანნი, მოსარჩელის განმარტებით მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 3 000 ლარს. მოპასუხემ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა. ორივე მშობლის შრომისუნარიანობა მიუთითებს მასზედ, რომ ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ბავშვის საჭიროებებისა და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა----–--------ეს არასრულწოვანი მა------–---------ს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს დავის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია, მან შესაგებელი არ წარმოადინა სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სარჩელის საფუძვლიანობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 200 ლარის ოდენობით თანხის დაკისრებას, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის (200 x12x3/100) 72 ლარის გადახდა. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე თა-----------ის სარჩელი მოპასუხე ზა----–--------ის მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

1.1. არასრულწლოვანი მა------–---------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის თა-----------ის საცხოვრებელი ადგილი - მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი საიმერლო;

 

1.2. ზა----–--------ეს თა-----------ის სასარგებლოდ 2004 წლის 28 ივნისს დაბადებული მა------–---------ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 8 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

2. ზა----–--------ეს თა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ასანაზღაურებლად 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. ზა----–--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 72 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე